და მოგზაურობა იწყება აქ - ზუკა ჯაფარიძის ისტორია

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველაფერი დაიწყო იდეით.

entrepreneur.ge

ჩემი პირველი პროფესიული ნაბიჯები მარკეტინგის სფეროში გადავდგი. მომწონდა იდეებზე მუშაობა, მათი აღმოჩენა და განხორციელება. თუმცა, მალევე მივხვდი, მხოლოდ ძიების პროცესი არ მაკმაყოფილებდა, რადგან ჩემი იდეების გამოხატვა მსურდა, მათი რეალიზაციისთვის კი სხვადასხვა მედიუმი მესაჭიროებოდა.

ასე დავიწყე სხვადასხვა ციფრული ხელსაწყოს შესწავლა, რომელიც ჩემი იდეების ვიზუალიზაციაში დამეხმარებოდა. გრაფიკული ხელსაწყოები მალევე ჩემს გატაცებად იქცა. თავისუფალ დროს ვკითხულობდი ლიტერატურას გრაფიკული დიზაინის შესახებ, ვუსმენდი ლექციებს, ვათვალიერებდი სხვადასხვა ცნობილი დიზაინერის ნამუშევრებს. ნელ-ნელა ვვითარდებოდი დიზაინის სფეროში და თვალნათლივ ვხედავდი მის მნიშვნელობას.

მალე ჩანახატების ხატვა დავიწყე. თავში ჯერ იდეა ფორმირდებოდა, მერე ფურცელზე გადამქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ ვაციფრულებდი. გარკვეული რაოდენობის ნამუშევრების შექმნის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი პორტფოლიო სხვადასხვა პლატფორმაზე გამეზიარებინა, რაც მეხმარებოდა, ჩემი განვითარებისთვის თვალი მედევნებინა.

თავიდან ვგრძნობდი, რომ კიდევ ბევრი უნდა მესწავლა და ჩემი ტექნიკა დამეხვეწა. დღესაც, როდესაც ჩემს პირველ ჩანახატებს ვათვალიერებ, ვხვდები, რომ მათთან შედარებით დღეს დიდი წინსვლა მაქვს. ასეთია განვითარების პროცესი, რომელიც საბოლოოდ პროფესიონალებად გვაქცევს.

ჩემი პირველი სამსახური ლოგო დიზაინზე მუშაობით დაიწყო, როდესაც ერთ-ერთ კონკურსში ვმონაწილეობდი. გამიმართლა და სამსახურში გია ბოხუასთან მოვხვდი. ახალმა გამოწვევებმა დამანახა, რომ კიდევ ბევრი მქონდა სასწავლი.

უშუალოდ მუშაობის დროს ძალიან ბევრს სწავლობ, მუდმივად გიჩნდება სურვილი, იპოვო ახალი დაბრკოლებები და მათ დაძლევაზე კონცენტრირდე.

ერთია, გქონდეს იდეები, თუმცა სულ სხვაა მუშაობდე ფუნქციურ და ტექნიკურ საკითხებზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დიზაინ სფეროს ტექნიკური დეტალები მესწავლა და ამ მიზნით ბეჭდვურ დიზაინზე დავიწყე მუშაობა.

სხვადასხვა მიმართულებით განვითარების შედეგად ჩემს თავში ერთიანი წრე შეიკრა, მივხვდი სად ვიყავი და რას ნიშნავდა ჩემთვის დიზაინი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სწავლობდე ადამიანების ქცევას, მიდგომებს, იცოდე რა მოსწონთ, რა აინტერესებთ... ვიზუალური კმაყოფილების პარალელურად, აუცილებელია, დიზაინი ფუნქციური იყოს, ანუ, კარგი დიზაინი მხოლოდ ვიზუალისა და ფუნქციონალურობის გაერთიანების შედეგად იქმნება.

მხოლოდ ამ ურთიერთმიმართების გააზრების შედეგად მივხვდი, რომ დიზაინი ის სფეროა, რომელშიც მინდა ჩემი პროფესიული საქმიანობის გაგრძელება. ძალიან მომწონს იმაზე ფიქრი, რომ ჩემს დიზაინს აქვს პოტენციალი, რაც მომხმარებელს ცხოვრების რაღაც ასპექტს გაუმარტივებს.

სწორედ ამ გამარტივების პროცესზე ვმუშაობთ Noxtton-ში. კომპანიაში მოხვედრის პირველივე დღეს დიდ პროექტზე დავიწყე მუშაობა. მოულოდნელი და სასიამოვნოდ გასაოცარი იყო იმის გაცნობიერება, რომ პირველივე დღიდან გენდობიან. არავინ მოსულა და არავის უთქვამს: “აი, ზუკა, შენზე ვართ დამოკიდებული”. ეს პროცესი ძალიან ბუნებრივად მოხდა.

შეიძლება ითქვას, რომ Noxtton-ში არასდროს ვჩერდებით. მუდმივად გვიწევს საკუთარი უნარების განვითარებაზე მუშაობა, ახალი გამოწვევების დაძლევა, სირთულეებთან შეჭიდება. ვგრძნობ რომ ამ პროცესის შედეგად ვვითარდები არა მხოლოდ მე, არამედ ჩემთან ერთად იზრდება ჩვენი კომპანიაც. ბრენდი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, გვაძლიერებს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ ორგანიზაციას. ეს ხომ წარმატების მთავარი პირობაა?!

წარმატებას კი საქმისადმი მიდგომა განაპირობებს. ვფიქრობ, საკუთარი თავის რეალიზაციის მთავარ პირობას თავდაუზოგავი შრომა წარმოადგენს. აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ და მხოლოდ ასე შეძლებ დასახული მიზნების მიღწევას.

წარმატება, ჩემთვის, შინაგანი სამყაროდან მომდინარეობს. მიმაჩნია, რომ როცა გულწრფელი ხარ შენი საქმის მიმართ, როდესაც შეგიძლია შენს საქმეში საკუთარი თავის გამოხატვა, მხოლოდ მაშინ ახდენ საკუთარი თავის რეალიზაციას.

საბოლოოდ კი, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დიზაინი აინტერესებს, ვურჩევ ეძებონ საკუთარი ხმა და იდენტობა, რადგან ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც მათ სხვა დიზაინერებისგან გამოარჩევს. არ უნდა გეშინოდეთ ექსპერიმენტების, შეცდომების, საკუთარი თავის ძიების. თუ თქვენ აღმოაჩენთ საქმეს, რომლის კეთებაც სიამოვნების შეგრძნებას განიჭებთ, აუცილებლად იშრომეთ ამ საქმეში საკუთარი თავის დასამკვიდრებლად.