You can be on Entrepreneur’s cover!

DineSpace - დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვისათვის სარესტორნო ინდუსტრიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

DineSpace საქართველოში დაფუძნებული, თუმცა დიდ ბრიტანეთში მომუშავე სწრაფად მზარდი Food Tech StartUp-ია, რომლის მიზანსაც რესტორანში სადილის პროცესის გამარტივება წარმოადგენს. აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ შეუკვეთონ სასურველი საკვები და წინასწარვე შეძლონ ანგარიშსწორება. ეს ყველაფერი კი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაა შესაძლებელი, რაც თითოეულ მომხმარებელს დიდ დროს უზოგავს. გარდა თავად მომხმარებლებისა, ეს ყველაფერი მომგებიანია თავად რესტორნებისთვისაც, რადგან ამით მნიშვნელოვნად იზრდება მათი მაგიდის ბრუნვა და მარტივდება ინვენტარის მენეჯმენტი, რითაც კლიენტთა ახალი და დიდი წყარო იქმნება.

Dinsespace-ი იოანე ჩიქოვანის, მიქაელ ჩიქოვანის, თენგიზ მესხის, კრისტოფერ გვენეტაძისა და გიორგი ცხოვრებაძის ერთობლივი სტარტაპია, რომელიც სარესტორნო ბიზნესში ახალ სიტყვას ამბობს.

„ჩვენი ერთ-ერთი ინსპირაცია UBER-ის CEO-ს, ტრავის კალანიკის სიტყვები იყო: „თუ შენ მომხმარებლებისთვის დროის დაბრუნება შეგიძლია, მაშინ მათთვის ნამდვილ საოცრებას ქმნი". სწორედ ამ ყველაფრის გარშემოა DineSpace-ი აგებული. რესტორნებში საკვების წინასწარი შეკვეთის იდეის ავტორი თავდაპირველად მიქაელი იყო. ამ იდეის ბიძგი კი სწორედ ის დამღლელი დრო აღმოჩნდა, რომელსაც მომხმარებელი თავისუფალი მაგიდისა და საკვების ლოდინში კარგავს. ამასთანავე, გვსურდა, ისეთი პრობლემების მოგვარებაც, როგორიცაა ჯგუფური სადილის ორგანიზება, ადგილის შერჩევა, მენიუს შერჩევა და ბოლოს, ანგარიშის გაყოფა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი იმისათვის, რომ რესტორანში კვების პროცესი გაცილებით სასიამოვნო გაგვეხადა, DineSpace-ი შევქმენით", - ამბობს იოანე ჩიქოვანი.

როგორც სტარტაპგუნდი განმარტავს, ამჟამად ევროპის ბაზარი სამ სხვადასხვა სეგმენტადაა დაყოფილი: მიტანის სერვისი, რეზერვაცია და წინასწარი შეკვეთა. Dinespace-ი კი ქმნის სტრატეგიულ უპირატესობას, რომელიც მოიაზრებს ორი სეგმენტის - რეზერვაციისა და წინასწარი შეკვეთის ერთ აპლიკაციაში გაერთიანებას. ამით ის როგორც მომხმარებლებს, ასევე რესტორნებს, დანახარჯების შემცირების ეფექტურ შესაძლებლობას აძლევს.

DineSpace-ი არის ყველასთვის, ვისაც არ სურს საკუთარი დროის დახარჯვა საკვებისა თუ ანგარიშის მოლოდინში. ჩვენს მთავარ სეგმენტად კი სწორედ ის კორპორაციული მომუშავეები გვყავს, რომელთა განრიგიც საოცრად დატვირთულია და უბრალოდ არ აქვთ დრო, რესტორანში საკუთარი შეკვეთის ლოდინში დიდი დრო გაატარონ. ამ დროის ოპტიმიზება არაერთი გზით შეიძლება. ჩვენ გვსურს, დავუბრუნოთ ადამიანებს ეს ღირებული დრო და მივცეთ შესაძლებლობა, იგი სხვა საყვარელი და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოიყენონ. ყველაფერთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ სრულიად ახალ შესაძლებლობას, როგორიცაა Group Dining-ი, რომლის სწორად განხორციელება ამ ეტაპზე ბაზარზე ვერავინ შეძლო. ის მომხმარებლებისთვის საკმაოდ დიდი პრობლემის გადაჭრის გზაა. მისი მეშვეობით ქრება ჯგუფური სადილის ორგანიზებისა და ეფექტურად გამართვის პრობლემა, ხოლო დამატებითი შესაძლებლობები კი, როგორიცაა რეზერვაცია და წინასწარი შეკვეთა, ჩვენს კიდევ ერთ დიდ სამიზნე სეგმენტზე − სტუდენტებზეა მორგებული. პლატფორმის მარტივი და ეფექტური დიზაინი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, ადვილად აღმოაჩინონ საყვარელი რესტორნები, უშუალოდ რესტორნებს კი საკუთარი ბრენდის მეტი პოპულარიზების შანსი ეძლევათ", − იოანე ჩიქოვანი.

