You can be on Entrepreneur’s cover!

ახალგაზრდა გამომგონებლების ახლანდელი ცხოვრება გაიგეთ რა გეგმები აქვთ სენაკელ ახალგაზრდებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

2017 წლის 27 თებერვალს 5-მა მეგობარმა: გვანცა ჩიქოვანმა, ნათია შამათავამ, ლიკა კოკაიამ, დეა ჩიტაიამ და ალექსი ტყებუჩავამ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს და ჯილდოდ „ნასას" კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს. მათ გეოლოგებთან კონსულტაციის დახმარებით, შექმნეს ხელსაწყო, რომელიც ზომავს მიწის ქანების მოძრაობას, პროგნოზირებს მეწყერს და ინფორმაციას SMS-ის სახით აწვდის რეგისტრირებულ მოსახლეობას. დღეს ეს ხელსაწყო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოს ტერიტორიაზეა დამონტაჟებული, თავად იდეა კი 2016 წელს სკოლის წინ ჩამოწოლილი მეწყრიდან წამოვიდა, როცა ბავშვებისთვის შეუძლებელი გახდა სკოლის წინა შესასვლელით სარგებლობა.

წელს ამ ახალგაზრდა გამომგონებლებმა სკოლა დაამთავრეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. საინტერესოა მათი სამომავლო გეგმები და ის, თუ როგორ აპირებენ „ნასაში" მიღებული გამოცდილების გამოყენებას.

გვანცა ჩიქოვანი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი ბოლო ზარის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. გვანცას სილამაზემ არაერთი მოწონება დაიმსახურა. როგორც გვანცა Entrepreneur-თან საუბარში ამბობს, ის ახლა თავიდან ბოლომდე ეროვნულ გამოცდებზეა კონცენტრირებული.

„ნასაში" ვიზიტის გარდა, გვანცას სხვა კიდევ ბევრი წარმატება ჰქონდა. მაგალითად, ის იმყოფებოდა ფინეთში, ეკოლოგიურ სამიტზე, სადაც განხილული იყო ეკოლოგიური თემები: გლობალური დათბობა და ის პრობლემები, რომლებიც მსოფლიოს აწუხებს. გვანცა და მისი მეგობრები არაერთი ადამიანის მოტივატორები გამხდარან: „სტემის კუთხით, სკოლის შიგნით გვქონდა პატარ-პატარა პროექტები, მაგრამ კონკურსზე არ გაგვიტანია. ჩვენ შემდეგ ბევრმა ჩვენმა მეგობარმა თუ სკოლელმა მიიღო სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა და დამსახურებული პირველი ადგილებიც მოიპოვეს". გვანცამ პროფესიად ბიზნესადმინისტრირება აირჩია და სამომავლო გეგმებზე საუბრისას იმედოვნებს, რომ თავის ინტერესებსა და პროფესიას ერთმანეთთან დააკავშირებს.

დეა ჩიტაიამ სამომავლო პროფესიად ჯანდაცვა აირჩია. ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკას აბარებს, რაზეც გავლენა სტემმა და წინარე გამოცდილებამ იქონია.

„ნასაში" გამგზავრებას დეა ძალიან ბედნიერად იხსენებს, რადგან როგორც აღმოჩნდა, მისი ბავშვობის ოცნება აშშ-ში ვიზიტი იყო: „ამ პროექტმა მომცა შესაძლებლობები, რომლებიც ფასდაუდებელია. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო აშშ-ში გამგზავრება და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 13 წლის ასაკში ამას მივაღწევდი, ეს ყველაფერი კი ჩვენი, სკოლისა და მენტორების დაუღალავი შრომის შედეგია. პროექტის შემდეგ, უამრავ ადამიანთან გვიწევდა შეხვედრა და საუბარი. შესაბამისად, უფრო კომუნიკაბელურები და თავდაჯერებულები გავხდით. საზოგადოების ყველა ასაკის წარმომადგენელს ვუზიარებდით ჩვენს ცოდნასა და გამოცდილებას".

საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი სტუდენტი − ლიკა კოკაია, ძალიან დადებითად იხსენებს „ნასაში" მიღებულ გამოცდილებას.

