21-ე საუკუნეში აუცილებელი უნარები

საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელი უნარები

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მოგეხსენებათ, კაცობრიობის განვითარების თითოეული ეტაპი ადამიანს განსხვავებულ მოთხოვნებს უწესებდა. პირველყოფილ საზოგადოებაში წარმატების მისაღწევად, ფიზიკური ძალა და მცირედი გამჭრიახობა, საკვების მოსაპოვებლად და თავის დასაცავად, სრულიად საკმარისი იყო. ინდუსტრიულ ეპოქაში, როგორც პროფესიული ცოდნა, ისე კომერციული და ინტელექტუალური უნარები ფასობდა. თუმცა დასავლური ცივილიზაცია, განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტად მომსახურების სფეროზე გადაერთო, საწარმოო პროცესები ავტომატიზებული გახდა და ადამიანის სოციალური როლიც შეიცვალა. გარდა იმისა, რომ ფიზიკური შრომის საჭიროება ეტაპობრივად ქრება, პროფესიული ცოდნისა და სპეციფიკური განათლების აუცილებლობაც ნელ-ნელა უკანა პლანზე ინაცვლებს. 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად, უნარებსა და ინფორმაციის სწრაფი ათვისების შესაძლებლობას ენიჭება უპირატესობა და თანამედროვე ადამიანსაც მოუწევს ფეხი აუწყოს ამ რეალობას.

Engin Akyurt

გასული ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, რომელსაც გაერო ედგა სათავეში, შემუშავდა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტი, სახელად Skills for 21th Century, ანუ „21-ე საუკუნის უნარები“.

„21-ე საუკუნის უნარები“ აერთიანებს იმ შესაძლებლობებს, საკუთრივ თანამედროვე ადამიანისათვის საჭირო უნარებსა და სწავლების მიმართულებებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად. ამ დოკუმენტის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში თავის დამკვიდრებას აპირებენ, დაეხმაროს თანამედროვეობისათვის საჭირო უნარების აღმოჩენასა და განვითარებაში.

ამ სტატიაში გვსურს განვიხილოთ ის უნარები და თვისებები, რომლებიც 21-ე საუკუნის ადამიანისთვის საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზების უმთავრესი განმაპირობებელია.

დოკუმენტი თემატურად სამ ნაწილად იყოფა, რომლებიც ქვეპუნქტებადაა ჩაშლილი.

პირველი ნაწილია „სწავლისა და ინოვაციების უნარები“, რომელიც თავის თავში აერთიანებს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრას; კომუნიკაციას და კოლაბორაციას; შემოქმედებითობასა და ინოვაციურობას.

ინფორმაციის მიღება და მისი გადაუმოწმებლად, ანალიზის გარეშე დაჯერება, 21-ე საუკუნეში შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს. მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მივუდგეთ არა მარტო გარედან მიღებულ სიახლეს, არამედ საკუთარ მოსაზრებებსაც კი, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, გარემო სწრაფად იცვლება და გუშინდელი მიდგომა ხვალ შესაძლოა უკვე აღარ ამართლებდეს და ძირეულ ცვლილებას საჭიროებდეს.

ასევე, თანამედროვე ადამიანისთვის აუცილებელია შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრის ახლებური გზების ძიება. აღსანიშნავია, რომ ეს უნარი განათლების პროდუქტი არაა, ხშირად პირიქით − ფაქტობრივი ცოდნა ჩვენს კრეატივს აქვეითებს და ბალანსის დაცვა ამ მიმართულებითაც სასარგებლო იქნება.

21-ე საუკუნეში კომუნიკაციასა და თანამშრომლობის უნარს ერთ-ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს. შეუძლებელია, ერთი ადამიანი ყველა მიმართულებით განვითარებული და გაცნობიერებული იყოს, ამიტომ გუნდურად მუშაობა, ადამიანებთან ურთიერთობა, სხვისი აზრის გათვალისწინება და ძალისხმევის გაერთიანება, როგორც სამუშაო პროცესში, ისე პირად ცხოვრებაში, ყველას დიდად წაგვადგება.

მეორე ნაწილია „ციფრული ცნობიერების უნარები“, რაც ინფორმაციულ, მედია და ICT (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) წიგნიერებას გულისხმობს.

მკვლევრები ასაბუთებენ, რომ წინა თაობების წარმომადგენლებთან შედარებით, ჩვენ დღის განმავლობაში 100-ჯერ მეტი ინფორმაციის მიღება და გადამუშავება გვიწევს. ვინაიდან საინფორმაციო ველი ასეთი გახსნილი და გაჯერებულია, თანამედროვე ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მისთვის უსარგებლო ინფორმაციის „გაფილტვრა“ და ყურადღების მიღმა დატოვება.

