📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

როგორ უნდა შეიძინოთ მეგობრები და ინფლუენსერები? შონ ნეფი, რომელიც ყველაზე აქტუალურ ბრენდებს ქმნის ყველაზე პოპულარული ადამიანებისთვის, რეკომენდაციებს გვიზიარებს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

შონ ნეფი ყველაზე აქტუალურ ბრენდებს ქმნის ყველაზე პოპულარული ადამიანებისთვის. მათ შორის არიან კენდალ ჯენერი, შეი მიტჩელი და მილი ბობი ბრაუნი. როგორ ახერხებს ამას? რა არის მისი საიდუმლო? − ეს ყველაფერი ემოციებთანაა დაკავშირებული.

შონ ნეფს კარიერის დასაწყისში მუდამ თან დაჰქონდა თავისი ოქროს სავიზიტო ბარათები, წარწერით „შონ ნეფი, ბოსმენი". ადამიანებს ზოგჯერ უჭირდათ დადგენა, თუ რა იგულისხმებოდა ამ სიტყვის უკან − ტრაბახობდა? ხუმრობდა? ისინი მხოლოდ ცალყბად იღიმებოდნენ და პასუხობდნენ: „ოჰ, ოქროს ბარათი", − იხსენებს ნეფი და იმ რეაქციის იმიტირებას ცდილობს, რომელიც ბევრს ჰქონდა. მაგრამ ოქროს ბარათი მისი ეგოცენტრიზმის გამოხატულება არ ყოფილა და კრიტიკოსებისთვის ადვილი მისახვედრი არ იყო, თუ რა ამოძრავებდა ახალგაზრდა ანტრეპრენერს. „ჩემი შთაგონების ყველაზე დიდი წყარო ვილი ვონკაა", − განმარტავს ნეფი. ბარათი უბრალოდ გასართობი გახლდათ, მხიარულების სიმბოლო − აი, რა იყო ოქროს ბარათი.

ამის შემდეგ თითქმის ორი ათწლეული გავიდა და ნეფი ნამდვილად ერთობა. მას თავდავიწყებით უყვარს სერფინგი, ყოველდღიური ჩაცმის სტილი აქვს და მისგან ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „ბიჭო, ძმაო, მაგარია". მისი მშვიდი გარეგნობის მიღმა მარკეტინგის გამჭრიახი გურუ იმალება − ანტრეპრენერული და ანალიტიკური აზროვნების ადამიანი, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს რთული ტენდენციების გასააზრებლად. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იგი უამრავ ადამიანს დაეხმარა ფულის გამომუშავებაში და მეტსახელად „ბრენდზე მოლაპარაკეც" კი შეარქვეს.

მისი ერთ-ერთი უკანასკნელი წამოწყებაა Beach House Group, ელ სეგუნდოში, კალიფორნიაში. კომპანია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდების ინკუბატორია, როგორიცაა: Moon − კენდალ ჯენერის პირის ღრუს მოვლის საშუალებების ხაზი; Florence by Mills − თავის მოვლის საშუალებების კოლექცია მილი ბობი ბრაუნთან ერთად; ტრეისი ელის როსის თმის მოვლის საშუალებების კომპანია, და შეი მიტჩელის ტურისტული აქსესუარების კომპანია Béis. ყველა ამ კომპანიას, ერთად, პანდემიის დაწყებამდე, სავარაუდოდ, $120 მილიონზე მეტი გაყიდვები ჰქონდა. ეს იმ პროდუქტების დამსახურებაა, რომლებიც მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2016 წელს ნეფი კომპანიაში მივიდა.

მაგრამ ეს არ იყო წარმატების პირველი გაელვება.

