"სექტემბერში ტოპ ინვესტორების წინაშე წარვადგენთ პროდუქტს"

Payze-ს უკვე 1 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია აქვს მოზიდული

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Payze როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარმა აქტიურად ბოლო 1 წელის განმავლობაში გაიცნო. იყო უამრავი წარმატება, დაწყებული მცირე გრანტებით, დამთავრებული VISA-ს აღიარებით და 500 Startups-ში გამარჯვებით, რომელიც სექტემბერში სილიკონ ველიზე დაგვირგვინდება. Payze-ს უკვე 1 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია აქვს მოზიდული.

entrepreneur.ge

სინამდვილეში, ეს რეალური ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია. როგორც ჩვენთან მისი თანადამფუძნებლები, გეგა წურწუმია და კახა გელაშვილი ჰყვებიან, სანამ პროდუქტი მზის შუქს იხილავდა, Payze-ს პირველ ვერსიაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ღამეებს ვათენებდით, ვცდილობდით პროდუქტი იდეალურთან მიახლოებული ყოფილიყო. ძალიან დიდ შრომას ვდებდით სტარტაპის განვითარებაში. საბოლოოდ, ალბათ სწორედ ასეთი თავდადების შედეგია ის, რასაც ბოლო 8 თვის განმავლობაში მივაღწიეთ“ - გვიყვება კახა.

მიუხედავად იმისა, რომ თანადამფუძნებლებს ზურგს უცხოეთში მიღებული განათლება უმაგრებდათ, პირველი მცდელობა კრახით დასრულდა.

„წარმოიდგინეთ, რა რეაქცია გვექნებოდა, როდესაც პროდუქტზე წლები ვმუშაობდით, თუმცა ყველანაირი კვლევა აჩვენებდა, რომ ბაზარს ეს სერვისი არ სჭირდებოდა. მაშინ, პირველად მივხვდით, თუ რატომ ამბობს უარს საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ძალიან ბევრი ადამიანი “ - ამბობს გეგა.

ჩვენი შემდეგი კითხვაც, სწორედ იმ გარდამტეხ მომენტს ეხებოდა, როცა გუნდმა გაჩერების ნაცვლად, სერიოზული ცვლილებები შეიტანა პროდუქტში და მოდელი მთლიანად გადააწყო.

„ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა არ დავიტოვეთ. როცა თავიდან ფეხებამდე საქმეში ხარ ჩაფლული, უბრალოდ სხვა არჩევანი არ გაქვს. ვიცოდით, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა და ასეც მოვიქეცით. 100%-ით მოდელის შეცვლაც რომ დაგვჭირვებოდა, არ დავნებდებოდით. საბოლოოდ Payze-ს მნიშვნელოვნად შევუცვალეთ თავდაპირველი სახე, იმ მიმართულებით განვავითარეთ, რაზეც ბაზარზე დიდი მოთხოვნა იყო და შედეგმაც არ დააყოვნა. დღემდე მახსოვს, როგორ ავიყვანეთ პირველი თანამშრომელი. საუცხოო გრძნობაა, როდესაც შენს იდეას უკვე საქმიანი პარტნიორები უჩნდება და თანხის გამომუშავებას იწყებ“ - გვიყვება გეგა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს Payze 300-მდე მერჩანტს ემსახურება, თვეში 70,000-ზე მეტ ტრანზაქციას უზრუნველყოფს და ყოველთვიურად 35%-იან ზრდას ინარჩუნებს, თავდაპირველად, ინვესტორების დარწმუნება ძალიან გართულდა.

„მხოლოდ GITA-ს 100,000 იან გრანტზე, ორჯერ მივიღეთ უარი, მესამედ კი ჩვენთვის მნიშვნელოვანი კლუბის წევრი მაინც გავხდით. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით, გადამწყვეტი როლი 500 Startups-ის პროგრამამ ითამაშა. პირველ ნაკადში ვერ მოვხვდით, არც ჩვენი პროდუქტი იყო მზად ამისთვის. მეორე ეტაპი კი ბოლომდე წარმატებით გავიარეთ და სექტემბერში ტოპ ინვესტორების წინაშე წარვადგენთ პროდუქტს“ - ამბობს კახა.

სილიკონ ველიზე, სადაც მოხვედრას ნებისმიერი სტარტაპერი ოცნებობს, Payze უკვე სერიოზული წარმატებებით მიემგზავრება. ცხადია ტოპ კლასის მენტორებთან კონსულტაციები გუნდს საერთაშორისო დონის პროდუქტის შექმნაში დაეხმარა. სწორედ ამიტომ, წლის ბოლოსთვის მათი სერვისი უზბეკეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში იქნება ხელმისაწვდომი, სამომავლოდ კი მათ მთელი პოსტ-საბჭოთა ტერიტორიის ათვისება აქვთ მიზნად დასახული.

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე ტენდენციებს, Fintech მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი Stripe-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიაზაციაც თითქმის, $100 მილიარდს აჭარბებს, Payze კი მისი ერთგვარი ანალოგი და კონკურენტია. შესაბამისად, ქართულ სტარტაპს ძალიან დიდი შანსი აქვს „საქართველოს ბანკისა“ და 500 Startups-ის დახმარებით, კიდევ ერთხელ შეახსენოს უცხოელ ინვესტორებს, რომ გლობალური სერვისის შექმნა ჩვენი ქვეყნიდანაც შესაძლებელია.