მედიაწიგნიერება სიახლეა კაცობრიობისათვის, ვინაიდან წლების წინ, ყალბი ე.წ. Fake-სიახლეები არ არსებობდა და შესაბამისად, გაზეთის კითხვისას, ტელევიზიის ცქერისას თუ რადიოს მოსმენისას, ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებული შეკითხვები არავის უჩნდებოდა. 21-ე საუკუნის ადამიანს კი, უნდა შეეძლოს წყაროების გარჩევა, მიღებული სიახლის ანალიზი, სხვა მედიასაშუალების კონტენტთან შედარება და ა.შ.

დღეს, ტექნიკური ცოდნით ცოტას თუ გავაკვირვებთ. თითქმის ყველას ჯიბით უმძლავრესი სმარტფონი დააქვს, რომელსაც იმხელა ტექნოლოგიური რესურსი და შესაძლებლობები აქვს, რაც 10 წლის წინაც კი, რთულად წარმოსადგენი იყო. თუკი არც ისე შორეულ წარსულში, „ვინდოუსის გადასაყენებლად“ პროგრამისტს ვიძახებდით, დღეს ეს უკვე საკმაოდ მოძველებულ პრაქტიკად მიიჩნევა. ტექნიკური ცოდნა, თუნდაც ელემენტარული, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის ყოველდღიურობის გარდაუვალ აუცილებლობად იქცა.

მესამე ნაწილია „კარიერული და ცხოვრებისეული უნარები“, რომელშიც შედის მოქნილობა და ადაპტირება; ინიციატივა და ლიდერობა; სოციალური უნარები და პროდუქტიულობა.

გარემო იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მასთან დაუყოვნებელი ადაპტაციისა და მოქნილობის გარეშე, ჩვენი პიროვნული და შემდეგ საზოგადოებრივი განვითარება მნიშვნელოვნად ფერხდება. უნდა ვიყოთ მზად სიახლეებისათვის, მრავალფეროვნებისთვის და არსებული სტერეოტიპების მსხვრევისთვის.

ლიდერობა და ინიციატივა აუცილებლად ხელმძღვანელობასა და დირექტორობას არ გულისხმობს. ეს ის უნარებია, რომელიც თანამედროვე ადამიანს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების, დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის რწმენის ამაღლების საშუალებას აძლევს. ლიდერობა და ინიციატივის გამოჩენა არა მხოლოდ კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობისას, არამედ სამსახურის მიღმა არსებულ კოლექტიურ გარემოში, როგორიცაა ოჯახი, სამეზობლო, სამეგობრო და სხვა, თავის დამკვიდრებაში გვეხმარება.

თანამედროვე ადამიანს, წარმატების მისაღწევად, შეზღუდულ დროში ბევრად მეტი საქმის კეთება და მეტის მოსწრება უწევს, ვიდრე ჩვენს წინაპრებს უწევდათ. ჩვენი პროდუქტიულობა მუდმივად მზარდი უნდა იყოს და ამავდროულად, თანმდევი სტრესის მიმართ მდგრადობა, 21-ე საუკუნეში უკვე საკმაოდ ძვირად ფასობს.

სოციალური უნარები ის დიდი ჯგუფია, რომელიც თავის თავში, სანაცნობო ქსელის შექმნისა და შენარჩუნების, საჭიროების შემთხვევაში, არგუმენტირებული ოპონირებისა და საკუთარი აზრის დაცვის უნარებს აერთიანებს. 21-ე საუკუნეში მცხოვრებ ადამიანს განსხვავებულ ადამიანებთან თანაცხოვრება უნდა შეეძლოს, ვინაიდან მრავალფეროვნება, ამ მიმართულებით, წლიდან წლამდე უფრო თვალშისაცემი გახდება.

ყველა, ზემოთ ჩამოთვლილი უნარი იმ მთავარი ფაქტორების ერთობლიობაა, რომელსაც 21-ე საუკუნეში წარმატებისაკენ მივყავართ. ეს დოკუმენტი ერთგვარი ინსტრუქციაა საიმისოდ, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა თვისებები უნდა განვავითაროთ და რომელი უნარების დაუფლებას დავუთმოთ მეტი დრო. ცხადია, წარმატების უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს და თითოეულ ადამიანს, თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, განსხვავებული მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევს, თუმცა „21-ე საუკუნის უნარები“ არის შეთანხმება, რომელიც საზოგადოებაში თავის სრულფასოვნად დამკვიდრებასა და შრომით ბაზარზე მოთხოვნად კანდიდატად ფორმირებაში დაგეხმარებათ.