"ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი გუნდი და მისი კეთილდღეობაა"

„ეივონ კოსმეტიკს" საქართველო, 90 დასაქმებული

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებს, ე.წ. HR-ებს, ნაკლებად იცნობენ კომპანიის გარეთ. საგარეო კომუნიკაციაში, ძირითადად, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და მმართველი რგოლის მენეჯერები მონაწილეობენ. თუმცა, ადამიანური რესურსების მენეჯერი არანაკლებ საკვანძო ფიგურაა ყველა ორგანიზაციაში, რადგან მასზეა დამოკიდებული კომპანიის პროგრესი როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანპერსპექტივაში.

entrepreneur.ge

კომპანიის HR პოლიტიკაზე "ეივონ კოსმეტიკს“ საქართველოს HR Business Partner-ს თამარ ბეჟანიშვილს გავესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რა გამოგარჩევთ თქვენ, როგორც დამსაქმებელს, სხვა კომპანიებისგან?

„ეივონს“ განსაკუთრებული კორპორაციული კულტურა აქვს. ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი გუნდი და მისი კეთილდღეობაა. ადამიანებზე ზრუნვა ყოველ წამს იგრძნობა და ეს თანამშრომლებმაც იციან − ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მათგანთან, ნებისმიერ საკითხში − იქნება ეს პროფესიული თუ პირადული, ყველა მზად არის სხვის დასახმარებლად.

ზოგადად, ეს მზადყოფნა დახმარებისთვის ყველა „ეივონელს“ გამძაფრებულად გვაქვს. ჩვენ გვიხარია ერთმანეთის სულ მცირეოდენი მიღწევაც, ალბათ ამიტომაც ჰყავს „ეივონს“ უნიკალური გუნდი, რაშიც ნებისმიერი თანამშრომელი დამეთანხმება. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან.

რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო რეჟიმზე?

შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ვიყავით იმ პირველი კომპანიების სიაში, რომლებმაც თანამშრომლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაიყვანეს. ჯერ საგანგებო მდგომარეობაც არ იყო გამოცხადებული, თუმცა თანამშრომლების უსაფრთხოებაზე მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა. სულ რაღაც 2 დღეში ისე გადავაწყვეთ ტექნიკა, რომ საქმე არ შეფერხებულა. სამუშაო რეჟიმი დარჩა უცვლელი. არც დატვირთვა გაზრდიათ თანამშრომლებს და პირიქით, დისტანციურმა სამუშაო რეჟიმმა ბევრის კმაყოფილებაც კი გამოიწვია.

როგორ ახერხებთ თანამშრომლების მოტივაციის შენარჩუნებას?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, თანამშრომლები წარმოადგენენ „ეივონ კოსმეტიკს საქართველოს“ და ზოგადად, მსოფლიოში „ეივონს“ ფუნდამენტად უდგას თავისი თანამშრომლები. ძალიან ბევრი აქტივობა ტარდება მათი მოტივაციის შესანარჩუნებლად − როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური. პანდემიამდე გვქონდა ძალიან დატვირთული სოციალური აქტივობები, გასვლითი „თიმ ბილდინგები“, ტრენინგები, მოწვეული სპიკერები. ეს ყველაფერი, შეძლებისდაგვარად, ონლაინ გადავიტანეთ, თუმცა იმედს არ ვკარგავთ, რომ ძალიან მალე ძველ რეჟიმს დავუბრუნდებით. ვატარებთ სხვადასხვა წამახალისებელ მასტერკლასს, თუმცა რა თქმა უნდა, საგანმანათლებლო მხარეც არ გვავიწყდება. გვაქვს სხვადასხვა ტრენინგი − როგორც პროფესიული, ასევე „სოფტ სქილების“. ტრენინგები ტარდება როგორც ყველასთვის, ასევე სპეციალურად კონკრეტულ თანამშრომელზე მორგებული. ასევე ჩვენი ბენეფიტების პაკეტიც ნამდვილად გამორჩეულია.

როგორია თანამშრომლის დაწინაურების პოლიტიკა?

„ეივონის“ პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რომ უპირველესად, ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში განიხილოს შიდა კადრი. ძალიან სპეციფიკური ბიზნესია და როცა ადამიანმა უკვე იცის შიდა სამზარეულო, ნამდვილად უპირატესობებს ფლობს. თითოეულ თანამშრომელს აქვს განვითარების გეგმა, თუ საით უნდა წარიმართოს მისი კარიერა, ხოლო ჩვენ − მენეჯმენტგუნდი, მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მათ მიზნების მიღწევაში − იქნება ეს ადგილზე სწავლება თუ დამატებითი ტრენინგი. ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც წლების განმავლობაში თანამშრომელი უკვე გამზადებულია კონკრეტული პოზიციისთვის და მისი გახსნის შემთხვევაში, პირდაპირ ვთავაზობთ მას ახალ როლს.

ძალიან ბევრი მაგალითია კომპანიაში, როგორ ადის თანამშრომელი კარიერულ კიბეზე − თუნდაც ჩვენი დირექტორი, ქალბატონი ანა ცხადაძე. დაახლოებით 4-5 პოზიცია აქვს გამოვლილი დღევანდელ დღემდე და კიდევ ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბაზარი ვართ, მაქსიმალურად ვიყენებთ თითოეულ შესაძლებლობას, რათა თანამშრომლებს მივცეთ განვითარების საშუალება.

როგორ ახერხებთ დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებას?

კვალიფიკაციის ასამაღლებლად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლებელია თანამშრომლისთვის შეირჩეს კონკრეტულად მისთვის მორგებული ტრენინგი. ასევე აქტიურად ხდება იმ მიმართულების ხელმძღვანელის ჩართულობა თანამშრომლის განვითარებაში, რითაც არის კადრი დაინტერესებული. ჩვენსავე ინტერესებში შედის გვყავდეს კვალიფიციური კადრები კომპანიაში, ამიტომ ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებთ, როცა ვხედავთ, რომ ადამიანი პოტენციურია და თან განვითარებითაა დაინტერესებული.