5 რამ, რაც 2020-მა მასწავლა

მე მარტო არ ვარ!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2020-ის ლაკონურად შეფასების მცდელობისას ბევრ არასასიამოვნო ეპითეტს მოისმენდით, თუმცა შესაძლოა თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებით, რომელთაც ამგვარი ეპითეტით თავადვე შეგიმკიათ ჩვენი პანდემიური ყოფა. ვირუსო-კრიზისული ვითარების ერთწლიანმა პერიოდმა მრავალი მიზეზის გამო ადამიანებს თავსატეხი, გასაჭირი, დაბნეულობა, შიში და სასოწარკვეთა უხვად მოუვლინა. ბუნებისაგან თავსმოხვეულმა სენმა, ვირუსმა, მთელი ჩვენი სინამდვილე ვირუსულადვე შთანთქა. სოციალური ქსელები და მასმედიის საშუალებები ციფრულად, დაცარიელებული ქუჩები, სკვერები და მოედნები კი მეტი ფიზიკური სიცხადით გვაგრძნობინებდნენ უჩვეულო დროში ყოფნას. გარე, მოდერნული რეალობის შეზღუდვამ, მისივე პროდუქტი − თანამედროვე ადამიანი აიძულა, „წუთით“ მოწყვეტოდა ყოველდღიურ კონვეირულ რუტინას და მზერა საკუთარი თავისკენ მიეპყრო. ამ იძულებითი ინტროსპექციით მოხდა ის, რომ სიცოცხლე გამოთავისუფლდა სოციალური − ყოფითი სინამდვილის დანამატებისაგან. ლოდთან შეჭიდებულ სიზიფეებს, ღმერთებმა წუთით, სწორედ ამ ფიქრისთვის მოსვენების საშუალება მოგვცეს. მეორე მხრივ, ჩვენთვის ამ „წუთიერმა“ მოცალეობამ იმ ფაქტის მტკივნეული განცდა გაგვიღვივა, რომ არ გვჭირდება პაუზა, რომელიც საკუთარ ხვედრზე ჩაგვაფიქრებდა. ცხოვრების ჩვეულ რიტმში, ასეთი ეგზისტენციალური თავისტკივილისთვის დრო არ გვრჩებოდა. მხოლოდ ახალ, მისგან (ჩვეული ყოფისგან) ამოვარდნილებმა და შინ გამოკეტილებმა ვიგრძენით მთელი სიმძიმით ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე ხვედრი. თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ მაშინ, როცა დილიდან საღამომდე სარჩოს მოსაპოვებლად, ოჯახის გამოსაკვებად, საკუთარი თავისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად ჭაპანწყვეტაში ვიყავით ჩაბმულები.

ახალმა გამოწვევამ, ჩვენი ცხოვრებისა და მოქმედების წესი მნიშვნელოვნად შეცვალა. ადამიანებს, განურჩევლად ეროვნებისა, მოგვიხდა ერთგვარი გადაწყობა და ტრადიციული საქმიანობ(ებ)ის განხორციელებისათვის ალტერნატიული გზების ძიება. საერთო ჯამში კი, ამ მდგომარეობით საზოგადოებამ ერთად, ხოლო ინდივიდმა პიროვნულ დონეზე, რამდენიმე მიმართულებით ყურადსაღები გაკვეთილი მიიღეს.

გაკვეთილი #1: მე მარტო არ ვარ, ანუ ადამიანი სოციალური ცხოველია

პანდემიის საგანგაშო მასშტაბებით გავრცელებას, მთავრობებმა სოციალური დისტანცირების წესის შემოღებით და მთელი რიგი შეზღუდვებით უპასუხეს. ყოველდღიურ სასაუბრო ენაში გაჩნდა ისეთი ტერმინები, რომლებსაც აქამდე მხოლოდ სპეციფიკური დატვირთვით ვიყენებდით. „ლოქდაუნი“ და „კლასტერი“ მათგან ყველაზე უფრო ხშირად გვჭრიდა ყურს. თავიდან ყველაფერი მარტივი ჩანდა, თავი ინტროვერტი მეგონა და სიმართლე გითხრათ, ნაადრევი აღტაცებაც დამეუფლა, როცა მოყვასთა შორის ურთიერთობის დისტანცირებული, „ონლაინ“-ფორმა დამკვიდრდა. მეგონა მთელ ამ გამოთავისუფლებულ დროს, რაც ტრანსპორტში, კოლეგებთან შეხვედრისას ან ნაცნობებთან უაზრო ლაყბობაში მეხარჯებოდა, შინ მყოფი უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებდი. იძულებითი კარჩაკეტილობის პირველი ერთი თვე, ძველი სტატიების დამუშავებას, მათ განახლებასა და წყაროებით გამდიდრებას დავუთმე. მომდევნო თვეს, როგორც დოქტორანტმა, უნივერსიტეტის პორტალზე, სადაც ავტორები თემატურ სტატიებს აქვეყნებენ, თავადაც გავაშანშალე მწვანე პოლიტიკის ფილოსოფიის კონცეფციაზე ერთგვარი „რივიუ“. მომდევნო თვეს, კიდევ იყო მსგავსი პროაქტიური და ენთუზიასტური პროექტები. აი, უკვე „ლოქდაუნის“ მესამე თვის თავზე, ყველაფერი მომბეზრდა, ვეღარც ჩემი სათნოება − წიგნის კითხვის სიყვარული მშველოდა. მოწყენილობისა და მარტოსულობის განცდა გამეფდა და მას უკვე ვეღარაფრით ვაძევებდი ფსიქეს სამეფოდან.

ზაფხულში, როცა შეზღუდვები შედარებით შემსუბუქდა და ვირუსის „პირველმა ტალღამ“ ღელვას უკლო, შინიდან გამოსვლას მოვუხშირე. ვხვდებოდი კოლეგებს და ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობდით, სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გარდა. იმ ტიპებმა, რომლებიც თავს ათას სისულელეზე ლაყბობით მაწყენდნენ, უეცრად ფერი იცვალეს, მათგან გაგონილს, მონაჭორსა და მონაჩმახს − ყველაფერს ხალისითა და გულისყურით ვისმენდი. მეგობარი, რომელიც ჩემგან საკმაოდ შორს, სხვა ქალაქში ცხოვრობს, აქამდე თუკი მასთან ონლაინკომუნიკაციით შემოვიფარგლებოდი, მომენატრა და მის სანახავად ფაციფუცით გავეშურე. კავშირი განვაახლე ისეთ ნათესავებთან, რომლებსაც ადრე ქელეხსა და ქორწილებში თუ ვნახავდი და მოვიკითხავდი. და კიდევ იყო სხვა ბევრი გარდატეხა...

ამასობაში, ინტროსპექციის თანდაყოლილი უნარი ბევრი რამის აღმოჩენაში დამეხმარა. მივხვდი, რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ წარმოვადგენთ ვინმეს ან რამეს, როდესაც გარესამყაროსთან, სხვა ადამიანებთან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩართულნი. როცა ვცვლით, გავცემთ და ვიღებთ ემოციებს − უშუალოდ, პირისპირ, ფიზიკურად. ჩემი პირველი და ერთ- ერთი მთავარი გაკვეთილიც ეს იყო − პრაქტიკული დასტური იმისა, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია და ის მის მსგავსებთან ურთიერთობით ვითარდება მხოლოდ.

