რას გვასწავლის მეი მასკი?

„დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„განსაცდელი რომ დამატყდებოდა, გატაცებით ვკითხულობდი რომანებს და ისეთ ლიტერატურას, რომელიც პიროვნულ ზრდაში მეხმარებოდა. ისინი იმედით მავსებდნენ. იქნებ ამ ამბებმა, ახლა რომ გიზიარებთ, იმედის ნაპერწკალი თქვენც გაგიღვივოთ“, − წერს მეი მასკი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ქალი ისახავს მიზანს“ და მეც სწორედ ამ ფრაზამ გადამაწყვეტინა წიგნის მოკლე მიმოხილვა თქვენთვის შემომეთავაზებინა, რადგან ღრმად მწამს, რომ რა სიტუაციაშიც უნდა იმყოფებოდეთ, ეს წიგნი დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ, განწყობას გაგიუმჯობესებთ, თავდაჯერებულობას აგიმაღლებთ და გაბედულ ნაბიჯებს გადაგადგმევინებთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.

Entrepreneur Georgia

მეი მასკი, თანამედროვე სამყაროს ყველაზე გაბედული ანტრეპრენერის და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის (თუმცა ეს სულაც არ არის მისი მთავარი მოტივაცია და ღირსება, არც ჩემი და რაც მთავარია, არც თავად მისი აზრით) − ილონ მასკის დედა, რომელსაც ყველაზე გლამურული ჟურნალების გარეკანებზე და რეიტინგულ ტელეშოუებში ვხედავთ, მისი ბიოგრაფიის არმცოდნე ადამიანებს ალბათ უტოვებს განცდას, რომ მედიისა და საზოგადოების ინტერესი სწორედ ილონ მასკის დედობის ფაქტორითაა გამოწვეული.

თუმცა, წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც 72 წლის ასაკში მეი მასკს აქვს − ფული, პოპულარობა თუ გავლენა, მხოლოდ დამოუკიდებლად, ძალიან ბევრი სირთულის, ცხოვრებისეული წინააღმდეგობის გადალახვისა და მუდმივი ბრძოლის შედეგად მოუპოვებია. მეი მასკი: „შეიძლება ამას იღბალი დავარქვათ, მაგრამ ამ საქმეში ორმოცდაათწლიანი შრომაა ჩადებული. დღესაც კი, ყოველ წუთს, ყოველ საათს ვახმარ ჯანმრთელობისა და წონის შენარჩუნებას. ეს იღბალი არ არის. ეს მძიმე შრომაა“.

მის ცხოვრებისეულ ისტორიებსა და თავგადასავლებს თავად გაეცნობით, მე კი რამდენიმე მთავარ საკითხს გამოვყოფ მისი წიგნიდან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და თქვენც საკუთარი აღმოჩენები გააკეთოთ, ამ აღმოჩენებით კი უკვე თქვენი თავი, შესაძლოა, ხელახლა აღმოაჩინოთ.

მაშ ასე, რას გვასწავლის მეი მასკი?

იყავი საკუთარ მომავალზე პასუხისმგებელი

69 წლის ასაკში რომ CoverGilrs-ის სახე ხდები და თაიმს-სკვერის ბილბორდებს ამშვენებ, ბევრმა შესაძლოა ეს გამართლებად მიიჩნიოს, მაგრამ ვინ, თუ არა მრავლისმომსწრე ქალმა იცის, რომ „საკუთარ იღბალს ადამიანი თვითონ ქმნის“. მეი მასკიმ სწორედ თავდაუზოგავი შრომით მიაღწია ასეთ წარმატებას. მან საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავად აიღო, გაბედულად იმოქმედა, იღბალს ამაოდ არ მიენდო და თავისი მამის შეგონება − „რაც მეტს იშრომებთ, მით მეტად გაგიმართლებთ“, − საკუთარი ცხოვრების დევიზად აქცია. მოგვიანებით კი მამის რჩევას თავისიც შემატა − „რაც უფრო მეტს იშრომებთ, იღბალიც მით უფრო იოლად მოგაგნებთ“.

უარი არ უთხრა ახალ შესაძლებლობებს

წარმატებულ სამოდელო კარიერას მეი მასკი სწორედ იმ საკუთარ უნარს უმადლის, რომელმაც ჯერ კიდევ სტუდენტობისას მისთვის სრულიად მოულოდნელ შეთავაზებაზე, სილამაზის კონკურსში მიეღო მონაწილეობა, დიდი ფიქრის შემდეგ „კი“ ათქმევინა − „დღეს „კი“-ს თქმაზე ამდენს აღარ ვფიქრობ, „კი“-ს ვამბობ, თუ შემოთავაზებამ ცნობისმოყვარეობა აღმიძრა, თუ საინტერესოა ან სახალისო, და თუ მას ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია. თუკი რაიმეს შეცვლა გინდათ, უნდა თქვათ − „რატომაც არა?“ − გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას 72 წლის მეი მასკი და რთულია, არ დაეთანხმო...

არ დანებდე

„რა უფერულადაც უნდა გეჩვენოთ ცხოვრება, გამოსავალი ყოველთვის არსებობს“ − ამ დასკვნამდე მეი მასკი არაერთი ცხოვრებისეული პრობლემისა და სირთულის გადალახვის შემდეგ მივიდა. ვერც ცხრაწლიანმა ოჯახურმა ძალადობამ, ვერც 3 შვილით მარტო დარჩენილი ახალგაზრდა ქალის წინაშე არსებულმა უამრავმა პრობლემამ და მათთან გამკლავების დაუსრულებელმა პროცესმა გატეხა ქალი, რომელიც ყოველთვის ახერხებდა საკუთარ თავში ეპოვა ძალა, დაებრუნებინა დაკარგული თავდაჯერებულობა, შეედგინა გეგმა და მისი ხორცშესხმისთვის ძალისხმევა არ დაეშურებინა. შეუპოვრობა მეი მასკის ცხოვრებას მუდმივად თან სდევს: „გახსოვდეთ, რომ ხშირად შეუპოვრობით აღწევთ მიზანს. თუმცა ყოველთვის არა − თუ ითხოვ და უარს გეუბნებიან, სხვა რამ სცადეთ. მაგრამ თუ გინდათ, მიიღოთ ის, რაც გსურთ, არაერთხელ უნდა სცადოთ“.

დაისახე მიზანი

„იყო დრო, როცა მეგონა, ბედნიერი აღარასდროს ვიქნებოდი. აღარასდროს! მერე კი ამ ფსკერიდან ამოსასვლელად ახალი გეგმა შევადგინე, რადგან მუდმივ უბედურებაში ცხოვრება, უბრალოდ, არ შეიძლება“, − ასე ამთავრებს საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნს მეი მასკი და ჩვენც ამას გირჩევთ:

„დაისახეთ მიზანი − ახლავე!“

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge