📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა წარმოგიდგენთ მეწარმე ქალებს მთიანი საქართველოდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

USAID YES-Georgia-ს პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მხარდაჭერა საქართველოში" აგრძელებს საქმიანობას. პროგრამა ხორციელდება ფონდი „კრისტალის" მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ დახმარებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი" უწევს.

პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობს დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალბატონებს. მათ, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებულის გაფართოებისა და საკუთარი უნარების გაუმჯობესების დიდი მოტივაცია აქვთ. პროგრამის კომპონენტებით ისარგებლეს ქალბატონებმა საქართველოს მთიანი რეგიონებიდანაც, რომლებიც მკაცრ კლიმატსა და არცთუ მარტივ პირობებს სულაც არ უშინდებიან და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის დაწყება-განვითარებისთვის ამ ყველაფერში დიდ ენერგიას ხარჯავენ. ამ პროცესში კი მათ გვერდით, თანამედროვე და პრაქტიკული ცოდნით, USAID YES-Georgia დგას, რომელიც ქალბატონებს მიზნების მისაღწევად განვითარების ეფექტურ ინსტრუმენტებს უზიარებს.

Entrepreneur-ი კი აგრძელებს გამბედავი მეწარმე ქალბატონების, მათი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაცნობას, რომელიც შესაძლოა თქვენთვისაც შთამაგონებელ ამბად იქცეს და აქამდე განუხორციელებელი იდეების ხორცშესხმას შეუწყოს ხელი.

გვანცა ჭაბუკიანი

გვანცა ჭაბუკიანი 22 წლის ახალგაზრდა მეწარმე და მასწავლებელია ლეჩხუმიდან, სოფელ დეხვირიდან. როგორც თავად გვიყვება, ეს რეგიონი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და აქაური სოფლები მხოლოდ მოხუცების იმედადაა დარჩენილი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გვანცამ გადაწყვიტა, მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულიყო და მუშაობა მაღალმთიან სოფელში დაწყებითი კლასის მასწავლებლად დაეწყო. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად, მეფუტკრეობით დაინტერესდა. დღეს კი უკვე ფუტკრის ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებს და თანაც დედა ფუტკარი გამოჰყავს. პროდუქციას მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით ყიდის. დასაბეჭდად უკვე მზად აქვს ლოგო და ეტიკეტი, რათა „თაფლი ლეჩხუმიდან" ბრენდული ატრიბუტიკით აღჭურვოს და საოჯახო ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ბაბუის საქმიანობიდან იღებს სათავეს, თანამედროვე ბიზნესპრინციპებს მოარგოს, ბავშვობის გატაცება და მეფუტკრეობის სიყვარული კი შემდგარ ბიზნესად აქციოს.

სამომავლოდ, გვანცას ლეჩხუმში სოციალური საწარმოს შექმნა სურს, რომელიც რეგიონში ცოდნის გავრცელებისა და მეფუტკრეობის განვითარების მასტიმულირებელი ცენტრი იქნება. საწარმოში მსურველებს მეფუტკრეობის შესწავლისა და მისი პროდუქტების გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ, სადაც ასევე ახალი იდეები გენერირდება. გარდა ამისა, გვანცას სურს საყვარელი ხელსაქმეების − ქარგვის, ქსოვის, თექაზე მუშაობისა და სხვადასხვა ხელობის პოპულარიზებასაც შეუწყოს ხელი. ის ამ ყველაფრით 4 წლიდანაა დაკავებული.

ამ ინტერესებთან ერთად, გვანცას კიდევ ერთ დიდ გატაცებას ღვინო წარმოადგენს. ძმასთან ერთად, უკვე დარგო 500 ძირი ცოლიკაურის ნერგი და მოსავალსაც ელოდება. ფუტკრის ტურიზმისა და სოციალური საწარმოს აშენება- განვითარებისთვის კი ფულადი რესურსები სჭირდება, რომლის მოსაძიებლად თადარიგს უკვე იჭერს. მისი USAID YES-Georgia-ს პროექტში მონაწილეობაც სწორედ იმ ცოდნისა და უნარების შეძენას ისახავდა მიზნად, რომელიც გვანცა ჭაბუკიანს მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.

კლარა მხეიძე

კლარა მხეიძე 50 წლისაა. ტურიზმის სფეროში პირველი ნაბიჯები 2003 წელს გადადგა. მიაჩნია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა, რადგან ტურიზმი მის საყვარელ სფეროდ იქცა. საწყის ეტაპზე, არსებული ყოველი გამოწვევა და სირთულე კი, კმაყოფილ მომხმარებლებთან ერთად, მხოლოდ ახალი ძალისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა მისთვის. სწორედ ამ ძალისხმევით ფლობს და მართავს ის ამჟამად სასტუმრო „ბუდეს" ბაკურიანში, რომელიც უამრავი მოგზაურისა და დამსვენებლისთვის კომფორტისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ნამდვილ ბუდედ იქცა.

სოჯახო ტიპის სასტუმროს მართვა, დამსვენებლებთან ურთიერთობის სპეციფიკისა და კიდევ მრავალი სხვა საკითხის გამო, კლარასთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ეს საქმე მას შრომით და პიროვნულ კმაყოფილებას თანაბრად ანიჭებს, რადგან ადამიანებთან ურთიერთობა დიდი ენერგიით მუხტავს. ყველაფერი კი შესაბამისი სერვისის გაწევაში ეხმარება, რათა დამსვენებლები მასთან ვიზიტით მაქსიმალურად კმაყოფილები დარჩნენ. კლარა მხეიძეს განვითარებისა და გაფართოების ვრცელი გეგმები ჰქონდა, რომ არა მოულოდნელად თავს დამტყდარი ვირუსი. იმედოვნებს, ჩვეულ რეჟიმს მალე დაუბრუნდება და გეგმების განხორციელებასაც განახლებული ძალით შეუდგება. მისი დიდი სურვილია, სასტუმრო „ბუდე" საუკეთესო დასასვენებელი ადგილი გახდეს მოხუცებისთვის.

ამ ჩანაფიქრის პროექტად გარდაქმნაში კი, რომელიც დღის შუქს მომავალში იხილავს, როგორც თავად ამბობს, USAID YES-Georgia-ს პროექტში შეძენილი ცოდნა და უნარებიც დაეხმარება. თავის მხრივ კი, ყველა ქალბატონს დაუღლელობასა და საკუთარი მიზნების ერთგულებას ურჩევს.

ასმათ ბოლქვაძე

28 წლის ასმათ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. პროფესიით ეკონომისტია. ამბობს, რომ 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა სექტორში მუშაობამ და არაფორმალურმა განათლებამ დიდი გამოცდილება შესძინა. მაგისტრატურის საფეხურის დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა ხულოში დაბრუნებულიყო და მშობლიურ კუთხეში ღირებულ საქმიანობას შედგომოდა. სოფლის მეურნეობა მის დიდ ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, ამიტომაც გადაწყვიტა ამ თემატიკის სხვადასხვა პროექტში მოესინჯა ძალები. მცდელობა წარმატებით შედგა.

