მთვარის რბოლაში Blue Origin-ის დასაბრუნებლად, ჯეფ ბეზოსი NASA-ს $2 მლრდს სთავაზობს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჯეფ ბეზოსს სურს, $2 მილიარდამდე თანხა გამოუყოს NASA-ს, რათა მისმა კოსმოსური ხომალდების მწარმოებელმა კომპანია Blue Origin-მა ილონ მასკის SpaceX-თან განაახლოს კოსმოსისათვის ბრძოლა.

entrepreneur.ge

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა 26 ივლისს მიმართა ღია წერილით NASA-ს ადმინისტრატორ ბილ ნელსონს და აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოს მილიარდობით დოლარის ხარჯების დაფარვა შესთავაზა. ბეზოსს იმედი აქვს, რომ სააგენტო გადახედავს კონტრაქტს ხომალდების მშენებლობის შესახებ და Blue Origin მონაწილეობის მიღებას შეძლებს პროექტში, რომელიც ასტრონავტებს მთვარეზე წაიყვანს.

მისი უჩვეულო წინადადება ერთმა ფაქტმა განაპირობა. კერძოდ, NASA-მ რამდენიმე თვით ადრე ხომალდების ასაშენებელი $2.9-მილიარდიანი ხელშეკრულებისათვის კონტრაქტორად, Blue Origin-ს ილონ მასკის SpaceX არჩია.

სააგენტოს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, რომ კერძო სექტორის მინიმუმ ორი კომპანია გაუწევდა ერთმანეთს კონკურენციას კოსმოსური ხომალდების მშენებლობის პროექტში, რომელიც ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე გადასვამდა Artemis-ის მისიისთვის. ამ პროექტს ადამიანების გადასმის სისტემა (HLS) ჰქვია. მაგრამ NASA-მ აპრილში მოულოდნელად გამოაცხადა, რომ პროექტს ერთადერთი კონტრაქტორი ეყოლებოდა SpaceX-ის სახით და მასთან ერთად გააგრძელებდა გზას. ამის უმთავრეს მიზეზად კი, ხარჯები დაასახელა.

Blue Origin-მა ღიად გააპროტესტა ეს გადაწყვეტილება. ბეზოსი გასულ კვირას დაბრუნდა დედამიწაზე კოსმოსში გაფრენის შემდეგ და ახლა სურს დარწმუნდეს, რომ მას ფული არ შეუშლის ხელს.

„პროექტის საბიუჯეტო დაფინანსების დეფიციტს Blue Origin შეავსებს, რომელიც $2 მილიარდამდე თანხით ყველა დანახარჯს დაფარავს მიმდინარე და მომდევნო ორ ფისკალურ წელს, რათა პროგრამა ახლავე დაბრუნდეს სწორ გზაზე“, – წერს იგი.

„ეს შეთავაზება თანხის გადახდის გადავადებას არ ნიშნავს, ეს პირდაპირი და საბოლოო უარია NASA-სგან რაიმე თანხის მიღებაზე, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს საკმარის დროს მისცემს, თავისი დანაკარგები აინაზღაუროს“.

ბეზოსს არაერთხელ გაუსვამს ხაზი, რომ NASA-მ აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი ჯანსაღ კონკურენციას. სააგენტო მთვარეზე დასაბრუნებლად მუშაობს და ბეზოსი ვარაუდობს, რომ მთავრობა ინანებს, თუ ამას არ გააკეთებს.

„თუ კონკურენცია არ იქნა, NASA-ს ხელშეკრულების დადებიდან მოკლე დროში ექნება გარკვეული შეზღუდვები, რადგან მოლაპარაკებების გამართვას შეეცდება გადაცილებული ვადების, დიზაინში ცვლილებების შეტანისა და გადახარჯვების შესახებ“, – წერს იგი, – „NASA-ს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მთვარის ამბიციები გადაიდება კონკურენციის გარეშე. მას საბოლოოდ, უფრო მეტი დანახარჯი ექნება, და არც ეროვნული ინტერესებისთვის იქნება ეს ვითარება ხელსაყრელი“.

NASA ვარაუდობს, რომ თავისი Artemis-ის პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს გადასვამს მთვარის სამხრეთ პოლუსზე პირველად ქალს, ხოლო შემდეგ − მამაკაცს. ადამიანებმა მთვარის ზედაპირი 1972 წელს, Apollo-ს ბოლო მისიის დროს (Apollo 17) გამოიკვლიეს.

Blue Origin კონტრაქტის მისაღებად იბრძვის და ამიტომ შესთავაზა NASA-ს, რომ HLS პროგრამაში „ეროვნულ გუნდად“ იმუშავებდა. ისევე, როგორც სამთავრობო კონტრაქტორები, Northrop Grumman (NOC) და Lockheed Martin (LMT) მუშაობენ პერიოდულად. პროექტი მთვარეზე დასაჯდომი მოდულის შექმნას ისახავს მიზნად კოსმოსური სადგურისთვის, რომელსაც Gateway ჰქვია. NASA მთვარის ორბიტაზე ამ მოდულის გაშვებას გეგმავს.

ანალოგიური წინადადებით გამოვიდა ალაბამაში დაფუძნებული Dynetics, რომელმაც ასევე გააპროტესტა NASA-ს გადაწყვეტილება SpaceX-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.

თუმცა უნდა ითქვას, რომ SpaceX-მა NASA- ს თავისი გალაქტიკათაშორის კოსმოსურ ხომალდ Starship-ის გამოყენება შესთავაზა. იგი გიგანტური კოსმოსური ხომალდია, სარაკეტო სისტემა აქვს, და ამჟამად განვითარების საწყის ეტაპზეა სამხრეთ ტეხასში. SpaceX-ის მთავარი მიზანი Starship-ით ადამიანების მარსზე გადაყვანაა, Artemis-ის მთვარის პროგრამისათვის კი, კომპანიამ NASA-ს მისი შეცვლილი ვერსიის გამოყენება შესთავაზა.