ეს უკვე მესამე ან მეოთხე შემთხვევაა − უკვე ჩვეულებრივი სქემაა, რომელიც ყურადღებას იპყრობს. ნეფმა ახალგაზრდული კულტურის არასტაბილურ და თავისუფალ სამყაროში ნავიგაციით შეიქმნა რეპუტაცია. ის 41 წლისაა და ცხოვრების თითქმის ნახევარი ამ საქმიანობაში აქვს გატარებული, ფასდაუდებელი გაკვეთილები დააგროვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახერხო ნავიგაცია ისეთ ბაზრებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება ტექნოლოგიების, სოციალური მედიის, კულტურის და ახლა კი, რასობრივი სამართლიანობის მოძრაობისა და მომაკვდინებელი ვირუსის გამო. მაგრამ მთავარი პრინციპი მაინც იგივე დარჩა: ბრენდი მთლიანად ემოციებზეა დამოკიდებული. თქვენ უნდა მოახერხოთ, და ადამიანებს ემოციები გაუღვიძოთ.

ბავშვების უმრავლესობას ბრენდის პროდუქტები მოსწონს. მაგრამ, ნეფს სარეკლამო კამპანიის ღრმა ფსიქოლოგიური კომპონენტები უფრო იზიდავდა. „აი, საიდან ჩნდება პირველად ეს ანტრეპრენერული ჭია", − ამბობს ის. ნეფი საკუთარ თავს ბავშვობაშიც კი ეკითხებოდა: რატომ მინდა ასე ძალიან ამ ბრენდის ნაწილი ვიყო? რატომ მინდა ყველაფრის შეძენა, რასაც ისინი აწარმოებენ?

ნეფს პირველად საშუალო სკოლის დროს გაუნათდა გონება, როდესაც Nike-ის კლასიკური რეკლამები ნახა, კალათბურთელ მაიკლ ჯორდანისა და კინორეჟისორ სპაიკ ლის მონაწილეობით. ჯორდანი ნამდვილი კერპი იყო, მაგრამ ვისაც მის ცხოვრებაზე გადაღებული ფილმი, „ბოლო ცეკვა" უნახავს, იცის, რომ იგი ძლიერი პიროვნებაა (და პათოლოგიურად კონკურენტუნარიანი), რომელსაც უბრალო მოკვდავებთან უჭირს ურთიერთობა. სპაიკ ლი დაეხმარა ჯორდანს ცოტა უფრო რბილი გამხდარიყო და საერთოდ შეეცვალა სტილი. „სპაიკი ისეთი მაგარი და მოდური იყო თავისი სათვალითა და ქუდით, ვიფიქრე, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ბრძანდებოდა", − იხსენებს ნეფი, − „ეს ორნი ერთად აღმოჩნდნენ და მაიკლიც უფრო მაგარი გახდა, ხომ ასეა?"

ამან ცნობისმოყვარეობა გაუღვივა, თუ როგორ უჩნდებოდათ ბრენდებს მიმდევრები. სკოლაში უკვე იცოდა, რომ ცხოვრების სტილის საკუთარი ბრენდის შექმნა სურდა, რომელიც მის გატაცებებთან იქნებოდა დაკავშირებული − სერფინგი, ციგურები და ზამთრის სპორტის სახეობები,

რაც გულშემატკივრებს მიიზიდავდა. შემდეგ, ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში მარკეტინგისა და რეკლამირების პირველკურსელი იყო, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, უბრალოდ გაეკეთებინა ერთი რამ და საკუთარი გვარი დაახლოებით 30 პერანგზე დაბეჭდა. „გინდათ ამ მაისურის შეძენა?" ეკითხებოდა იგი შემთხვევით შეხვედრილ ჯგუფელებს. „ისინი კი მპასუხობდნენ: ეი, ძმაო, მე უბრალოდ მათემატიკის ლექციის გაცდენას ვცდილობ". ერთი იდეა მაშინ მოუვიდა თავში, როდესაც მისმა პროფესიონალმა სნოუბორდელმა მეგობრებმა უთხრეს − მაისურების ჩაცმა იმის გამო არ შეეძლოთ, რომ სხვა ბრენდებს − Quicksilver-ს და Burton-ს სპონსორობდნენ.

„მე არასოდეს მინახავს, როგორია თქვენი კონტრაქტი", − უთხრა მათ, − „შეგიძლიათ წამაკითხოთ?" მათ აჩვენეს თავიანთი კონტრაქტები და ასე აღმოაჩინა ერთი ხვრელი − დოკუმენტებში ქუდებზე არაფერი იყო ნათქვამი. „გასაოცარია", − იფიქრა ნეფმა, − „პროფესიონალ სპორტსმენებს ხომ ხშირად იღებენ კამერები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვარცხლბეკზე დგანან..."

ნეფმა ქუდების შესახებ არაფერი იცოდა, ჯიბეში $30 ჩაიდო და იმდენი ქუდი და სხვადასხვა სახის თავსაბურავი იყიდა, რამდენიც 99-ცენტიან მაღაზიაში შეიძლებოდა. შემდეგ ფლომასტერით საკუთარი გვარი დააჩხაპნა და თავის სნოუბორდერ მეგობრებს ჩამოურიგა ოლიმპიადის შესარჩევ ღონისძიებაზე პარკ სიტიში (იუტას შტატი). „მეგობარო, შეგიძლია ეს ატარო?" − ჰკითხა მან სპორტსმენებს. მათ კი ნებართვის მისაღებად თავიანთ აგენტებს მიმართეს: „ამის ტარება შემიძლია?"

ნეფის თქმით, აგენტებმა უპასუხეს: „უჰ, იცით, რა არის? ნეფს კარგი იდეა აქვს, მაგრამ ყველა თქვენი კომპანია ჭკუიდან გადავა. ეს შენზეა დამოკიდებული. თვითონ გადაწყვიტე".

ზოგიერთი სპორტსმენი დაეთანხმა და მოგვიანებით გამარჯვებულთა კვარცხლბეკზეც აღმოჩნდა. სწორედ მაშინ მიიღო ბრენდმა „პირველი აპლოდისმენტები", − იხსენებს ნეფი, რომელმაც 2002 წელს დააარსა Neff Headwear. მისი წარმატება უმეტესად იმან განაპირობა, რომ პროფესიონალებთან მეგობრობდა. თუმცა, ამავე დროს, იმ როლსაც აღიარებს, რომელიც სნოუბორდერების კულტურის ასპექტებმა ითამაშეს. მათ კორპორაციის ზეგავლენის ქვეშ მოქცევა მაშინაც კი არ მოსწონდათ, როდესაც ისინი გადასახადებს უხდიდნენ. „ამის გამო ეს შეთავაზება ნამდვილად მიმზიდველი მოეჩვენათ", − ამბობს იგი. მისი მრგვალი ბინი-ქუდები ხალისიან, მაგრამ უწყინარ ხუმრობასავით იქცა. რომელი სნოუბორდისტი იტყოდა უარს გართობაში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, თუნდაც თავისი კორპორაციის შესაბამისად ყოფილიყო ჩაცმული? მაგრამ თუ უნდოდა, ყველაფერი რეალური ყოფილიყო?..

მით უმეტეს, თუ ამას არანაირი ფინანსური ჯარიმა არ მოჰყვებოდა და მეგობარსაც დაეხმარებოდა?..

მალე ნეფს მსოფლიოს 25 ყველაზე დიდი სნოუბორდისტის სია ჰქონდა. „მე მათ არაფერს ვუხდიდი... მხოლოდ ქუდებს ვაძლევდი", − ამბობს ნეფი, − „ხმები დადიოდა, რომ თუ ეს ქუდი გქონდა, სნოუბორდისტთა მაგარი გუნდის წევრი იყავი და ვფიქრობ, ეს მართლაც გრანდიოზული იყო".

ნეფის ბინი-ქუდები უნიკალური ფერების იყო. „არავინ ყიდდა ნეონის ვარდისფერ, ერთჯერად, ხელნაკეთ ბინი-ქუდებს", − ამბობს ის. როი თორსენი − კომპანიის მთავარი საოპერაციო ოფიცერი 2008 წელს, აღნიშნავს, რომ იმ დროს ბევრ სკოლაში მკაცრად აკონტროლებდნენ ბავშვებს, რათა კეპიანი ქუდები არ ეტარებინათ. ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა განგსტერებთან ჰქონდათ კავშირი. ამის გამო, ნეფის ქუდები პოპულარულ ალტერნატივად იქცა. „ნეფის ქუდი ახალი მოდური ნივთი გახდა", − ამბობს თორსენი, − „შონმა შესანიშნავად გათვალა დრო".

Neff Headwear მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაფართოვდა, ტანსაცმელსა და აქსესუარებსაც აწარმოებდა, მისი გაყიდვები $5 მილიონიდან დაახლოებით $30 მილიონამდე გაიზარდა წელიწადში. თორსენის თანახმად, 2012 წელს კომპანიამ საცალო ვაჭრობიდან დაახლოებით $100 მილიონი გამოიმუშავა. მართალია, დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ შეცდომები მაინც ვერ აირიდეს თავიდან.

ნეფი სამხრეთ ამერიკაში იყო სამოგზაუროდ, როდესაც უჩვეულო ჩექმები შენიშნა. „უგებივით იყო, მაგრამ თითქმის ისეთივე ნაქსოვი, როგორიც ბინი-ქუდია", − ამბობს იგი, − „დავინახე თუ არა, თავისთავად აღმომხდა: ეს ძალიან მაგარია". ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ასეთი რეაქცია ჰქონოდა ნაქსოვ ჩექმაზე, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაახლოებით იმ პერიოდში უგები პოპულარობის მწვერვალზე იყო. ნეფმა მწარმოებელი იპოვა და ახალი ბრენდი შექმნა, სახელად Ffen. „ანუ სიტყვა ნეფი შებრუნებულად. ეს არც ისე კარგი იდეა იყო", − აღიარებს იგი. Ffen გაშვებიდან ძალიან ცოტა ხნის შემდეგ ჩაიძირა. „ამ ნაქსოვ ჩექმებს წლების განმავლობაში ხან ვის ვურიგებდი და ხან ვის", − ამბობს ნეფი.

თუმცა, ეს მისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა: შეისვენე და მთელი ყურადღება Neff-ზე გაამახვილე. ახლა თავის პროტეჟეებს ეუბნება, რომ მათი პირველი ბიზნესწამოწყება „ერთზე მეტი არ უნდა იყოს". მაშინ ნეფმა მთელი თავისი ძალისხმევა მთავარი კომპანიის მასშტაბების გაფართოებაზე მიმართა. იგი კონტაქტების დამყარების დიდოსტატი იყო და ეს გამოყენა კიდეც წვეულებებსა და ღონისძიებებზე, სადაც იცოდა, რომ ცნობილი ადამიანები იქნებოდნენ, რომლებიც პოპულარობით სარგებლობდნენ ფართო საზოგადოებაში. საბოლოოდ, ისეთ ტალანტებთან გააფორმა კონტრაქტები, როგორებიც არიან სნუპ დოგი, უიზ ხალიფა, სკარლეტ იოჰანსონი, დედმაუს5 და ქეით აპტონი. 2017 წლისთვის Neff Headwear უკვე 72 ქვეყანაში იყო და მისი საცალო გაყიდვების საერთო შემოსავალი ნახევარ მილიარდ დოლარს აღწევდა.

ნეფმა ისიც იცოდა, რომ თოვლის, სერფინგისა და ციგურების სივრცე ჯერ კიდევ მხოლოდ ნიშური უბანი იყო. ის უფრო ფართო შესაძლებლობებს კარგავდა. იმავე წელს, მან თავისი Neff Headwear, ლიცენზირებული ტანსაცმლის საბითუმო მოვაჭრე Mad Engine-ს მიჰყიდა. გარიგების თანხა ცნობილი არ არის. ის კვლავ კომპანიის მთავარი შემოქმედებითი ოფიცერი იყო, მაგრამ ყოველდღიური მოვალეობების შესრულება აღარ უწევდა და თავისი ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობა ჰქონდა.

შემდეგ რა მოხდა?