გაკვეთილი # 2: იყავი მადლიერი

2020 წელი ჩემთვის პირველივე თვიდან კოშმარული აღმოჩნდა. ზუსტად 14 იანვარს (ძველით ახალი წლის ღამეს), ქალაქგარეთ სამსახურებრივი მისიით მივლინებულმა, საღამო კოლეგებთან ერთად სუფრასთან გავატარე. ამ დროს, როგორც იუწყებოდნენ, კორონავირუსს ვუჰანიდან ჯერ მხოლოდ ტაილანდამდე მოესწრო ჩაღწევა. ჩინეთის ეს ერთი პატარა ქალაქი, რომელიც „სულ რაღაც“ 10 მილიონ მცხოვრებელს მოითვლის, მთლიანად საკარანტინო ზონად იყო ქცეული, დანარჩენი სამყარო კი ამ ყველაფერს უჩვეულო სიმშვიდით ადევნებდა თვალყურს. ჩემს ამბავს რომ დავუბრუნდე, ის საღამო მართლაც შესანიშნავად გავატარე. აკი მიგრძნო გულმა, მარცხი რომ მელოდა, დასწყევლოს ეშმაკმა, სულ ასე არ გვემართება ხოლმე? ხარ შენთვის ბედნიერი, გახარებული, ცხოვრება გიხარია და ამ დროს არსაიდან გეცემა რაღაც ჭირი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ „კორონამ“ ჩამაგდო დღეში, რომლის აღწერაც ცალკე დრამა იქნებოდა. ჩემი ცუდად ყოფნის გამო, დასავლეთიდან მეორე დილით დავიძარით. სანამ თბილისამდე მოვაღწევდი, 30-ჯერ მაინც გავაჩერებინე მძღოლს მანქანა, ღებინების საზიზღარი მოთხოვნილების გამო. შემდეგ, როგორც იქნა, საავადმყოფომდე მივაღწიე. 4 დღის განმავლობაში: გადასხმები, ანალიზები, სასუნთქი აპარატი, კათეტერი, გულ- მკერდზე მიტყეპებული კარდიოგრამის მავთულები, მედდა, ექიმი, თერმომეტრი − და ეს ყველაფერი სხვადასხვა სიმძიმის მქონე პაციენტებით გადატვირთულ რეანიმაციულ პალატაში. ოთხი დღის შემდეგ შინ გამომწერეს. ექიმის თქმით, ანალიზებმა აჩვენა, რომ საკვებით ინტოქსიკაცია მივიღე, რომელსაც ვირუსული გართულება დაერთო. ექიმი თავად აღნიშნავდა მსგავსი სიმპტომებით გახშირებულ მომართვიანობაზე. ჩემი ეჭვები რომ გამეზიარებინა მისთვის, ვფიქრობ მაშინ ისიც სკეპტიკურად განიხილავდა ვირუსის საქართველოში შემობრძანების ამბავს, ან უბრალოდ, დამცინებდა.

ეს იყო ჩემთვის 2020 წლის ერთ- ერთი ყველაზე მძიმე გაკვეთილი, რომელიც ლამის სიცოცხლის ფასად დამიჯდა. მე მივხვდი, რომ თავი და თავი სიცოცხლისა − მადლიერების გრძნობაა. მადლიერება იმისათვის, რომ დღე გაგითენდა და ღამე დაგიღამდა ცოცხალს, საღ-სალამათს.

გაკვეთილი #3: მე და ჩვენ

2020 მნიშვნელოვანწილად პანდემიითა და მისგან მომდინარე გამოწვევებით აღსავსე წელი იყო. ამიტომ, შემდეგი გაკვეთილი, რომელიც მივიღე, მრავალმხრივ განვითარებული მოვლენებისადმი ახლებური, მე ვიტყოდი, უფრო რაციონალური ხედვის ჩამოყალიბებაში დამეხმარა. დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ ეს საკითხი ჩემთვის მართლაც ღრმა და საკრალური მნიშვნელობისაა, ვინაიდან მართლმადიდებელ ქრისტიანად ვარ მონათლული, მწამს ბიბლიური ღმერთის და მის მიერ მხსნელად მოვლენილი განკაცებული ძისა. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, რწმენა და რელიგიური აღმსარებლობა აქ არაფერ შუაშია. შორს რომ აღარ წავიდეთ, ალბათ გეხსომებათ, საზოგადოების ორად გაყოფილი (თუ მეტად არა) აზრი აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში ხალხის მისვლა-არმისვლის დასაშვებობაზე. მე იმ კატეგორიის ადამიანებს წარმოვადგენდი ერთობ მცირერიცხოვან სასულიერო პირებთან ერთად, რომლებიც ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდებდნენ. გულწრფელად მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ღმერთს გონიერ არსებებად ვყავართ ჩაფიქრებული და ჩვენგან არ ითხოვს უაზრო მსხვერპლს, ერთმანეთის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისადმი უდიერ დამოკიდებულებას, ფანატიზმსა და უაზრო მორჩილებას. მაშინ ჩემი აზრი ამ თემაზე საჯაროდაც დავაფიქსირე. შედეგად, ადამიანთა ნაწილი აღშფოთდა, ალბათ მათ თვალში დამწყებ მკრეხელადაც ვიქეცი, რომელმაც ჯერ ალბათ დაუყონებლივ უნდა შეინანოს, მერე კი განაგდოს უკეთური აზრები. ამ ადამიანებთან ჯერ ცხარე დისკუსია გავაჩაღე და დავიწყე ახსნა იმისა, თუ რას ნიშნავს გქონდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ელემენტარულ პატივს სცემდე სახელმწიფოს და კანონს, ასევე ანგარიშს უწევდე სამედიცინო/ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დამყარებულ რეგულაციებს. მალევე მივხვდი ცეცხლზე ნავთს რომ ვასხამდი და გავჩერდი. ჩემდა საამაყოდ უნდა აღინიშნოს, რომ ნერვიც კი არ შემტოკებია და სხვათა შორის, არც დებატების ეთიკურ ჩარჩოს გავცდენივარ.

ამ ამბებმა დამაფიქრა. მივხვდი, რომ ადამიანებს, რომლებსაც მცდარ აზრსა და დამოკიდებულებაში უყვართ გაჯიუტება, არ უნდა დაუწყო განმარტება იმისა, რასაც ვერ და არ შეისმენენ. ამასთან, ისიც ნათელი გახდა, რომ არსებობდა გრადაციები ორივე პოლუსს შორის. „კანონით მოლაპარაკეებში“ ბევრი ისეთ იდეას აჟღერებდა, რომ თუ მათ დავეთანხმებოდით, მეორე დღეს საპატრიარქოს შენობაზე დიდი ბოქლომი უნდა დაგვედო. „რწმენის დამცველებშიც“ გამოარჩევდით ზომიერი ფრთის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთჯერადი კოვზით ზიარებას, მსახურებისას ხალხის დისტანცირებასა და აუცილებელი ატრიბუტის − პირბადის გამოყენებას გონივრულ აუცილებლობად მიიჩნევდნენ.

გაკვეთილი #4: ძალა ერთობაშია

2020 წელს, ხალხმა მადლიერების ნიშნად ექიმებს საჯაროდ საკუთარი სახლებიდან ტაში დაუკრეს. პოლიციას, ჯარს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს ხალხმა იმედის თვალით დაუწყო ცქერა. კახელმა გლეხმა, რომელსაც ტიტების მოსავლის გასაღების პრობლემა შეექმნა, ადამიანებმა თანხა აუგროვეს დასახმარებლად. ამავე მოხუცმა მეორე დღეს ასობით ტიტა საჩუქრად თბილისში მედპერსონალს გამოუგზავნა. ახალგაზრდები ხანდაზმულებისა და უპოვრების დასახმარებლად გაერთიანდნენ და საკუთარი დანაზოგებით მათთვის სურსათ- სანოვაგეს ყიდულობდნენ. ათობით ქართულმა კომპანიამ „სოლიდარობის ფონდში“ გვარიანი მოცულობის თანხები გადარიცხა და ამით კიდევ ერთხელ გამოავლინა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ამ საყოველთაო

კრიზისის ჟამს, გაჩნდა არნახული სოლიდარობა და საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდა სიკეთის იდეის გარშემო, მათი თანამოქალაქეების დასახმარებლად. ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ კრიტიკულ მომენტში, ჩვენს საზოგადოებას შესწევს უნარი დაივიწყოს ის წყალგამყოფი ხაზები, რომლებიც პოლიტიკური, მორალური, ეთნიკური თუ სხვა ნიშნით შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში. ვფიქრობ, საერთო პრობლემებზე ფოკუსირებით, თავიდან ავირიდებთ მძაფრ პოლიტიკურ პოლარიზაციას და ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში კონსენსუსსა და დიალოგს უალტერნატივო ინსტრუმენტად ვაქცევთ.

გაკვეთილი #5 არასოდეს, არასოდეს დანებდე!

იმაში, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყარო, ცხვირი არ უნდა ჩამოვუშვა და არაფრისმომცემი დარდისგან თავი არ უნდა ავიტკიო, 2020-მა იმაზე მეტად დამარწმუნა, ვიდრე მთელი ჩემი მანამდელი ცხოვრების ერთად აღებულმა გამოცდილებამ. გავაცნობიერე, რომ გამოწვევა, რომელიც მთლიანად პლანეტას დაუდგა, ყველას საწუხარი იყო და ამან ერთგვარი შვებაც კი მომგვარა. მივხვდი იმასაც, რომ ამ სლოგანის პრინციპით ცხოვრება მხოლოდ ჩემი მედეგობისთვის არაა საჭირო, რადგან გარშემო არსებობენ ადამიანები, რომელთაც ვუყვარვარ და ვჭირდები.

Entrepreneur