საქართველოს ბანკის პარტნიორობით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

საქართველოს ბანკის პარტნიორობით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა
ფოტო: BOG

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ ნაბიჯით, ბანკმა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს გადაწყვეტილება მიიღო და საკუთარ საქმიანობას მეტი ღირებულება შემატა. სწორედ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა. ოფიციალური ღონისძიება თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „აბრეშუმის ქარხანაში“ გაიხსნა. 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული პერფორმანსი − „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“, რომელიც ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას აერთიანებს ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. ღონისძიების სტუმრებმა გურამ დოჩანაშვილის შესახებ მოკლე ჩანახატიც იხილეს. 

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარებასთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაწერილი პროგრამა 2022 წლის 23 აპრილამდე გასტანს და თბილისში გამართულ მრავალფეროვან ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობებს, ფესტივალებსა და კონფერენციებს, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართველი მწერლებისა და გამომცემლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები. უცხოელებმა კი უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა, ლიტერატურა და ქვეყანა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას. ჩვენ საქართველოს ბანკი ვართ, ჩვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში, როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება. ეს ღირსშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიო მასშტაბით, ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, − ამბობს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. 

პანდემიისა და თანმდევი შეზღუდვების მიუხედავად, ორგანიზატორებს ყველაფერი რეგულაციების შესაბამისად აქვთ გაწერილი. საჭიროების შემთხვევაში კი ალტერნატიული გამოსავალიც არსებობს.

„ვინაიდან და რადგანაც ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ღია სივრცის, ე.წ. Open Air არის, ვფიქრობთ, მთელი წლის განმავლობაში რეგულაციებს მარტივად შევეწყობით. დაგეგმილი გვაქვს ორი სახის ფორმატი: ერთი კონკრეტულად ფოკუს-ჯგუფებისთვისაა საგამომცემლო, საბიბლიოთეკო და საავტორო მიმართულებებით, რომელიც ცხადია, დახურულ სივრცეში რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება. სახალხო ღონისძიებები კი ღია ცის ქვეშ იქნება და ისინი ორგანიზებისთვის გაცილებით მარტივია, ვინაიდან ამ კუთხით მკაცრი შეზღუდვები ჯერ არ გვაქვს და იმედია, ასეც გაგრძელდება. ცხადია, გვაქვს გეგმა B, ანუ ონლაინსივრცესთან ადაპტირება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. ყოველთვიურად მინიმუმ 5 ღონისძიებას ვგეგმავთ და რეგიონებიდან აქტიურად ველოდებით წარმომადგენლობებს, რაც ჩვენს დედაქალაქს მართლაც ნამდვილი მოვლენების ეპიცენტრად აქცევს. 2019 წელს, როდესაც ამ პროექტს ვწერდით, ძალიან დიდი გათვლა ტურისტულ ნაკადებზე გვქონდა. ცხადია, წელსაც შეუძლიათ ჩამოსულ სტუმრებს დასწრება და მათთვის საინტერესო პროექტების შერჩევა, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც ამას 2 წლის წინ ვვარაუდობდით. ამის მიუხედავად, ძალისხმევას არ ვზოგავთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნისთვის და არა მხოლოდ, უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებსა და მოვლენებს ვუმასპინძლოთ. ამ ყველაფრისთვის კი გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას საქართველოს ბანკს ვუხდით“, − აცხადებს ნინია მაჭარაშვილი, პროექტ „თბილისი − წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ვალდებულება წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას. 

იუნესკოს პროექტი „თბილისი − წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებათა ციკლი კი წელიწადს გასტანს.

Latest on Entrepreneur