ქართული სამართლის ჯგუფი

გამოცდილი, ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული იურიდიული კომპანია

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არქიტექტურა, მშენებლობა, ენერგეტიკა, იმპორტი და კიდევ არაერთი ინდუსტრია სწორედ ის სფეროებია, რომელშიც განვითარების პარალელურად, სადავო საკითხებს საკმაოდ ხშირად ვაწყდებით. ამ პროცესში კი პროფესიონალთა ჩართულობა და მხარდაჭერა გარდაუვალი საჭიროების მნიშვნელობას ატარებს. 

entrepreneur.ge

„ქართული სამართლის ჯგუფი“ GLG საქართველოში მომუშავე, გამოცდილი ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა, რომელიც კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში ოპერირებს. GLG-ის იურისტები ფიზიკურ და კორპორაციულ დამკვეთებს, სამართლებრივ კონსულტაციასა და მომსახურებას სწორედ ზემოთ ხსენებულ საკითხებში უწევენ. თუ რა ტიპის კონკრეტულ სერვისებს აერთიანებს კომპანია და როგორ შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მისი მომსახურებით სარგებლობა, ყოველივე ამას „ქართული სამართლის ჯგუფის“ მმართველი პარტნიორი, ლაშა მჭედლიძე Entrepreneur-ს უზიარებს:

„ჩვენი ფირმის მიმართულება, დაფუძნების დღიდან, უმაღლეს სტანდარტსა და კლიენტის კომფორტზე ორიენტირებას გულისხმობს. ამ მიდგომებითა და ხედვით კი საკმაოდ კონკურენტულ ბაზარზე ძალიან სწრაფად მოვიპოვეთ ნდობა. დღეის მდგომარეობით, „ქართული სამართლის ჯგუფი“ ათობით დიდ და მცირე ორგანიზაციას უწევს სამართლებრივ დახმარებას. ამისი ერთ-ერთი განმაპირობებელია თანამშრომელთა შერჩევისა და მათ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვის პრინციპი, რაც ბუნებრივად აისახება კლიენტის კმაყოფილებასა და მაღალი ხარისხის სერვისზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საადვოკატო და არასაადვოკატო იურიდიული სერვისების გაერთიანება ერთ სივრცეში შეძლო, რაც შემდეგს გულისხმობს: ქვეყანაში არსებობდნენ ადვოკატები, რომლებსაც არ გააჩნდათ კომპანიის შიდა დოკუმენტაციის მომზადებისა და დამუშავების გამოცდილება, და არსებობდნენ კომპანიის შიდა იურისტები, რომლებსაც არ გააჩნდათ საადვოკატო პრაქტიკა. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ გავაერთიანეთ ეს ორი მიმართულება და საბოლოოდ, დამკვეთს ისეთ კადრს ვთავაზობთ, რომელსაც დოკუმენტაციის გაძღოლისა და მოლაპარაკებების გამოცდილების გარდა, ზურგს მძლავრი საადვოკატო პრაქტიკა უმაგრებს“, − ამბობს ლაშა მჭედლიძე.

კომპანიის გამორჩეულად მძლავრ მიმართულებას უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის სფერო წარმოადგენს. სწორედ GLG-ის იურიდიული ძალისხმევით დასრულდა ისეთი რთული სამშენებლო-სამართლებრივი პროექტები, როგორიცაა „ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობები და სხვა. ამასთანავე, კომპანია ახლაც უწევს იურიდიულ მომსახურებას არაერთ სამშენებლო კომპანიას, რომელთა განკარგულებაშიც დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტებია. 

„ასეთ დროს პრაქტიკულად მთლიანი პროექტის წარმატების ბედი მაღალი ხარისხის იურიდიულ სერვისზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენი ფირმა მრავალი წელია ახორციელებს. უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის სფეროში უმაღლესი ხარისხის სერვისის გაწევის შესაძლებლობას ისიც უწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ისეთ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორიცაა თბილისის მერიის იურიდიული სამსახური, არქიტექტურის სამსახური და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ხსენებულ უწყებებთან დაკავშირებით, დღემდე ათეულობით ადამიანი მოგვმართავს. წარმოებული დავების აბსოლუტური უმრავლესობა კი გამარჯვებით სრულდება“, − ლაშა მჭედლიძე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს საადვოკატო და იურიდიული ცნობიერებისა და კულტურის ამაღლებასთან ერთად, მოთხოვნა გაჩნდა უძრავი ქონების ურისკოდ შეძენის საკითხებზეც. სწორედ „ქართული სამართლის ჯგუფი“ იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ კუთხით მომხმარებელს კონკრეტული სერვისი შესთავაზა. მომსახურების თავისებურ მახასიათებელს კი ის კომპლექსური პროცესი წარმოადგენს, რომლის თანახმად, მასზე მომუშავე გუნდი, შესაძენი უძრავი ქონების იურიდიულ მდგომარეობას სრულად იკვლევს და მხოლოდ ყველა დეტალის სისწორეში დარწმუნების შემდეგ უდასტურებს მსურველს მისი შეძენის მართებულ შესაძლებლობას. მომსახურებით უკვე ისარგებლა ასობით დამკვეთმა. უამრავი ადამიანი კი დაყადაღებული ქონების ყიდვას, ფინანსურ ზარალსა და არაერთ გაუგებრობას გადაურჩა. 

სწორედ გაუგებრობების თავიდან აცილების მნიშვნელოვან პრევენციას წარმოადგენს ის საკონსულტაციო სერვისი, რომელიც ასევე GLG-ის მომსახურებების ჩამონათვალში გვხვდება და ეფექტურ საორიენტაციო მექანიზმს წარმოადგენს. 

„იურიდიული კონსულტაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მომსახურების სახეობაა თანამედროვე ცხოვრებაში. მისი მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამის განმაპირობებელი ფაქტორი ზიანის ის მასშტაბია, რომელიც შესაძლოა ადამიანს სწორი იურიდიული კონსულტაციის გავლის არარსებობის პირობებში მიადგეს. ვისაც ეს საკითხი სწორად აქვს აღქმული, პრაქტიკულად მინიმიზებული აქვს ფინანსური რისკი, რაც არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე შეიძლება დადგეს. ჩვენი კომპანია უკვე მრავალი წელია, დამკვეთებს იურიდიულ კონსულტაციას სხვადასხვა სფეროში აქტიურად უწევს. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კადრები გვყავს“, − ლაშა მჭედლიძე.

ასევე, კომპანია მსურველებს იურიდიული კონსიერჟის მომსახურებასაც სთავაზობს, რომელიც მთელი რიგი იურიდიული პროცედურებისა და პროცესების სრულფასოვან ორგანიზება-განხორციელებას უზრუნველყოფს. ის ერთგვარ სანდო იურიდიულ მეგზურს წარმოადგენს, რომელიც საკუთარი პროფესიული ცოდნით კლიენტს საჭიროების შესაბამის მხარდაჭერას უწევს. მაგალითად, თუ უძრავ ქონებას ყიდულობთ, რაც თქვენთვის სიახლეს წარმოადგენს, ამ დროს იურიდიული კონსიერჟი თავად შეგიდგენთ კონტრაქტს, პირადად გააკონტროლებს ქონების ურისკოდ გადმოფორმების საკითხს და მთლიანი ხელშეკრულების გაფორმების პროცესის განმავლობაში აკომპანირებას გაგიწევთ.

ამ ძირითადი სერვისების ნაკრებთან ერთად კი, კომპანია სამართლებრივი ცნობიერებისა და იურიდიული კულტურის ამაღლებისთვისაც აქტიურად ზრუნავს. „ქართული სამართლის ჯგუფის“ ვებგვერდსა და სოც. ქსელებზე სტუმრობის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ლაკონურად და ყველასთვის გასაგებ ენაზე დამუშავებულ არაერთ სამართლებრივ პუბლიკაციას გაეცნოს, რომელიც მათ ცოდნასა და კომპეტენციას ყველაზე საჭირო, აქტუალურ და ძირითად იურიდიულ საკითხებზე აამაღლებს. პუბლიკაციების სექცია რეგულარული განახლების პროცესშია და საინტერესო იურიდიულ კონტენტს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ „ქართული სამართლის ჯგუფი“ აქტიურად ზრუნავს ახალგაზრდა თაობის იურიდიულ განათლებაზეც. დღემდე კომპანიის სტიპენდიით არაერთმა სტუდენტმა ისარგებლა, რომლებიც უკვე წარმატებულ პოზიციებზე აგრძელებენ მუშაობას. აღსანიშნავია კომპანიის თანამშრომლების მიერ პროფესიული ცოდნის გაზიარების მეთოდიც. აქ თითოეული ადვოკატი ვალდებულია სრულიად უფასოდ ჩაუტაროს ტრენინგი ახალგაზრდა იურისტებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ამით, კომპანიის თანამშრომლები პროფესიულ ფორმას მუდმივად ინარჩუნებენ და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგებს ღირებულ ცოდნას უზიარებენ, რაც დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ მან, როგორც სერვისების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ, თავადაც უწყვეტად შეძლოს საქმიანობის გაგრძელება. განსაკუთრებით ბოლოდროინდელი გამოწვევების ფონზე, რომელმაც კვალი ყველა სფეროს დაატყო.

„ზოგადად, საადვოკატო სფერო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბიზნესია, რომელზეც პირდაპირ აისახება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური თუ სოციალური მოვლენები. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ აუცილებელია საქმიანობის დივერსიფიცირება ბიზნესის სწორად განვითარების მიზნით. მაგალითისთვის, იურიდიული კომპანიები, რომლებიც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების იურიდიულ სერვისზე იყვნენ ორიენტირებულნი, მეტად დაზარალდნენ, რადგან პრაქტიკულად, პანდემიის პირობებში ალტერნატიული ბაზრების ძებნა მოუწიათ. პანდემიას არც ჩვენი ფირმისთვის ჩაუვლია გვერდით. არაერთმა უცხოურმა კომპანიამ, რომელსაც სერვისს ვუწევდით, შეწყვიტა ოპერირება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მაინც სწრაფად მოვახერხეთ არსებულ ვითარებაში ორიენტირება და ზრდის მაღალი ნიშნული შენარჩუნება“, − ლაშა მჭედლიძე.

„ქართული სამართლის ჯგუფი“, პარალელურად, საქართველოს ფარგლებს გარეთაც − ისრაელში, ავსტრიაში, გერმანიასა და კიდევ არაერთ ქვეყანაში არსებულ იურიდიულ ფირმებთან და საინვესტიციო კომპანიებთან აქტიურად თანამშრომლობს, ხოლო მათ საუკეთესო პრაქტიკას ქვეყანაში იურიდიული სერვისების სტანდარტის ასამაღლებლად აანალიზებს და ნერგავს. აგრეთვე, აქტიურად ავითარებს საგანმანათლებლო მიმართულებასაც. GLG-აკადემია უკვე მრავალი წელია ახალგაზრდა კოლეგებს პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში ეხმარება, რის გაგრძელებასაც მომავალში ისევ აპირებს.