2013 წელს, აჭარის სოფლის მეურნეობის პროექტის ფარგლებში, ასმათმა მაღალმთიან აჭარაში ჩანდლერის ჯიშის კაკლის პირველი სადემონსტრაციო ბაღი გააშენა, ხოლო ამის შემდეგ განსაკუთრებული ინტერესი, სიყვარული მრავალწლიანი და კენკროვანი კულტურების მიმართ გაუჩნდა. იყო ექსპერიმენტები, მცენარეების სათანადო მოვლა-პატრონობის საფუძვლიანი სწავლა და დიდი შრომა. ბოლო წლებში კი გადაწყვიტა, რომ ამ ინტერესისთვის და კულტურების დიდი სიყვარულისთვის ახალი წამოწყების სახე მიეცა. დღეს ასმათის მიერ გაშენებული ბაღი უკვე მერვე წელს ითვლის და გაისად სრულ მსხმოიარობაში შევა. ჩანდლერის კაკალი განსაკუთრებული მსხმოიარობითა და მოსავლიანობით გამოირჩევა, სიმაღლეში კი მხოლოდ 4-5 მეტრია. დღესდღეობით, პროდუქციის რეალიზებას აგრობაზარში ახორციელებს, თუმცა უკვე აქტიურად დაიწყო ფიქრი ბრენდის შექმნაზეც. ამასთანავე, სურს და გეგმავს კენკროვანი კულტურების ნაირსახეობის გაშენებასაც. ამ ყველაფრის წარმატებულ ბიზნესსაქმიანობად გარდასაქმნელად კი USAID YES-Georgia-ს პროექტში მიღებული ცოდნის საფუძვლიანად გამოყენებას აპირებს. სამეწარმეო საქმიანობის პარალელურად, ასმათი მოხალისეობრივ საქმიანობებშიც აქტიურადაა ჩართული. ის ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდა მრჩეველთა საბჭოს წევრია. ასევე გახლავთ Khulo Lag-ისა და სხვადასხვა პროექტის მოხალისე, რომელმაც თანამოაზრეები შემოიკრიბა და სოციალური პროექტი „2 ლარი 2 პრობლემის მოსაგვარებლად" განახორციელა. ინიციატივა სოფელ ფაჩხაში საბავშვო-გასართობი სივრცის მოწყობას ისახავდა მიზნად. როგორც ასმათი ამბობს, სამეწარმეო და მოხალისეობრივმა საქმიანობებმა დაარწმუნა, რომ საკუთარი წილი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით, უამრავი სასიკეთო აქტივობის განხორციელება, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე რეგიონისა და მთელი ქვეყნისთვისაც მარტივად შეიძლება.

ნინო ბუჩაიძე

ნინო ბუჩაიძე მთათუშეთიდანაა. ის სოფელ ზემო ომალოში, საოჯახო სასტუმრო „ბილიკის" მფლობელია. ნინოს მეუღლეც თუშია, ტურისტულ ბიზნესშია ჩართული და ტურისტებს საავტომობილო ტურების მეშვეობით, ამ გამორჩეულ კუთხეს აცნობს. რამდენიმე წლის წინ ნინომ თავადაც გადაწყვიტა პატარა ბიზნესი წამოეწყო და საოჯახო სასტუმრო „ბილიკი" ააშენა. სასტუმროს მოსაწყობად 2017 წელს „აწარმოე საქართველოში" დაეხმარა და 15 000 ლარით დააფინანსა, ხოლო „USAID ზრდას" დახმარებით საცხენოსნო აღჭურვილობა შეიძინა. მალე სასტუმროს მართვაში მთელი ოჯახი ჩაერთო. საერთო ძალისხმევით ცდილობენ, სტუმრები კმაყოფილი და თუშეთზე დაუვიწყარი მოგონებებით დატვირთული გაუშვან. თუ სტუმრებს საცხენოსნო ტურები სჭირდებათ, გიდობას მათ ნინოს ვაჟები უწევენ. სასტუმროსა და პროცესებს კი თავად უძღვება. ტურისტული საქმიანობის პარალელურად, სეზონზე მთაში ასულები სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს თესავენ. ამასთანავე, მსხვილფეხა საქონელიც გაიჩინეს და სტუმრებს ნატურალური პროდუქტითა და ტრადიციული თუშური კერძებით უმასპინძლდებიან. თავად სასტუმრო „ბილიკი", დღიდან დაფუძნებისა, ყოველწლიურად ვითარდება. ვითარდება და მუდმივად სწავლობს თავად ნინოც. 2020 წელს „ბილიკმა", პანდემიის მიუხედავად, არაერთ ვიზიტორს უმასპინძლა და კონსტრუქციას მანსარდაც შემატა. ნინო ყოველწლიურად ცდილობს „ბილიკს" და საკუთარ ცოდნას ახალი აგურები დაადგას, რაც USAID YES-Georgia-ს პროექტში მონაწილეობითაც გამოიხატება. სურს მიღებული ცოდნა საკუთარი ტურისტული სივრცისა და მთლიანად თუშეთის განვითარებისთვის გამოიყენოს. მანამდე კი, ვიდრე ზღაპრული მთათუშეთისკენ მოგზაურთა ნაკადები დაიძრება, ნინო ბუჩაიძე ვებსივრცეში საკუთარი გვერდის ჩაშვებას გეგმავს, რომლის მეშვეობითაც თუშეთს დეტალურად გაგვაცნობს და სათავგადასავლო მოგზაურობის დაგეგმვაში წინასწარ დაგვეხმარება.

ია მეტრეველი

ია მეტრეველი 53 წლის გახლავთ. წარმოშობით ახალციხიდანაა, თუმცა ოჯახთან ერთად ბაკურიანში ცხოვრობს და აქვე, სასტუმრო „ვილა ფაგუსსაც" ფლობს. იამ მეუღლის მშობლების საცხოვრებელი სახლი ეტაპობრივად საოჯახო ტიპის 10-ნომრიან სასტუმროდ გადააკეთა და დამსვენებლების მიღებას 2005 წლის მიწურულს შეუდგა. სერვისი ღამისთევას, სამჯერად კვებასა და გასართობ სივრცეებს მოიცავს.

როგორც თავად ამბობს, საქმიანობის საწყის ეტაპზე, ამ სფეროში სრულიად გამოუცდელი იყო. ბავშვობაში კულინარია იტაცებდა. დედისა და ბებიისგან არაერთი ტრადიციული თუ უცხო კერძის სათანადო სერვირებით მომზადება ისწავლა, რაც ტურისტულ საქმიანობაში ძალიან გამოადგა. წლების განმავლობაში, ია თავად მზარეულობდა „ვილა ფაგუსის" სამზარეულოში, რომელიც ჯანსაღი კვების სტილით გამოირჩევა. აქ ყოველთვის ითვალისწინებენ დამსვენებელთა მოთხოვნას კვების შესახებ (დიეტა/მარხვა) და მუდამ შესაბამისად მომზადებულები ხვდებიან.

სასტუმროს მყუდრო და ოჯახურ გარემოს კი ქართველებთან ერთად უცხოელი დამსვენებლებიც ხშირად სტუმრობენ. როგორც ია გვეუბნება, კმაყოფილი სტუმარი და მათი დადებითი უკუკავშირი მისთვის ყველაზე დიდი მოტივატორია.

45 დამსვენებელზე გათვლილი „ვილა ფაგუსი" დღეს 5 ადამიანს ასაქმებს. თავად ია უკვე მთლიანად სასტუმროს მართვითაა დაკავებული. ამბობს, რომ USAID YES-Georgia-ს პროექტში მონაწილეობამ საკუთარ ძალებში სულ სხვანაირად დაარწმუნა და საქმიანობის პერსპექტივები განსხვავებული კუთხით დაანახა. გაიაზრა საკუთარი ხარვეზები, ძლიერი მხარეები და სამომავლო მიზნებიც ამ ყველაფრის ანალიზზე დაყრდნობით დასახა. გეგმები კი ცხადია, სასტუმროს განვითარებასა და ახალი ტურისტული სეზონისთვის განახლებულ სამზადისს გულისხმობს.

სოფო ჯიმშიტაშვილი

სოფო ჯიმშიტაშვილი 21 წლისაა და თიანეთში უკვე საკუთარი მცირე მეურნეობა აქვს. ამ სფეროს მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მუშაობა სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ერთი შეხედვით, ორმა განსხვავებულმა სფერომ, მოტივაცია მისცა, ფესვებს დაბრუნებოდა, საკუთარი ნატურალური პროდუქცია შეექმნა და ბაზარზე გაეტანა. ყველაფერი კი ერთი ოჯახი ფუტკრით დაიწყო, რომელიც დიდი ინტერესის გამო მამამ აჩუქა. სწორი მოვლისა და ძალისხმევის შედეგად, ორ წელიწადში მათი რაოდენობა გაიზარდა. სოფოს დიდ სურვილს ეკომეურნეობის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც ადგილობრივი რესურსების მაქსიმალურ ათვისებაზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამ სურვილმა გადააწყვეტინა, თიანური, ჩალისფერი ინდაურების გამრავლება, რომელიც ჯერ მცირე რაოდენობით ჰყავს. ფუტკრის ოჯახის რაოდენობა კი უკვე 20-ს აღწევს. ამავდროულად, სოფოს მეურნეობაში რქოსან პირუტყვსა და რამდენიმე სახეობის ქათამსაც შეხვდებით, რომელთა რაოდენობა, სოფოს გამოცდილების მსგავსად, სულ უფრო იზრდება. როგორც თავად გვიყვება, 2020 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა მეტმა თავისუფალმა დრომ საშუალება მისცა, მიწის ნაკვეთი დაემუშავებინა და პირველი მოსავალიც აეღო. მიღებულმა შედეგმა კი გაუჩინა სურვილი, მეურნეობა კონცეფციას, სახელწოდებით „ფერმიდან-მაგიდამდე" მოარგოს. ეკოშეფუთვის მქონე პროდუქტებით − სეზონური ხილით, ბოსტნეულით, თაფლით, კვერცხითა და ახალამოწურული ყველით კი, მომხმარებელში იგივე განცდა გამოიწვიოს, როგორსაც ბავშვობაში სოფლიდან მიღებული ამანათი თავად მასში იწვევდა. სასურველი კონცეფციის მონახაზმა ფიქრი ბრენდინგზეც დააწყებინა და ახალი მიზნებიც გაუჩინა. მართალია ამ ყველაფრის განხორციელება არცთუ მარტივია, თუმცა ახლად შეძენილი უნარები და მოტივაცია საქმიანობის გასაგრძელებლად სულ სხვაგვარ მოტივაციასა და ენთუზიაზმს სძენს. სამომავლო გეგმები კი ასეთია: სურს, ფერმა ერთიან მექანიზმად აქციოს, გააფართოვოს მისი საზღვრები, აითვისოს რეგიონში არსებული მიწის ნაკვეთები და აქ შექმნილი პროდუქცია ბრენდული სახელწოდებით შესთავაზოს ბაზარს.

როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის არა მხოლოდ ეკოპროდუქტი, არამედ ადამიანებისთვის გამორჩეული შეგრძნებებისა და მოგონებების გაზიარების გზაც არის.

ნესტან ჩხვიმიანი

ნესტან ჩხვიმიანი 33 წლისაა და რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში ცხოვრობს. მისი საქმიანობა ხის მრავალფეროვანი, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების წარმოებას მოიცავს, რომელშიც საღებავებს არ იყენებს. ხეზე მუშაობა მისთვის მუდამ განსაკუთრებული სიამოვნების მომგვრელ საქმიანობას წარმოადგენდა. ბოლო წლებში კი გადაწყვიტა ამ საქმისთვის სრულიად სხვა ძალისხმევით მოეკიდა ხელი. 10-წლიანი პაუზის შემდეგ, მონაწილეობა ჩეხური ორგანიზაცია „კარიტასის" საგრანტო კონკურსში მიიღო და 5 000 ლარი მოიპოვა, რის შემდეგაც დანადგარები განაახლა და ახალი შესაძლებლობების ათვისებას დიდი შემართებით შეუდგა. საყვარელი საქმიანობა მცირე ბიზნესად აქცია და მის განვითარებას ყოველდღიურად ცდილობს. სათამაშოებთან ერთად, ხის სუვენირებს და სასწავლო დაწესებულებებისთვის სხვადასხვა თემატიკის ნივთებს აქტიურად ქმნის. ხის ფაქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ნივთის სრულფასოვნად დამზადებას ორ დღეს ანდომებს. ძირითადად, წიფელას იყენებს, მათ რეალიზებას კი ამ ეტაპზე ქვემო რაჭაში ახდენს. პანდემიის გამო შემცირებული შეკვეთების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტს. პარალელურად, ნესტანის ოჯახში ტრადიციული რაჭული ღვინო ხვანჭკარაც იწარმოება. ამ საქმეში ის მეუღლეს აქტიურად ეხმარება და ღვინის ბოთლებისთვის ხის ლამაზ ყუთებს ქმნის. სამომავლოდ, ოჯახი ორივე საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, ნესტანი კი ორივე ასპარეზზე ჩართულობასა და ახლად შეძენილი ცოდნის საკუთარ ოსტატობასთან ერთად გამოყენებას აპირებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი