Onway - თამარ გოგოლაშვილი

"ჩემი ადგილი არასდროს ყოფილა კორპორაციულ იერარქიაში"
Onway - თამარ გოგოლაშვილი
ფოტო: Entrepreneur

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur წარმოგიდგენთ თანამედროვე ქალ ანტრეპრენერებს, რომლებიც საკუთარი გაბედულებით, შემართებითა და შეუპოვრობით სხვებსაც აღაფრთოვანებენ და საკუთარ ძალებში თავდაჯერებულობას უმაღლებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ქალ ანტრეპრენერთა რიცხვი, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრ ქალს შესაძლოა უჭირს საკუთარი საქმის დასაწყებად გადაწყვეტილების მიღება. იმედი გვაქვს, წარმატებული ქალების ბიზნესისტორიების, მათი გამოცდილებისა და მომავლის გეგმების გაცნობა ბევრ ქალს გაუჩენს მოტივაციას, თავადაც სცადოს ბედი ბიზნესში და მომავალში უკვე თავად გახდეს მაგალითი სხვა ქალებისთვის.  

თამარ გოგოლაშვილი

ONWAY, დამფუძნებელი

 

რა მიზეზების გამო მიიღეთ გადაწყვეტილება საკუთარი საქმის დაწყების შესახებ? რატომ გადაწყვიტეთ ანტრეპრენერობა და არა კარიერა კორპორაციულ იერარქიაში?

ვფიქრობ, ჩემი ადგილი არასდროს ყოფილა კორპორაციულ იერარქიაში. ახლაც 200-მდე თანამშრომელი გვყავს კომპანიაში და მართვაში ფაქტობრივად არ ვერევი. ჩემი მთავარი მიზანი შემოქმედება, ახალი იდეების შემოტანა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის განვითარება და ინოვაციების დანერგვაა. სწორედ ამიტომ დავიწყე საკუთარი ბიზნესი, რომ მქონოდა სრული დამოუკიდებლობა, მეკეთებინა ყველა სიგიჟე, რაც თავში მომივიდოდა. არავის ეთქვა ჩემთვის, რომ რაიმე არ გამოვა. 

თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი? რა განასხვავებს მას მეწარმე/ბიზნესმენისგან?

ანტრეპრენერი, უპირველეს ყოვლისა, არის შემოქმედებითი ადამიანი, რომელიც ბიზნესს ქმნის არა მხოლოდ ფინანსური ინტერესის გამო, არამედ იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი და ღირებული გააკეთოს. მეწარმე უფრო ფინანსურ შედეგზე ორიენტირებული პირია, თუმცა მხოლოდ ფინანსებით არ შემოვიფარგლებოდი. ამ ორს განასხვავებს საქმიანობის მოტივები და რისკიანობა. ანტრეპრენერს შეუძლია ინტუიციურად, შემოქმედებითად მიუდგეს საკითხს და ობიექტური მოცემულობით შეუძლებელი შესაძლებლად აქციოს.

რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი?

ჩემი კომპანია ინოვაციური საკურიერო კომპანიაა, რომელიც წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. ჩემი მთავარი მიზანია საუკეთესო მომსახურება შევქმნა და ისეთი ინსტრუმენტები მივცე ჩემს მომხმარებლებს ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაზეც არც უფიქრიათ და ამით მათი კეთილდღეობა გავაუმჯობესო: მივცე კომპანიებს შესაძლებლობა, საუკეთესოდ მოემსახურონ მომხმარებლებს, მათ მომხმარებლებს კი შესაძლებლობა – საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიიღონ პროდუქცია. ეს პროცესები კი აუცილებლად გახდება ძალიან გამჭვირვალე ჩვენი ახალი სოფტის მეშვეობით.

ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება, კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ აღმოგაჩნდათ?

მაშინ, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყე, საფოსტო კომპანია ძალიან არაპოპულარული იყო და ყველა მხოლოდ წარუმატებლობას მიწინასწარმეტყველებდა, თუმცა დღეს უკვე ჩვენი წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიონია და მიზანი მეტი ზრდაა.

რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?

ჩემი მთავარი მოტივაცია განვითარება და მუდმივი მოძრაობაა. აუცილებლად არის იღბლის ფაქტორი, თუმცა ამას უფრო ვუკავშირებ ჩემს უზარმაზარ სურვილს, მიმეღწია წარმატებისთვის, თითქოს ამ მიზნის მისაღწევად სამყაროც მეხმარებოდა. 

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო პანდემია და ერთ დღეში 5-6 ჯერ გაზრდილი ბრუნვა. ამ გადამწყვეტ მომენტში მთელმა გუნდმა სრული მობილიზებითა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკის ფარგლებში (კორონავირუსის საფრთხე), უშიშრად მუშაობა განაგრძო. 

რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით დამწყებ ანტრეპრენერებს?

დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევ, გაჰყვნენ თავიანთ ოცნებებს და არ გაჩერდნენ, ძალიან ბევრი იშრომონ და არ დანებდნენ, თუ იდეის ნამდვილად სჯერათ. 

დამოუკიდებელმა ბიზნეს საქმიანობამ პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა, ვინაიდან მათ გარეშე უბრალოდ შეუძლებელია საუკეთესო გუნდის, საიმედო პარტნიორების შეძენა და ა.შ.

Latest on Entrepreneur