You can be on Entrepreneur’s cover!

ვის როგორ ესმის სოციალური პასუხისმგებლობა? - ქეთევან მეფარიძე, ტერაბანკი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia
ქეთევან მეფარიძე,

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ახალი ხილი არ არის. წლებია, ქართული ბიზნესის უფრო მეტი და მეტი წარმომადგენელი ერთვება სხვადასხვა კამპანიაში, რომელიც ამა თუ იმ სოციალური პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად. ზოგისთვის ეს უკვე იქცა საკუთარი ბრენდის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად, ზოგი კი მხოლოდ ახლა იწყებს ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას. ENTREPRENEUR წამყვან ქართულ ბიზნესორგანიზაციებს დაუკავშირდა და მათ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების მკითხველისთვის გაზიარება სთხოვა.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნეს და სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სწორ ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესსაქმიანობის განუყოფელი ნაწილი მგონია. ვგულისხმობ გლობალურ მასშტაბს და არა მხოლოდ საქართველოს. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მიმართულება ახალია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბევრი საინტერესო და რეალურად სასარგებლო ცვლილებების მომტანი ინიციატივაა განხორციელებული, თუმცა მიმაჩნია, რომ მას განვითარების დიდი რესურსი აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მწყობრი, სისტემატიზებული CSR-პოლიტიკა და პრაქტიკა ორგანიზაციებში კვლავაც ნაკლებადაა ჩამოყალიბებული.

როდესაც CSR-ის მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის რეალობა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ. პანდემიის სირთულეები კიდევ უფრო ზრდის ამ როლს და სავარაუდოდ, იგივე ტენდენცია პოსტპანდემიურ პერიოდშიც გაგრძელდება. ნეგატიური გავლენა, რომელსაც COVID-19 ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე აუცილებლად მოახდენს, შესაძლებელია პასუხისმგებლიანი ბიზნესის მდგრადი CSR-ინიციატივებით შერბილდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა განსაკუთრებული წვლილი ექნება არა იმდენად ორგანიზაციების იმიჯს, არამედ რეალურად შედეგზე ორიენტირებულ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესსექტორსა და საბოლოოდ, მთლიანად ქვეყანას, კრიზისთან გამკლავებასა და აღდგენაში დაეხმარება.

რა სახის ღონისძიებებს მიმართავს თქვენი კომპანია CSR-ის მიმართულებით? რომელიღაც განხორციელებულ პროექტს ხომ არ გამოარჩევთ?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო ფასეულობების დამკვიდრების ხელშეწყობა „ტერაბანკის" საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამ საქმიანობის

ფარგლებში, რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების განათლების მხარდაჭერა, შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ქალთა გაძლიერება და ჩვენი ბიზნესკლიენტების დახმარება. არაერთი საინტერესო და საზოგადოებისთვის ცნობილი პროექტიც გვაქვს განხორციელებული. მაგალითად, გამოვარჩევდი 2018 წლის სრულიად განსხვავებულ კამპანია „ტერა ბაიკს", რომლის ფარგლებშიც „ტერაბანკის" არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ჩვენი ველოსიპედებით სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ შეეძლოთ. შედეგად კი, „ტერა ბაიკის" კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო, ველოსიპედებით ისარგებლა და ყოველდღიურობა მეტად მრავალფეროვანი და სახალისო გახადა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა 2019 წლის ზაფხულში კამპანია „ტერამოგზაური" იყო. იმ დროს შიდა ტურიზმი ყველაზე მეტად საჭიროებდა მხარდაჭერას და ჩვენც მთელი რესურსი ამ სფეროს მცირე და საშუალო ბიზნესების პოპულარიზაციას დავუთმეთ. საქართველოს მასშტაბით, „ტერაბანკის" 26 ფილიალის ვიტრინებზე, ბანკომატებსა და მონიტორებზე აუცილებლად ნახავდით სხვადასხვა გესთჰაუსის, საოჯახო სასტუმროსა თუ ჰოსტელის სარეკლამო პოსტერს. „ტერაბანკის" თანამშრომლებმა ტურისტული მრჩევლების როლი მოირგეს და ფილიალებში მისულ ქართველ და უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობის მარშრუტებზე, სხვადასხვა რეგიონის ღირსშესანიშნაობებზე უყვებოდნენ.

„ტერამოგზაურის" კამპანია ჩვენთვის ერთგვარი შთაგონება იყო 2020 წლის ტურიზმის მხარდამჭერი ინიციატივის წამოწყებისთვის. შიდა ტურიზმის მხარდაჭერა შარშანაც, ამჯერად კამპანია „ტერა გიდით" გავაგრძელეთ. აუცილებლად აღვნიშნავ ქალი მეწარმეების მხარდაჭერის ინიციატივასაც. 2019 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, ის ქალი მეწარმეები ვიპოვეთ, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში საოჯახო სასტუმროებს უძღვებოდნენ და არაერთი საპასუხისმგებლო საქმიანობის შესრულების გამო, ხშირად ბრენდის შექმნასა და განვითარებაზე საკმარისი დრო და რესურსი არ რჩებოდათ. ჩვენ ისინი სწორედ ბრენდინგის მომსახურებით დავასაჩუქრეთ. აღსანიშნავია, რომ ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პარალელურად, ჩვენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ხელმომწერები გავხდით, სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ და მზად ვართ ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, სხვა ინიციატივებიც განვახორციელოთ.

გასულ წელს ქალი მეწარმეების მხარდაჭერის ინიციატივა სხვა ბიზნესკლიენტების დახმარების პროექტად განვავრცეთ. ჯერ კიდევ პანდემიის ადრეულ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ COVID-19 ბიზნესს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენებდა, ამიტომ როგორც კი პირველივე შეზღუდვები დაწესდა, დავიწყეთ ფიქრი, როგორ დავხმარებოდით ჩვენს ბიზნესკლიენტებს როგორც არსებულ, ისე სამომავლო გამოწვევებთან გამკლავებაში. ინიციატივა კონკრეტული, შედეგიანი და ბიზნესკლიენტების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული რომ ყოფილიყო, საჭიროებები დეტალურად შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ ბიზნესკლიენტების ძირითად ნაწილს დახმარება საქმიანობის გაციფრულების, ელექტრონული კომერციის, ვებგვერდების გამართვის, ბრენდინგისა და სოციალური მედიამარკეტინგის კუთხით სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ მომსახურებების პაკეტები, რომელთა შორის იყო ელექტრონული კომერციის გამართვა, ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის შექმნა, შესაბამისი საქმიანობების ტურისტულ პლატფორმებზე პოპულარიზაცია, ფოტოგადაღება, სასწავლო ტრენინგების ჩატარება, ბიზნესების შესახებ ინფორმაციის სატელევიზიო ეთერში და „ტერაბანკის" საკომუნიკაციო არხებზე განთავსება და სხვა. შემდეგ კი შევარჩიეთ 50 ბიზნესკლიენტი და თითოეული, მათი სურვილის შესაბამისად, კონკრეტული პაკეტით დავასაჩუქრეთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესკლიენტები ახლა უკეთ მომზადებულები არიან გამოწვევებისთვის. თუმცა, ჩვენ მათთან ურთიერთობასა და კონსულტაციას კვლავაც ვაგრძელებთ.

რა სახის ღონისძიებები გაქვთ დაგეგმილი 2021 წელს და მომდევნო წლებში CSR-ის მიმართულებით?

ჩვენი გეგმები კვლავაც მდგრადი, სასარგებლო ინიციატივების მიმართულებით მუშავდება. როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემია მდგრად და შედეგზე ორიენტირებულ ინიციატივებს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ეს კვლავაც მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება და ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში, ქალების მხარდაჭერა იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რომ ვასწავლო და წავიდეს?

სწავლაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის მთავარი არსი თანამშრომლების მოტივაციაა