You can be on Entrepreneur’s cover!

Walmart-მა ტანსაცმლის ვირტუალურად "მოსინჯვის" სტარტაპი Zeekit შეიძინა

By არჩილ გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

The Business Journals

13 მაისს, საცალო ვაჭრობის გიგანტმა Walmart-მა, თელ-ავივურ სტარტაპ Zeekit-ის შეძენის შესახებ განცხადება გააკეთა. ეს სტარტაპი მომხმარებელს ონლაინვაჭრობის დროს ტანსაცმლის ვირტუალურად „მოსინჯვის" საშუალებას აძლევს. აპლიკაცია, რეალურ დროში გამოსახულების დამუშავებით და მომხმარებლის ფოტოს მოდელირებით, რომელიც სხეულის ზომას, ტიპს, აღნაგობას, ტანსაცმლის ნაჭრის სტრუქტურასა და ფაქტურას ითვალისწინებს, გვეხმარება ციფრულ რეჟიმში, შინიდან გაუსვლელად მოვირგოთ ამა თუ იმ ბრენდის სხვადასხვა მოდელი.

სტარტაპმა, თავისი აპლიკაციის განვითარებისათვის 2014 წლიდან დღემდე, $16 მილიონი ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა, თუმცა ამ კონკრეტული შეთანხმების პირობები და სავარაუდო ფასი, ჯერჯერობით არ სახელდება.

Zeekit-ს უკვე უმუშავია ისეთ საცალო გაყიდვების ბრენდებთან, როგორებიცაა, თავად Walmart, Macy's, Asos, Tommy Hilfiger, Adidas და სხვა. ასევე, მოდის რამდენიმე კვირეულშიც აქტიურად იყო ჩართული და მოდელებს სამოსის დისტანციურად მორგებაში ეხმარებოდა.

Zeekit 2013 წელს დაარსდა და შექმნის დღიდანვე მათი მთავარი მიზანი, ონლაინ გამყიდველებისათვის გაყიდვის პროცესის გამარტივება და შეუსაბამო ზომისა თუ სტილის გამო, ტანსაცმლის დაბრუნებისა და გადაცვლის მოთხოვნის მაჩვენებლის შემცირება იყო. მათ იფიქრეს, რომ თუკი მომხმარებელი ვირტუალურად შეძლებდა სხვადასხვა სამოსის საკუთარ სხეულზე მორგებას და შეფასებას, საგრძნობლად შემცირდებოდა წუნდებული ნივთების რაოდენობა, და ასეც მოხდა.

როდესაც ეს ტექნოლოგია Walmart-ის პლატფორმაზე ინტეგრირდება, მომხმარებელი შეძლებს საიტზე ატვირთოს საკუთარი ფოტო, შეიყვანოს თავისი სიმაღლის, წონის, კანის ფერისა და სხვა პარამეტრები, ხოლო ალგორითმი თავად შეადგენს თქვენს „ავატარს" და საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერი მოდელის ტანსაცმელი მოირგოთ და მოიზომოთ. Zeekit-ის საბოლოო მიზანია, მომხმარებელს ტანსაცმლის ფიზიკურად მორგებისა და მაღაზიაში მიუსვლელად საკუთარ თავზე შეფასების ალტერნატივა შეუქმნას. ასევე, პოტენციურ მყიდველს შეეძლება თავისი „ავატარი" მეგობრებსაც გაუზიაროს და მათგანაც მიიღოს რჩევები, რაც შეძენის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

„დარწმუნებულები ვართ, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, გამოსახულების რეალურ დროში დამუშავებით და მოდის ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით, ჩვენს მომხმარებელს ინოვაციების მიმართ მიმღებლობა კიდევ უფრო გაეზრდება, ხოლო ჩვენ ბაზარზე მოწინავე პოზიციებს შევინარჩუნებთ", − დენიზ ინკანდელა, Walmart-ის აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი აშშ-ში კერძო ბრენტებისა და ტანსაცმლის მიმართულებით.

წინა წლებში Walmart-მა რამდენიმე ცნობილი ონლაინბრენდი შეისყიდა. ასევე, კომპანიამ Nike-ს Walmart.com-ზე ონლაინმაღაზიის შექმნაც შესთავაზა, თუმცა მცდელობების უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი კომპანია − ModCloth შეძენიდან მალევე გაყიდეს, ვინაიდან ამ ბრენდის მომხმარებელმა უარი განაცხადა თავისი რჩეულის საცალო ვაჭრობის გიგანტთან თანამშრომლობაზე. სულ ახლახან, მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში, Walmart-მა თავის პორტალზე განათავსა ThredUP-ის მეორადი ტანსაცმლის კოლექციებიც.

ცხადია, ტანსაცმლის ონლაინსივრცეში შეძენა ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული − როგორც მომხმარებლისთვის, ისე მაღაზიისათვის. ადამიანს ყოველთვის უჭირს, ვირტუალურად სწორი ზომისა და ფაქტურის სამოსის შერჩევა, ვინაიდან საერთო სტანდარტი პრაქტიკულად არ არსებობს და ზომები, ბრენდიდან ბრენდამდე, ხანდახან საგრძნობლად განსხვავდება. კორონავირუსის პანდემიამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ონლაინკომერციის არსებითად ახალ საფეხურზე გადასვლა. საცალო გაყიდვების მაღაზიებს დახურვა მოუწია, ხოლო მომხმარებლებს სასურველი ნივთების შესაძენად, ერთადერთი ალტერნატივა, ონლაინვაჭრობა დარჩათ.

Wells Fargo-ს მონაცემით, გასული წლიდან მოყოლებული, ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის კუთხით, Amazon-მა Walmart-ს გაასწრო. მსოფლიოში უმსხვილეს ამ კომერციულ პლატფორმაზე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვების რიცხვმა 2020 წელს 15%-ით იმატა, რაც $41 მილიარდს შეადგენს და Walmart-ის შემოსავალს 20-25%-ით აღემატება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"