You can be on Entrepreneur’s cover!

რა უპირატესობებს სთავაზობს "სილიკონ ველი" სტარტაპებს ეს ადგილი დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ანტრეპრენერები, ტექნოლოგიური ბიზნესის დასაწყებად, „სილიკონ ველის" ყველაზე ხელსაყრელ და მიმზიდველ ადგილად მიიჩნევენ. აქ, ათწლეულების განმავლობაში უამრავმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა მოიყარა თავი და დაარსების დღიდან, წარმატებით ოპერირებენ. „სილიკონ ველი" დღემდე იზიდავს სტარტაპებს მთელი მსოფლიოდან და მათ, განვითარებისა და ზრდის შეუზღუდავ შესაძლებლობებს სთავაზობს. და მაინც, რა აქცევს „სილიკონ ველის" ასეთ პოპულარულ მდებარეობად ტექნოლოგიური კომპანიებისათვის? − ამ სტატიაში ვეცდებით განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი.

ადგილმდებარეობა

მსოფლიოში აპრობირებული და არაერთგზის დამტკიცებული პრაქტიკაა, რომ მსგავს ბაზრებსა და საქმიანობის სფეროებს, გარკვეულ ტერიტორიაზე კონცენტრირებულად თავმოყრის ტენდენცია ახასიათებთ. მაგალითად, კონკურენტი საცხობები, ხშირად ერთმანეთის მეზობლად ფუნქციონირებენ; სურსათით მოვაჭრეები, ბაზრის ტიპის სივრცეში ერთიანდებიან, ხოლო სამოსის ცნობილი ბრენდები თავიანთ მაღაზიებს, დიდ სავაჭრო ცენტრებში, ერთმანეთის სიახლოვეს ხსნიან. რატომ ხდება ასე? − იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მომხმარებელს მრავალფეროვნება და ფართო არჩევანი ხიბლავს, ხოლო მეორე მხრივ, ანტრეპრენერები მუდმივად ცდილობენ ახალი კლიენტის მოზიდვასა და კონკურენტებისაგან მათ გადმობირებას. ასევე, შედარებით მარტივია მსგავსი მიმართულების ბიზნესების ერთობლივი ძალისხმევით, ყველასთვის თანაბარი სარგებლის მომტანი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„სილიკონ ველის" ტექნოლოგიურ სტარტაპთა ცენტრად ჩამოყალიბებასაც, სწორედ ამ ე.წ. „ნეშის წონასწორობამ" შეუწყო ხელი. ისეთ გარემოში, სადაც ბევრი მსხვილი კომპანიაა თავმოყრილი, ბიზნესინფრასტრუქტურა ყვავის, ნიჭიერ ადამიანთა დიდი რესურსი და მოქნილი ბიუროკრატიული სისტემაა, სტარტაპის დაარსება ბევრად მარტივია. მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესისათვის Cloud-მომსახურების მიღება დაგჭირდათ, მეზობლად გეყოლებათ Google, Microsoft და კიდევ უამრავი სხვა, ვისგანაც ამ სერვისს სწრაფად და ხარისხიანად მიიღებთ, იმის ნაცვლად, რომ პარტნიორი ასეულობით კილომეტრის მოშორებით ეძებოთ.

„წარმატება შობს წარმატებას" სპეციალიზაციისა და „ნეთვორქინგის" უპირატესობები

თანამედროვე მსოფლიოში, პროფესიული განათლებისა და ე.წ. „ნეთვორქინგის", ანუ კონტაქტების დამყარების, გარეშე წარმატების მიღწევა რთულია. „სილიკონ ველის" ანტრეპრენერებისთვის ტექნოლოგიური სტარტაპის დაარსება ინოვაციურობის, თანამშრომლობისა და გარისკვის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი, მათ მოტივაციასა და თავდაჯერებულობას სძენს.

აღიარებული ტექნოლოგიური გიგანტების ყოფილ თანამშრომლებს და პარტნიორებს, უამრავი წარმატებული სტარტაპი შეუქმნიათ, რაც დიდწილად კვალიფიკაციითა და საჭირო კონტაქტების არსებობით მიიღწევა. „სილიკონ ველიში" შედარებით მარტივია გამოცდილი მენტორის პოვნა, რომელიც თქვენთვის საინტერესო სფეროში მუშაობს და საჭირო კონსულტაციას გაგიწევთ. ფინანსური კაპიტალის მოსაზიდად, შესაძლოა სტარტაპის უოლ-სტრიტზე დაფუძნება უფრო უპრიანი იყოს, თუმცა ტექნოლოგიური სტარტაპის შემთხვევაში, როდესაც ცოდნა და გამოცდილება მატერიალურ რესურსზე ძვირად ფასობს, „სილიკონ ველის" ბადალი არ ჰყავს.

ადგილობრივი შესაძლებლობები და იდეები

რა ტექნოლოგიური და ციფრული გადაწყვეტაა ახლა აქტუალური? კოდირების რომელი ენა დამეხმარება პრობლემის მოგვარებაში? ხომ არ მოძველდა არსებული მიდგომები? − ასეთ შეკითხვებზე დროული და ხელმისაწვდომი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. „სილიკონ ველი", ტექნოლოგიური სტარტაპისათვის ყველა საჭირო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციაზე მარტივ და თავისუფალ წვდომას გვთავაზობს. ეს უნივერსალური ადგილია რეგულარული სემინარებისა და „ვორქშოფებისათვის", გამოფენებისთვის, ბიზნესგეგმების საჯარო განხილვისთვის, პრეზენტაციებისთვის და სხვა, რაც დამწყებ ანტრეპრენერებს განსაკუთრებით სჭირდებათ.

დაგვეთანხმებით, მსგავს აქტივობებზე დასასწრებად, უახლოეს საკონფერენციო დარბაზში გასვლა ბევრად მარტივია, ვიდრე გზაში უამრავი დროისა და ფულის ხარჯვა, მაშინ, როცა „სილიკონ ველისგან" შორს ცხოვრობ. ცხადია, დღევანდელი მოცემულობით, ონლაინშეხვედრებიც ნორმალურ პრაქტიკად იქცა, თუმცა ცოცხალი ურთიერთობების ჩანაცვლების რესურსი არცერთ ციფრულ პლატფორმას არ გააჩნია.

იურიდიული მხარდაჭერა

კანონები, რომლებიც „სილიკონ ველიზე" მოქმედებს, ბიზნესის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ვინაიდან ტექნოლოგიური სტარტაპი მატერიალურ პროდუქტს არ აწარმოებს და ანტრეპრენერები ფსონს ბიზნესიდეის განვითარებაზე, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებაზე ჩამოდიან, ეს ყველაფერი ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს და განსაკუთრებულ სამართალწარმოებას საჭიროებს.

„სილიკონ ველიში" საქმიანი ინტერესების დასაცავად, კომერციულ საიდუმლოსა და იდეის საკუთრების უფლებაზე ეფექტური კანონები მოქმედებს. ეს ყველაფერი კი, ახალბედა სტარტაპერებისათვის ის მნიშვნელოვანი სამართლებრივი „ფარია", რაც მათ საიმედოდ და სტაბილურად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

ინდუსტრიები ერთმანეთს ეხმარებიან

ინდუსტრიები, რომლებიც ერთმანეთთან უშუალო სიახლოვეს მდებარეობენ, სახელმწიფო ორგანოებთან საერთო სიკეთის მომტან იდეებს ლობირებენ. მაგალითად, ეს ეხება უცხოელი თანამშრომლებისათვის ვიზის გაცემის გამარტივებას, გარეუბნებიდან სპეციალური სატრანსპორტო მარშრუტების დანიშვნას, თანამშრომელთათვის სოციალური პირობების უზრუნველყოფას და სხვა. გარდა საჯარო სტრუქტურებთან ერთიანი პოზიციებისა, ხშირად მსხვილი კომპანიები ერთი და იგივე მიმწოდებლის სერვისით სარგებლობენ, აწყობენ უფასო სასადილოებსა და დასასვენებელ სივრცეებს, ერთობლივი ძალებით ეწევიან ქველმოქმედებას და ა.შ.

გაერთიანებით, საერთო მიზნის მისაღწევად, სინერგიის ეფექტის შექმნა ბევრად მარტივია და ეს „სილიკონ ველის" გიგანტებს განსაკუთრებულად აქვთ გათავისებული.

ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობები

„სილიკონ ველიში" კომპანიის დაარსება საკმაოდ დიდ მატერიალურ კაპიტალთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ტერიტორია ე.წ. ვენჩურული კაპიტალისტების მსხვილი ცენტრია. ეს ადამიანები მუდმივად ეძებენ კვალიფიციურ და პოტენციურ ბიზნესიდეებს, და მათში ფულის დაბანდებას არ ერიდებიან.

თუკი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპი ნამდვილად საინტერესოა, არ გაგიჭირდებათ ადგილობრივი ნიჭიერი კადრების, პარტნიორების, კონსულტანტი იურისტებისა და ვენჩურული კაპიტალისტების დაინტერესებაც, რომლებიც მზად არიან თქვენს კომპანიაზე ჩამოვიდნენ ფსონს. „სილიკონ ველი" ასევე განთქმულია ე.წ. „ანგელოზი ინვესტორების" სიუხვითაც, რომლებიც იდეის დონეზე არსებულ სტარტაპებს, პროტოტიპირებაში, მონეტიზაციასა და ფინანსური სახსრების მოძიებაში ეხმარება.

დასკვნა

„სილიკონ ველიში" ოპერირებას, უამრავი უპირატესობის პარალელურად, თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. ნიჭიერი და მცოდნე სპეციალისტები თავიანთ სერვისს ძვირად აფასებენ. გარდა ამისა, ტალანტებზე აქტიურად „ნადირობენ" მსხვილი ორგანიზაციებიც და თავისუფალი პროფესიონალის პოვნა ხშირად დიდ სირთულეებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთ კონკურენტულ გარემოში კოლეგების მხრიდან მოლოდინი და ფსიქოლოგიური წნეხი საკმაოდ დიდია და ბევრ დამწყებ სტარტაპერს ამ სტრესთან გამკლავება უჭირს.

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ ხელსაყრელი ადგილმდებარეობა წარმატების გარანტია ვერასოდეს გახდება. მომგებიანი და წარმატებული ბიზნესის შექმნას, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ სფეროში, მუდმივი მუშაობა, დიდი ნებისყოფა და პროფესიონალიზმი სჭირდება, ხოლო ყველაფერ დანარჩენს, „სილიკონ ველი" უზრუნველყოფს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის პარტნიორობით მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს აქსელერატორი, 500 Startups შემოვიდა. პროგრამაში გამარჯვებული 4 სტარტაპი (Payzee, Cardeal, Cargon, Agrolabs) „სილიკონ ველის" ესტუმრება.

Entrepreneur გააგრძელებს საინფორმაციო მასალებს „სილიკონ ველის" შესახებ და ასევე მოგითხრობთ ქართული სტარტაპების გამოცდილების შესახებ ამერიკიდან.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს