500 Startups - საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ქართულ ბაზარზე ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანია 500 Startups-ი შემოვიდა. 2010 წლიდან, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში. მის პორტფოლიოში შედის ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ-დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს.

ალექსეი სეროვი

„პროექტი 500 Georgia ვენჩურული კაპიტალის კომპანია 500 Startups-ის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის ჯგუფის ერთობლივი პროექტია. ეკოსისტემა Digital Area საქართველოს ბანკის ჯგუფის წევრია, რომლის მთავარი ნიშა ახალი, ინოვაციური და სტრატეგიული ციფრული პროექტების შექმნაა. ამიტომ, Digital Area განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და ინტერესითაა ჩართული 500 Georgia-ს პროექტის განხორციელების პროცესში. პროექტის მიზანს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება წარმოადგენს“, − ანდრო რატიანი, Digital Area-ს გენერალური დირექტორი.

სტარტაპების ინვესტირებას საქართველოს ბანკის ჯგუფი ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია არ არის, რადგან სტარტაპების პარტნიორი ეკოსისტემა Digital Area ხდება. შესაბამისად, სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არამატერიალური მხარდაჭერაც − იქნება ეს საოპერაციო პროცესების გამართვა, მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, იურიდიული და ტექნოლოგიური კონსულტაცია თუ სტრატეგიული დაგეგმარება. 

500 Georgia-ს პროექტის პირველ ნაკადში, აქსელერაცია გაიარა 14 სტარტაპმა და ყველამ მიიღო ინვესტიცია. მეორე ნაკადში კი აქსელერაციის პროცესში ჩაერთო 14 სტარტაპი, ხოლო 13 მათგანში განხორციელდა ინვესტიცია.

500 Georgia-ს მეორე ნაკადის დასრულების შემდეგ, შედეგები ასეთია: 16.5 მილიონი ლარი − მოზიდული ინვესტიცია, 89 საერთაშორისო პარტნიორი და 354 შექმნილი სამუშაო ადგილი.

საერთო ჯამში, Digital Area-ს ეკოსისტემის მრავალფეროვან გალაქტიკას 27 ახალი სტარტაპი 8 სხვადასხვა ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ესტონეთი, ლატვია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და აშშ) შეემატა, რაც ნიშნავს, რომ Digital Area გასცდა საქართველოს საზღვრებს და დამატებით ახალ ინდუსტრიულ ბაზრებზე შევიდა.