აღსანიშნავია, რომ DineSpace-ის დამფუძნებლების გუნდი, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, საერთაშორისო განათლებისა და გამოცდილების მქონე წევრებითაა დაკომპლექტებული, რომლებსაც უკვე საკმაოდ მსხვილ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება დაუგროვდათ. საკუთარ მიღწევებს ისინი ასე გვაცნობენ:

„ჩვენი კომპანიის CEO მიქაელ ჩიქოვანია, რომელიც ეგზეტერის უნივერსიტეტის სტუდენტია ფინანსების მიმართულებით. მან გამოცდილება ფინანსურ სექტორში დააგროვა და იოანესთან ერთად კომპანია Business Process Outsourcing დააფუძნა. იოანე კი კომპანიის CFO არის, რომელსაც სასექსის უნივერსიტეტში ასევე ფინანსური მიმართულებით აქვს განათლება მიღებული და Schirnhofer Georgia-ს სუპერმარკეტთა ქსელის ტოპმენეჯმენტში უმუშავია. თენგიზი, ანუ ჩვენი CPO, კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, რომელსაც ლონდონში, McKinsey-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მას ისეთი StartUp-ის დაარსებაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელმაც $300 000 ოდენობის თანხა მოიზიდა. რაც შეეხება გიორგის, ის ჩვენი CTO-ა. გიორგი ტორონტოს უნივერსიტეტის სტუდენტი და Rockstart Accelerator-ის ყოფილი მონაწილეა ნიდერლანდებში, სადაც მისმა პროექტმა $100 000 მოიზიდა, Ecole Polytechnique Annual report-შიც იყო წარდგენილი და კიდევ მრავალი აღიარება მოიპოვა, მათ შორის Microsoft-ისგანაც. კრისტოფერი ჩვენი COO გახლავთ. ის მილანის ბოკონის უნივერსიტეტის ეკონომიკის კურსდამთავრებულია, ასევე, თანადამფუძნებელია ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ფინანსურ-კვლევითი ორგანიზაციისა, რომელიც გლობალური პარტნიორების ქსელს 35-ზე მეტი უნივერსიტეტის სახით ფლობს. გარდა ამისა, მას უმუშავია მიუნხენის Unicredit-შიც. ჩვენი გუნდი სწრაფად იზრდება. მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში 3 ახალი გუნდის წევრი დაგვემატა და ამჟამად 14 ვართ. გუნდი ორიენტირებულია 3 ძირითადი მიმართულებით: პროდუქტის დეველოპმენტი, ჩვენი პარტნიორების ქსელის გაფართოება და ფინანსური რესურსების მოზიდვა. ახალი გუნდის წევრები კი B2B გაყიდვებსა და ახალი რესტორნების მოძიებაში აქტიურად გვეხმარებიან", − იოანე ჩიქოვანი.

სტარტაპმა უკვე დაიმსახურა European Fund for Southeast Europe (EFSE) & BTU pre-accelerator-ის პრიზი $10 000-ის ოდენობით და ასევე მოიზიდა Georgia's Innovation and technology Agency-ის (GITA) გრანტი − 15 000 ლარი. სასექსისა და ექსეტერის უნივერსიტეტებისგან კი იღებს მხარდაჭერას, რის შედეგადაც ეს უნივერსიტეტები მთელი ბრიტანეთის მაშტაბით DineSpace-ის ცნობადობის გაზრდაზე იზრუნებენ.

ამჟამად სტარტაპს უკვე 60-ზე მეტი რესტორნის თანხმობა აქვს მოპოვებული, რომლებიც DineSpace-ის ბაზარზე გაშვებას ელოდებიან. აპლიკაციის სრულფასოვნად გაშვება კი პანდემიის თანმდევი შეზღუდვების მოხსნისთანავე განხორციელდება. ამ ეტაპზე გუნდის მთელი ძალისხმევა მის სრულფასოვან დეველოპმენტზეა მიმართული.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ დამატებითი თანხების მოზიდვას. გვაქვს კომუნიკაცია ინვესტორებთან ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან და საქართველოდან. მათი მხრიდან ამ პერსპექტიული წამოწყების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია გამოხატული, რომელიც ინდუსტრიას ბოლომდე შეცვლის. გვაქვს სტრატეგიული გეგმა, თუ როგორ უნდა მოვახერხოთ მიმდინარე წელს $200 000-500 000-ის ოდენობის დაფინანსების მოპოვება სხვადასხვა საგრანტო პროგრამიდან და აქსელერატორებიდან. ამ პროგრამებს შორისაა გერმანიასა და ბრიტანეთში არსებული აქსელერატორები. ვფიქრობთ, Enterprise Georgia-ს, Gita-ს და Bank Of Georgia-ს (500 StartUp-აქსელერატორით) ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით დამწყები სტარტაპების მიმართ და აძლევენ მათ განვითარების შესანიშნავ საშუალებას. DineSpace-იც მუდამ მზად არის, ამ შესაძლებლობებში მონაწილეობა მიიღოს და კიდევ უფრო განვითარდეს".

სტარტაპი კი ბრიტანეთის ბაზრის ათვისების შემდეგ, ევროპაში გაფართოებასაც აქტიურად გეგმავს. 2017 წლის მონაცემებით, მხოლოდ სახლის გარეთ კვების ბაზარი ევროპაში £275.5 მილიარდს შეადგენდა, რაც 5,1%-ის წლიურ ზრდას წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება, რაც ახალი შესაძლებლობების არეალს ქმნის. სტარტაპი განვითარების საკმაოდ დიდ პერსპექტივას ხედავს გერმანიაში, რომლის ათვისების შემდეგ სტრატეგიულ გეგმაში ევროპის კიდევ სხვა ქვეყნები მოიაზრება. რაც შეეხება საქართველოს, DineSpace ჩვენს ქვეყანაში გამოჩენას მხოლოდ ევროპის ბაზარზე აქტიურად და სტაბილურად დამკვიდრების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების სარესტორნო ინდუსტრიას, მეტი მოქნილობისა და ეფექტური ოპერირებისთვისთვის, DineSpace-ის სახით ახალი შესაძლებლობა ელის.
სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული