You can be on Entrepreneur’s cover!

Amazon-მა Metro Goldwyn Mayer Studio - $8,45 მილიარდად შეიძინა

By არჩილ გელაშვილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TWM.News

რამდენიმე დღის წინ, ვირტუალურ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია Amazon-ის მიერ, ყველასათვის ნაცნობი Metro Goldwyn Mayer Studio-ს შეძენასთან დაკავშირებით. სულ ახლახან, 27 მაისს გამთენიისას, უმსხვილესმა ონლაინგაყიდვის პლატფორმამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე კინოინდუსტრიის გიგანტთან $8,45-მილიარდიანი გარიგება გააფორმა.

ეს შეთანხმება მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია Amazon-ის „სტრიმინგის" განვითარებაში, რაც მას 4000-მდე ახალი ფილმის დამატების საშუალებას მისცემს. ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, დაწყებული ლეგენდარული მრავალსერიიანი ფილმებით − „ბონდიანა" და „როკი", და ისეთი კლასიკური შედევრებით დამთავრებული, როგორებიცაა „ფარგო", „რობოკოპი" და „კრავთა მდუმარება". ასევე, შეთანხმება 17 000-მდე ტელეშოუსა და სერიალის მაუწყებლობის უფლებას მოიცავს. გარიგების დასრულების შემდეგ, Amazon Prime Videos-ზე წვდომა, დროებით უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება, რაც მას ისეთ კონკურენტებთან, როგორებიცაა Netflix, Hulu და HBO Max, დიდ უპირატესობას მიანიჭებს.

როგორც Disney + -ის შემთხვევაში მოხდა, Amazon-ისა და MGM-ს შერწყმა, ეტაპობრივად, კონტრაქტების ვადის ამოწურვასთან ერთად, სხვა სამაუწყებლო სერვერებიდან კომპანიის საკუთრებაში მყოფი კონტენტის ამოშლას გამოიწვევს.

„მოცემული გარიგების მთავარი ფინანსური ღირებულება იმ ინტელექტუალური საკუთრების საგანძურია, რომელსაც კომპანიის კატალოგი მოიცავს. ჩვენ, „MGM სტუდიოს" უნიჭიერეს გუნდთან ერთად, ვგეგმავთ გადავიაზროთ და ახლებურად განვავითაროთ უკვე არსებული კინოპროდუქტი", − განაცხადა Amazon Studios/Prime Videos-ის უფროსმა ვიცეპრეზიდენტმა მაიკ ჰოპკინსმა, – „ვფიქრობთ, ეს პროცესი ამაღელვებელი იქნება და მაყურებლამდე სხვადასხვა საინტერესო თემის ახლებურად მიტანის უამრავ შესაძლებლობას მოგვცემს".

Amazon-მა ასევე განაცხადა, რომ ძველი ფილმების შენახვისა და პროფესიულად აღდგენისათვის ყველა ხერხს მიმართავს. მათივე თქმით, ეს პროექტი ძველისა და ახლის შერწყმის საუკეთესო ნიმუში იქნება.

„ყველანი ვამაყობთ იმით, რომ MGM-ის ლომი, რომელიც უკვე დიდი ხანია ჰოლივუდის ოქროს ხანის სიმბოლოდ იქცა, ლეგენდარული ისტორიის გაგრძელებას შეძლებს, ხოლო იდეა, რომელიც United Artists-ის (ამერიკული კინოკომპანია, რომელიც 1981 წელს Metro Goldwyn Mayer-მა შეიძინა) შექმნის პროცესში ჩაისახა, დღემდე ჩანაფიქრისამებრ განაგრძობს არსებობას. MGM-ის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილებისა და Amazon-ის დაკავშირების შესაძლებლობა, პროდუქტიული კომბინაცია იქნება", − აცხადებს MGM-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, კევინ ულრიხი.

Amazon, საკუთარი სტუდიის საშუალებით, თავის ორიგინალურ კონტენტსაც აქტიურად ავითარებს. ამ სტუდიის ნამუშევარმა − „მანჩესტერი ზღვასთან", საუკეთესო სცენარის ნომინაციაში „ოსკარიც" კი მოიპოვა. ასევე, Amazon-ის კინოპროდუქტების სიას მიეკუთვნება გახმაურებული სერიალი Transparent. კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ ამბიციური და ძვირადღირებული პროექტი წამოიწყო, რომელიც მსოფლიო ბესტსელერის „ბეჭდების მბრძანებლის" მოტივებზე იქნება დაფუძნებული.

21-ე საუკუნე Amazon-ისათვის ფინანსური აღმავლობისა და ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებლების ეპოქაა, რასაც ვერ ვიტყოდით MGM-ზე. 2010 წელს კინოკომპანიამ რამდენჯერმე გაყიდვის შემდეგ, გაკოტრების შესახებ განაცხადა. სტუდიას ჩაუტარდა რეორგანიზაცია და კრედიტორებმა, Metro Goldwyn Mayer-ი პირადი კონტროლისა და მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს.

ეს გარიგება მხოლოდ ნაწილია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მედიასამყაროში აქტიურად მიმდინარე კონსოლიდაციის პროცესისა. Amazon-ისა და MGM-ის მსგავსად, გაერთიანდნენ Disney/Fox, Viacom/CBS და AT&T/Time Warner. ისევე, როგორც სხვა მსხვილი შეთანხმებები, ეს კონკრეტული შემთხვევაც მარეგულირებელი ორგანოების განსაკუთრებული დაკვირვებისა და შესწავლის საგანი გახდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"