და მოგზაურობა იწყება აქ - ნინი თურქიას ისტორია

და მოგზაურობა იწყება აქ - ნინი თურქიას ისტორია
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ციფრულ სამყაროში ჩემი მოგზაურობა მოულოდნელად დაიწყო. თავისუფალ უნივერსიტეტში მართვისა და სოციალური მეცნიერებების სკოლაში ვსწავლობდი. ძალიან მომწონდა ის მრავალმხრივი განათლება, რომელსაც უნივერსიტეტში ვიღებდი. თუმცა, ჩემს მულტიდისციპლინარულ ინტერესებს რაღაც ერთ, კონკრეტულ პროფესიამდე ვერ ვამცირებდი.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მივხვდი, ცოტა ხნით აკადემიური საქმიანობისგან შესვენება, საკუთარ თავში გარკვევა და მომდევნო აკადემიური საფეხურისთვის მიმართულების არჩევა მჭირდებოდა. გადავწყვიტე, გარკვეული დრო თვითრეფლექსიისთვის დამეთმო, დამევიწყებინა პროფესიული შეზღუდვები და თვალი გამესწორებინა უსაზღვრო შესაძლებლობებისთვის.

რამდენადაც უსაზღვრო შესაძლებლობები შეიძლება შთამბეჭდავად ჟღერდეს,  იმდენად ეს “უსაზღვრობა” შიშის მომგვრელია, რადგან საკუთარ თავში მუდმივ ძიებასა და გამოწვევებით სავსე გზას გულისხმობს. ვფიქრობ, რომ ძიების პროცესი თვითგანვითარების გარეშე შეუძლებელია, თვითგანვითარება კი ჩემთვის მუდმივ მოძრაობასთან ასოცირდება.

ამიტომ გადავწყვიტე, ირაციონალური შიშები დამეძლია და  საკუთარი თავის ძებნა იმ საქმეში დამეწყო, რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ასეთი საქმე კი წერა აღმოჩნდა.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირებას სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში გავდიოდი და ვაგროვებდი ჟურნალისტის გამოცდილებას. წერა ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ახლა კონტენტის შემქმნელის ამპლუაში ვიკვლევ საკუთარ შესაძლებლობებს.

მართალია, ჩემს ძირითად პროფესიას ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ციფრულ პლატფორმებთან, თუმცა Noxtton-ი სრულიად ახალი გამოწვევა აღმოჩნდა. მივხვდი, რომ კომპანიაში მოხვედრამდე ტექნოლოგიურ სფეროსა და ციფრულ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი.  დავიწყე ამ სფეროს სპეციფიკის შესწავლა. შესაბამისად, ყოველ ახალ სტატიაზე მუშაობის დროს ვცდილობ დეტალურად გავერკვე დეველოპმენტის, დიზაინისა თუ Big Data-ს სპეციფიკურ მხარეებში, რათა თითოეული მკითხველისთვის მარტივად გასაგები და აღსაქმელი გავხადო კომპლექსური იდეები თუ ციფრული პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლები. მჯერა, რომ კონტენტის ხარისხს სწორედ მრავალფეროვანი აუდიტორიისთვის ინფორმაციის ერთნაირად გასაგებ დონეზე მიწოდება განსაზღვრავს.

თუმცა, Noxtton-ში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ახალი სფეროების აღმოჩენით არ შემოიფარგლება. კომპანიაში დისტანციურად ვმუშაობ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩემი სამუშაო სივრცე, რეალურად, ჩემივე ლეპტოპია. მართალია, პანდემიის პირობებში ცნება - “ოფისი სახლში” სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, მაგრამ, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, ეს სამუშაო პრაქტიკა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

შექმნის დღიდან Noxtton-ის ორგანიზაციული კულტურა ჰიბრიდულ სამუშაო რეჟიმზე იყო დაფუძნებული, შესაბამისად, კომპანიის გუნდის წევრებისთვის დისტანციურად მუშაობის პრაქტიკა უკვე კარგად ნაცნობი, ათვისებული და გათავისებული იყო. აქ შეგიძლია შენთვის სასურველი და მოსახერხებელი სივრციდან აკეთო საქმე, რადგან შესრულებული სამუშაო არა ოფისში გატარებული 8 საათით, არამედ მისი ხარისხით იზომება.

Noxtton-ში მიღებული გამოცდილება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანიის ეფექტური მუშაობისათვის მიკრომენეჯმენტი ხელისშემშლელი ფაქტორია. Კომპანიის წარმატებას კი გუნდის მოტივაცია, საქმისადმი ინტერესი და ერთი საერთო მიზანი განაპირობებს.

ვფიქრობ, რომ ინდივიდუალურ დონეზე წარმატებას მხოლოდ პროფესიული მიღწევები არ განსაზღვრავს, ჩემთვის, წარმატება მრავალმხრივი თვითგანვითარების გარეშე შეუძლებელია.

წერა სწორედ ის მედიუმია, რომელიც სხვადასხვა სფეროსა და ინდუსტრიაში ახალი იდეების მოძიებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობას მაძლევს. ყოველთვის ვცდილობ, არ მოვექცე კომფორტის ზონაში, რადგან ჩემთვის კომფორტის ზონა მუდმივ სტატიკურობასთან ასოცირდება. ამიტომ ჩემი ყოველდღიური მიზანი არა მხოლოდ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, არამედ ახალი იდეების ძიება არის.

მიმაჩნია, რომ ოცნების გარეშე დიადი მიზნების მიღწევა შეუძლებელია. ამიტომ ყველა ადამიანს, რომელიც საკუთარი თავისა და საყვარელი საქმის პოვნას ცდილობს, ვურჩევდი, გამოიჩინონ გაბედულობა, გვერდზე გადადონ ნებისმიერი შიში თუ ეჭვი და დაიწყონ რთულ, მაგრამ დიდ საქმეზე - თვითგანვითარებაზე მუშაობა.

Latest on Entrepreneur