You can be on Entrepreneur’s cover!

LIVING MUSEUM - ნათია ფანჯიკიძის ხელოვნებადქცეული თერაპია ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური სერვისის მიმწოდებელი ცენტრები ჩვენს რეალობაში დიდ იშვიათობას წარმოადგენენ. ამ იშვიათ გამონაკლისთა შორის კი Living Museum-ი, გამორჩეულად საინტერესო ადგილია. ქართული ფილიალის გახსნამდე, Living Musemu-ი, რომელიც საერთაშორისო ამერიკული ფსიქო-სარეაბილიტაციო ქსელია, ისეთ განვითარებულ ქვეყნებში ოპერირებდა, როგორიც შვეიცარია, ნიდერლანდები, აშშ და სამხრეთ კორეაა. ესაა ადგილი მათთვის, სოციუმთან ურთიერთობა უჭირს და მიაჩნია, რომ უკვე დროა სტრესსა თუ სხვა მენტალურ სირთულეებს ცხოვრების ახალი, პოზიტიური დღის წესრიგი დაუპირისპიროს.

სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ცენტრში არსებულ ფსიქო-სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომაში, იმ ადამიანებს, რომელთაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნიათ, ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, თემურ უგულავა გაუწევს მხარდაჭერას. ჩვენი მკითხველისთვის ბიზნესის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენის თითოეული შემთხვევა, ცხადია განსაკუთრებულად საინტერესო თემაა. ეს ინტერესი კი მით უფრო მაღალია მაშინ, როცა Covid-19-ის გლობალური პანდემიის ფონზე, ადამიანური საქმიანობის უკლებლივ ყველა სფერო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა.

ჟურნალი Entrepreneur ნათია ფანჯიკიძეს − Living Museum-ის სულისჩამდგმელსა და საერთაშორისო სტანდარტის ხელმძღვანელს, ფსიქოლოგსა და არტ- თერაპევტს, ფსიქო-სოციალურ ცენტრ „კამარას" დამფუძნებელს, Living Museum-ის ქართულ მოდელზე სასაუბროდ ესტუმრა.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოში ამერიკული Living Museum-ის ფილიალი ფუნქციონირებს. მოგვიყევით, როგორია მისი სამუშაო სპეციფიკა?

Living Museum-ი საერთაშორისო არტ-თერაპიული ქსელია, რომლის სათაო ოფისი ნიუ იორკში მდებარეობს. ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ დოქტორი იანუშ მარტონი. ჩვენც, ცხადია, მსგავსი სპეციფიკით და სტანდარტით ვმუშაობთ. ჩვენთან ადამიანები მოდიან, როგორც სამსახურში და მთელი დღის განმავლობაში ასრულებენ სხვადასხვა არტ-თერაპიულ სამუშაოს. ზოგადად კი, ცენტრი ემსახურება განსაკუთრებით მძიმე კონდიციების მქონე ადამიანებს. სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს, შშმ-პირებს, მათ, ვისაც გამოუვლინდათ ფსიქოზური ეპიზოდი ან მძიმე დეპრესიული შემთხვევა სუიციდის მცდელობით. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვინც თავისი მენტალური კონდიციის გამო გამოეყო საზოგადოებას, გახდა აუტსაიდერი და სრულყოფილ სოციალურ ცხოვრებას ვეღარ ახერხებს.

Living Museum-ის მიზანი არის ის, რომ ამ ადამიანებში აღვადგინოთ ფუნქციურობა. აქ შექმნილი მეგობრული და უსტრესო, ოჯახური ატმოსფერო მათ გაძლიერებაში ეხმარება. თითოეულ მათგანს რა დროც დასჭირდება ფეხზე დასადგომად, იმდენი ხანი შეუძლია დაჰყოს ჩვენთან. ზოგიერთს ამისათვის შესაძლოა წელიწადი და მეტი დასჭირდეს, ზოგი კი უფრო ნაკლებ დროში გადის რესოციალიზაციის პროცესს.

რას გულისხმობს ცენტრის არტ-თერაპიული მოდელი? კონკრეტულად რას აკეთებენ თქვენთან მოსული ადამიანები იმისათვის, რომ მათი რეაბილიტაციის პროცესი ნაყოფიერად წარიმართოს?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიზნად არ ვისახავთ ადამიანების არტისტებად გარდაქმნას და არტ-თერაპია ხელოვნების გაკვეთილი არ გახლავთ, თერაპიული მიდგომით ვხელმძღვანელობთ, თერაპიის კვალდაკვალ იმხელა პოტენციალი იხსნება ბევრ მათგანში, რომ უკვე აუტსაიდერული ხელოვნება დღეს მთელ მსოფლიოში ერთ- ერთი უზომოდ საინტერესო მიმდინარეობა გახდა და ძალიან ბევრი აუტსაიდერი ავტორის შემოქმედება (მაგალითად, ჰენრი დარჯერის) იყიდება, როგორც პროფესიონალი მხატვრის ნამუშევარი. აქედან გამომდინარე, ჩვენთან მოსული ადამიანი იმდენად დახელოვნდება, რომ დროთა განმავლობაში შეძლებს საინტერესო და ღირებული პროდუქტი შექმნას.

ცენტრის ბენეფიციარებისთვის ეს არის ძალიან დიდი იმპულსი, რადგან დღევანდელი ხელოვნება უპირველესად გრძნობების ექსპრესიაა და არა თვალით აღქმული რეალობის ასახვა. როდესაც ცენტრში დავამთავრებთ თერაპიულ დღის წესრიგით მუშობას, ამის შემდეგ სივრცე უნდა გადაკეთდეს მუზეუმად. მუზეუმი გახდება ღია ყველა მნახველისთვის − იქნება ეს უცხოელი ვიზიტორი თუ ქართველი დამთვალიერებელი. მათ, ცხადია, პროდუქციის შეძენის შესაძლებლობაც მიეცემათ. გაყიდული ნივთებიდან მიღებული შემოსავლით დღის ცენტრის ბენეფიციარები შეძლებენ, უკვე თავად გადაიხადონ სარეაბილიტაციო კურსის საფასური და გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალიც.

Covid-პანდემიამ ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა სფეროში, მეტ-ნაკლებად ყველას გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა. თქვენ რა სახის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით?

პანდემიამ მართლაც რთული გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. პირველი სირთულე იყო არტ-თერაპიის ონლაინფორმატში კეთების საჭიროება. ამ ფორმით მუშაობას არ აქვს ენერგიის დაგროვების ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჯგუფში ხდება ფიზიკური კომუნიკაციით, რადგან აქ ჩვენ ერთად ვართ და ვათბობთ ერთმანეთს. როცა საქმე ახალი დაწყებული მქონდა და ვეღარ ვაგრძელებდი ამ ადამიანების ფიზიკურად მიღებას, ვერთვებოდი ნიუ იორკის ოფისს − იანუშ მარტონს, და მასთან ერთად ვმუშაობდი კვირაში ერთი დღე იმისათვის, რომ კარგად მენახა ონლაინ როგორ ხდება ამ ტიპის სერვისის მიწოდება. იანუშ მარტონი მეუბნებოდა, რომ ამ პლატფორმაზე უარი არასოდეს უნდა მეთქვა, რადგან მისი თქმით, ეს ჩვენი მომავალია.

აქედან გამომდინარე, დავრწმუნდი, რომ ამ ფორმით სამომავლოდაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ჩემთვის ეს ყველაფერი საინტერესო იყო, მაგრამ მაინც მქონდა დიდი დანაკლისის განცდა, რადგან ბენეფიციარებთან ფიზიკურ დონეზე კონტაქტი მაინც სულ სხვაა. ჩვენ სხვა ტიპის თერაპიებიც გვაქვს, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთათვის გვაქვს უფასო პროგრამა. ეს კომპონენტი იდეალურად გადავიდა „ონლაინზე" და მეტიც − უკეთესი ამბავიც მოხდა, ამ დროს ადამიანები ჩაგვერთნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან. მივხვდით, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, მთელი საქართველოსთვის გაგვეწია დახმარება და საბოლოოდ დავტოვეთ კიდეც მომსახურების ეს ფორმა. ამჟამად კი გვყავს ჯგუფები, რომლებიც ორივე ფორმით იღებენ მათ საჭიროებებზე მორგებულ თერაპიულ მომსახურებებს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ადამიანებს, ვისაც ცენტრში არსებულ ფასიან სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ, ბიზნესმენი თემურ უგულავა გაუწევს მხარდაჭერას. ამ კუთხით, რამდენი ბენეფიციარის მომსახურებაზეა საუბარი და უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა სერვისის უსასყიდლოდ მიმღებთა წრის გაფართოება?

ჩვენ სივრცის სივიწროვის გამო გვაქვს ლიმიტი. ამ ეტაპზე მხოლოდ 60 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. სამუშაო სივრცის უკმარისობა არის ჩვენი მთავარი პრობლემა. ამდენად, მახარებს ფაქტი, როდესაც ვინმეს მხრიდან გვერდით დგომას ვგრძნობთ და არ აქვს მნიშვნელობა, რა დოზისა და მოცულობის იქნება ეს მხარდაჭერა. თითოეული ასეთი შემთხვევა, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის უდიდესი სტიმულია. თემურ უგულავას მადლობას ვუხდი არა მხოლოდ იმიტომ, რომ თერაპევტებისთვის ხელფასების გაცემისა და მუშაობის საშუალება მოგვცა, არამედ იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა სიმხნევე შეგვმატა. ახლა უკვე მაქვს რწმენა, რომ კიდევ შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და გზა იმისათვის, რათა უფრო მეტი ადამიანი ჩავრთოთ თერაპიულ პროგრამაში.

ჩვენ გარშემო იშვიათობას წარმოადგენენ თემურის მსგავსი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ სურვილი გარშემომყოფებს დაეხმარონ. ასეთ ადამიანებს თუ მიაწვდით იდეას და დაანახებთ, რომ ეს ამ ქვეყნისთვის საჭირო საქმეა, ისინი ამას გააკეთებენ, თუმცა ასეთი ადამიანები ცოტანი არიან. ჩემი აზრით, მათთვის სახელმწიფოს მხრიდან კანონის დონეზე უნდა დაწესდეს საგადასახადო შეღავათები. მსგავსი მიდგომა არსებობს დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ფილანტროპებს, გაკეთებული სიკეთეების სანაცვლოდ, სახელმწიფო გარკვეულწილად წაახალისებს ხოლმე, თუნდაც გადასახადებზე დაწესებული სპეციალური შეღავათის სახით.

დაბოლოს, თქვენ, როგორც ფსიქოლოგი, რომელმაც ხანგრძლივი სამუშაო პრაქტიკის განმავლობაში არაერთი ადამიანის ყოფა უკეთესობისკენ შეცვალა, რას ეტყოდით მათ, ვინც ფიქრობს, რომ ცხოვრების უკეთესი წესის დასამკვიდრებლად საკმარისი ძალა არ შესწევს?

ემოციებს გამოცემის, გამოხატვის საშუალება უნდა მივცეთ. უკმაყოფილება ყოველთვის უნდა გამოვთქვათ. ცხადია, ამ უკმაყოფილებას მუდამ შეგვიძლია შევუსაბამოთ ადამიანური გამოხატვის ფორმა. აზრი, რომ ჩვენ ყოველთვის კარგ გუნებაზე უნდა ვიყოთ, არის ტოტალური სიყალბე. ჩვენი ნეირონებიც არ არის ამისკენ მიდრეკილი. მუდმივი კეთილდღეობა პროგრესს ახშობს. თუკი ადამიანი მუდმივად კომფორტში იქნება, დამყაყდება, წინ აღარ ივლის. ის, რომ მუდმივად კარგ გუნებაზე ვიყოთ, არ უნდა იყოს ჩვენი მიზანი. მცირედი მღელვარება, ნეგატიური იმპულსი, სამყაროსგან სასიცოცხლოდ გვჭირდება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, გვქონდეს ძლიერი პიროვნული ღერძი, რათა მარტივად გადავამუშაოთ ცხოვრებისეული ჭრილობები. ადამიანებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს, ცხოვრებისეულ სირთულეებს და პრობლემებს, დროთა განმავლობაში უჩნდებათ კიდეც საკმარისი ძალა მათ გადასალახად.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან