You can be on Entrepreneur’s cover!

მსოფლიოში უსწრაფესი Hyperloop-ის კონცეპტი, რომელიც 1000 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს

By არჩილ გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CNN

როგორი იქნება მომავლის ზესწრაფი ტრანსპორტი? − პასუხს ამ კითხვაზე ილონ მასკის მორიგი ამბიციური პროექტი, Hyperloop გვთავაზობს. ესაა სპეციალურ მილში მოძრავი კაფსულა, რომელიც 3,5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე იაპონური ექსპრესმატარებელი „სინკასენი", და გაცილებით დინამიკური, ვიდრე „ბოინგ 747". მას შეუძლია 1000 კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარე განავითაროს, რაც საშუალებას მოგვცემს, მანძილი ლოს ანჯელესიდან სან ფრანცისკომდე 45 წუთში დავფაროთ, ხოლო ბილეთის ფასი არ აღემატებოდეს $100-ს. ეს ტექნოლოგია სხვადასხვა ქალაქში ცხოვრებასა და მუშაობას რეალობად აქცევს და მსოფლიოს გადაადგილების ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას შესთავაზებს.

მიმდინარე წლის ნოემბერში, მგზავრთა ტრანსპორტირების სატესტო რეისის წარმატების შემთხვევაში, Hyperloop აცხადებს, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სულ რაღაც 10 წელი დასჭირდებათ. ამ პროექტის პოპულარობა სათავეს 2013 წელს ილონ მასკის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან იღებს, სადაც მან მომავლის ამ ტრანსპორტის დიზაინზე, ღირებულებასა და უსაფრთხოებაზე ისაუბრა. თუმცა, მაგნიტური ლევიტაცია − ტექნოლოგია, რომელიც ამ იდეის რეალიზებისთვის იყო საჭირო, სულ ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი.

მაგნიტური ლევიტაცია Hyperloop-ს საშუალებას აძლევს დასძლიოს ხახუნის ძალის წინააღმდეგობა და მაგნიტის მიზიდულობისა და განზიდულების ძალით, კაფსულები სპეციალურ მილში წარმოუდგენელი სისწრაფით გადააადგილოს. ეს ტექნოლოგია იყენებს პასიურ და აქტიურ მაგნიტურ ლევიტაციას. პასიური მაგნიტური ლევიტაცია, მუდმივი მაგნიტური ძაბვის შექმნით, კაფსულის სტაბილურ ლევიტაციას უზრუნველყოფს, ხოლო აქტიური − მუდმივი მაგნიტების კომბინაციას იყენებს, რომელიც დენის ძალისა და მიმართულების მართვისა და კონტროლის საშუალებას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნოლოგია ძალიან ჰგავს უკვე არსებულ მაგნიტურ ბალიშზე მოძრავ მატარებლებს, Hyperloop-მა კიდევ უფრო წინ გადადგა ნაბიჯი და ჰაერის წინააღმდეგობის ძალაც დასძლია, რაც მაღალი სიჩქარეების განვითარების უპირველესი ხელისშემშლელი ფაქტორია.

მაგნიტური მილის ყოველ 10 კილომეტრში დამონტაჟდება სპეციალური ვაკუუმის ტუმბოები, რომლებიც მილსა და კაფსულას შორის არსებული ჰაერის 99,9%-ს ამოტუმბავს. როგორც კომპანიის ინჟინრები აცხადებენ, თეორიულად შესაძლებელია ბგერის სიჩქარის დაძლევაც, თუმცა ეს უფრო შორეული მომავლის პერსპექტივაა და ამაზე მოგვიანებით დაიწყებენ ფიქრს. ამ ეტაპზე მთავარია დავრწმუნდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლისათვის ეს ტექნოლოგია უვნებელი და უსაფრთხოა.

2020 წლის ნოემბერში Hyperloop-მა ორი ადამიანის მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარა. ორადგილიანმა პროტოტიპმა 500 მეტრი გაიარა და 6,25 წამში 172 კმ/სთ განავითარა.

მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპმა უსაფრთხოება დაამტკიცა, კომპანია ამ პროექტის დახვეწაზე მუშაობას აგრძელებს. რეალური Hyperloop ბევრად დიდი იქნება, რომელიც 28 მგზავრის ტრანსპორტირებასა და საათში 30 000 ადამიანის მომსახურებას შეძლებს. თუმცა, ამ ნანატრი მომენტის დადგომამდე, კომპანიას დამატებითი სატესტო რეისების ჩატარება და ტექნოლოგიის მნიშვნელოვნად სრულყოფა მოუწევს.

დღესდღეობით, Hyperloop აბუ-დაბიში სრულმასშტაბიანი პროტოტიპის შექმნასა და ტესტირებაზე მუშაობს. აშშ-ში კი, პირველი პროექტი ჩიკაგოდან კლივლენდამდე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიაზრებს. Virgin Hyperloop, 2022 წლისთვის დასავლეთ ვირჯინიაში გამოსაცდელი პოლიგონის მოწყობას გეგმავს, რომელიც 9600-მეტრიანი მაგნიტური მილით იქნება აღჭურვილი და უსაფრთხოების ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს. 2025 წლისთვის იგეგმება 28-კაციანი კაფსულების სერტიფიცირება და ავტორიზაცია.

Hyperloop-ში მიიჩნევენ, რომ 2030 წელს კომპანია სრულად მოიცავს დუბაის, ინდოეთსა და აზიის რამდენიმე ქვეყანას, ასევე აშშ-ის რამდენიმე შტატში ინფრასტრუქტურას მოაწყობს. შესაძლოა, ეს შორეულ პერსპექტივად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ პროექტი საკმაოდ მასშტაბური, ინოვაციური და მაღალბიუჯეტიანია, 10 წელი არც ისე დიდი დროა.

მაშინ, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გამოგონებული და მეოცე საუკუნეში დახვეწილი ტრანსპორტით გადავადგილდებით, Hyperloop სულ მალე, საათში 30 000 ადამიანის მომსახურების შესაძლებლობას გვპირდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავლის ადამიანის მოთხოვნებისა და საჭიროებების განჭვრეტა და მათ მოგვარებაზე დღესვე მუშაობის დაწყება, ინვესტირების საუკეთესო გზაა. ტექნოლოგიური პროგრესი უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა, თუკი ამას დროულად შევამჩნევთ და მოვინდომებთ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia