You can be on Entrepreneur’s cover!

4 რამ, რაც ანტრეპრენერმა დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თანამედროვე, მსხვილ ორგანიზაციებში მუშაობა, გამუდმებული სტრესი და დაძაბულობა, ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ამის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ფიქრს სამსახურის დატოვებასა და საკუთარი დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობის დაწყებაზე, თუმცა ანტრეპრენერობა, ხშირად უფრო მეტ გამოწვევასთანაა დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა და უფროსთან გამომშვიდობება მარტივი საქმეა. სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი Linkedin-ზე, რომელიც HR-ის კუთხით ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმაა, ყოველდღე უამრავ პოსტს შეხვდებით, სადაც ადამიანები სიხარულითა და სიამაყით აცხადებენ კომპანიების დატოვებისა და საკუთარი ბიზნესის წამოწყების შესახებ. პანდემიის პერიოდში, ასეთი შინაარსის პოსტებმა მკვეთრად იმატა და დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ეს, უმეტეს შემთხვევაში, სამუშაო რუტინისგან მოწყვეტისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასების შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ სტაბილური სამსახურიდან წამოსვლა მარტივია, ამ პროცესს უამრავი თანმდევი სირთულე და ბუნდოვანი მომავლის შიში ახლავს, რომელთა გადალახვას დიდი სიმამაცე და გამბედაობა სჭირდება, თუმცა საკმარისი არც ესაა. თუკი ანტრეპრენერულ საქმიანობაში თავით გადაშვებასა და სრული განაკვეთით საკუთარ ბიზნესზე მუშაობას გეგმავთ, მნიშვნელოვანია, ამ 4 ფაქტორს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ:

იმუშავეთ მყარი პერსონალური ბრენდის შექმნაზე

დღეს, წარმატების მისაღწევად ადამიანი საკუთარი პიროვნული ბრენდის შექმნაზე გამუდმებით უნდა მუშაობდეს. რას გულისხმობს ეს? − შეიძლება უმაღლესი დონის პროფესიონალი და კონკრეტული საქმის ექსპერტი იყო, თუმცა თანამედროვე სამყაროში ეს აღარ კმარა. ციფრულმა ტექნოლოგიებმა და სოციალურმა ქსელებმა შესაძლებლობები იმდენად გააფართოვა, რომ საკუთარი ცნობადობის ამაღლება გაცილებით სწრაფად შეიძლება, ვიდრე უწინ.

შეგვიძლია დავწეროთ წიგნი, ვაწარმოოთ ბლოგი, გავხდეთ ისეთი ცნობილი პლატფორმის მომხსენებელი, როგორიც TEDx-ია, მონაწილეობა მივიღოთ თემატურ პოდკასტებში, ვწეროთ სტატიები სხვადასხვა გამოცემისათვის და ამ გზით საკუთარი სათქმელი ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ. სოციალურ ქსელებში აქტიურობა და ბევრი გამომწერი, ადამიანებთან თქვენს კომუნიკაციას ბევრად გაამარტივებს და რიგ შემთხვევაში, გარკვეულ ჯგუფებში ავტორიტეტისა და იდეური ლიდერის სახელსაც მოიხვეჭთ.

ანტრეპრენერობა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანურ ურთიერთობებსა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების აღმოჩენას ეფუძნება. აქტიური პერსონალური ბრენდინგის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ, როგორც მსხვილ ბრენდებთან, ისე კომპანიების გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან დაახლოებასა და დამოუკიდებელი საქმის წამოწყებისას, მათგან მნიშვნელოვანი დახმარების მიღებას.

დაამყარეთ სტრატეგიული ურთიერთობები

ნებისმიერ ადამიანს სურს იყოს გულწრფელი და იქცეოდეს ისე, როგორც მას საკუთარი მორალური „კომპასი" უკარნახებს. სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება, ხშირად ნეგატიური კონოტაციით აღიქმება, თუმცა ეს ასე არაა. მნიშვნელოვანია ისეთ თანამოაზრეებს შორის ვპოზიციონირდეთ, რომლებსაც ან უკვე გავლილი აქვთ ის გზა, რომელსაც თქვენ ადგახართ, ან იმავე ტრაექტორიით მოძრაობენ და ერთმანეთს ზურგს გაუმაგრებთ.

არ შევუშინდეთ იდეებსა და ჩვენს ღირებულებებზე ხმამაღლა საუბარს. ადამიანები, რომლებიც დღეს თქვენი ხელმძღვანელები ან კოლეგები არიან, ხვალ შესაძლოა სულ სხვა ამპლუაში წარდგნენ თქვენ წინაშე. თუკი ურთიერთობა გულწრფელია და ერთი ვექტორითაა გამტკიცებული, სწორედ ასეთი ადამიანები დაიცავენ თქვენს პოზიციას იმ ოთახში, სადაც არ შეგიბიჯებიათ და მოტივაციას მოგცემენ მაშინ, როცა აღარაფრის იმედი არ გაქვთ და თამაშგარე სიტუაციაში გრძნობთ თავს.

გინდათ გაიგოთ, ხართ თუ არა მზად დამოუკიდებლად ბიზნესის წარმოებისა და განვითარებისათვის? − წარმოიდგინეთ ყველაზე ცუდი სცენარი, როდესაც თქვენი საქმე თავზე გენგრევათ და სასწრაფოდ უნდა დაასახელოთ 10 ადამიანი, ვისაც დახმარების სათხოვნელად მიაკითხავდით. თუკი ასეთი 10 ადამიანი რამდენიმე წამის განმავლობაში არ ამოტივტივდა თქვენს გონებაში, ესე იგი ურთიერთობებისა და კონტაქტების დამყარებით უნდა დაიწყოთ...

შეადგინეთ ფინანსური გეგმა

როდესაც არ ხარ მდიდარი, გყავს ოჯახი, გაქვს დიდი ფინანსური პასუხისმგებლობები, სესხები, ვალები და ა.შ. სტაბილური სამსახურიდან წამოსვლა და ბიზნესის წამოწყება ბევრისთვის საშიში პერსპექტივაა. ფული და მატერიალური კეთილდღეობა არის ის მიზეზი, რის გამოც უმეტესობა ჩვენგანი მუშაობს, ხოლო სამსახურიდან წამოსვლამ და ბიზნესის წარმოებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაგაზარალოთ, სანამ საქმე შემოსავლის მომტანი არ გახდება.

ანტრეპრენერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინანსური გეგმის შემუშავება, სადაც გულდასმით იქნება გაწერილი ყველა აუცილებელი და უსარგებლო ხარჯი, გათვალისწინებული იქნება შემოსავლების გრაფიკი და მთავარ აქცენტს დანაზოგების სწორ მართვაზე გავაკეთებთ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თანხა დაგვჭირდება, რომ მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, ელემენტარული საჭიროებების უზრუნველყოფა შევძლოთ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი ჩვენი ანტრეპრენერული ოცნება კრახს განიცდის და დასაქმების ბაზარს მივაშურებთ, სამსახურის პოვნა მარტივი არ იქნება და დამატებით დროს მოითხოვს.

სამედიცინო დაზღვევა

მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან სამედიცინო მომსახურება გაცილებით ხელმისაწვდომია, იაფს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით.

უმეტესობა სამსახურებისა, თავიანთ თანამშრომლებს კორპორაციულ სადაზღვევო პაკეტებს სთავაზობს. ასეთი მომსახურება, ყოველთვიურად უმნიშვნელო თანხის გადახდის სანაცვლოდ, საჭირო დროს დიდ ფინანსურ რესურსს გვიზოგავს. თუმცა როდესაც სამსახურიდან წამოსვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სამედიცინო ხარჯების დაფარვა სრულად თქვენ მოგიწევთ.

ამიტომ წინასწარ მოძებნეთ თქვენთვის მისაღები სადაზღვევო კომპანია, დამაკმაყოფილებელი პირობებითა და მომსახურებით. განსაკუთრებით კი, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრს რაიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. ადამიანები, ხშირად უსაფუძვლოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ჯანმრთელობის საკითხების მიმართ და გვგონია, რომ არაფერი მოგვივა, თუმცა უსიამოვნო მოულოდნელობისგან დაზღვეული არავინაა.

ანტრეპრენერობა, როდესაც სრული განაკვეთით, 24/7 რეჟიმით თქვენი დამოუკიდებელი საქმიანობით ხართ დაკავებული, გათავისუფლებთ და აზროვნების მიმართულებას გიცვლით. თუმცა, ვინაიდან ეს გზა გამოწვევებითაა აღსავსე, სანამ ამ ნაბიჯის გადადგმაზე სერიოზულად დაფიქრდებოდეთ, დარწმუნდით, რომ როგორც მენტალურად, ისე ფინანსურად მზად ხართ მოსალოდნელ სირთულეებთან გასამკლავებლად.

სპონტანურობა, ხშირად გენიალურ მიგნებებს შობს, თუმცა დაგეგმარება და დეტალების წინასწარ გათვლა, თქვენი სიმშვიდისა და წარმატების გარანტი გახდება.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან