5 ინოვაციური სამშენებლო პროექტი მთელი მსოფლიოდან

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დიდი სამშენებლო პროექტები, რომლებიც აშშ-ში ხორციელდება, ხშირად იპყრობს მთელი ინდუსტრიის ყურადღებას ფასებისა და სირთულეების გამო, სხვა ქვეყნებში კი, სამშენებლო კომპანიები მთლიანად არღვევენ ჩარჩოებს და ახალ ტექნოლოგიებსა და მეთოდებს იყენებენ ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად.

entrepreneur.ge

ქვემოთ ყველაზე ინოვაციურ პროექტებს გაეცნობით, რომლებიც რამდენიმე კონტინენტზე ხორციელდება.

ფორესტ გრინ როვერს სტადიონი

ინგლისი

ბრიტანულმა კომპანია Zaha Hadid Architects-მა მსოფლიოში პირველმა 2019 წლის ბოლოს მიიღო ხის სამშენებლო მასალებით საფეხბურთო სტადიონის აშენების ნებართვა. ეს სტადიონი ინგლისში, გლოსტერშირში იქნება და საფეხბურთო გუნდ „ფორესტ გრინ როვერის“ სახლი გახდება, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მეორე ლიგაში თამაშობს. აქ თითქმის ყველა ელემენტი ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალით აშენდება, მათ შორის კონსტრუქცია, სახურავის კონსოლები და ჟალუზებიც კი ხით მოპირკეთდება.

არენა ერთ-ერთი ყველაზე „მწვანე“ საფეხბურთო სტადიონი იქნება მსოფლიოში და მხოლოდ ეკოლოგიური რესურსებით იმუშავებს. სტადიონი 5000 მაყურებელზეა გათვლილი, მის მოედანზე ნებისმიერ ამინდში შეძლებენ ფეხბურთელები თამაშსა და წვრთნას. სტადიონი „მწვანე“ ტექნოლოგიის ბიზნესპარკის ნაწილია ამ რეგიონში. „ფორესტ გრინ როვერის“ ახლანდელ სტადიონზე გადამუშავებული წვიმის წყალი და მზის პანელები აწვდის ენერგიას პროჟექტორებს, და ნაწილობრივ, ამის გამოც აღიარა ეს გუნდი ფეხბურთის მსოფლიო ასოციაციამ მსოფლიოს ყველაზე „მწვანე“ საფეხბურთო კლუბად.

 

რესტორანი წყალქვეშ

ნორვეგია

ეს რესტორანი ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 5 მეტრ სიღრმეზეა აშენებული და სათვალთვალო პერისკოპივით აქვს ამოყოფილი თავი წყლის ზედაპირზე. რესტორანი 2019 წელს გაიხსნა, რომელიც ოსლოში მდებარე არქიტექტურულმა ფირმა Snøhetta-მა შექმნა. იგი ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანია და მსოფლიოს უდიდესი წყალქვეშა ობიექტია სადილობისთვის.

შენობის ინტერიერს თითქმის 2 ფუტი სისქის რკინაბეტონი იცავს, ხოლო მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა − დიდი ფანჯრები, 1 ფუტის სისქისაა. რესტორანს საძირკველი წყლის ქვეშ აქვს, თუმცა გარე კონსტრუქცია მიწის ზემოთ აშენდა და ბარჟით დაეშვა ზღვის სიღრმეში. ინტერიერზე მუშაობა დასრულებული იყო, როდესაც ეს კონსტრუქცია წყალში ჩაეშვა.

 

რას აბუ აბუდის სტადიონი

ატარი

ყატარი რამდენიმე საფეხბურთო სტადიონის აშენებას გეგმავს 2022 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის. მათ შორის ისეთი კონსტრუქციებისაც, რომელთა დაშლა, გადაადგილება და თავიდან აწყობა შეიძლება.

დოჰაში, 40 000-ადგილიან რას აბუ აბუდის სტადიონზე ყველაფერი დიდი სატვირთო კონტეინერებით აიგება − ტუალეტებით დაწყებული, სასტუმრო ლუქსებითა და ექსტერიერით დამთავრებული. შენობის საძირკვლისთვის ბეტონს გამოიყენებენ, თუმცა ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, რკინისა და კონტეინერების უმეტესი ნაწილის დემონტაჟი იქნება შესაძლებელი.

​ეს ადგილი შვიდთაგან ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის შენდება, მაგრამ რას აბუ აბუდი ერთადერთია, რომელშიც ასეთი მოძრავი კონსტრუქციებია წარმოდგენილი და ამიტომ, გასაკვირი არ იქნება, თუ მომავალში ისინი მსოფლიო სპორტის სხვა ობიექტებზეც გამოჩნდება.

როტერდამის მოტივტივე ოფისი

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში ამ წლის ბოლოს უნდა გამოჩნდეს ეკოლოგიური მოტივტივე ოფისი. მისი დიზაინი ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა ფირმა Powerhouse Company-მ წარმოადგინა. იგი ადაპტაციის გლობალური ცენტრის შტაბბინა იქნება, რომლის გუნდიც კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად იმუშავებს.

მშენებლობა მალე დაიწყება და სავარაუდოდ, დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან შენობის უმეტესი ნაწილი წინასწარ იქნება აწყობილი. სამსართულიან შენობაში რესტორანიც იქნება და საცურაო აუზიც, სახურავი კი მცენარეებითა და მზის პანელებით დაიფარება, ხოლო შენობის ეფექტური გათბობისა და გაგრილებისთვის ნავსადგურის წყალი იქნება გამოყენებული.

როტანგის გვირაბი

ინდოეთი

ინდოეთში უკვე დაიწყო სამუშაოების ბოლო ეტაპი მსოფლიოში ყველაზე გრძელი მაგისტრალური გვირაბის გასაყვანად. როტანგის საავტომობილო გვირაბი 9 კილომეტრი სიგრძისაა და ზღვის დონიდან 3048 მეტრზე მდებარეობს, რომელმაც რვა თვეში უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

გვირაბი როტანგის უღელტეხილის ქვეშ გადის, ჰიმალაის პირ პანჯალის ქედზე. როდესაც ზამთარში დიდი თოვლი მოდის, შესაძლოა სოფლებსა და დანარჩენ ქვეყანას შორის კავშირი გაწყდეს. გვირაბი ამ პრობლემასაც მოაგვარებს და ამასთან ერთად, დაახლოებით 48 კილომეტრითაც შეამცირებს მანძილს სოფლებსა და ქალაქ მანალის შორის.