You can be on Entrepreneur’s cover!

ლოკოკინების მოშენების "კერასკო მეთოდი" საქართველოში ექსკლუზიური ინტერვიუ ექსპერტ სიმონე სამპოსთან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

მსოფლიოში ლოკოკინას წარმოება საკმაოდ მომგებიან და პერსპექტიულ ბიზნესად მიიჩნევა. საქართველოში ამ მოლუსკების პოპულარობა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით იზრდება, თუმცა ცალკეულ რეგიონებში, როგორებიცაა სამცხე-ჯავახეთი და სამეგრელო, მათი საკვებად მოხმარების ისტორიული გამოცდილებაც კი გვაქვს.

ვინაიდან ლოკოკინას სანაშენე მეურნეობები სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ქართული სოფლის მეურნეობის დარგში, ახალბედა ფერმერებს უცხოური გამოცდილების გაზიარება და მისი ქართულ რეალობასთან ადაპტირება უწევთ. ერთ-ერთი მძიმეწონიანი ფიგურა ლოკოკინების ბიზნესში, ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით, ჩვენი რესპონდენტი სიმონე სამპოა, რომელიც „კერასკოს მეთოდზე", საქართველოსთან პარტნიორობის პერსპექტივებზე, ამ სფეროს საინვესტიციო მიმზიდველობასა და მთელ რიგ ტექნიკურ დეტალებზე გვესაუბრა.

ბატონო სიმონე, მოგვიყევით თქვენი და საკუთარი ჯგუფის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ. ასევე გვიამბეთ „კერასკოს მეთოდით" ლოკოკინების მოშენების სისტემაზე, რომელიც საქართველოშიც დანერგეთ.
უპირველეს ყოვლისა, მე ლოკოკინების მომშენებელი ვარ და ჩემი ხედვები ყოველთვის კონკრეტულია. ლოკოკინების სამყაროს, 25 წლის წინ დავუახლოვდი, როდესაც სრულიად მოვიხიბლე ასეთი ტიპის სიახლით და სასწრაფოდ, თავით გადავეშვი მასში. ეს სისტემა მოძველებული და ნაკლებად პროდუქტიული იყო, მისი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება არ ხდებოდა, მე კი ამ ყველაფერს სულ სხვაგვარად, სხვა რეალობად აღვიქვამდი.

თავიდანვე ისეთი დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ დიდი შესაძლებლობები და ზრდა გვექნებოდა, რომ გადავწყვიტე შემექმნა ახალი პროფესია − ლოკოკინების ბროკერი, და თავად დავუფლებოდი მას. ამ ტიტულით ბევრ ქვეყანას ვეწვიე, რათა უკეთ გავცნობოდი მათ კულტურასა და სოფლის მეურნეობას, იქაურ შესაძლებლობებს, და გადამეჭრა ის კრიტიკული საკითხები, რაც თვალში მომხვდებოდა.

ჩემმა გამოცდილებამ საერთაშორისო ასპარეზზე ხელი შემიწყო, რომ 2016 წელს ლოკოკინების მოშენების ეროვნული ასოციაციისა (ANE) და CMC Chiocciola Metodo Cherasco-ს „ლოკოკინები კერასკოს მეთოდით" პრეზიდენტი გავმხდარიყავი. ასევე, ლოკოკინების წარმოების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორად დავინიშნე. „ლოკოკინები კერასკოს მეთოდით" არის სისტემა, რომელმაც მარკეტინგისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებით, მოლუსკების წარმოების მოძველებული იტალიური მიდგომების ჩანაცვლება მოახერხა.

დღეს მე ლოკოკინების წარმოების უდიდესი იტალიური ჯგუფის წარმომადგენელი ვარ და როგორც იტალიური წარმოების მოლუსკების, კვებისა და ლოკოკინების თერაპიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ახალი ეკონომიკური ტერმინი − „სპირალური ეკონომიკა" დავნერგე. ეს ტერმინი წრიული ეკონომიკის არსს სცდება და მუდმივი მოძრაობის ხარჯზე განახლებადობას გულისხმობს.

რა გახდა თქვენი მხრიდან საქართველოსთან პარტნიორობის მთავარი მიზეზი და როდის დაიწყო ეს პროცესი?
საქართველოში პირველ პროექტს საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, როდესაც „ნადი ჯგუფთან" კავშირი დავამყარეთ. ამ ორგანიზაციამ ქალაქ ზუგდიდში 5,5 ჰექტარზე გადაჭიმული 230-ნაკვეთიანი ფერმა ააშენა, რის შემდეგაც „კერასკოს მეთოდის", ჩვენი ინსტიტუტისა და იტალიური წარმოების მოლუსკების წარმომადგენელი გახდა. ეს ჩვენი პირველი საპილოტე პროექტი იყო, რომელმაც პროდუქტის მიღების კალენდრის შესწავლის საშუალება და კლიმატთან და ტერიტორიის მახასიათებლებთან მორგების შესაძლებლობა მოგვცა. აქ დაგვხვდა წყალი, მიწა, რბილი კლიმატი, ლოკოკინების დიდი რაოდენობა, რაც ლოკოკინების ადაპტაციისათვის ამ ტერიტორიის ვარგისიანობას მოწმობდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის მცოდნე ადგილობრივი მუშახელის არსებობა ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისა და კონკრეტიზაციის ხელშემწყობი გახდა.

როგორ შეაფასებდით იმ პოტენციურ სარგებელს, რომელსაც ქართული მხარე თქვენთან პარტნიორობით მიიღებს?
ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია თამამად ვაღიაროთ, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში, 3500 ჰექტრის ფართობზე, 3000-ზე მეტი ფერმის გახსნას ვვარაუდობთ. ეს 80 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის გაჩენის საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 3,7 მილიონია. რაც შეეხება მოგებას, ის 500 000 ევროს უნდა გასცდეს.

ვგეგმავთ ახალი ფერმების აშენებას, სასაწყობე მეურნეობების მოწყობას, შეგროვების ცენტრების გახსნას, სანაშენე თუ ბიოლოგიური ლოკოკინების გადამუშავებას. ასევე, იგეგმება ლაბორატორიების დაარსება, სადაც ლოკოკინას ლორწოსგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება მოხდება. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის მიღმა, დიდი ფინანსური შემოსავლის სტაბილურ წყაროდ იქცევა.

რამდენიმე დღეში, ლოკოკინების მოშენების საერთაშორისო ინსტიტუტის თბილისის წარმომადგენლობას ოფიციალურად გავხსნით. ამასთან, ჩვენ გავამყარეთ „ნადი ჯგუფთან" პარტნიორობა, რომელიც საქართველოში თავის საქმიანობას სწორედ ჩვენი ფილოსოფიისა და ეკონომიკური მიდგომების გათვალისწინებით გააგრძელებს.

რა სახის გარანტიები და პირობებია გათვალისწინებული, არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისათვის?
დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ინვესტორებს იმ ჯგუფთან თანამშრომლობას ვთავაზობთ, რომელმაც იტალიაში ლოკოკინების წარმოების სისტემის რევოლუცია მოახდინა. ჩვენს დაინტერესებულ მხარეებს პროდუქციის გარანტირებულ შესყიდვას ვპირდებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის იტალიაში ექსპორტზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. სისტემა, რომელსაც ახლა ვქმნით თბილისში, ხარისხის კონტროლის გარანტორი და გადასახადების საქართველოში გადახდის პირობა იქნება.

ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და რისთვისაც ამდენს ვმუშაობთ, არის პერსონალის პროფესიული გადამზადება, რათა მათ შემდეგ დამოუკიდებლად შეძლონ დახმარების აღმოჩენა, კონსულტაცია და პირდაპირი კონტროლი.

საექსპორტოდ, ლოკოკინას ხორცის ფასი, კილოგრამზე 5 ევროთი, ხოლო კილოგრამ ლორწოზე 18 ევროთი განისაზღვრება.

გთხოვთ გვიამბოთ, რა სახის პროცესებთანაა დაკავშირებული ლოკოკინას ლორწოს „მულერით" ამოღება და რამდენად ეფექტურია იგი? ლოკოკინების სუფთა ლორწოს ექსტრაქცია, რომელიც მოშენებული ლოკოკინებისგან „კერასკოს მეთოდით" მიიღება, 2016 წლიდან გახდა შესაძლებელი. ჩვენ ვეძებდით გზას, თუ როგორ ამოგვეღო ეს მნიშვნელოვანი ნედლეული ისე, რომ მოლუსკიც დაგვეცვა ყველა ასპექტში და ხარისხიც შეგვენარჩუნებინა. უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო და ეროვნული მედიის ყურადღება მაშინვე ძალიან დიდი იყო ამ საკითხის მიმართ.

მეღიმება ხოლმე, როდესაც ლოკოკინას ზოგიერთი ახალგაზრდა ქართველი მწარმოებელი ლორწოს ამოღების 2004 წლის მეთოდებზე მიყვება... არც დეტალებს შევეხები და არც კონკურენციაში შესვლას ვცდილობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „მულერის" სისტემას საერთო არაფერი აქვს ლორწოს ამოღების მოძველებულ მეთოდებთან. ვიმეორებ − ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, დიდი კვლევების, სწავლისა და მეცნიერული განვითარების შედეგია. იმ კვლევებისა, რომელზე დაყრდნობითაც დღეს, თქვენ წარმოიდგინეთ, 3 ტიპის დანადგარი გვაქვს ლოკოკინების მოშენების ზომების მიხედვით:

Muller Smart − 1-ქვაბიანი დანადგარი, 80 ნაკვეთზე 12 კილო ცოცხალი ლოკოკინა, 1.75 ლიტრი ლორწო.

Muller One Evolution – 2-ქვაბიანი დანადგარი, 200 ნაკვეთამდე, სიმძლავრე − 20 კგ ცოცხალი ლოკოკინა და 3.15 ლიტრი ლორწო.

MULLER FIBONACCI − 6-ქვაბიანი დანადგარი, რომელიც ემსახურება 250-ზე მეტ ნაკვეთს. სიმძლავრე − 60 კგ ცოცხალი ლოკოკინა და 12 ლიტრი ლორწო. საუბარია სრულიად ავტომატიზებულ დანადგარებზე, რომელიც ინდუსტრიული რაოდენობის ლორწოს აწარმოებს.

რა შეგიძლიათ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, თქვენ მიერ საქართველოში გატარებული 2 კვირის შესახებ?
შემიძლია, რამდენიმე ფრაზით შევაჯამო ჩემი სათქმელი და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ფაქტებითაც!

ჩვენი ჯგუფის მიერ გამოვლენილი სერიოზულობა და კონკრეტიკა აღმოჩნდა ის საწვავი, რომელიც ჩვენ მიერ საქართველოში გატარებულ ყოველ წუთს კვებავდა. ინტერესმა იქამდე მიგვიყვანა, რომ ჩვენი საინფორმაციო დღეების პროდუქტიულობა გაორმაგდა. გვქონდა შეხვედრები მთავრობასთან, პოლიტიკურ კლასთან და ბანკებთან. გვქონდა აქტიური საუბრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ საქართველოში ლოკოკინების მოშენების მსურველთათვის გარკვეული გარანტიების მიცემის შესაძლებლობა გვქონოდა − იქნებოდა ეს ფინანსური პროგრამებითა თუ სუბსიდიებით თავიანთი განვითარების გეგმის გამყარება.

ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი გამოცდილება ამ სფეროში, რომლის მისაღებად ბევრი ვისწავლეთ და უამრავი საკონფერენციო დარბაზი გამოვიარეთ ჩვენს ქვეყანაში. დარბაზებიდან, უშუალოდ მიწისკენ გადავინაცვლეთ, რაც აუცილებელია, ვინაიდან ამ ტურის ამომავალი წერტილი სწორედ ფერმებში ვიზიტები, დახმარება და საველე კონსულტაციები იყო. გარდა ამისა, ეს ტური ჩვენი ორი ახალი თანამშრომლის − ლაშა რობაქიძისა და გიორგი ბოლქვაძის კვალიფიკაციის ამაღლებასაც მივუძღვენით. ისინი საქართველოში ჩვენი საკონტაქტო პირები და ლოკალურად ლოკოკინების „კერასკოს მეთოდით" მოშენების პირველი დამკვირვებლები იქნებიან.

ბატონო სიმონე, ჩვენი ინტერვიუს ბოლო შეკითხვის სახით, გთხოვთ გვიამბოთ თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ. გვაქვს ინფორმაცია, რომ დიდ ღონისძიებას გეგმავთ. თუ შესაძლებელია, გაგვიზიარეთ დეტალები.
მიმდინარე წლის 15-18 ოქტომბერს, კერასკოში ჩატარდება „ჰელიქს ვორლდ 2021". ეს იქნება „სპირალური ეკონომიკის" ზეიმი, რომელიც გააერთიანებს ცნობილ მზარეულებს, კონგრესებს, გამაჯანსაღებელ პროცედურებს, სასწავლო და საკვალიფიკაციო კურსებს და სხვა საინტერესო აქტივობებს.

ასევე, ბედნიერი ვარ იმით, რომ 2022 წლის „ჰელიქს ვორლდის" შეხვედრა თბილისში გაიმართება. წინ დიდი შესაძლებლობები გვაქვს სიახლეებისა და ცვლილებებისათვის და დღეს, როგორც არასდროს, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ „მომავალი ლოკოკინაშია"!

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"