ადამიანები ამჩნევენ, როდესაც ბრენდის შექმნაზე მუშაობა კარგად გამოგდით, და ამას პჯ ბრაისმაც მიაქცია ყურადღება. როდესაც ნეფმა თავისი კომპანია გაყიდა, ბრაისი დაახლოებით იმ პერიოდში, ინკუბატორის აღმასრულებელი დირექტორი იყო, სახელად Beach House Group.

ის შეუმჩნეველ ოპერაციებს ახორციელებდა, ძირითადად, კერძო მარკის პროდუქტებს აწვდიდა Target-ს და რამდენჯერმე შეიცვალა სახელი. მაგრამ ბრაისს უფრო დიდი ამბიციები ჰქონდა და მეგობრებიც მუდამ ურჩევდნენ ნეფს დალაპარაკებოდა. „შენ უნდა გაიცნო ეს ბიჭი, ის შემოქმედებითი გენიოსია", − ხშირად უმეორებდნენ ისინი. შეხვედრა დაინიშნა და ისინი შეთანხმდნენ, რომ პარტნიორები გახდებოდნენ. ნეფი დამფუძნებლის ტიტულს მიიღებდა და ისინი Beach House-ის ბიზნესმოდელს შეცვლიდნენ. „ჩვენ აწყობილი ინფრასტრუქტურა გვქონდა, ეს უსაფრთხო ნავსაყუდელი იყო მისთვის. შეეძლო მოსულიყო, ეთამაშა და შეექმნა", − ამბობს ბრაისი.

ახალი მიზანი: ბრენდების შექმნა, რომლებზეც ადამიანები სწრაფად რეაგირებენ.

ნეფის გეგმა ცნობილ ადამიანებთან პარტნიორობა იყო, რაც უბრალო ამოცანასავით ჟღერდა. ცნობილი ადამიანების დიდი პრობლემა სულაც არ არის პრესასთან ურთიერთობა და რეპუტაციის მოპოვება, მაგრამ სამყარო ასევე სავსეა წარუმატებელი კომპანიებით, რომლებსაც ცნობილი ადამიანები უჭერენ მხარს − ბრიტნი სპირსის Nyla რესტორნით დაწყებული და მენდი მურის ტანსაცმელ Mblem-ით დამთავრებული. Planet Hollywood-ის გადარჩენა მისმა თანამფლობელებმა − ბრიუს უილისმა და სილვესტერ სტალონემაც კი ვერ შეძლეს.

ნეფს მიაჩნია, რომ ამ ყველაფერს ერთი რამ აკლია, რაც ბიზნესს აუცილებლად სჭირდება, და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მისი დამფუძნებელი: ეს გულწრფელობაა. ნეფი დიდი ყურადღებით არჩევს თავის პარტნიორებს. ის უბრალოდ არ წააწერს ცნობილი ადამიანის სახელს თავის პროდუქტზე. იგი აქტიურ თანამშრომლებს ეძებს, რომლებიც ბუნებრივად შეეფერებიან ბრენდს. თუნდაც ბრენდის უკან ცნობილი ადამიანი იდგეს, ის აუცილებლად მთავარი უნდა იყოს. ბოლოსდაბოლოს, აი, ეს არის, რაზეც მომხმარებლებს ნამდვილად აქვთ რეაქცია.

ამის გამო, ნეფი საქმიანობას ხშირად პროდუქტით, ბაზრით ან უბრალოდ შეგრძნებების ძიებით იწყებს. ის მუდმივად ცდილობს შთაგონების წყაროს პოვნას − სამხატვრო გალერეებში, ფრესკებში, მენიუს შრიფტებში, სუბკულტურებში, სოციალურ მედიაში, საბავშვო გასაფერადებელ წიგნებში. ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეტალებს, ინტუიციით ცდილობს შეამოწმოს, რა გამოიწვევს რეაქციას და რა არა. ნეფი რაიმე სრულიად ახლის შექმნას ცდილობს, იმ ტენდენციებზე გამოდევნებისა და მათ ხარჯზე წარმატების მიღწევის ნაცვლად, რომელთა მიმართ დიდი ინტერესია. მას უჭირს ზუსტად თქმა, თუ როგორ აკეთებს ამას. ამბობს, რომ „ზონაში" ხვდება, სადაც გონება ეთიშება − ტალღებზე სერფინგი ან სარბენ ბილიკზე სირბილი, მუსიკა, თეთრი კედლის ცქერა და ფიქრი: „კარგი, კარგი... ნეტავ, კიდევ რომელი ინდუსტრია უნდა ვცადო? რომელში უნდა შევაბიჯო და შევაზანზარო?"