ლიკა ამაყობს ფაქტით, რომ ის და მისი მეგობრები სხვა მოსწავლეების ინსპირაციის წყარო და მოტივატორები აღმოჩნდნენ: „ჩვენი გამარჯვებით ყველაფერი არ დამთავრებულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ეროვნულ გამოცდებზე ვართ გადართულნი, ახალ იდეებზე უმცროსკლასელები მუშაობენ, რაც ძალიან საამაყოა. ჩვენ მათ „ნასაში" მიღებული გამოცდილებები გავუზიარეთ". ლიკას არ სურს ფართო აუდიტორიასთან სამომავლო გეგმებზე საუბარი, მაგრამ მიაჩნია, რომ შეუძლებელი არაფერია, ჯერჯერობით კი სასურველ უნივერსიტეტში მოხვედრას ისახავს მიზნად.

ნათია შამათავა და ალექსი ტყებუჩავა ის ახალგაზრდა გამომგონებლები არიან, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ბოლომდე მიჰყვებიან და კომპიუტერული მეცნიერებების მომავალი სტუდენტები იქნებიან. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა სწორედ 13 წლის ასაკში „ნასაში" მოგზაურობამ იქონია: „ამ პროექტმა მეტი შესაძლებლობები მომცა, დამაკავშირა უამრავ ადამიანთან, რომლებთან ურთიერთობაც ერთი დიდი ბედნიერებაა. რაც მთავარია, გამიღვივა სურვილი, ვიყო გამომგონებელი და არა მხოლოდ მომხმარებელი".

ნათიას ახალი იდეებიც აქვს, რომლის განხორციელებას სამომავლოდ აპირებს: „მსოფლიო ტექნოლოგიებზე დგას. დღეს წარმოუდგენელია მათ გარეშე არსებობა. შესაბამისად, ეს პროფესია საჭირო და მოთხოვნადია. ამჟამად, აბიტურიენტი ვარ და რა თქმა უნდა, მაქვს ახალი იდეები, რომლებსაც აუცილებლად განვახორციელებ".

გვანცას, ლიკას, დეას, ნათიასა და ალექსის პედაგოგი მანანა გრიგოლავა დადებითად ახასიათებს და ამაყობს იმ ფაქტით, რომ სწორედ მისი აღზრდილები გახდნენ პირველი ქართველი მოსწავლეები, რომლებიც „ნასას" კოსმოსური ცენტრს ესტუმრნენ: „ისინი გამორჩეულები არიან მიზანდასახულობით, გონიერებით, კარგად სწავლობენ. რაც მთავარია, არ ჩერდებიან, არ კმაყოფილდებიან მიღწეულით. ამ კონკურსის შემდეგ, არაერთ პროექტში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებულებმა იმოგზაურეს სხვადასხვა ქვეყანაში: ბელგიაში, ფინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. იყვნენ საზაფხულო ბანაკების ლიდერები და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ კლასელებსა და მთელ სკოლას, ეხმარებოდნენ თანატოლებს წარმატების მიღწევაში. სწორედ მათ გაუკვალეს გზა ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებს, რომლის შედეგადაც მივიღეთ ლეონარდო და ვინჩის კონკურსში გამარჯვება, ერასმუსის პროექტებში მონაწილეობა და უამრავი სხვა მცირე გამოგონება სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისგან. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი წარმატებების უკან მთელი სკოლა დგას, დიდი შრომა და ძალისხმევაა ჩადებული. მჯერა, ისინი კვლავ გააგრძელებენ და ბევრჯერ გაგვახარებენ, გვასახელებენ ყველგან, სადაც უნდა იყვნენ", − ამბობს მანანა გრიგოლავა, ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებელი სკოლა-გიმნაზიის პედაგოგი.

მომავალი ახალგაზრდებზე დგას. სწორედ ეს ახალგაზრდები არიან იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც გზას თამამად იკვალავენ მომავლისკენ და ცდილობენ მსოფლიოს წარუდგინონ, როგორც საკუთარი თავი, ასევე თავიანთი ქვეყანა.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია