📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

"ბილაინის" ციფრული ეკოსისტემა "ჩვენი მიდგომა როგორც არსებული სატელეკომუნიკაციო სერვისების გაციფრულებას, ასევე არასატელეკომუნიკაციო მიმართულებისა და ციფრული სერვისების განვითარებას გულისხმობს."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ქართულ ტელეკომ-სივრცეში „ბილაინი" უკვე 14 წელია ოპერირებს და 1.3 მილიონ ადამიანსა და უამრავ ორგანიზაციას ერთმანეთთან მარტივ კომუნიკაციაში ეხმარება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, Entrepreneur-ი არაერთხელ გამოეხმაურა „ბილაინის" დროულ პასუხებს არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში. კერძოდ, თუ როგორ უმკლავდებოდა კომპანია ყველასთვის შეცვლილ რეალობას და თანმხლებ სირთულეებს. ახლა კი, „ბილაინს" ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და განახლებული ძალებითა და ხედვით აგრძელებს განვითარებას. პანდემია არსად წასულა, თუმცა კომპანიამ არაერთი სიახლის შემუშავება, დანერგვა და განვითარება მოახერხა. ამ ყველაფერს თავში ახლა უკვე ლაშა ტაბიძე უდგას, რომელიც კომპანიაში ერთგვარი ინტრაპრენერია და სანამ ამ პოზიციაზე გადაინაცვლებდა, რამდენიმე ორგანიზაციული საფეხური გაიარა. გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნამდე, ის კომპანიაში 3 წლის განმავლობაში ბიზნესოპერაციების დირექტორის პოზიციაზე, მანამდე კი კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. სატელეკომუნიკაციო სფეროში ჯამში 10-წლიანი გამოცდილება აქვს, კერძო სექტორში კი გაცილებით მეტი, რომელიც ახლა უკვე მმართველ პოზიციაზე აკუმულირდება და კომპანიას სწორ ნავიგაციაში ეხმარება.

Entrepeneur-თან საუბრისას, ლაშა გასულ წელს, გადალახულ გამოწვევებს, საკუთარ ხედვებსა და სტრატეგიულ მიზან-გეგმებს აჯამებს:

„2020 თავისთავად გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა, თუმცა როგორც კი ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენ სიტუაცია და საკუთარი მოლოდინი დროულად შევაფასეთ. ასეთ გამოწვევებს, როგორც წესი, აუცილებლად ახლავს მოკლე ბიზნესშოკები ნებისმიერ ინდუსტრიაში. მათ შორის ტელეკომ-მიმართულებით, რომელიც ადამიანებს შორის სწრაფ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასეთ დროს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ერთმანეთთან ურთიერთობა. ჩვენი სფეროს შემთხვევა შემდეგია: შემცირდა მობილობა და შესაბამისად, გაიზარდა ვირტუალურ კავშირზე მოთხოვნა. თუმცა, ლოქდაუნის პერიოდში გაიზარდა ფიქსირებული ინტერნეტის მოხმარება და დატვირთვა WiFi-ზე გადავიდა. ჩვენს სექტორზე ასევე აისახა ტურიზმის დაღმასვლა. ისევე, როგორც სხვა ბიზნესსექტორების, ჩვენი საქმიანობაც გარკვეულწილად დამოკიდებულია ამ სფეროზე. 2019 წელს დაახლოებით 9 მილიონამდე ტურისტი იყო ქვეყანაში შემოსული. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა რიცხვებზეა საუბარი... ჩვენ ამას შემომავალ როუმინგს ვუწოდებთ, რომლის ოდენობა მთლიანად განულდა. ასევე, განულებულია გამავალი ე.წ Outbound-როუმინგი. ქართველი მომხმარებელი, რომელიც საზღვარგარეთ მოგზაურობდა, იყენებდა „ბილაინის" მარტივად გამოსაყენებელ ინტერნეტროუმინგს. ძირითადი შოკისმომგვრელი სწრაფი ვარდნა ეს იყო, რომელიც დაფიქსირდა დაახლოებით მარტის თვიდან და რამდენიმე თვე გაგრძელდა. თუმცა, აღმავალი ნაწილიც მოჰყვა და პოზიტიური დინამიკაც დავინახეთ. ყველა პრობლემური სიტუაცია ყოველთვის როგორც ვარდნას, ასევე ზრდის შესაძლებლობებს ქმნის. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში ეს ციფრული სერვისების მოხმარების ზრდა აღმოჩნდა", − გვიყვება ლაშა ტაბიძე.

