You can be on Entrepreneur’s cover!

11 საინტერესო ფაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიან ბერნარ არნოს შესახებ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მოწინავე პოზიციებზე მუდმივად ფიგურირებს მოდის ინდუსტრიის მაგნატი, LVMH (Louis Vuitton; Moët; Hennessy) ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, 72 წლის ფრანგი ბიზნესმენი − ბერნარ არნო.

Entrepreneur დაინტერესდა ამ შთამბეჭდავი გამოცდილების მქონე ადამიანის ბიოგრაფიით და გვსურს, შემოგთავაზოთ 11 საინტერესო ფაქტი ბერნარ არნოს შესახებ.

1. მან თავისი ბიზნესსაქმიანობა სამშენებლო სფეროში დაიწყო

1971 წელს, ინჟინრის დიპლომის მიღების შემდეგ, იგი მამამისის სამშენებლო კომპანია Ferret-Savinel-ს ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით, კომპანიას არნოს მონდომებით დეველოპერული მიმართულება მიეცა და Ferinel Inc.-ად გადაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მილიარდერმა იგი დიდი ხნის წინ გაყიდა, კომპანია Nexity-ის სახელით დღემდე წარმატებით ოპერირებს.

2. საფრანგეთში სოციალისტური ძალების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არნო აშშ-ში გაემგზავრა

საფრანგეთის მთავრობაში სოციალისტების მოსვლის შემდეგ, არნომ საოჯახო ბიზნესის გაყიდვა და აშშ-ში გამგზავრება გადაწყვიტა. იმ პერიოდის აშშ-ში მშენებლობის "ბუმი" იდგა და ბერნარი მისთვის კარგად ნაცნობი ბიზნესით დაკავდა. არნომ, დონალდ ტრამპის მსგავსად, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას მიჰყო ხელი. ამერიკაში გატარებული 4 წლის განმავლობაში, მან $20 მილიონი სუფთა მოგების მობილიზება მოახერხა და სამშობლოში დაბრუნდა.

3. მისი აღმასვლა დაიწყო მას შემდეგ, რაც შეიძინა გაბანკროტებული კომპანია, რომელსაც ეკუთვნოდა ბრენდი Dior

1984 წელს, არნომ შეიძინა იმ დროისთვის ფინანსურად არასტაბილური კონგლომერატი Boussac, რომელიც მოდის ინდუსტრიაში საცალო გაყიდვებითა და წარმოებით იყო დაკავებული. მან კომპანიის აქტივების ნაწილი გაყიდა და ყურადღება ბიზნესის ისეთ მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა, როგორებიც იყო: მაღაზიათა ქსელი Le Bon Marche; ბავშვის საფენების მწარმოებელი Peaudouce და მოდის სახლი Dior.

4. არნომ Louis Vuitton-ის აქციების საკონტროლო პაკეტი LVMH-ჯგუფში არსებული უთანხმოების ფონზე შეიძინა

კომპანია Boussac-ის წარმატებული რეორგანიზაციის შემდეგ, არნოს საკმარისი კაპიტალი გამოუჩნდა საიმისოდ, რომ LVMH-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გამხდარიყო. იმ დროისთვის, ამ პრესტიჟული გაერთიანების შემადგენელ ოჯახებს შორის უთანხმოება სუფევდა. Vuitton-ის, Moet-ისა და Hennessy-ის მფლობელებს კომპანიის ერთპიროვნულად მართვის ამბიციები ამოძრავებდათ. როდესაც ასპარეზზე არნო გამოჩნდა, ამ ოჯახებისგან აქციები ცალ-ცალკე გამოისყიდა და LVMH-ის გენერალური დირექტორის პოსტიც დაიკავა.

5. 2018 წელს იგი მოდის ინდუსტრიის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

2018 წლის აპრილში არნოს პირადი ქონება 70,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიის ყოფილი უმდიდრესი წარმომადგენლის, Zara-ს დამფუძნებლისა და $70,1 მილიარდის მფლობელ ამანსიო ორტეგას ჩასანაცვლებლად.

6. ბერნარ არნომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 226 მილიონი დოლარი შესწირა

მსოფლიოს ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და ყველასთვის კარგად ნაცნობი ღირსშესანიშნაობა − პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, 2019 წლის აპრილში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან სულ მალე, ბერნარ არნომ და მისმა LVMH-მ, ისტორიული ძეგლის აღსადგენად 226 მილიონი დოლარი გამოყო.

7. იგი ცნობილია, როგორც "ქაშმირის მგელი"

არნოს საქმიან წრეებში საკმაოდ დაუნდობელი და მკაცრი ადამიანის იმიჯი აქვს, რასაც იგი თავად არ აღიარებს და თავს მორიდებულ ჯენტლმენად მიიჩნევს.

8. არნო ფერწერის დიდი მოყვარულია და მის კოლექციაში ბასკიის, ჰერსტის, უორჰოლისა და პიკასოს ნამუშევრებია წარმოდგენილი

Louis Vuitton-ის ფონდის სამხატვრო გალერეისა და კულტურული ცენტრის საცავებში, არნოსა და მისი მეუღლის, პიანისტ ელენ მერსიეს პირადი კოლექციის უდიდესი ნაწილი ინახება. აღსანიშნავია, რომ წყვილი ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აუქციონებსა და გამოფენა-გაყიდვებში. მათი ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო, კლოდ მონეს ნამუშევარი − "ჩარინგ-კროსის ხიდი".

9. იგი ნიჭიერი პიანისტია

არნოს, ფორტეპიანოს განხრით, კლასიკური მუსიკალური განათლება აქვს მიღებული. თავის დროზე, ეს ცოდნა და უნარი მას ახლანდელი ცოლის, პიანისტ ელენ მერსიეს მონუსხვაში დაეხმარა. ბერნარის საყვარელი კომპოზიტორია შოპენი, რომლის ექვსი ეტიუდი ზეპირადაც კი იცის.

10. არნო ჩოგბურთის გულმხურვალე თაყვანისმცემელია

თავისი, არცთუ მცირე ასაკის (72 წელი) კვალობაზე, სწორედ სპორტის საშუალებით, არნო იდეალურ ფიზიკურ ფორმასა და კონდიციას ინარჩუნებს. ასევე, იგი ხშირად სტუმრობს სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირს მსოფლიო მასშტაბით. მისი საჩოგბურთო კერპი ლეგენდარული როჯერ ფედერერია, რომელთანაც არნოს სეტიც კი აქვს ნათამაშები და როგორც მოსალოდნელი იყო, 6:0 ანგარიშით დამარცხდა.

11. იგი ფლობს კერძო კუნძულს ბაჰამის არქიპელაგზე

54,6 ჰექტარი ფართობის მქონე კუნძული ინდიგო, ბაჰამის არქიპელაგის შემადგენლობაშია და არნოს ერთ-ერთ ტროპიკულ "აგარაკადაა" მიჩნეული. კუნძულზე ვიზიტორთა შესვლა აკრძალულია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლებელია მისი ქირაობა, რაც მსურველს კვირაში $300 000 დაუჯდება. ამბობენ, რომ ჯონი დეპი და ტაილერ პერი, "საიდუმლო კლიენტის" ამპლუაში, კუნძულ ინდიგოს ხშირად სტუმრობენ.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia