You can be on Entrepreneur’s cover!

ენერგოეფექტიანობა ღვინის ინდუსტრიაში 16 მარტს "ახალი ტექნოლოგიების ცენტრმა", CENN-თან და კომპანია "ესკო-ესთან" ერთად, "ბაზალეთის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრში" მეღვინეებს უმასპინძლა.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CENN

16 მარტს „ახალი ტექნოლოგიების ცენტრმა", CENN-თან და კომპანია „ესკო-ესთან" ერთად, „ბაზალეთის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრში" მეღვინეებს უმასპინძლა. ეს იყო პირველი სემინარი „მწვანე ეკონომიკის პროგრამიდან", რომლის მიზანიც სხვადასხვა ინდუსტრიებში ენერგოეფექტიანი და განახლებადი ენერგიის წარმოება-უტილიზაციის ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაა.

შეხვედრაზე დარგის სპეციალისტებმა წარმოადგინეს ენერგეტიკული გამოწვევები და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზები თანამედრვე ღვინის ინდუსტრიაში და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს ენერგოდაზღვევის ასპექტებზე ღვინის ინდუსტრიაში. „ესკო-ეს"-ის წარმომადგენლებმა არჩილ პაპავამ და გივი ჯაყელმა ასევე ისაუბრეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე და ახალ პროექტებზე. „საქართველოს მწვანე საბჭოს წარმომადგენელმა" ლევან ნათაძემ მეღვინეებს „მწვანე საწარმოო ნიშები", რეგისტრაციის პროცედურები და მათი დაფინანსების შესაძლებლობები განიხილა. ბიზნესმენებმა მიიღეს ინფორმაცია იმ კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, რომელსაც მოიხმარს ღვინის სექტორი.

როგორც ინტერნპრენერთა საუბარში გივი ჯაყელმა აღნიშნა, მსოფლიოში განვითარდა „მწვანე" (მდგრადი) არქიტექტურა, რომელიც არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დისციპლინას, არამედ ცხოვრებასა და გარემოსადმი ერთიან მიდგომას და ფილოსოფიას გულისხმობს.

გივი ჯაყელი, ესკო-ესი: „მწვანე ტექნოლოგიები საქართველოში უკვე რეალურად ინერგება და მათ გავრცელებას სახელმწიფომ ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს. დღეს ნაჩვენები ტექნოლოგიების ნაწილი ჩვენი ორგანიზაციის მიერ 2021 წლის მაისის ბოლოს უკვე იქნება დემონსტრირებული და პროგრამის მონაწილეებს ამ შესაძლებლობებს უკვე კონკრეტული მაგალითებით შევთავაზებთ".

ახალი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის, ზაალ ხელაძის განცხადებით, მათი სლოგანიატრადიციებიდან ინოვაციებისკენ", იმიტომ, რომ ყველა ტრადიცია შეიცავს ინოვაციას. „თუ კარგად გავიხსენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც არის დავიწყებული, ეს ისევ ჩვენს საქმეს და ჩვენს ბიზნესს წაადგება. მაგალითად, სპეციალისტები გვეხმარებიან, რომ ენერგოეფექტური კომპონენტები მივიღოთ ე.წ. ტკეპნილი ტექნოლოგიით. ეს არის ნარჩენი მიწა, რომელიც უნდა გადაგვეყარა, მაგრამ მისი გამოყენებით ვამზადებთ სახლის სხვადასხვა ელემენტს" − აღნიშნავს ზაალ ხელაძე.

სემინარების ერთ-ერთი მიმართულება განახლებადი ენერგიების გენერაციაა, რაც მეღვინეებისთვის განსაკუთრებით რელევანტური აღმოჩნდა. ესაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში წარმოქმნილი ბიომასა, ვაზის ნასხლავი და ე. წ. „გამოპრესილი ჭაჭა", საიდანაც იაფი საწვავის მიღება და მისი საწარმოო მიზნებით გამოყენება შეიძლება.

ზაალ ხელაძე, ახალი ტექნოლოგიების ცენტრი NTC: „ინვაციური ტექნოლოგიები უნდა ერგებოდეს ბიზნესის ინტერესებს და მათი გამოყენების რენტაბელურობას. ბიზნესი არ დაინტერესდება იმ ტექნოლოგიით, რომელიც იმაზე ძვირია, ვიდრე ტრადიციული ტექნოლოგიები. მაგრამ აქ შემოდის სხვა ფაქტორებიც - ბიზნესის პასუხისმგებლობა, ნარჩენების მართვა, გაფრქვევების შემცირება, გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობა. დღეს ეს ყველაფერი აუცილებელი პირობა ხდება ევროპულ ბაზარზე წარმატების მისაღწევად და გვაქვს იმედი, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული კანონმდებლობაც წაახალისებს. ამიტომ, ჩვენი შეთავაზებები ეყრდნობა, ერთი მხრივ, ინვესტიციისა და ოპერირების ფასების შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, არაპირდაპირი სარგებლის მნიშვნელოვან ზრდას და საფრთხეების, ზარალის პრევენციას. მაგალითად, ჩვენ ვერ შევთავაზებთ ღვინის ქარხანას, რომ ვაზის ნასხლავისგან და ყურძნის მშრალი ნარჩენისგან დაამზადოს საწვავი ბრიკეტი, რადგან ის რენტაბელური არ იქნება. თუმცა, შეგვიძლია შევთავაზოთ ღუმელი, რომელიც იგივე ნედლეულისგან იაფად დამზადებულ ჩიფსებს მოიხმარს. ამით ღვინის წარმოებას ექნება იაფი ენერგია, მოაგვარებს ნარჩენების პრობლემას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაიმკვიდრებს „მწვანე პროდუქტის" მწარმოებლის იმიჯს ადგილობრივ თუ ევროპულ ბაზარზე".

შეიძლება თუ არა ყურძნისა და ღვინის წარმოებას კავშირი ჰქონდეს ტყეებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან - ამ კითხვით „მწვანე ეკონომიკის პროგრამის" ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, სენის წარმომადგენელს, ვახტანგ ქოჩორაძეს მივმართეთ.

ვახტანგ ქოჩორაძე, CENN: „როცა ტყეების დეგრადაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის კონკრეტული საქმიანობის შედეგი, რომლის უკანაც ასეთივე კონკრეტული საბაზრო თუ საყოფაცხოვრებო მოთხოვნებია. სამწუხაროდ, წლებია, რაც ენერგეტიკული ზეწოლა საქართველოში გაუტყეურების უმთავრესი ფაქტორი გახდა და ეს დღემდე გრძელდება. ამიტომ, საჭიროა ვიპოვოთ შეშის ალტერნატივა როგორც საოჯახო მეურნეობებში, ასევე კერძო სექტორში. პასუხისმგებლიანმა ბიზნესმა ამ პროცესში შეიძლება ლიდერის როლი მოირგოს და არა მარტო იმიტომ, რომ „მწვანე ტექნოლოგიები" ბიზნესისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ეს ხდება ტრენდული უკვე საკუთარი პროდუქტების რეალიზაციისთვისაც. კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობის მიმართ ჩვენი განსაკუთრებული ინტერესი დიდი რაოდენობის ბიომასითაა გამოწვეული, რომელიც ყოველწლიურად სტაბილურად გროვდება ნასხლავის და ღვინის წარმოების ნარჩენის სახით და ხდება მისი განადგურება, რაც დამატებით საფრთხეებს წარმოქმნის გარემოს დაბინძურების კუთხით. ვფიქრობთ, რომ ამ ნედლეულისგან ჩიფსის წარმოება ენერგოდაზოგვის კუთხითაც საინტერესოა და აქვს დამოუკიდებელი კომერციული საქმიანობის პოტენციალიც. რაც მთავარია, ბიზნესის მიერ მსგავსი გამოცდილების დანერგვა კარგი მაგალითი იქნება საოჯახო მეურნეობებისთვის და თავის როლს შეიტანს სოფლად ენერგო-გადაწყვეტილებების დანერგვაში".

სენი, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია, ახორციელებს პროექტს „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის", რომლის ერთ-ერთი მიზანი სწორედ მდგრადი ენერგო-გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვაა. CENN-ის და NTC-ის თანამშრომლობის კარგი მაგალითი იყო მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელებული პროექტი, რომელმაც აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა გათბობის თანამედროვე სისტემებით აღჭურვა. პროექტი ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დამონტაჟდა მზის პანელები და კოლექტორები, ენერგოეფექტური ღუმელები და ბოილერები, დაინერგა თბოიზოლაციისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიები, რაც, საბოლოო ჯამში, ნაკლები რესურსის გამოყენებით მეტი ენერგომაჩვენებლების გამომუშავების საშუალებას იძლევა.

სემინარის მონაწილე 15-მდე კომპანია შეთანხმდა, რომ ენერგო-ტექნოლოგიებში ინვესტირება გამართლებულია გრძელ ვადაში ხარჯების შემცირებისა და პასუხისმგებლიანი, მწვანე ბიზნესის იმიჯის შექმნისთვის. „აუცილებელია ეს ტექნოლოგიები იყოს ეკონომიკურად გამართული და არ მუშაობდეს წაგებაზე, პირიქით − ამ ტექნოლოგიებმა მომხმარებელს მოუტანოს ნაკლები ხარჯი. ასევე, მნიშვნელოვანია სერტიფიცირების ასპექტები, რომლებიც ფაქტობრივად ნიშნავს „მწვანე" ტექნოლოგიების დანერგვასა და ფასეულობათა მთელი ჯაჭვის გამართვას ისე, რომ მეწარმემ შეამციროს თავისი ხარჯები. რიგ შემთხვევებში, ეფექტიანი იქნება წამახალისებელი საკანონმდებლო მექანიზმების შემოტანაც, რაც ბიზნესს უბიძგებს ინოვაციისკენ ენერგეტიკის მიმართულებით" - აღნიშნეს მეღვინეებმა.

სემინარი, დასრულების შემდეგ, ზაალ ხელაძეს შევაფასებინეთ.

ზაალ ხელაძე, NTC: „აქ ჩვენ ვსაუბრობთ საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 50% იან შემცირებაზე, თუ მეტზე არა. ამასთანავე, ეს გულისხმობს გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებას, რაც ბუნებრივად თან სდევს ტრადიციულ მეწარმეობას საქართველოში და მთელ მსოფლიოში. დღევანდელი დღე იყო პილოტი ჩემთვის და შენობის ენერგოეფექტიანობიდან ინდუსტრიულ ნაწილში გადასვლის მცდელობა, რაც, დღევანდელი გადასახედიდან, აშკარად პერსპექტიულია. საინტერესო დისკუსიების შემდეგ, ვგრძნობ, რომ შევძელით და დავანახეთ ადამიანებს ის, რაც გვინდოდა. სამომავლოდ, ეს უნდა დავანახოთ საქმითაც. ბაზალეთის სადემონსტრაციო ცენტრის ორგანიზების მიზანიც ესაა. მან უნდა შეძლოს არსებობა, როგორც ბიზნესმა და ამისთვის უნდა იყოს საინტერესო სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. უახლოს პერიოდში ვგეგმავთ შეხვედრას სოფლის მეურნეობისა და სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან. დღევანდელი სემინარით ჩვენი თანამშრომლობა გადადის ახალ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლების კამპანიის მორგებას სხვადასხვა სექტორებისთვის - თემი, ბიზნესი, ინდუსტრია, შენობები, განათლების სისტემა".

ბაზალეთის საინჟინრო ტექნოლოგიების ცენტრი მაისში გაიხსნება, რის მერეც ტრენინგები და სემინარები უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. ანალოგიური ცენტრის გახსნა სამომავლოდ დაგეგმილია აჭარაშიც.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"