როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისაგან

ე.წ. ფიშერები სხავადასხვა მეთოდებით ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვამ, როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესს, ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ეს ციფრული რევოლუცია განსაკუთრებით კი, სერვისების სფეროში, ოპერაციების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ჩვენს ყოველდღიურობაში სულ უფრო მეტი ადგილი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მთელი თავისი მოსახერხებელი ინტერფეისითა და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებით. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და ციფრული სიკეთეების საპირწონედ, კაცობრიობა ინტერნეტთაღლითობის გამოწვევების წინაშე დადგა. Entrepreneur-ს სურს გესაუბროთ ფიშინგსა და თქვენი პირადი მონაცემების, მესამე პირის ხელში აღმოჩენისაგან თავდაცვის საშუალებებზე.

entrepreneur.ge

მოგეხსენებათ, ჩვენი პირადი საბანკო მონაცემები, პაროლითა და დაცვის სხვადასხვა მექანიზმით, საიმედოდ ინახება და მასთან წვდომა, მხოლოდ ჩვენ გვაქვს. თუმცა ბოლო წლებში, საკმაოდ დახელოვდნენ ინტერნეტთაღლითები, ე.წ. ფიშერები და ისინი სხავადასხვა მეთოდებით ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას.  

ფიშინგი, არის ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემა. კიბერდამნაშავეები, მომხმარებელსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით, გარკვეული შინაარსის მქონე შეტყობინებებს უგზავნიან და მოტყუებით, მათგან პირადი ინფორმაციის გამოძალვას ცდილობენ. ფიშერების გზავნილები საკმაოდ მრავალფეროვანი და კრეატიულია. თქვენ შეიძლება წააწყდეთ სარეკლამო პოსტს სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ თამაშდება ძვირადღირებული ავტომობილი, უძრავი ქონება, თანხა და ა.შ. და ერთადერთი რაც არასდროს უნდა გააკეთოთ, მითითებულ ბმულზე გადასვლა და პირადი მონაცემის შეყვანაა. როგორც წესი, თაღლითები მაღალი ნდობისა და ავტორიტეტის მქონე კომპანიის სახელით ესაუბრებიან მომხმარებელს და შეჰყავთ ისინი შეცდომაში.  

ასევე, ბოლო დროს მომრავლდა ყიდვა-გაყიდვის საიტებზე თაღლითობის შემთხვევებიც. როდესაც რაიმე ნივთს ვყიდით, თაღლითები WhatsApp-სა და Viber-ის საშუალებით ცდილობენ ჩვენთან დაკავშირებას. ეს პირველი დეტალია, რამაც შეიძლება ეჭვი გამოიწვიოს. თუმცა, ისინი გარწმუნებენ, რომ შენ მიერ განთავსებული ნივთის/ქონების შეძენა სურთ და წინასწარ აპირებენ თანხის ნაწილის, ე.წ. B-ს ჩარიცხვას.

ნდობის მოპოვების შემდეგ თაღლითები ფინალურ ეტაპზე გადადიან და იმისთვის, რომ ფული ჩაგვირიცხონ, ანგარიშის ნომრის ნაცვლად თქვენგან ითხოვენ:

  • საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს;
  • CVV კოდს;
  • ბარათის მოქმედების ვადას;
  • ბარათის 2-ვე მხარეს სურათის გადაღებას და გაგზავნას;
  • ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდის გაზიარებას.

ზემოთ აღწერილი სიტუაცია ერთადერთი ხერხი არაა, რომელსაც თაღლითები მიმართავენ. მათ უფრო დახვეწილი სქემებიც აქვთ და ყოველთვის ბარათის მონაცემების გადაგზავნას არ ითხოვენ. მაგალითად, ისინი ხშირად აგზავნიან საქართველოს ფოსტის ყალბ ლინკს, სადაც ბარათის მონაცემების და კვლავ ერთჯერადი კოდების შეყვანას გთხოვენ. თაღლითები ირწმუნებიან, რომ რადგან შესყიდული საქონელი ფოსტით უნდა მიიღონ, ამიტომ შენი პირადი ინფორმაცია ამ საეჭვო და ყალბ საიტებზე უნდა შეიყვანო.

როგორ მოვიქცეთ და რას მივაქციოთ ყურადღება, ფიშერების მახეში რომ არ გავებათ?

  • თუკი სოციალურ ქსელებით, ელექტრონული ფოსტით, ან სხვა საკომუნიკაციო არხით მიიღეთ შეტყობინება, ან ნახეთ რეკლამა, გათამაშების შესახებ, რომელიც გარკვეული ბმულით თქვენს ინტერნეტ ბანკში გადასვლას გთავაზობთ, ეს არ გააკეთოთ. „უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშია“. უცილებლად გადაამოწმეთ ინფორმაცია. განსაკურებით, თუ ის უცხო ნომრებიდან შემოდის;
  • დამოუკიდებლად აკრიფეთ გამოგზავნილი მისამართი, ბრაუზერის მარცხენა კუთხეში ბოქლომის ნიშანი თუ გადახაზულია, ე.ი. სახიფათო საიტზე ხარ;
  • გათამაშების არსებობის შესახებ  გადაამოწმეთ ინფორმაცია ბანკთან, კომპანიასთან რომლის სახელითაც მოგდით შეტყობინება და მიიღეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია.
  • თუ მაინც გადახვედით მითითებულ ბმულზე, კარგად დააკვირდით, ყურადღებით წაიკითხეთ ვებ-გვერდის მისამართი. თაღლითები, ხშირად ერთი, ან ორი სიმბოლოთი ცვლიან ოფიციალურ საიტს, რათა შეცდომაში შეგიყვანონ.
  • თუ მოხდა ისე, რომ თქვენი პირადი მონაცემები, საეჭვო ვებ-გვერდზე შეიყვანეთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს და საქმის კურსში ჩააყენეთ. ასევე, შედით თქვენს ინტერნეტ ბანკში და დროულად შეცვალეთ ავტორიზაციისათვის საჭირო მონაცემები.
  • არსებობს სერვისი WHOIS, რომელიც ამა, თუ იმ ვებგვერდის აუთენტურობის დადგენის საშუალებას გვაძლევს. საიტის გადამოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება მისი შექმნის თარიღს დაუთმეთ. როგორც წესი მისამართი, რომლითაც მაცდურ გათამაშებას გთავაზობენ, ახალი შექმნილია.  
  • რაც ყველაზე მთავარია: არასდროს გასცე შენი ბარათის ან ონლაინბანკის მონაცემები!

დაცვის მექანიზმების განვითარების პარალელურად, ვითარდება და იხვეწება ინტერნეტთაღლითთა მიდგომებიც, ამიტომ დაკვირვება და ყურადღება, საეჭვოდ სარფიანი შეთავაზებების მიღების დროს, თქვენი პირადი მონაცემებისა და ფინანსური რესურსის უსაფრთხოების გარანტია.