ოთარ ანთია - Chevening-ის Bank of Georgia-ს სტიპენდიის გამარჯვებული

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოთარ ანთია „საქართველოს ბანკისა“ და Chevening-ის სტიპენდიატია, რომელსაც კარბონის ფინანსების მიმართულებით, ედინბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის გავლის შესაძლებლობა მიეცა.

საქართველოს ბანკი

მსოფლიოს მდგრადი განვითარება, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს უმთავრესი პრიორიტეტია. იგი ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორებიცაა: გარემოს დაცვა, ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები და ა.შ. თუმცა ოთარ ანთიამ ყურადღება ეკონომიკურ მხარეზე, კერძოდ კი, კარბონის ფინანსებზე შეაჩერა და საკუთარ უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რჩევებს გვიზიარებს.

„თუ თქვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეკონომიკური მდგენელი, მაშინ აქცენტი უნდა გამახვილდეს სწორედ ისეთი აკადემიური პროგრამების ძიებაზე, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკასთან ან ბიზნესთან. ასეთია მაგალითად, კარბონის ფინანსები, რომელიც ბევრ უნივერსიტეტში არ ისწავლება. რეიტინგების მიხედვით, კარბონის ფინანსების მიმართულებით წამყვანია ედინბურგის უნივერსიტეტი. გასათვალისწინებელია, რომ კარბონის ფინანსები არ არის უნიფიცირებული სახელწოდება − შესაძლებელია იგივე თეორიული კონტენტის შესწავლა ხდებოდეს სხვა სახელწოდების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორებიცაა: კარბონის ბაზრები, ემისიებით ვაჭრობა, კარბონის კრედიტებით ვაჭრობა და ა.შ.“ − ამბობს ოთარ ანთია.

ზოგადად, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ მრავალფეროვანია და ამ მიმართულებით სწავლის მსურველს სასწავლო პროგრამების საკმაოდ დიდი დიაპაზონი აქვს.

როგორც ოთარ ანთია ამბობს, „იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის ფინანსები ნაკლებად საინტერესოა და უფრო მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები გიზიდავთ, შესაფერისი პროგრამების მოძიებაც შესაძლებელია. ძიების შედეგად აღმოაჩენთ, რომ მენეჯმენტის მიმართულებითაც მრავლად არის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები. ხელმისაწვდომია მდგრადი მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ან მდგრადი განვითარების საკითხებით გაჯერებული MBA-პროგრამები იელის უნივერსიტეტში და ა.შ. ისევე, როგორც ფინანსებთან მიმართებაში, ამ პროგრამებს შესაძლოა სხვადასხვა უნივერსიტეტში განსხვავებული სახელწოდებები ჰქონდეს“.

ვინაიდან ოთარი კარბონის ფინანსების სპეციალისტია, საინტერესოა მისი რჩევები, ზოგადად, მდგრადი განვითარებისა და კარბონის ბაზრების შესახებ ლიტერატურასთან დაკავშირებით. იგი გვიზიარებს, რომ დამწყებთათვის კარგი იქნება საფუძვლების გაცნობა. „ჩემი რეკომენდაცია იქნება, ინფორმაციის მიღება დაიწყოთ 1972 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით − „ზრდის ლიმიტები“ (Limits to Growth), რომელიც მოგცემთ საკმაოდ კარგ, ზოგად წარმოდგენას მდგრადი განვითარების მიმართულების ჩამოყალიბების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. ძალიან საინტერესო იქნება, ამ ანგარიშის შემდეგ გაეცნოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემო და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ, 1987 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშს, სახელწოდებით „ჩვენი საერთო მომავალი“ (Our Common Future). აღნიშნული საკითხების გავლის შემდეგ, აუცილებლად განსახილველია კლიმატის ცვლილებების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) მიერ, 2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიში გლობალური დათბობის თაობაზე“, − აღნიშნა ოთარ ანთიამ.

კონკრეტულად კარბონის ბაზრებითა და ფინანსებით დაინტერესების შემთხვევაში, იგი გვირჩევს გავეცნოთ შემდეგ წიგნებს:

  • ანტონი გიდდენსის „კლიმატის ცვლილებების პოლიტიკა“;
  • ტომ ჯეიმსის „ენერგეტიკული ბაზრები“;
  • მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „კარბონის გადასახადების სახელმძღვანელო“;
  • მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „ემისიებით ვაჭრობის სახელმძღვანელო“;
  • აარონ ეზროის „კარბონის რისკი და მწვანე ფინანსები“;
  • სტეფან ვერტიგასის „CSR-ის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება“;
  • ჰერმან ბრილის „მდგრადი ინვესტიციები“;
  • დენიელ იერგინის „ახალი რუკა: ენერგეტიკა, კლიმატი და ერების დაპირისპირება“.

გარდა დატვირთული აკადემიური ცხოვრებისა, ოთარ ანთია აქტიურად ეცნობოდა ბრიტანულ კულტურას და ღირსშესანიშნაობებს. მან თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, საინტერესო სანაცნობო წრისა და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაც მოახერხა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში.

იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ატარებდა იგი სწავლისგან თავისუფალ დროს, ოთარი ამბობს, - „დატვირთული სასწავლო კვირის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი განტვირთვისთვის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ხელმისაწვდომია ყველაფერი, რაც ინტერესის სფეროს წარმოადგენს, როგორც მუზეუმები და თეატრები, აგრეთვე სხვა თავშეყრის ადგილები, სადაც შესაძლებელია ახალ შეძენილ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარება. ასევე, დიდი ბრიტანეთი საკმაოდ საინტერესოა მოგზაურთათვის, იმ უნიკალური ლოკაციების სიმრავლის გამო, რომლებიც წლებია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესს იწვევენ“.

ასევე, ოთარი აღნიშნავს, რომ უცხო გარემოში ადაპტაცია რთულია და გარკვეულ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. მისი რჩევა, უცხოეთში სწავლის მსურველთათვის იქნება, რომ გაიჩინონ ბევრი ახალი მეგობარი და დაამყარონ კონტაქტები, რაც ადაპტაციას ბევრად ამარტივებს.

ბრიტანეთმა, ოთარ ანთია უნიკალური ტრადიციებითა და ქართულ ჩვეულებებთან მოულოდნელი თანხვედრით გააოცა. „არის ისეთი ტრადიციები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ ბრიტანელებისთვის, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ქართულის მსგავსიც იყოს. ასე, მაგალითად, შოტლანდიაშიც არსებობს ‘’მეკვლეობის’’ ტრადიცია (First-foot), რომელიც, ანალოგიურად, გულისხმობს ახალ წელს, ოჯახში მისულ პირველ სტუმარს, რომელმაც უნდა მოიტანოს წარმატებები და იღბალი მთელი წლის განმავლობაში“. - იხსენებს ოთარი.

ცნობილი ფაქტია, რომ ბრიტანული განათლების სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. ოთარ ანთიას თქმით, - „უნივერსიტეტები, სტუდენტებს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ კურიკულუმებს სთავაზობენ. თანაბრად ხელმისაწვდომია კვლევებზე ორიენტირებული და პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტები, აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან კურსდამთავრებულების დასაქმების მიზნით, ამიტომ სურვილის შემთხვევაში, სტაჟირებები და პირველი სამსახურები საკმაოდ მარტივადაა ხელმისაწვდომი“.

დიდ ბრიტანეთში საუნივერსიტეტო განათლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. ბევრი უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ მე-16, მე-17 საუკუნეში დაარსდა, დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და უმაღლესი სტანდარტების ერთგული რჩება. რაც შეეხება, უნივერსიტეტის კორპორაციულ კულტურას, ოთარ ანთია აღნიშნავს, რომ - „უნივერსიტეტები მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტის საჭიროებებზე და უშუალოდ პერსონალი არის სტუდენტების ინტერესების დამცველი. ყველას თანაბრად ეძლევა ცოდნის და ინფორმაციის მიღების საშუალება და აქტიურად ხდება მაღალი ეთიკის ნორმების, კეთილსინდისიერებისა და შრომისმოყვარეობის წახალისება“.

ცნობისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების მხარდაჭერა „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია. ბანკი აქტიურად განაგრძობს ისეთი სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა: Miami Ad School Europe, Chevening, Fulbright, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ ადგილას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bankofgeorgia.ge/ka/about/csr