"ანტრეპრენერი სუპერგმირია"

ვინ არის ანტრეპრენერი?

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

არსებობს მოსაზრება, რომ „ანტრეპრენერი“ ბიზნესმენის ტრადიციული მნიშვნელობის მოდური სახელწოდებაა. ზოგს მიაჩნია, რომ ანტრეპრენერი მხოლოდ მცირე ბიზნესის ან start-up-სფეროში მომუშავე პიროვნებაა. სხვებისთვის კი ანტრეპრენერი და ანტრეპრენერობა უბრალო ტრენდია, საპნის ბუშტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გასკდეს. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარმოდგენა მცდარია.

Entrepreneur Georgia

ანტრეპრენერი სუპერგმირია.

სუპერგმირი მსოფლიოში ყველაზე რთული სახელით (ქართულადაც რომ ვერ თარგმნი სრულყოფილად), ყველაზე ორდინარული სამოსითა და ყველაზე არაორდინარული სუპერძალით. მას შეუძლია არაფრიდან ყველაფერი შექმნას; წავიდეს უდიდეს რისკზე, რომელსაც სხვები თავს აარიდებდნენ; აღმოაჩინოს ახალი ტერიტორიები; გამოიწვიოს სოციალური ცვლილებები; გამოამჟღავნოს არაამქვეყნიური შრომისმოყვარეობა, გამბედაობა და ენთუზიაზმი; გაჩვენოს პრობლემა, რომელიც შესაძლოა, არც კი იცოდი, რომ არსებობდა და თან მისი გადაჭრის გზებიც შემოგთავაზოს. მისი მთავარი მამოტივირებელი ახლის ძიება და იმის გააზრებაა, რომ ცვლილებაა საჭირო. იგი არც DC-ის სამყაროში ცხოვრობს და არც Marvel-ის. ანტრეპრენერი იმავე სამყაროში ცხოვრობს, რომელშიც ჩვენ. მეტიც − შესაძლოა, ახლა ამ სტატიასაც კი ეცნობა. რაც მთავარია, ის არ არის მარტო − მსოფლიოში მილიონობით ანტრეპრენერი მოიძებნება და ყველა მათგანი სუპერგმირია.

თავისი სუპერძალის წყალობით, ანტრეპრენერი აგვარებს პრობლემებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და საკუთარი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. გარდა ამისა, ანტრეპრენერი ხშირად ინსპირაციის წყაროა მათთვის, ვინც საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს. შესაბამისად, მათი როლი საზოგადოებისათვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს.

ანტრეპრენერია ის ბატონი, შაბათ დილით ცხელ პურს რომ გვახვედრებს ქუჩის კუთხეში მდებარე თონეში. ანტრეპრენერია ის გარემოვაჭრე, ზოგჯერ გადაადგილებას რომ აფერხებს, თუმცა მის არყოფნას მაშინვე რომ მოისაკლისებს ხოლმე მთელი ქუჩა. ანტრეპრენერია ის ქალბატონი, კვირაში ოთხ დილას მაწვნის ქილებით რომ მოივლის ნახევარ ქალაქს. ანტრეპრენერია ის ადამიანიც, მთელი რიგი წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად, ყოველთვე ახალ ხომალდს რომ უშვებს კოსმოსში და არ დანებდება, ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევს. და დიახ, სწორად შენიშნეთ, თითოეული მათგანი სუპერგმირია.

ყველა ანტრეპრენერი სუპერგმირია, მაგრამ ყველა სუპერგმირი როდია ანტრეპრენერი.

სუპერგმირი ანტრეპრენერი პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თანამედროვე ანტრეპრენერისთვის სწრაფი განვითარება და პროცესში შეცდომების დაშვება მუშაობის მთავარი პრინციპია, ყველა მათგანი აცნობიერებს, რომ თითოეული შეცდომა მხოლოდ და მხოლოდ ახალი გაკვეთილის საფუძველი უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს წინსვლის პროცესს. ნამდვილ ანტრეპრენერს ყოველთვის ახსოვს, რომ ანგარიშვალდებულია თავისი გუნდის, მომხმარებლისა და საზოგადოების წინაშე. პირადი და საზოგადო ინტერესების ბალანსი და რეალობასთან ახლოს დარჩენა არის ის, რაც მას მიზნის მიღწევაში ეხმარება. ამ ბალანსის დარღვევამ, გამოუსწორებელი და საშიში შეცდომის დაშვებამ, იგი შესაძლოა ჯერ უბრალო, არაფრით გამორჩეულ სუპერგმირობამდე ჩამოაქვეითოს, ხოლო მოგვიანებით, უარყოფით გმირადაც კი აქციოს.

როგორც ყველა სუპერგმირს, ანტრეპრენერსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ნაკლი, გნებავთ − სისუსტე. მაგალითად, გაუმართლებელი პერფექციონიზმი, უსაფუძვლოდ მაღალი თავდაჯერებულობა, არაჯანსაღი პროკრასტინაცია და სხვა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ამ სისუსტეების არათუ გამოსწორებაა შესაძლებელი, არამედ მათ წარმატებად ქცევის უდიდესი პოტენციალი აქვთ მაშინ, როცა ანტრეპრენერი შესაბამის ეკოსისტემაში მოხვდება (ხშირად მათაც სჭირდებათ ინსპირაცია, რათა მიზნისკენ სვლა განაგრძონ). ზოგიერთი ანტრეპრენერი კი ძალების ისეთ აკუმულირებას ახდენს, რომ საკუთარ ეკოსისტემას თავადვე ქმნის. მოკლედ, საკმაოდ კომპლექსური და მრავალფეროვანი ხალხი გახლავთ ეს ანტრეპრენერები.

ყველა შემთხვევაში, ანტრეპრენერი არის სუპერგმირი, რომელიც მუდმივად სწავლისა და განვითარების პროცესშია, და რომლის გარეშე ნებისმიერი სამყარო არასრულყოფილი იქნებოდა (Marvel-ისა და DC-ის მესვეურთა საყურადღებოდ).

იმედი მაქვს, წარმატებით შევძელი თქვენთვის მეჩვენებინა, ვინ არის ანტრეპრენერი, რა როლს თამაშობს ის თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და როგორ უნდა ამოვიცნოთ იგი ჩვენს ყოველდღიურობაში. ბოლოს კი გეტყვით, რომ თუ სუპერგმირობა დღემდე რჩება თქვენს განუხორციელებელ ოცნებად, უკვე იცით, როგორ უნდა მოიქცეთ.