„ბილაინში" ციფრული სტრატეგია 2015 წლიდან არსებობს, რომელიც ბოლო დროს დიდი ორგანიზაციული ძალისხმევის შედეგად, უფრო მეტად განვითარდა. თემატური აპლიკაციები, ჩეთბოტი, ახალი ციფრული პროდუქტები და დახვეწილი ციფრული არხები ამ წლების განმავლობაში კომპანიამ თანმიმდევრულად შემოგვთავაზა. მათი მოხმარების დინამიკამ და საჭიროებამ კი საყოველთაო ჩაკეტილობის დროს საგრძნობლად მოიმატა, რადგან ადამიანები ციფრული სერვისების მზარდ მოხმარებაზე მასობრივად გადავიდნენ. მოთხოვნებისა და საჭიროებების საპასუხოდ კი, „ბილაინი" კარგად მომზადებული აღმოჩნდა. გარდა ამისა, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ „საქართველოს ფოსტასთან" ერთად სიმ-ბარათების გაყიდვის გზაც მოძებნა და ამ პროდუქტზე წვდომა გაზარდა. მანამდე კი, საგანგებო სიმ-მანქანები რეგიონებს ხშირად სტუმრობდა და ჩვენი თანამშრომლები მსურველებს ქსელში ჩასართავად აქტიურად ეხმარებოდნენ. რეალურად, კომპანიამ ციფრული ინსტრუმენტებისა და გაყიდვების ახალი არხებიც თავად შექმნა.

გარდა ამისა, ახალი გენერალური დირექტორის ხედვით, უმთავრესი მაინც „ბილაინის" ერთიანი, ციფრული მიმართულებით მძლავრი განვითარებაა, რომელიც თავის მხრივ, ორ ქვემიმართულებად იყოფა.

„ჩვენი მიდგომა როგორც არსებული სატელეკომუნიკაციო სერვისების გაციფრულებას, ასევე არასატელეკომუნიკაციო მიმართულებისა და ციფრული სერვისების განვითარებას გულისხმობს. ამჟამად, კომპანია ფოკუსირებულია, რომ არსებული სერვისები იყოს სრულად გაციფრულებული, ხოლო მათი მიღება − კიდევ უფრო კომფორტული. ვთანამშრომლობთ ისეთი სახის აპლიკაციებთან, როგორიცაა ენის შემსწავლელი, მუსიკის, სთრიმინგისა და გეიმინგის მიმართულებები. პარტნიორები გვყავს როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. ამგვარად, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვქმნით კომფორტულ გადაწყვეტებს, რომლებიც მათთვის, სასურველთან ერთად, დამატებითი ღირებულების მომტანიც იქნება", − გვიხსნის ლაშა ტაბიძე.

შემეცნებითი პროექტების მხარდაჭერასთან ერთად, აქ სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაზე ზრუნვაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ სისტემის პოზიტიური დინამიკა და ქართული სტარტაპების საერთაშორისო EXIT-ები, იმედისმომცემ და მასტიმულირებელ გარემოებებს ქმნის, რომლის კიდევ უფრო გაძლიერებასა და განვითარებაშიც საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს „ბილაინს". ფინანსურ მხარესთან ერთად, ის სტარტაპების პოპულარიზაციასა და მათი პროდუქტის დიდი აუდიტორიისთვის გაცნობაზეც სათანადოდ ზრუნავს, რაც ახალბედა ბიზნესაქტორებისთვის საკუთარი ძალისხმევით საკმაოდ რთულია.

„აქტიურად ვპარტნიორობთ ადგილობრივ სტარტაპებთან და ვეწევით მათ პოპულარიზაციას. არის შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ფინანსურად ვუდგებით გვერდით. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ჩვენ მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული ჰაკათონი გეიმინგის მიმართულებით. მასში გამარჯვებული BTU-ს ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი თამაში, ჩვენს გეიმინგ-პლატფორმაში ჩავსვით და დიდ აუდიტორიას წარვუდგინეთ. სტარტაპების ამგვარი მხარდაჭერისთვის, ჩვენი მარკეტინგული რესურსი გამოიყოფა. გვქონია სტარტაპებთან ისეთი ურთიერთობაც, როდესაც დავიჯერეთ მათი პროდუქტის და მასში ჩვენი რესურსი დავაბანდეთ", − ლაშა ტაბიძე.

როგორც „ბილაინის" გენერალური დირექტორი გვიხსნის, ასეთ შემთხვევაში, სტარტაპს ჩანაფიქრის პროტოტიპი უნდა ჰქონდეს, რომელსაც „ბილაინის" გუნდი საგანგებოდ აფასებს. იწყება ერთგვარი ექსპერტული თანამშრომლობა განვითარებისთვის და განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პროდუქტი. ჰაკათონების შემთხვევაში კი, გამარჯვებულთან პირდაპირი ბიზნესურთიერთობა იწყება. ლაშა ტაბიძე აღნიშნავს, რომ დიდი კომპანიებისთვის სტარტაპებთან ურთიერთობა მათი დეენემის გამოცოცხლებას განაპირობებს და ორმხრივად სასარგებლო პროცესია.

„რაც უფრო დიდი ხდება და იზრდება კომპანია, მით მეტი ფიქსირებული ელემენტი შემოდის და გამოცდილებაც გროვდება. სტარტაპებთან ურთერთობისას, მათ ვუზიარებთ, თუ როგორ უნდა გათვალონ სხვადასხვა ფაქტორი: შემოსავლები, რისკ-ფაქტორები, ადამიანური რესურსი და ა.შ. ჩვენც მათგან არაერთ სიახლეს ვსწავლობთ. მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი, დიდი კომპანია ჩაერთვება სტარტაპების მხარდაჭერაში, მით სწრაფად განვითარდება სტარტაპ-ეკოსისტემა საქართველოში და გაცილებით სწრაფად გამოვა ბევრი ახალი პროდუქტი ბაზარზე, რომელიც შესაძლოა ქვეყნის ფარგლებსაც გასცდეს. ჩვენი კომპანია დიდი საერთაშორისო ჯგუფის წევრია და თუ ჩვენ მიერ მოწონებულ სტარტაპზეა საუბარი, მას კარგი შესაძლებლობა აქვს, „ბილაინის" ხელშეწყობით არაერთ ქვეყანაში გაიტანოს პროდუქტი", − ლაშა ტაბიძე.

ტელეკომ-სექტორისა და ზოგადად, ქვეყნისთვის ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, გარკვეული დადებითი ცვლილებები იგრძნობა. ამას ხელს უწყობს როგორც ქვეყანაში მობილობის ზრდა და შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება, ასევე ტურისტული ნაკადების შემოდინება და ბიზნესის გამოცოცხლება. ამიტომ, ფინანსური კუთხით, ლაშა ტაბიძე 2021 წლის პირველ ნახევარს პოზიტიურად აფასებს. ცხადია, გამოწვევების წინაშე მთელი ბიზნესსაზოგადოება დგას, თუმცა მისი აზრით, მზარდი დინამიკა მაინც მოსალოდნელია.

„გარკვეული გამოწვევები მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც არსებობს. შეიცვალა დემოგრაფიული მდგომარეობა, ქცევა და ცხოვრების წესი. დღეს უკვე ბევრი სრულიად ონლაინ მუშაობს. აქამდე თუ თითქმის ყველაფერი დიდ ქალაქებში იყო თავმოყრილი და მოხმარებაც მეტწილად სწორედ იქ ხდებოდა, ახლა უკვე ფოკუსი იცვლება. მსგავსი ცვლილებები კი მოითხოვს სწრაფ რეაგირებას უშუალოდ სერვისების მიწოდების კუთხით. ვგულისხმობ ქსელის განვითარებასა და მოდერნიზებას. ხშირად ვამბობ, რომ მობილური ოპერატორის ქსელი მუდმივად ცვალებადია და აქ ერთი და იგივე არასდროს ხდება".

მსოფლიოს ახალ დღის წესრიგთან და გეოგრაფიულ რეალობასთან მორგება მართლაც ახალი გამოწვევაა. შესაბამისად, „ბილაინი" ქსელის სწრაფი ადაპტაციისთვის ძალისხმევას არ ზოგავს და ამ მხრივ, წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს. პარალელურად, ციფრული პროდუქტების შექმნასა და განვითარებაზეც ზრუნავს.

