მარტივად ტოკენებსა და NFT-ზე NFT-ის ყველაზე პოპულარული სახეობა ციფრული ხელოვნების ნიმუშებია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ, გარდა კრიპტოვალუტებისა, უამრავ სფეროში შეაღწია და ციფრულ სამყაროში მონაცემთა საიმედოდ შენახვის უალტერნატივო ინსტრუმენტად იქცა. ინტერნეტსივრცე უკვე საკმარისადაა გაჯერებული ქართულენოვანი აუდიტორიისათვის ხშირად გაუგებარი ტერმინებითა და სლენგებით, ამიტომ Entrepreneur-მა გადაწყვიტა, მათი ნაწილი მაინც ავხსნათ და ჩვენი მკითხველისთვის მეტად გასაგები გავხადოთ. ამ სტატიაში ვეცდებით განვმარტოთ ტოკენისა და NFT-ის მნიშვნელობა, თუ რა არის და რისთვისაა საჭირო თითოეული მათგანი.

რეალურ სამყაროში, ზოგიერთი ფიზიკური აქტივის შენახვა, გაყიდვა ან გაცვლა, მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. წარმოვიდგინოთ, რომ გვსურს საკმაოდ ძვირადღირებული, ცნობილი ბრენდის აქსესუარის გაყიდვა. დასაწყისისთვის, უნდა განვათავსოთ განცხადება ამა თუ იმ პლატფორმაზე, უნდა დავასაბუთოთ ამ ნივთის ორიგინალურობა, მასზე საკუთრების უფლება (ის, რომ ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის), აღვწეროთ მისი მდგომარეობა და ა.შ. ამ საყოველთაო უნდობლობის ეპოქაში, პოტენციური მყიდველი პირადად უნდა შეგხვდეთ, შეამოწმოს სასურველი ნივთი ექსპერტთან, ფული გადაგიხადოთ და სიტყვაზე გენდოთ, რომ გარიგებიდან რამდენიმე საათში, უბრალოდ არ გაქრებით და კლიენტს მოტყუებულს არ დატოვებთ. სწორედ ამ ყველაფრის გასამარტივებლად შეიქმნა ტოკენი.

ტოკენი არის ვირტუალური, ციფრული პირობითი ერთეული, რომლის ღირებულებასაც მისი შემქმნელი ადგენს. მაგალითად, გამოვეცით Rolex-ის საათის ტოკენი, რომელიც ადასტურებს თქვენს უფლებას მის ფლობაზე, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მასზე − მისი შეძენის დროს, ადგილს, ნივთის ორიგინალურობას, წინა მფლობელთა ვინაობას და ა.შ. ამ ინფორმაციის გაყალბების ან შეცვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად არავის აქვს. მსგავსი მეთოდით, ნებისმიერი ფიზიკური ნივთისა და აქტივის, იქნება ეს შინაური ცხოველი, საკვები პროდუქტი, ფუფუნების საგანი, ფასიანი ქაღალდი, თუ სხვა, ციფრულ ერთეულად გარდაქმნა და ვაჭრობაა შესაძლებელი. ინფორმაცია ამ ტოკენის შესახებ ბლოკჩეინში ინახება, ხოლო რეალური აქტივების პირობით ციფრულ ერთეულად გარდაქმნას, ტოკენიზაცია ეწოდება.

რა არის ტოკენის მთავარი უპირატესობა? − ტოკენის შეძენა, ძალიან ჰგავს ფიზიკურ სამყაროში ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ კონტრაქტს, რომელსაც გარიგების ორი მხარე ჰყავს, უბრალოდ, თავად ხელშეკრულების მაგივრად, ესაა მარტივი ჩანაწერი ბლოკჩეინში, ე.წ. სმარტ-კონტრაქტი.

რეალურ ცხოვრებაში, რაიმე კონკრეტული გარიგების გასაფორმებლად, იურისტის დახმარებით ხდება ხელშეკრულების პირობების გაწერა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელმოწერით დადასტურება. კონტრაქტის შესრულების შემთხვევაში, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო, თუ რომელიღაც მხარემ პირობები დაარღვია, წარმოიშობა დავა, რომელიც შესაძლოა უსასრულოდ გაიწელოს. ბლოკჩეინი ამ რთულ მანიპულაციებს მარტივი პროტოკოლებით ასრულებს. უფრო რომ გავამარტივოთ, ხელოვნური ინტელექტი ამოწმებს, შეასრულეს თუ არა გამყიდველმა და მყიდველმა ყველა შეთანხმებული პირობა, და თუ ყველაფერი რიგზეა, გარიგება წარმატებით სრულდება, ხოლო მცირედი ხარვეზის წარმოქმნის შემთხვევაში, მყიდველს ავტომატურად უბრუნდება თანხა, გამყიდველს კი − პროდუქტი. ამგვარად, ტოკენებისა და სმარტ-კონტრაქტების საშუალებით, მატერიალური სამყაროს ნებისმიერი აქტივით, უმარტივესად და რაც მთავარია, დაცულად შეგვიძლია ვივაჭროთ.

თუკი ტოკენს ოდნავი ნათელი მაინც მოვფინეთ, NFT-იზე, იგივე Non-fungible Token-ზე, ანუ მეტად გასაგები რომ იყოს, არაურთიერთშემცვლელ ტოკენზეც ვისაუბროთ. ესაა უნიკალური ციფრული აქტივი, რომლის ორიგინალურობა და მასზე საკუთრების უფლება, ბლოკჩეინზეა დადასტურებული. ძირითადად, NFT Ethereum-ის ბლოკჩეინზე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ინფორმაციის შეცვლა ან გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამ ინფორმაციაზე წვდომა ღია და გამჭვირვალეა. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ციფრული სერტიფიკატი, რომელზეც ასახულია, თუ ვინ არის მისი შემქმნელი, როდის გადავიდა ერთი მფლობელისგან მეორეს საკუთრებაში და როგორი იყო სრული ტრანზაქციის ისტორია.

რა განასხვავებს NFT-ს კრიპტოვალუტისა და ტოკენისაგან? − ეს სწორედაც რომ ურთიერთშეუცვლელობის ცნებაა. წარმოვიდგინოთ ორი 200-ლარიანი კუპიურა. მიუხედავად იმისა, რომ მათ განსხვავებული სერიული ნომერი აქვთ, მათი რეალური ღირებულება ზუსტად ერთნაირია, ისევე, როგორც ორ 100-ლარიან კუპიურას ერთი 200-ანის და ა.შ. თუმცა ხელოვნების ნიმუშები ასეთი ურთიერთშემცვლელი არაა. და ვინჩის „მონა ლიზა" გენიალური და შეუფასებელი ნამუშევარია, თუმცა მისი ნებისმიერი ასლი, როგორი სიზუსტითაც უნდა იყოს იგი შესრულებული, ღირებულებით ახლოსაც კი ვერ მივა ორიგინალთან.

ბლოკჩეინის ტექნოლოგიამ შესაძლებელი გახადა როგორც ნივთის ავთენტურობის დადგენა, ისე მასზე საკუთრების უფლების დასაბუთება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ერთი და იგივე „გიფის" მილიონობით ასლს შეხვდებით, ორიგინალური ვერსიის მიკვლევა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.

„მიმები" ჩნდებიან და ქრებიან, ციფრული ტენდენციები ელვისებურად იცვლებიან, თუმცა NFT საშუალებას გვაძლევს, ერთგვარად შევფუთოთ ისინი, ხარისხის ნიშანი მივცეთ და ისტორიული წონა მივანიჭოთ.

დღესდღეობით, NFT-ის ყველაზე პოპულარული სახეობა ციფრული ხელოვნების ნიმუშებია. ციფრული მხატვრის − Beeple-ის ნამუშევარი Christie's-ის აუქციონზე $69 მილიონად გაიყიდა, რამაც ეს ადამიანი ცოცხალ მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელოვანად აქცია. თუმცა, ციფრული ხელოვნების ღირებულება მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება. დღეს კრიპტომხატვრობა ყველაზე უკეთ გამოხატავს საზოგადოებრივ პრობლემატიკას − იქნება ეს დეცენტრალიზაცია, საავტორო უფლებები, გამჭვირვალობის ამაღლება, კორუფციისა და „შავი ბაზრების" აღმოფხვრაზე მუშაობა თუ მრავალი სხვა.

NFT, ხელოვნების ნიმუშების გარდა, სხვა ციფრულ ტოკენებსაც მოიცავს. მაგალითად, ჯეკ დორსის, Twitter-ის დამფუძნებლის პირველი „ტვიტი" $2,9 მილიონად გაიყიდა, ხოლო New York Times-ის სტატია NFT-ზე − $0,5 მილიონად. კალათბურთის გულშემატკივრებს შეუძლიათ NBA top shot-ის პლატფორმაზე NBA-ის თამაშების საუკეთესო მომენტების ვიდეოკლიპები შეიძინონ და კოლექციები შეაგროვონ.

ამ ეტაპზე, NFT-ის ძირითადად უნიკალური ტოკენების კოლექციონერები და მათი გადამყიდველები იყენებენ, თუმცა ეს ტექნოლოგია რეალურ ცხოვრებაში სულ უფრო აქტუალური ხდება.

Nike-მა დააპატენტა ფეხსაცმელი CryptoKicks, რომლის შეძენის მსურველი, ფეხსაცმლის ორიგინალურობისა და მფლობელის ვინაობის დამადასტურებელ ციფრულ ტოკენს მიიღებს. თუკი ოდესმე ამ ფეხსაცმლის გაყიდვას გადაწყვეტთ, მისი ავთენტურობის დამტკიცებას მარტივად შეძლებთ.

„ავსტრიის ფოსტამ" მიმოქცევაში ჩაუშვა კრიპტომარკები, ანუ ფიზიკური მარკები QR-კოდით, რომლის სკანირებაც თქვენი მარკის ციფრულ ასლზე გადაგამისამართებთ.

აღსანიშნავია, რომ ერთი NFT-ის შექმნასა და მის შენახვას, საშუალოდ 340 კილოვატი ელექტროენერგია სჭირდება, რაც ქართული საშუალოსტატისტიკური ოჯახის ორი თვის ენერგომოხმარებას უდრის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული