ახალგაზრდა ქალები რეგიონული მეწარმეობის განვითარებისთვის Entrepreneur "რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის" მონაწილე ქალებს წარმოგიდგენთ

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Usaid Zrda

USAID-ის პროექტი Zrda საქართველოს 6 რეგიონში უკვე მეხუთე წელია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. თუ როგორ შეძლო ორგანიზაციამ სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება-განხორციელება Covid-19-თან სწრაფი ადაპატირებისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური დარტყმების მაქსიმალურად გასაუვნებელყოფად, ამის შესახებ Entrepreneur-ის წინა ნომერში მოგიყევით. ახლა კი „რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის" მონაწილე ქალებს წარმოგიდგენთ, რომლებიც საკუთარი გამბედაობითა და ძალისხმევით, ქვეყნის ეკონომიკისა და სამეწარმეო ეკოსისტემის შენებაში საკუთარ აგურს დებენ. პირველი ნაბიჯის გადასადგმელად მოტივაციას საკუთარ თავში პოულობენ, ხოლო შემდეგ საქმიანობას ისეთი პროექტების მხარდაჭერით ავითარებენ, როგორიც არის USAID Zrda-ს და ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" (RDFG) ერთობლივი „რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა". ჩვენს გამოწვევებით სავსე დროში კი სწორი ბიზნესნავიგაციისთვის გამოცდილი ორგანიზაციებისა და კვალიფიციური ადამიანების მხრიდან ცოდნის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

გიულხან აჯალოვა

გიულხანს მარნეულში საკუთარი სამკერვალო ატელიე, სახელწოდებით „ჯულია" აქვს, სადაც სხვადასხვა სახის თანამედროვე სამოსს ქმნის. მის საქმიანობაში, სოციალური ქსელის მეშვეობით USAID Zrda-სა და RDFG-ის ერთობლივი „რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის" შესახებ ამბის შეტყობა და მასში მონაწილეობა გარდამტეხი აღმოჩნდა. გიულხანს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვს მიღებული, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება საქმის მართვაში. პროგრამაში მონაწილეობამ და 10 გამარჯვებულს შორის ადგილის მოპოვებამ კი საქმიანობის წამოსაწყებად 7000 ლარის მიღების შესაძლებლობაც მისცა. ამ თანხით თანამედროვე, საჭირო საკერავი მანქანები და ფოტოაპარატი შეიძინა, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულსა და ცნობადს ხდის, საკუთარ მიზნებსა და ოცნებებთან კი უფრო აახლოვებს. მის გეგმებს პროდუქციის ასორტიმენტის გამრავალფეროვნება, ქალის სხვადასხვა ტიპის სამოსის − კაბების, შარვლების, კოსტიუმების, ჩანთებისა და აქსესუარების შექმნა წარმოადგენს, თანაც − ხარისხიანად. პროდუქციის სპექტრის ზრდასთან ერთად კი სურს საკუთარი ატელიეს ცნობადობაც მნიშვნელოვნად გაზარდოს და იმ ცნობილ ბრენდად აქციოს, რომელიც მოდურ სამოსსა და აქსესუარებს მაღალი ხარისხის ტექსტილისგან ქმნის. იმედოვნებს, რომ „ჯულიას" პოპულარობა მარნეულს მალე გასცდება და არაერთი ადამიანის საყვარელ ბრენდად იქცევა. ამისთვის კი, საკუთარ გუნდთან ერთად, ძალ-ღონის დაზოგვას არ აპირებს.

სალომე ქარდავა

სალომე 28 წლის ახალგაზრდაა, რომელიც იძულებით გადაადგილებული პირია აფხაზეთიდან. ყოველთვის სურდა ზუგდიდში საინტერესო საქმიანობა წამოეწყო და მის განვითარებაზე ეზრუნა, ფინანსური დამოუკიდებლობა მოეპოვებინა და უკეთესი მომავლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაედგა. ამასთანავე, სალომეს დიდ მოტივაციას საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი მშობლების სამეგრელოში გადმოყვანა და აქ მათი ცხოვრების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

გარდამტეხი მომენტი „ახალგაზრდულ სამეწარმეო პროგრამაში" მისი შერჩევა-მონაწილეობა გახდა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა, საკუთარი დიდი სურვილი მზარდ ბიზნესად გარდაექმნა. სალომეს დიდ გატაცებას მებაღეობა ყოველთვის წარმოადგენდა. ნელ- ნელა მცენარეების სიყვარული ყოველდღიურ საქმიანობად იქცა, განსაკუთრებით კი, სეკულენტების. ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ მებაღეობა საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა და მის წარმატებით წარსამართად, დროსთან ერთად, არც ძალისხმევა უნდა დაიშუროს. პირველ ეტაპზე ჩითილების გამოყვანა დაიწყო, საქმიანობის გასაფართოებად კი ახალი შესაძლებლობების ძებნას შეუდგა. სწორედ ეს შესაძლებლობა აღმოჩნდა USAID Zrda-ს და RDFG-ის ერთობლივი „რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამა", რომელში მონაწილეობაც მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის მომტანი აღმოჩნდა. დამსახურებულ 6000 ლარზე მეტით კი, სალომემ სათბურის გამართვა შეძლო და ნაირფერი სეკულენტების გამრავლება- რეალიზაციას აქტიურად შეუდგა. მუდმივ განვითარებაზე ზრუნვასთან ერთად კი, მომავალში საკუთარი სასათბურე მეურნეობის კიდევ უფრო გაფართოებასა და ახალი, რელევანტური სერვისების შემოთავაზებას გვპირდება, რომელიც ზუგდიდს გასცდება და საქმიანობას ახალ მასშტაბს შესძენს.

ესმა ციხელაშვილი

ესმა ციხელაშვილი სამცხე-ჯავახეთში, ასპინძაში ცხოვრობს და სამეწარმეო საქმიანობას ორი შვილის დედობას კარგად უთავსებს. არა ხილის, არამედ სხვადასხვა სახის ბოსტნეულისგან ჯანსაღი და გემრიელი ჯემების დამზადების ხელოვნებას კი უკვე ბიზნესსახეს აძლევს და ბრენდ „პიკანტურის" სახელწოდებით გააქვს სარეალიზაციოდ. ბავშვობის ოცნების მომგებიან საქმიანობად გარდაქმნა, ესმამ „ახალგაზრდა მეწარმეთა რეგიონული პროგრამის" დახმარებით შეძლო და მისი მეშვეობით მოპოვებული თანხა საჭირო, ხარისხიანი ინვენტარის შესაძენად გამოიყენა. ამჟამად ის 10 სახეობის ჯემს აწარმოებს, რომლის რეალიზაციას ადგილობრივი სადისტრიბუციო არხების მეშვეობით ახდენს. ასევე, ონლაინპლატფორმების გამოყენებითაც გეგმავს. ცხადია, ისევე, როგორც სხვების, ესმას დიდ სურვილსა და მიზანსაც წარმოების ზრდა, გამრავალფეროვნება და ახალი სარეალიზაციო ბაზრების ათვისება წარმოადგენს. შესაძლოა, მის ჩამონათვალს მალე მწნილები შეემატოს, რომლის მომხმარებლისთვის შეთავაზების ფორმასა და შეფუთვაზეც ესმა განსაკუთრებულად აპირებს ზრუნვას. ამჟამად, ბოსტნეულისა და საჭირო ნედლეულის დიდ ნაწილს ყიდულობს, ნელ-ნელა კი საკუთარი ბოსტნის გაკეთებასაც აპირებს, რათა საჭირო ბოსტნეული შეძლებისდაგვარად თავად იქონიოს და მომწოდებლებზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. დიდი მონდომებისა და შრომის შედეგად კი დარწმუნებულია, რომ „პიკანტურის" ორიგინალური გემოები მალე სამცხე-ჯავახეთის ფარგლებს გასცდება და გურმანები მათ დაგემოვნებას საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც შეძლებენ.

გვანცა ზაქარიაშვილი

გვანცა ზაქარიაშვილი „რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროგრამის" გამარჯვებულია. მან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში საბავშვო ტანსაცმლის სამკერვალო სალონის დასაარსებლად 9525 ლარის მოპოვება შეძლო და საკუთარ ბრენდს „უნიკი" უწოდა. პროექტში მონაწილეობამდე, საკუთარ გუნდთან ერთად, გვანცას პირველი სტარტაპნაბიჯები უკვე გადადგმული ჰქონდა, თუმცა მისი განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. თანხა სწორედ საწარმოს ინვენტარით აღსაჭურვად გამოიყენა და სამკერვალო სალონისთვის ფართიც იქირავა, რომელიც უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. ამჟამად 4 ადგილობრივს ასაქმებს და 5 წლამდე ბავშვებისთვის საგანგებოდ შერჩეული ნატურალური, ანტიალერგიული ქსოვილებისგან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების სამოსს ქმნის. ამბობს, რომ ინსპირაცია დისშვილის დაბადება გახდა, რამაც ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის შეთავაზება გადააწყვეტინა. ამჟამად ტანსაცმლის რეალიზებას სოციალური პლატფორმებით ახდენს და შეძენის მსურველებს მათ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, საკურიერო კომპანიის მეშვეობით აწვდის. ყოველდღიურ აქტიურ მუშაობასთან ერთად კი, იზრდება „უნიკის" პოპულარიზაციაც, რაც ბრენდის ცნობადობას, გაყიდვებსა და კიდევ უფრო მეტი ბავშვისთვის ქართული წარმოების სამოსის კომფორტულად მორგებას შესაძლებელს ხდის, ხოლო „უნიკს" საკუთარ მასშტაბურ მიზნებთან უფრო აახლოვებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის „რეგიონული განვითარება მომავლისათვის" (RDFG) მეშვეობით, USAID Zrda-მ შრომის ბაზარზე 14 ახალგაზრდის ინტეგრაცია მოახდინა და ხელი შეუწყო მათი სამეწარმეო უნარების განვითარებას. ინტენსიური საინფორმაციო კამპანიის თანხლებით, პროგრამამ USAID Zrda-ს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან 300 ახალგაზრდის მოზიდვა შეძლო. სამეწარმეო ტრენინგების გავლის შედეგად კი, შეირჩა 45 მონაწილე, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ და მონაწილეობა სასწავლო-საწვრთნელ ბანაკსა და „იდეების კონკურსში" მიიღეს. პროექტის მიზანი ბენეფიციარებისთვის რეალური და ქმედითუნარიანი ბიზნესწინადადების მომზადების ხელშეწყობა იყო. სასწავლო ბანაკის შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათი ბიზნესწინადადებები „საგრანტო კონკურსზე" წარედგინათ, რაც მათ ადგილობრივ თემებში ბიზნესიდეის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობდა. პროგრამამ მოიცვა რიგი საკითხები, მათ შორის გაყიდვები, მარკეტინგი, პროდუქტი/ მომსახურება, „იცნობდე შენს მომხმარებლებს", სადისტრიბუციო არხები, ფინანსურ ინსტიტუტებთან და პოტენციურ დამფინანსებლებთან თანამშრომლობა, საბაზისო ფინანსური გეგმის შემუშავება და იდეის/პროექტის წარდგენა.

აგრეთვე, პროგრამის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა კერძო და სახელმწიფო სექტორთან, სტარტაპებთან, ახალგაზრდულ პროექტებთან, თანატოლ მეწარმეებთან და ავტორიტეტულ სპიკერებთან შეხვედრა, რათა პროექტი მაქსიმალურად ნაყოფიერი და მრავალმხრივი ყოფილიყო.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ლიბერთიმ ,,ტოპქარდის'' პორტფელი შეიძინა

ლიბერთიმ რებანკის პროდუქტი "ტოპქარდი" და საცალო საკრედიტო პორტფელი შეიძინა