„დღეს ის დრო აღარ არის, როცა კომპანიისთვის ერთი ვებგვერდი იყო საკმარისი და კლიენტებიც მხოლოდ მაღაზიაში უნდა მიგეღო. ტელეკომს მთელ მსოფლიოში ახალი რეალობა უდგას. დღეს ამ ინდუსტრიის ყველა განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია ცდილობს, საკუთარი პროდუქტებით შექმნას ერთგვარი ციფრული ეკოსისტემა და მომხმარებელს მიაწოდოს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება, თანაც, ვიდრე ამ საჭიროებას მომხმარებელი თავად დაინახავს", − ამბობს ლაშა ტაბიძე.

მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვასთან ერთად, „ბილაინი" თანამშრომლებზეც არანაკლებ ზრუნავს და მათ სამუშაო ადგილის არჩევის სრულ თავისუფლებას სთავაზობს. აქ თანამშრომლებთან ურთიერთობა ამოსავალი წერტილია, რადგან კარგად ესმით, რომ შიდა ორგანიზაციული ჰარმონიისა და კმაყოფილების გარეშე, გარე ვექტორზე წარმატება არ არსებობს. რეალურად, კომპანია დისტანციური მუშაობის დასაწყებად საკმაოდ მომზადებული აღმოჩნდა, რადგან ეს კულტურა მისი ნაწილი ისედაც იყო. წინასწარი მზადყოფნის შედეგად კი, სრულად ონლაინ გასვლა მთელმა გუნდმა (მათ შორის, სატელეფონო ცენტრმა), სულ რაღაც 5 დღეში შეძლო.

ამ ყველაფერთან ერთად, „ბილაინი" CSR-აქტივობებსაც არ აკლებს ყურადღებას და ქვეყანაში განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვაში საკუთარი კონტრიბუცია შეაქვს. სულ მალე, Educare Georgia-სთან თანამშრომლობით, ქართულ ენაზე ნათარგმნი ელექტრონული ინჟინერიისა და კოსმოლოგიის კურსები ჩაეშვება.

„ამ ქვეყანაში არის საკმარისი ნიჭი და რესურსი. გვინდა ამ ყველაფრის სწორად ამუშავებას შევუწყოთ ხელი. CSR-ის ფარგლებში, იმ მიმართულებებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც სულ უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან მიმართებაში. სტარტაპებისადმი არა მხოლოდ ბიზნესური მიდგომა გვაქვს, არამედ მათ განათლებასაც ვუწყობთ ხელს. ჩვენ ორჯერ ვიყავით NASA Space APP Challenge-ის ადგილობრივი კონკურსის სპონსორები და მხარდაჭერას კვლავაც ვაპირებთ. აღსანიშნავია, რომ ქართველები NASA-ს გლობალურ კონკურსზე ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებენ", − ამბობს „ბილაინის" გენერალური დირექტორი.

ამ საქმიანობებისა და ღირებულებების კომბინირებით კი, „ბილაინი" მომხმარებლებსა და საკუთარ განვითარებაზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს. მისი სტრატეგია არაერთი კომპონენტისგან შედგება, თუმცა მათ შორის სამი მაინც მთავარია:

  • შესაძლებლობების შექმნა, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება სმარტფონების მეშვეობით უმარტივესად მოაგვარონ ყოველდღიური, შემეცნებითი, გასართობი თუ სამუშაოსთან დაკავშირებული საჭიროებები.
  • ერთგვარი გიდის ფუნქციის შეთავსება უკიდეგანო ციფრულ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ახალი აპლიკაცია და გადაწყვეტა ჩნდება.
  • ერთგული აბონენტების გვერდით დგომა იმისათვის, რომ მათ მომგებიანი და მათთვის ღირებული არჩევანის გაკეთება ყოველთვის შეძლონ.

„სწორედ ამ სამი კომპონენტის შეკვრით ვცდილობთ, ჩვენი მომხმარებლები მუდმივად კმაყოფილი გვყავდეს. ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი იქნება მზარდი და მზად ახალი ინვესტიციებისთვის, რაც ყველასთვის უფრო მეტი საინტერესო სიახლისა და ღირებულების შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს", − ლაშა ტაბიძე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან