You can be on Entrepreneur’s cover!

NOXTTON ცვლილებების სათავეში არსებობიდან 5 წლის თავზე NOXTTON 100-ზე მეტ პროექტს, 70-ზე მეტ მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას, მილიარდობით "ინგეიჯმენთს", მილიონობით დამუშავებულ ტრანზაქციასა და მომხმარებელთა ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვლის.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

„ჩვენ ტექნოლოგიური გადაწყვეტებისთვის ახალ საზღვრებს ვადგენთ", − ასე ჟღერს კომპანია Noxtton-ის მომავალზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც საკონსულტაციო-ტექნოლოგიურ სერვისებთან ერთად, მალე ციფრული პროდუქტების შემქმნელად მოგვევლინება და საზოგადოებას ახალ, ეფექტურ გადაწყვეტებს გაუზიარებს. 2016 წელს დაფუძნებული კომპანია გეოგრაფიული დაფარვის მზარდი დინამიკით გამოირჩევა და არსებობიდან 5 წლის თავზე 100- ზე მეტ პროექტს, 70-ზე მეტ მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციას, მილიარდობით „ინგეიჯმენთს", მილიონობით დამუშავებულ ტრანზაქციასა და მომხმარებელთა ქცევის მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვლის.

დაფუძნებისთანავე, კომპანიის მისია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „Noxtton-ი სწორედ ის ადგილია, სადაც მოაზროვნე ადამიანები მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტების გამოსავლენად ერთიანდებიან და მათ მიზანს ციფრული ტრანსფორმაციის გავლენის დაჩქარება და გაძლიერება წარმოადგენს".

ამ მიზნის მიღწევასა და მომხმარებლებისთვის სერვისების უწყვეტ მიწოდებას კი სრულყოფაზე ინტენსიური ზრუნვით ახერხებენ. როგორც Noxtton-ის დამფუძნებელი გივი ჩხარტიშვილი Entrepreneur-ს უყვება, ამ კოლოსალური შრომის უკან გუნდური პრინციპებით გაერთიანებული პროფესიონალები დგანან, რომელთა საქმეში კონტრიბუციაც თანაბრად მნიშვნელოვანი და გარდამტეხია.

„Noxtton-ი და მისი წარმატებები მთლიანად გუნდურ შრომაზე დგას. უკლებლივ ყველა თანამშრომელს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში, მათ შორის ყველაზე „ჯუნიორ" პოზიციაზე მყოფ თანამშრომელსაც. ჩვენ ყოველდღიურად ისეთ საკითხებთან და გადაწყვეტილებების მიღებასთან გვიწევს შეხება, რისთვისაც მთავარი მონდომება და ინოვაციური ხედვაა. ამისათვის კი პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს, აქ ყველას აზრი თანაბრად მნიშვნელოვანია. ამ პროცესების წარმატებულად მართვაში კი ხელს გვიწყობს „ეჯაილი" და მულტიდივიზიური გუნდური მოწყობა, რომელიც, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაფრის სისტემატიზაციაში, პროდუქტიულობისა და მოქნილობის ზრდაში გვეხმარება. მისი თავისებურება და უპირატესობა სწორედ ის არის, რომ არ გჭირდება თანამშრომლის წინ იჯდე და თვალებში უყურო. ამ სისტემაში ჩართულმა ადამიანმა, ნებისმიერ დროს იცის, ეკრანის მეორე მხარეს რას აკეთებს მისი გუნდის წევრი. ისინი, შესაძლოა ხანდახან, რამდენიმე დღის განმავლობაში არც კი შეეხმიანონ ერთმანეთს და ეს საქმეს არ აზარალებს. მთავარია, ყველაფერი სწორად, თანმიმდევრულად იყოს დაგეგმილი. ასეთი მუშაობის კულტურა თავიდანვე ჩვენი სტილი იყო, რომელიც პანდემიამ უკვე ყველასთვის აუცილებლად აქცია", − ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

გლობალურ პანდემიასა და რადიკალურ ცვლილებებს უკვე 1 წელი უსრულდება, რომელმაც ადამიანებს არა მხოლოდ ყოფით, არამედ ორგანიზაციულ და ინდუსტრიულ დონეზეც დიდი ცვლილებები მოუტანა. გარდატეხები მტკივნეული არ აღმოჩნდა მათთვის, ვისაც „ციფრული და ტექნოლოგიური იმუნიტეტი" კარგად გამომუშავებული აღმოაჩნდა. ცხადია, მათ შორისაა Noxtton-ი, რომელმაც ეს პერიოდი უფრო მეტი სიახლისთვის მობილიზებას დაუთმო, არაერთ ორგანიზაციას კი სწორ ციფრულ ნავიგაციაში დაეხმარა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩვენთვის ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. რეალურად, ისეთ ინდუსტრიას წარმოვადგენთ, რომელიც ე.წ. ტრადიციებს არ აფასებს. აქ წარსულსა და ძველ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა ორიენტირმა საქმეს შეიძლება ძალიან ავნოს, შენი პოზიციონირება და ხედვა კი დაასუსტოს. ჩვენთან „დღევანდელი" უკვე ძველია. რა თქმა უნდა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირგვლივ მიკრო თუ მაკროეკონომიკურ დონეზე ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა ამას ჩვენთვის რაიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ან ორგანიზაციული გარდატეხა არ მოუხდენია. ჩვენ სწორება არა ტრადიციებზე, არამედ ინოვაციებზე გვაქვს და ყოველთვის ვცდილობთ გაცილებით წინ, მომავლისკენ გავიხედოთ. სწორედ ამიტომაა, რომ მუდამ მზად ვართ მეტი გაციფრულების, ავტომატიზაციისა და ნებისმიერი ცვლილებისათვის", − ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე Noxtton-ის გუნდი რომელიღაც ორგანიზაციასა თუ კომპანიას მომსახურებას გაუწევს, თანამშრომლობას საკონსულტაციო სერვისით იწყებს, რაც რეალური საჭიროებების სწორ იდენტიფიცირებაში ეხმარება. ამით კი როგორც მოლოდინის კორექტირებას, ასევე არამიზნობრივად გაფანტული რესურსების პრევენციას ახერხებს. ხშირად ისეც ხდება, რომ ორგანიზაციებს, სურვილის მიუხედავად, სიახლეების მიმღებლობისთვის საკმარისი მზადყოფნა არ აქვთ და მათ ამის გაცნობიერებაში პროფესიონალთა დახმარება სჭირდებათ.

„რეალურად, ჩვენ საკმაოდ ძლიერ ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, რომელთაც როგორც წესი, სიახლეების საკმაოდ დიდი სურვილი აქვთ, თუმცა ხშირად, როდესაც შიდა ორგანიზაციულ მოკვლევა-აუდიტს ვაწარმოებთ,

ცხადი ხდება, რომ მათ სიახლის ათვისებასთან დაკავშირებით გადამეტებული მოლოდინი აქვთ. თუ ორგანიზაცია არ არის მზად სიახლის დასანერგად, ძალიან დიდ გადახარჯვას აკეთებს ან პირიქით − მასში გამორკვევას ბევრ დროს უთმობს. საკონსულტაციო მიმართულება სწორედ ამიტომ გავაძლიერეთ. ორგანიზაციებს, რამდენიმე მიმართულების მქონე შიდა აუდიტის, სტრეს-ტესტებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით, საჭიროებების დიაგნოსტირებაში ვეხმარებით. სერვისების სპექტრს კი მხოლოდ იმ გამოკვეთილი მონაცემების საფუძველზე ვთავაზობთ, რომელიც კონკრეტული ორგანიზაციის მიზნობრიობას შეესაბამება. აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ორგანიზაციის მოთხოვნა, საჭიროება და მზადყოფნა", − გვიხსნის გივი ჩხარტიშვილი.

2021 წელს Noxtton-ს 5 წელი უსრულდება. მდიდარი პორტფოლიოსა და ძირითადი სამუშაო მიმართულებების პარალელურად, კომპანია შემდეგ ხუთწლეულს სიახლეებით ხვდება. Noxtton-ის გეოგრაფიულ რუკაზე „შემდეგი გაჩერება" შვეიცარიაა, სადაც ის ოპერირებასა და ახალ თანამშრომლობებს იწყებს. ამასთანავე, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, Noxtton-ი საკუთარი ავტორობით ახალ ციფრულ პროდუქტებს ქმნის, რომელიც დღის შუქს მალე იხილავს.

„წლევანდელ წელს კარგი სიახლეებით ვიწყებთ. შვეიცარიის ბაზარზე შესვლისა და ამერიკული კომპანიების მხრიდან გამოხატული ინტერესის გარდა, განსაკუთრებით გვეამაყება, რომ სულ მალე საკუთარი პროდუქტების წარდგენას ვიწყებთ. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობას ჩვენს ინდუსტრიაში მომუშავე ისეთ ამერიკულ კომპანიასთან განვიხილავთ, რომელიც NASA-ს და მსგავს უმსხვილეს კორპორაციებს ემსახურება. რაც შეეხება პროდუქტებს, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე ხდება. ამ დროის განმავლობაში, ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან, ადამიანთან და პიონერთან გვქონდა შეხება. მათთან მუშაობით მიღებული გამოცდილება კი გვინდა უკვე მზა პროდუქტებში ავსახოთ − ისეთში, რომლის ანალოგი ჯერ არ შექმნილა. გვსურს, ამ მიგნებებითა და გადაწყვეტებით ბევრს დავეხმაროთ მართვის, მარკეტინგისა და ოპერაციების ნაწილში. ამიტომაც, გვინდა შემდეგი 5 წელი, საკონსულტაციო საქმიანობასთან ერთად, ციფრული პროდუქტების შექმნასა და გამოშვებას მივუძღვნათ. ამჟამად მზად გვაქვს 3 პროდუქტი. უკვე საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოლოდინია იმ კომპანიებისგან, რომლებიც გვიცნობენ და უთანამშრომლიათ ჩვენთან", − ამბობს გივი ჩხარტიშვილი და დიდ სურვილს გამოთქვამს, რომ ამ მზარდ პროცესსა და კომპანიაში მთავარ მამოძრავებელ ძალად ქართული ინტელექტუალური რესურსი იქცეს. პროფესიული კომპეტენციებისა და ხარისხის ზრდის გარანტად კი ტექნოლოგიურ სფეროში უახლეს კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებასა და თვითგანვითარებაზე დახარჯულ ძალისხმევას მიიჩნევს.

ამიტომ, Noxtton-ი ცდილობს აქცენტი ლოკალურ ადამიანურ რესურსზე გაამახვილოს და სამუშაო პროცესებში სწორედ ეს ძალა ჩართოს. რეგულარული სწავლისა და გამოცდილების საფუძველზე კი, შესაძლოა ისეთი ტოპ-გუნდი ჩამოყალიბდეს, რომელიც ნებისმიერ საერთაშორისო მოთხოვნას დააკმაყოფილებს და უცხოელ პარტნიორებსა თუ კონგლომერატებს საქართველოში ინტელექტუალური ბირთვის არსებობაში დაარწმუნებს. სწორედ იმ ბირთვის, რომელიც ციფრულ და ტექნოლოგიურ ლანდშაფტს დიდ ცვლილებებს ჰპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი