Trice - ნინო კუდავა

"ჩვენ ვეხმარებით როგორც ცალკეულ ინდივიდებს მრავალ ენაზე კომუნიკაციის დამყარებაში, ასევე ბიზნესებს არსებული ციფრული პროდუქტის ან სერვისის მრავალენიან, უცხოურ ბაზარზე გატანასა და ლოკალიზაციაში."
Trice - ნინო კუდავა
ფოტო: Trice AI

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„საქართველოს ბანკი“ უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ქალთა ბიზნესსაქმიანობას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას, რათა მათ შეძლონ ბიზნესის წამოწყება, ახალი მიმართულებების დანერგვა ან არსებული საქმიანობის გაფართოება. ამისათვის „საქართველოს ბანკი“ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ბიზნესში ქალთა აქტიურ ჩართულობას როგორც ფინანსური, ასევე არაფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ამჯერად Entrepreneur-ი იმ ქალბატონებს გაგაცნობთ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და საკუთარ ბიზნესსაქმიანობას მუდმივად ავითარებენ. ამ პროცესში კი მათ სანდო პარტნიორს სწორედ „საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. მკითხველს ისინი თავად უყვებიან, თუ რას ემსახურება მათი ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად და როგორ უმკლავდებიან მიზნებისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ სირთულეებს.

ნინო კუდავა
Trice/Trice AI / თანადამფუძნებელი

Trice-ი არის მობილური და ვებპლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია, დაეხმაროს მომხმარებელს ენობრივი ბარიერის მოხსნასა და ციფრულ კომუნიკაციაში. ჩვენ ვმუშაობთ ორი მთავარი მიმართულებით და ვეხმარებით როგორც ცალკეულ ინდივიდებს მრავალ ენაზე კომუნიკაციის დამყარებაში, ასევე ბიზნესებს არსებული ციფრული პროდუქტის ან სერვისის მრავალენიან, უცხოურ ბაზარზე გატანასა და ლოკალიზაციაში. ჩვენი სერვისის იდეა მარტივია და მიზნად ისახავს, დაეხმაროს ადამიანებს და კომპანიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნან, განავითარონ და დაამყარონ ბიზნეს ან პირადი ურთიერთობები ხელშემშლელი ენობრივი ფაქტორების მოხსნით.

სტარტაპისა და საერთოდ, ბიზნესის დაწყება მოითხოვს დიდ მონდომებას, ბევრ შრომასა და იმ საქმის რწმენას, რომელსაც აკეთებ. სტარტაპის სწრაფი ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ყოველდღიური მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება, რომელიც სირთულეებისა და დაბრკოლებების გადალახვაში გეხმარება. რთულია, წამოიწყო საქმე კომპანიის მართვის გამოცდილების გარეშე. ხშირად გეშინია შეცდომის დაშვების. ყველა საქმიანობას ახლავს რისკი და გზაზე ყველას რაღაც ეშლება. ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოცდილება გამოვიყენეთ მრავალი მიდგომის გამოსაცდელად და ვიპოვეთ ის სწორი გზა, რომელიც დიდი შედეგის მიღწევაში გვეხმარება.

სტარტაპის განვითარება საწყის ეტაპზე საჭიროებს ეფექტური ბიზნესმოდელის დანერგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ზრდის პროგნოზირებისთვის. ჩვენი გამოწვევა, რომლის გადალახვაშიც 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მიღებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, იყო არსებული ბიზნესმოდელისა და სტრუქტურის განვითარება და მისი ბაზრის რეალობასთან მორგება. უცხოელი მენტორებისგან მიღებული ცოდნით, ჩვენ შევძელით საჭირო მეთოდებისა და ხელსაწყოების დანერგვა, რომლის მეშვეობით მოვახერხეთ, უფრო კონკრეტულად ჩამოგვეყალიბებინა მომხმარებელთა სეგმენტები, ურთიერთობის წყაროები, პარტნიორები და შემოსავლის არხები.

დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობა დამფუძნებელს აძლევს დიდ თავისუფლებას ბიზნესპროცესების, სტრატეგიისა და კომპანიის შიდა კულტურის ჩამოყალიბების კუთხით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს მოჰყვება რისკი და დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც დამწყებმა ანტრეპრენერმა უნდა გაითვალისწინოს. კომპანიის წარმატებას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს, მაგრამ მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული პროდუქტი და სერვისი ნებისმიერი ბიზნესისთვის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს. ასევე, საჭიროა ხშირი მსჯელობა და სხვადასხვა იდეის ბაზარზე დატესტვა, რომ კომპანიას ზუსტად ესმოდეს, რა სურს მის მომხმარებელს.

ჩვენი ბიზნესი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც პანდემიის მსგავს კრიზისულ სიტუაციაში მეტად აქტუალურია. ახალმა რეალობამ, რომელიც Covid-19 პირობებში შეიქმნა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ადამიანების, კომპანიების

საქმიანობაზე და ციფრულ სამყაროში სწრაფ გადაწყობაზე. შესაბამისად, ჩვენი სერვისის საჭიროება და აუცილებლობა კრიზისის ფონზე უფრო ნათელი გახდა. თუმცა, სწრაფი ცვლილებების ფონზე, ჩვენც მოგვიწია არსებული სერვისის მეტად დახვეწა და უფრო ფართო სეგმენტზე მორგება, ვინაიდან ამ პერიოდში თითქმის ყველა ინდუსტრიაში გაჩნდა მოთხოვნა, კომუნიკაციის მარტივად საწარმოებლად მოგვეხდინა არსებული სერვისების თუ პროდუქტების გამრავალენიანება.

Trice-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაზარდოს სერვისის სარგებლობა და გახადოს მომხმარებლის ინტერაქცია მეტად კომფორტული და ეფექტური. უახლოესი 1 წლის განმავლობაში ვგეგმავთ ბუნებრივი ენის დამუშავების ალგორითმის გაუმჯობესებას, რის დახვეწაშიც დიდი რაოდენობით მომხმარებლისგან მიღებული მონაცემების დამუშავება და შემდეგ მოდელის დატრენინგება დაგვეხმარება.

500 Startups აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა ჩვენი სტარტაპის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. კომპანიის სწრაფი და სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მხარდაჭერა, კაპიტალი და ორიენტირი, რის მიწოდებაშიც 500 Startups-ის აქსელერატორი მოწინავეა მსოფლიოში. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება, მიგვეღო რჩევები დიზაინის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და ინვესტიციის მოზიდვის კუთხით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გამოცდილი მენტორებისგან. აქსელერატორში მონაწილეობა ასევე მნიშვნელოვნად დაგვეხმარა გუნდური უნარ-ჩვევების განვითარებასა და წევრების ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებაში, რაც სამომავლოდ ჩვენი წარმატების პოტენციალს მნიშვნელოვნად ზრდის.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ 500 Startups-ის შემოსვლა საქართველოში, რაც ჯიტას ინიციატივითა და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი, არის პრეცედენტი, შეიქმნას ინოვაციური ეკოსისტემა, რაც რეგიონულ ბაზარზე არსებული სტარტაპებისთვის იქნება სწრაფი ზრდის საფუძველი და მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრების ძალიან კარგი შესაძლებლობა.

Latest on Entrepreneur