ხშირად ის უბრალოდ დახეტიალობს მაღაზიებში და თაროებს ათვალიერებს. სწორედ აქ გაუჩნდა იდეა Moon-ის დაარსებაზე. „პირის ღრუს მოვლის საშუალებების სექცია ყველაზე უშნო იყო აფთიაქებში", − ამბობს იგი და იმ სექციას გულისხმობს, სადაც უხსოვარი დროიდან, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთი და იგივე დიდი ლურჯი და მწვანე ბოთლები იდგა, და ერთი და იგივე ფერის კბილის პასტა. არცერთ კომპანიას არ გაუხდია პირის ღრუს მოვლის საშუალებები კოსმეტიკური საშუალებების ნაწილად". ამიტომ, მან კენდალ ჯენერს მიმართა და პარტნიორობა შესთავაზა პროდუქტების ხაზში, რომელიც ბაზარზე ახალ ნიშას შექმნიდა − ისეთს, რომელსაც ნეფის თქმით, უკვე ელოდნენ მომხმარებლები.

ეს განსხვავდება იმ საქმისგან, რომელსაც დღემდე აკეთებდა. აქამდე საკუთარი ბრენდის შექმნით იყო გატაცებული თავისი პიროვნების გარშემო. ნეფი ამბობს, რომ ამ ახალი ბრენდების ასამუშავებლად, მას არასოდეს ავიწყდება, თუ რას წარმოადგენს... და რას არა. „თქვენ ის ადამიანები უნდა აიყვანოთ სამსახურში, რომლებიც თქვენი მომხმარებლები არიან − მაგალითად, ასაკის მიხედვით შერჩეული დემოგრაფიული ჯგუფი კარგად მიხვდება, თუ რა არის პოპულარული TikTok-ზე", − ამბობს ის. ნეფი ასევე ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს პარტნიორებთან, ცნობილ ადამიანებთან ან სხვებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება. მათი დახმარებით მომხმარებელთა იმ ჯგუფებზე შეგექმნებათ წარმოდგენა, რომელთა შორისაც არ ხართ.

თინეიჯერი გოგონების სურვილების გასაგებად, ის 16 წლის მილი ბობი ბრაუნთან ერთად ატარებს დროს (იგი ილევენის როლს ასრულებს Netflix-ის სერიალში „ძალიან უცნაური მბები"), რომელსაც Instagram-ზე თითქმის 34 მილიონი მიმდევარი ჰყავს და Beach House-თან ერთად კოსმეტიკური კომპანია შექმნა. როდესაც ისინი ერთად მუშაობენ, ნეფი ყურადღებით აკვირდება, თუ როგორ ამყარებს ურთიერთობებს ის ადამიანებთან, რას ამბობს და რა ტენდენციები აღელვებს, და ეს ყველაფერი, შემდეგში ბრენდის განვითარებაზე აისახება.

თუმცა, იმ დროს, როდესაც ნეფს იდეა უჩნდება, რომლის განხორციელებაც მთლიანად მას შეუძლია, დამოუკიდებლად უმკლავდება. სწორედ ასე აღმოჩნდა იგი Sun Bum-ში − მზისგან დამცავი კოსმეტიკური საშუალებების პატარა კომპანიაში, რომელშიც მან ინვესტიცია დააბანდა. ურთიერთობები მაშინ დაიწყო, როდესაც ნეფიმ საკუთარ თავს ჰკითხა: არსებობენ თუ არა დღეს ბაზარზე მზისგან დამცავი კატეგორიების მქონე ბრენდები ლოგოთი, რომელსაც მომხმარებელი აიღებს და თავის ავტომობილზე ან სერფინგის დაფაზე დაამაგრებს? პასუხი უარყოფითი იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და შედეგი ის იყო, რომ გასულ წელს, SC Johnson-მა დაახლოებით $400 მილიონად შეიძინა Sun Bum.

ის ახლა Orro-შიცაა ჩართული. ეს ცილოვანი საკვების შემცველი სასმელების წარმოებაა, რომელიც ივლისში გაიხსნა და მთლიანად ეხმიანება მის იდეებს მთელ მსოფლიოში კარგი პროდუქტების გამოტანის შესახებ. მისთვის ყველაზე საინტერესოა პროფესიონალ სერფერებთან − ჩეინ მაგნუსონთან და კალანი რობთან პარტნიორობა, თანამედროვე სერფინგ- პარკის გახსნის შესახებ, სახელად Palm Springs Surf Club. მათ ჯერჯერობით საცდელი გაშვება ჰქონდათ და ეთერში გასვლას 2021 წელს გეგმავენ. „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ სერფინგი ძალიან მიყვარს. ღმერთო ჩემო, შემიძლია ნებისმიერ დროს ჩემს ბიჭებთან ერთად მანქანაში ჩავხტე და სერფინგზე წავიდე რამდენიმე საათით. ღმერთო ჩემო, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც ოდესმე რაიმეში დამიბანდებია". ეს დიდი თავგადასავალია და ყოველთვის გამართლებული იყო.

მაგრამ იყო დრო, როდესაც მას ეს არ ახსოვდა.

თავის ქუდების კომპანიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ნეფს თავგზა აებნა. მას მოსწონდა თავდაუზოგავი მუშაობა, ყველაფერში იღებდა მონაწილეობას. მთელი ათი წლის განმავლობაში, სამ-ოთხ დღეზე მეტხანს არასოდეს გასულა შვებულებაში.

როდესაც ის მთლიანად იყო ჩაფლული საქმეებში და იმაზე ღელავდა, რაც მის ოფისში ხდებოდა, მისი ოჯახი რომელიღაც პლაჟზე ერთობოდა. მან ის გააკეთა, რაზეც ყველა აფრთხილებს ერთმანეთს: თუ შენს გატაცებას საქმედ აქცევ, შეიძლება ეს გატაცება საერთოდ დაკარგო.

შემდეგ ერთ ადამიანს შეხვდა და ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა.

ის ბიზნესმენ ლარი მილერის სახლში იყო იუტას შტატიდან, რომელიც კალათბურთის გუნდ Utah Jazz-ისა და სხვა კომპანიების მფლობელია. სახლი მთის მწვერვალზე იდგა და იქიდან სოლტ ლეიკ სიტის ხედი იშლებოდა.

ნეფიმ ჰკითხა მას: „როგორი გრძნობა გიჩნდებათ, როდესაც უბრალოდ საუზმობთ, ამ ქალაქს გადაჰყურებთ და იცით, რომ იქ თქვენი გუნდი თამაშობს, იქვე თქვენი კინოთეატრია და სწორედ იქ ყიდით მანქანებს? ალბათ გასაოცარი, არა?"

მაგრამ მილერმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა. „კარგი, ახლა შემომხედე", − მიპასუხა მან და დიაბეტის გამო დაკარგული ფეხისკენ მიმითითა, რომლის სათანადოდ მოვლა ვერ შეძლო. მან მთელი თავისი კარიერა თავდაუზოგავ შრომაში გაატარა, გარშემომყოფებს თვითონ აკონტროლებდა, ვიდრე ჯანმრთელობა არ შეერყა. „მთელი ცხოვრების განმავლობაში გასაოცარი ადამიანები მყავდა გარშემო", − უთხრა მილერმა. ის ნანობდა, რომ მათ მეტი პასუხისმგებლობის აღებისა და მისი ტვირთის შემსუბუქების საშუალება არ მისცა.

