მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს

მოდის ბრენდი, რომელიც თანამედროვე ქართულ შემოქმედებით ტალანტს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს
ფოტო: ევროკავშირი

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აღმაშენებლის გამზირზე მოხვედრისას უსათუოდ მიხვდებით, თუ რატომ უხდება ეს სამეზობლო „სიტუაციონისტის“ სახელოსნოს. თბილისის ამ ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ უბანში სახლი დაიდო სხვადასხვა ისტორიულმა, კულტურულმა თუ შემოქმედებითმა დაწესებულებამ. ქართული მოდის ახალგაზრდა ბრენდის შთაგონების წყაროც ქვეყნის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა, ავანგარდული ხელოვნება და ახალი ტალღის ქართველ შემოქმედებთან კოლაბორაციაა. „სიტუაციონისტის“ შემოდგომა/ზამთრის 2021-22 წლის კოლექციის შეფასების შესაძლებლობა მოდის საერთაშორისო მიმდევრებს 2 მარტს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მიეცათ.

„სიტუაციონისტი“ ახლად დაფუძნებული ქართული მოდისა და ტანსაცმლის ასოციაციის (Georgian Fashion and Apparel Association – GAFA) წევრია. ეს ბიზნეს კლასტერი GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტის – „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის (EU4Business ინიციატივის ქვეშ) და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტი გასული წლიდან ხელს უწყობს Situationist-ის მონაწილეობას პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში და ბრენდს ონლაინ პლატფორმაზე პრეზენტაციისთვის საჭირო ვიზუალური მასალის მომზადებაში ეხმარება.

სამოსი, რომელიც ხასიათისთვის იქმნება
„სიტუაციონისტი“ 2015 წელს, ირაკლი რუსაძისა და დავით გიორგაძის კოლაბორაციით დაიწყო. ირაკლი, თვითნასწავლი დიზაინერი და ბრენდის კრეატიული დირექტორია. დავითი კი, როგორც მხატვარი და მოდის ფოტოგრაფი, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე ზრუნავს. ბრენდის კონცეფცია ხასითზე მორგებული სამოსის შექმნას ეფუძნება. ეს სამოსი ყველასთვის არის და ის ყველგან შეიძლება ჩაიცვა. „სიტუაციონისტისთვის“ იყო ტრენდული არ არის საკმარისი, სამოსი გარკვეული იდეის მატარებელიც უნდა იყოს.

„სიტუაციონისტის“ სამოსის განსაკუთრებულობა თავად მისი შექმნის პროცესშია – თითოეული მოდელი იჭრება და იკერება ერთი მკერავის მიერ. ამ ფორმით ირაკლი თავისი გუნდის წევრების პროფესიულ წახალისებას უზრუნველყოფს.

„ერთი კონკრეტული სახელი და გვარი ვერ განსაზღვრავს მთელი ბრენდის მუშაობის პროცესს. ჩვენი პროდუქცია გუნდური მუშაობის შედეგია. დიზაინერს არაფრის გაკეთება შეუძლია გამოცდილი გუნდის გარეშე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ტანსაცმლის თითოეული მოდელი შეიკეროს ერთი და იმავე ადამიანის მიერ. ეს საშუალებას აძლევს ჩვენი გუნდის წევრებს განავითარონ მრავალი უნარი და მთლიანად შექმნან სამოსი – თავად გამოჭრან და შეკერონ.” – აღნიშნავს ირაკლი.

თითოეული მკერავის შრომის აღიარების ნიშნად, მათი სახელი შემდგომ მათ მიერ შეკერილი სამოსის სპეციალურ იარლიყზე დაიტანება.

2016 წელს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულში მონაწილეობამ „სიტუაციონისტი“ საერთაშორისო მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოაქცია. ის პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც მილანის Camera Moda–სა და პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ ნაწილში მიიღო მონაწილეობა. პარიზში კი, წელს უკვე მესამედ, წარსდგა თავისი კოლექციით, რომელსაც მოდის წამყვან საერთაშორისო მედია გამოცემებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა და მას მოწინავე ახალ ქართულ ბრენდადაც მოიხსენიებენ. ბრენდის კოლექციებს მოდის საერთაშორისო მიმომხილველები აფასებენ, როგორც მინიმალისტურს, დახვეწილსა და ავანგარდულს.

მუშაობა პანდემიის პერიოდში
COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე ირაკლი და მისი გუნდი წუხდნენ იმ შესაძლო უარყოფით გავლენაზე, რასაც კრიზისი მათ საქმიანობაზე იქონიებდა. ბრენდი მაღალი რისკების წინაშე დადგა, თუმცა საბედნიეროდ, ზოგიერთი კოლეგა დიზაინერისგან განსხვავებით, ვისაც პრობლემები გაუჩნდა, „სიტუაციონისტმა“ მოახერხა 22 თანამშრომლისგან შემდგარი პერსონალის შენარჩუნება და უწყვეტი წარმოების პროცესის უზრუნველყოფა. კომპანია მთავარი გამოწვევის წინაშე გასული წლის დეკემბერში დადგა, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების მეორე ეტაპი (ლოქდაუნი) გამოცხადდა. სწორედ ამ დროს კომპანიას კლიენტებისთვის შეკვეთების მიწოდება უწევდა. „კლასტერები განვითარებისთვის“ პროექტმა „სიტუაციონისტისა“ და GAFA–ს სხვა წევრი მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება მოახდინა და ორი თვის განმავლობაში მათი თანამშრომლების ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვა უზრუნველყო. ეს დახმარება ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თითოეული ამ კომპანიისთვის, რომელთა რესურსებიც კორონავირუსის კრიზისის გამო შეიზღუდა.

„სიტუაციონისტის“ გაყიდვები 2020 წელს 34%–ით გაიზარდა, კერძოდ, 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც ასევე წარმოდგენილი იყო პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში. ამ ჩვენების შემდეგ ბრენდმა სამ ახალ კომერციულ პარტნიორთან დაამყარა თანამშრომლობა. „სიტუაციონისტი“ ამჟამად ათეულობით წამყვანი საერთაშორისო საცალო და ონლაინ მაღაზიის საშუალებით ყიდის პროდუქციას, რომელთა შორისაა NET-A-PORTER, ISETAN, LLOOMM, CASIMIR. პარიზის წლევანდელი წარმატებული ჩვენების შემდეგ ბრენდი საერთაშორისო კავშირების გაფართოებას იმედოვნებს.

მდგრადი წარმოება ბრენდის საფუძვლად
ბრენდი ამაყობს იმით, რომ სამოსს მაღალი ხარისხის ბუნებრივი ქსოვილების გამოყენებითა და უმაღლესი პროფესიული სტანდარტით ქმნის. ირაკლი პერსონალურად ჩართულია წარმოების პროცესის ყოველ ნაწილში და საკუთარი ხელით კეცავს და ფუთავს მზა სამოსს. ბრენდი მომავალში წარმოების გაფართოებასაც იმედოვნებს, თუმცა ყოველთვის დარჩება მისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხისა და ექსკლუზიურობის ერთგული.

რაც მთავარია, კომპანია მდგრადი ტანსაცმლის წარმოების პრინციპების მიმდევარია და უნარჩენო წარმოებაზეა ორიეტირებული. ეს მნიშვნელოვან ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, მაგრამ პროცესები ისეა დაგეგმილი, რომ წარმოების თითოეული ეტაპი ფრთხილი გათვლებით მიმდინარეობს და გამოყენებული ქსოვილებისა და მასალების ნარჩენების ოდენობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი.

„სიტუაციონისტი“ GAFA–ს წევრობაში ბრენდის ცნობადობის ამაღლებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობას ხედავს. აღსანიშნავია, რომ GAFA მართვის პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო ცოდნაზე, მ.შ. ტრენინგებზე წვდომას უზრუნველყოფს. პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ გეგმავს GAFA–ს ცალკეული წევრების საჭიროებების განსაზღვრას და შემდგომში შესაბამისი მხარდაჭერის გაწევას. GAFA ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობისთვის. ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც „სიტუაციონისტის“ გუნდს კლასტერში იზიდავს.

„„სიტუაციონისტი“ გუნდური მუშაობის პროდუქტია და მას კოლაბორაცია, პარტნიორობა ამოძრავებს. GAFA კი, თავის მხრივ, კარგ ფორმატს გვთავაზობს მოდის ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებთან დასაკავშირებლად, იდეების გაცვლა-გამოცვლისა და თანამშრომლობისთვის.” – აღნიშნავს ირაკლი.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია (GAFA) ამჟამად 24 წევრს აერთიანებს, რომელთა შორისაა ტექსტილის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, ტანსაცმლის ფაბრიკები და ატელიები. კლასტერის წევრების მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1000-ზე მეტია. GAFA პოზიციონირებს, როგორც ბიზნესს კლასტერი, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი ტანსაცმლისა და ქსოვილების წარმოებას. სხვა მიმართულებებთან ერთად, პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ მხარს უჭერს GAFA- ს წევრების მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში, ონლაინ შოურუმებსა და მოდის ჩვენებებში.

პროექტი: კლასტერები განვითარებისთვის – უკეთ განვითარებული ბიზნესი საქართველოში

Latest on Entrepreneur