AVON საქართველოს HR თამარ ბეჟანიშვილი AVON ლიეტუვას, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის ადამიანური რესურსების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართველი მომხმარებლისათვის კარგად ნაცნობი ბრენდი AVON, სილამაზის ინდუსტრიაში არსებობის უკვე 135 წლის ისტორიას ითვლის, საქართველოს ბაზარზე კი, 12 წლის განმავლობაში, არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.

ალექსეი სეროვი

სულ ახლახან, AVON-ის საქართველოს წარმომადგენლობის, HR-ბიზნესპარტნიორი თამარ ბეჟანიშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის HR-ხელმძღვანელად დაინიშნა, რაც უდიდესი წარმატებაა როგორც კომპანიისთვის, ისე ქართული შრომის ბაზრისთვის. აღსანიშნავია, რომ თამარი მუშაობას დისტანციურად შეუდგება, ეს რეალობა და მოქნილობა კი კომპანიაში სწორედ „კოვიდ“-პანდემიამ მოიტანა. ბიზნესპროცესები კიდევ უფრო დაიხვეწა და Avon-ის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობას 70-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი, დისტანციურ რეჟიმში, მოქნილი სამუშაო განრიგით აგრძელებენ.

ეს AVON-ისთვის პირველი შემთხვევა არაა, როცა ქართველმა დაწინაურება ევროპის ქვეყნებში მიიღო და იმის შესახებ, თუ როგორ აღწევენ დასაქმებულები ასეთ წარმატებებს და რას აკეთებს კომპანია მათი კარიერული განვითარებისათვის, Entrepreneur-ს თავად თამარი უამბობს.

„AVON ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომლის განვითარებასა და კარიერულ ზრდას, რაც კომპანიის მუშაობის მრავალ მიმართულებაში გამოიხატება. საკმაოდ დიდი ინვესტიცია ხორციელდება სწავლაში, თანამშრომლებს სხვადასხვა ტრენინგისა თუ კურსის გავლის საშუალებას ვაძლევთ, ასევე რეგიონულ დონეზე ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, უამრავ სემინარსა თუ „ვორქშოპს“ ვატარებთ. ყველა მენეჯერის პირდაპირი მოვალეობაა იზრუნოს თავისი თანამშრომლის კარიერულ წინსვლაზე და მისთვის საინტერესო მიმართულებით განვითარების გეგმის შერჩევაში დაეხმაროს“, − ამბობს თამარ ბეჟანიშვილი.

როგორც თავად თამარი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზარი საკმაოდ პატარაა, კომპანიას უკვე თანამშრომელთა საერთაშორისო დონეზე დაწინაურების ძალიან ბევრი პრეცედენტი ჰქონია. იგი, AVON-ის გუნდს 2015 წლიდან შეუერთდა და ეს მცირე პერიოდი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა, რათა სრულიად სხვა რამდენიმე ქვეყნის HR-ხელმძღვანელობის შეთავაზება მიეღო. თამარი ამბობს, რომ „უდიდესი პატივი იყო, როდესაც ამხელა ნდობა გამომიცხადეს და სრულიად უცხო 4 ქვეყნის: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ფინეთის წარმომადგენლობების HR-განყოფილების მართვა გადმომაბარეს“. AVON-ს, პანდემიამ დისტანციურად მუშაობის დიდი გამოცდილება შესძინა. ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ „საზღვრები გაიხსნა“, ბიზნესპროცესები უფრო მოქნილი გახდა და ახლა უკვე, ნებისმიერ ადამიანს, სრულიად თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დისტანციურად აქტიურად იყოს ჩართული საქმიანობაში, რის მაგალითს, ჩვენი რესპონდენტიც წარმოადგენს.

თამარ ბეჟანიშვილმა გვიამბო, რომ AVON, ზოგადად ყველა პოტენციური, ნიჭიერი თანამშრომლისთვის განვითარების ინდივიდუალურ გეგმას ადგენს, რის შემდეგაც მუდმივად ხდება პროგრესის მონიტორინგი და სასურველ პოზიციაზე დაწინაურების მზადყოფნის დადგენა. როგორც კი კომპანიაში პოზიცია ვაკანტური ხდება და თავის მხრივ, თანამშრომელიც მზადაა ახალი თანამდებობის დასაკავებლად, ავტომატურად ხდება მისი დაწინაურებაც, რადგან მომზადების პროცესის ინტენსივობიდან გამომდინარე, მას უკვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება აქვს დაგროვილი.

რაც შეეხება კომპანია AVON-ის დასაქმების პოლიტიკას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, როგორც თამარი აღნიშნავს, საკმაოდ გამჭვირვალე და მოქნილია. ახალი ვაკანსიის შესახებ, უპირველესად, კომპანიის შიგნით, თანამშრომლებს შორის ცხადდება, რათა აბსოლუტურად ყველა დასაქმებულს, განსხვავებულ პოზიციაზე საკუთარი შესაძლებლობის მოსინჯვის შანსი ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუკი თანამშრომლებს შორის არაა კონკრეტული კვალიფიკაციის მქონე კადრი, კომპანია ღია ვაკანსიასაც აცხადებს და ყველა კანდიდატი, თანაბარ, სამართლიან პირობებში გადის შერჩევის პროცესს. ცხადია, თანამშრომლების აყვანის ეტაპები, პოზიციის სპეციფიკაციიდან გამომდინარე, განსხვავებული და კომპლექსურია.

კომპანიის მხრიდან შეთავაზებული პირობები ყოველთვის კონკურენტუნარიანი და მიმზიდველია. თანამშრომლობის პირველივე დღიდან, კომპანია დასაქმებულისათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნაზე ზრუნავს.

გასული წლიდან დღემდე, კორონავირუსის პანდემიის გამო, უამრავ კომპანიას თავისი სამუშაო პროცესების დისტანციურად გადაწყობა მოუწია და არც AVON აღმოჩნდა გამონაკლისი.

„როდესაც პანდემია დაიწყო, ალბათ კომპანიების პირველ სამეულში ვიყავით, რომელმაც თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაიყვანა. არც გვიფიქრია სხვანაირად ყოფილიყო − უპირველესად, თითოეულის უსაფრთხოება იყო მნიშვნელოვანი. ძალიან მალე გადავეწყვეთ მუშაობის ახალ სტილზე, ისე, რომ არცერთი ბიზნესპროცესი არ შეფერხებულა. თავიდან ცოტა გაგვიჭრიდა, იმის გამო, რომ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ, მუდმივად ერთ სივრცეში ვტრიალებდით და უეცრად დისტანცირებული აღმოვჩნდით, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, სხვა გზა უბრალოდ არ იყო“, − აღნიშნავს თამარ ბეჟანიშვილი.

AVON დღემდე აგრძელებს დისტანციურად მუშაობას და საკმაოდ პროდუქტიულადაც. კომპანიაში, პანდემიამდეც არსებობდა შინიდან მუშაობის გამოცდილება და თანამშრომელს შეეძლო თვის განმავლობაში რამდენიმე დღე ოფისში მოუსვლელად ემუშავა. თამარის თქმით, AVON-ის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე, ოფისში ჯდომა სულაც არ არის აუცილებელი. გუნდის უამრავი წევრი მშვენივრად ართმევს თავს სამუშაოს შინიდან, პარკიდან ან სხვა, მათთვის კომფორტული სივრცეებიდან. ამ დროს ადამიანი მეტად მოქნილი ხდება, არ უწევს დილით და საღამოს საცობებში საათობით დგომა და საკუთარ დროსაც უკეთ ანაწილებს. AVON-ში განიხილავენ, რომ სამომავლოდ, როდესაც ცხოვრება ჩვეულ, პანდემიამდელ რიტმს დაუბრუნდება, თანამშრომლებს შესაძლოა დაუტოვონ შინიდან ან ოფისიდან მუშაობის არჩევანის საშუალება.

კომპანია AVON, ამ დროისთვის Agile-სტრატეგიის ტრანსფორმაციის ეტაპზე იმყოფება. ეს მიდგომა უკვე საკმაოდ აპრობირებულია საერთაშორისო ბაზარზე და კომპანიის თანამშრომლების, საოპერაციო საქმიანობის მთელ სპექტრზე წვდომის გაფართოებისკენაა მიმართული.

„ვინაიდან AVON საერთაშორისო კომპანიაა და სხვადასხვა ქვეყანასთან კონტაქტი მუდმივ რეჟიმში გვიწევს, Agile-სტრატეგია ჩვენამდე ძალიან ორგანულად მოვიდა. თითქმის მუდამ მსგავს სტილში ვმუშაობდით, გახსნილი გვქონდა საზღვრები დეპარტამენტებს, ინსტანციებსა და ქვეყნებს შორის. კონკრეტული პროექტის ლიდერი, შესაძლოა თავისუფლად ყოფილიყო გუნდის დარგობრივი სპეციალისტი, ხოლო მის უშუალო დაქვემდებარებაში − რომელიღაც მიმართულების ხელმძღვანელი. ბევრად საინტერესოა ეს სტრატეგია და ტალანტებს თავის წარმოჩენისა და ახალი, ინოვაციური იდეების შემოტანის უსაზღვრო თავისუფლებას აძლევს“, – Entrepreneur-თან საუბრისას განაცხადა თამარ ბეჟანიშვილმა.

დღესდღეობით, AVON მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით წარმომადგენელს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქტის რეალიზაციითა და მათთან უშუალო კომუნიკაციით არიან დაკავებული. ესაა, ერთგვარად, ნდობაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს პირდაპირ ადამიანთან გვქონდეს კომუნიკაცია და უშუალოდ მომხმარებლისგან მივიღოთ ის მნიშვნელოვანი უკუკავშირი, რაც ბრენდის ცნობადობისა და რეპუტაციის განსავითარებლადაა საჭირო.

საქართველოში კომპანია AVON, 2009 წელს გამოჩნდა. მისმა მრავალწლიანმა საერთაშორისო გამოცდილებამ, პროდუქციის ხარისხმა და მოქნილმა სამუშაო პირობებმა მალევე მიიქცია როგორც მომხმარებლის, ისე დასაქმების მსურველთა ყურადღება. AVON ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი კორპორაციული პოლიტიკითა და თანამშრომლების მიმართ განსაკუთრებული მიდგომებით. კომპანიის ღირებულებები სრულად ადამიანზეა ორიენტირებული და ყველას თანაბარ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობის საშუალებას აძლევს. ამ ყველაფრის ერთობლიობა, თანამშრომლებისათვის თავის გამოჩენისა და პერსპექტიულ პოზიციაზე დაწინაურების შანსს წარმოადგენს.