„თქვენ უნდა ისიამოვნოთ ცხოვრებით. ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ პირადსა და პროფესიულ ცხოვრებას შორის", − თქვა მან. მილერი 2009 წელს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ამ სიტყვებმა გამაოცა", − იხსენებს ნეფი. მიხვდა, რომ იგივე შეცდომებს უშვებდა. სწორედ მაშინ დაიწყო უფლებამოსილების დელეგირება, მეტ ნდობას იჩენდა გარშემომყოფთა მიმართ, მათ ფრთების გაშლისა და ფრენის საშუალება მისცა. შედეგად, Neff Headwear გაიზარდა იმ ცვლილებების წყალობით, რომელიც ახალმა საოპერაციო ოფიცერმა, როი თორნთონმა განახორციელა.

ნეფს ახალგაზრდობაში რომ შეძლებოდა საკუთარი თავისთვის მითითებების მიცემა, ურჩევდა, რომ გარშემომყოფებისადმი ბევრად მადლიერი უნდა ყოფილიყო. „როდესაც ბიზნესი პიკს აღწევს, სწორედ მაშინაა მარტივი იფიქრო, რომ ბევრი რამ იცი", − ამბობს იგი.

„მაგრამ სხვებმა ხშირად მეტი იციან". მართალია, ეს სრულიად მარტივი რჩევაა, მაგრამ ნეფი საკმარისად ვერ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი.

ნეფი დღესაც ამ კარგ რჩევას ითვალისწინებს. სამყარო იცვლება და ის ფხიზლად უნდა იყოს, იცოდეს, რა სჭირდებათ მომხმარებლებს − რა სახის გზავნილები აღარ პოულობენ გამოძახილს მათში. ჯერ კიდევ მარტში, მეც ვესწრებოდი ტელეკონფერენციას Beach House-ის გუნდთან, როდესაც ნეფი მათ სიფრთხილის გამოჩენას ურჩევდა მარკეტინგში. „ფრთხილად უნდა იყო", − უთხრა მან ყველას. ერთი უტაქტო პოსტი ერთ-ერთი ინფლუენსერისგან, ვისთანაც მუშაობენ, ან ფოტოები, სადაც ადამიანთა მთელი გუნდები ჩანს, შესაძლოა სწრაფად გადაიზარდოს PR-კრიზისში. მან მოუწოდა გუნდს, უფრო მეტად პროდუქტის გაყიდვაზე კი არა, იმაზე ეზრუნათ, რომ ადამიანებს სცოდნოდათ − ისინი აქ არიან. ეს ბრძნული სტრატეგია იყო. როგორც მან განაცხადა, ივნისში გადაამოწმა Beach House Group-ის პროდუქციის ონლაინგაყიდვები და აღმოჩნდა, რომ მაჩვენებელი წლის განმავლობაში 300 პროცენტით გაიზარდა − თუ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რაც დღეს ხდება, ეს კარგი ნიშანია.

პანდემიამ აიძულა ნეფი საკუთარ თავშიც ბევრი რამ შეეცვალა. დისტანციურმა მუშაობამ დაანახა, თუ რამდენად ბევრ დროს ხარჯავდა აეროპორტებში, იმ შეხვედრებზე გამგზავრებაში, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ ერთი საათი გაგრძელებულიყო. ის ახლა უფრო ეფექტიანად მუშაობს და დამატებით დროს ოჯახის წევრების გვერდით ატარებს. ნეფი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია იმით, რომ მომავალ წელს თავის ვაჟებს სერფინგის პარკში გაასეირნებს. „ეს სასიამოვნოა", − ამბობს იგი და იმაზე საუბრობს, თუ რატომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, თითქოს იმ ოქროს სავიზიტო ბარათების ჩამორიგების დღიდან არაფერი შეცვლილიყოს. „ძალიან მომწონს ეს ყველაფერი".

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან