📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

CARU – $30,000-იანი გიჟური ფსონი, რომელმაც გაამართლა "არის რაღაცები, რაც გარისკვად ღირს, როგორ გაუმართლებლადაც უნდა ეჩვენებოდეს ეს ხალხს"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კიკალა სტუდიო/ვახტანგ ალანია

„ჰო მაგრამ, ვის რაში სჭირდება ასეთი რამ?!" − ეს სიტყვები მიიღო პირველად პასუხად ნიკა აბაშიძემ 3 წლის წინ, როდესაც CARU-ს იდეა მამას გაუზიარა.

3 წლის წინ კი, ვინმესთვის რომ გეთქვათ მანქანა სრულიად უცხო ადამიანს უნდა გაატანო შესაკეთებლადო, ალბათ ეჭვის თვალით შემოგხედავდნენ. სწორედ ასე არასერიოზულად აღიქვა იდეა ნიკა აბაშიძის მამამაც, როდესაც 3 წლის წინ შვილმა ამგვარი სტარტაპის შექმნა დაუანონსა. დღეს კი უკვე ახალი სამსახური აქვს და ის CARU-ში პრობლემური შემთხვევების მენეჯერად მუშაობს. ასეც ხდება.

სამაგიეროდ, ეჭვნარევი შეკითხვით არ უპასუხია ნიკასთვის მის მეგობარს, რომელმაც იდეის მოსმენის შემდეგ $30,000-იანი ინვესტიცია ჩადო CARU-ში. მაშინ CARU ჯერ კიდევ ვალიდაციას გადიოდა, კომპანიადაც კი არ იყო დარეგისტრირებული და სულ 18 სატესტო შეკვეთა ჰქონდა შესრულებული. ერთადერთი ავტოასისტენტი კი თავად ნიკა იყო. ერთი სიტყვით, არანაირი რაციონალური საფუძველი ამ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა. მხოლოდ სანდროს რწმენა, რომ იდეა განხორციელებად ღირდა, და რომ ნიკას ამის გაკეთება ნამდვილად შეეძლო.

დღეს უკვე ამ დღიდან თითქმის 3 წელია გასული და უცხო ადამიანისთვის ავტომობილის გატანება, შეკეთების მიზნით, სასაცილოდ აღარავის ეჩვენება. ეს უკვე ბიზნესია, რომელიც 80+ ადამიანს საშუალებას აძლევს შესთავაზოს ავტომობილის შეკეთებისა და მოვლის მომსახურება ავტომფლობელებს მოწესრიგებული პლატფორმის საშუალებით. 1000-ზე მეტი მათგანი კი ყოველთვიურად ასეც იქცევა.

CARU − ესაა პლატფორმა, რომლის მეშვეობით შეგიძლია ოპერატიულად გამოიძახო ავტოასისტენტი. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა ავტომობილებში და თქვენ მაგივრად წაიყვანს მას ხელოსანთან. შეაკეთებს ყველაფერს, რაც გენდომებათ და მანქანას მწყობრში მოყვანილს დაგიბრუნებთ.

უნდა ითქვას, რომ ზოგადად, სტარტაპისთვის 3 წელი კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდად მიიჩნევა. სასტარტო სვლიდან დაწყებული, ამ დროის განმავლობაში, შემხვედრი დაბრკოლებების გადალახვა და ბაზარზე მტკიცე პოზიციების მოპოვება ყველაზე რთული ამბავია. და თუ ამ პერიოდის გავლას ის კარგად ახერხებს, მაშასადამე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით შედგა და ვითარდება.

სინამდვილეში კი ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო, როდესაც ნიკას ბებია მიხვდა, რომ ძალიან მოუსვენარი 5 წლის ბავშვი მხოლოდ მაშინ მშვიდდებოდა, როდესაც აივნიდან მანქანებს უყურებდა. ამიტომ, ხშირად ნიკას აივანთან სვამდნენ, რომ მანქანებისთვის თვალი შეევლო. სხვაგვარად, ბავშვს უბრალოდ ვერ აჩერებდნენ.

ამის შემდეგ იყო სპორტული მანქანები, ქუჩის შეკრებები და მამის სპორტული მანქანით ავარიაც კი. შემდეგ უკვე ავტოსერვისში მუშაობა და ახდენილი ბავშვობის ოცნება, როდესაც პირველი ქართული ავტოვლოგი გააკეთა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი სამსახური, სადაც ვიმუშავებდი, იქნებოდა „თოფ გირი" წამყვანობა. 23 წლის მივხვდი, რომ საქართველოში ეს არ გამოვიდოდა. ამიტომ, ავდექი და ჩემი გადაცემა გავაკეთე", − ამბობს ნიკა.

სწორედ ამ ვლოგის საშუალებით გაიცნო ნიკამ სანდრო, რომელიც ნიკას ვიდეოებს თვალს ადევნებდა და ერთ დღესაც მისი უიშვიათესი ავტომობილის − Mercedes AMG GTS-ის გატესტვა შესთავაზა. მაშინ ნიკამ უარი უთხრა, რადგან როცა ვლოგზე მესიჯი მიუვიდა: „ძალიან მომწონს რასაც აკეთებ, GTS მყავს და თუ გინდა გადაიღე", − იფიქრა, რომ მოწერისას სანდროს შეეშალა და Nissan Fuga-ს სთავაზობდა გადასაღებად.

„4 თვის შემდეგ, როცა მისი ახალი მანქანის შემოთავაზებისას, სანდროსგან გავიგე, რომ საქართველოში ერთადერთ AMG GTS-ზე მეუბნებოდა, წნევა 200-ზე ამივარდა და თითქმის მიკროინფარქტიც მივიღე. ამის შემდეგ, თუ რამეში ეჭვი მეპარება, კითხვას აუცილებლად ვსვამ", − იხსენებს ნიკა.

ასე გაიცნო ნიკამ სანდრო, რომელმაც 3 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე არაადეკვატური ინვესტიცია განახორციელა და საქართველო ავტოსერვისის რევოლუციის აკვნად აქცია.

„არის რაღაცები, რაც გარისკვად ღირს, როგორ გაუმართლებლადაც უნდა ეჩვენებოდეს ეს ხალხს. CARU ღირდა გარისკვად − უამრავი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ადამიანებისთვის ავტომობილი ტანჯვასთან აღარ ასოცირდება. მათ, კი ვისაც ადრე საშუალოზე დაბალი ხელფასი ჰქონდა და მთელი დღე მუშაობა უწევდათ, ახლა 3-ჯერ, 4-ჯერ მაღალი შემოსავალი აქვთ და საშუალება ეძლევათ ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესონ. ახლა მათ შეუძლიათ გაატარონ დრო ბავშვებთან, მეუღლესთან, წავიდნენ საოჯახო მოგზაურობებში და ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. შეიძლება კიბო არ განგვიკურნავს, მაგრამ ვფიქრობ CARU-თი სამყარო უკეთესი გახდა", − ამბობს სანდრო.

მაშინ, როდესაც საჭირო ავტონაწილის ძიება და მანქანის შეკეთება შესაძლოა რამდენიმე დღე ან კვირაც კი გაგრძელდეს, CARU-ს ავტოასისტენტს ეს დრო უმოკლეს ვადამდე შეუძლია შეამციროს, თანაც ყოველგვარი ზედმეტი მღელვარებისა და არასაჭირო დანახარჯების გარეშე. სწორედ ამ კომფორტის შექმნა იყო თავიდანვე ნიკას ჩანაფიქრი და მიზანი, რომელმაც ფაქტია, გაამართლა.

„3 წლის თავზე CARU გახდა კომპანია, რომელმაც შეცვალა ავტოსერვისი. გახადა ის ადამიანებისთვის სწრაფი, კომფორტული და დაცული. დღეს უკვე 80+ ავტოასისტენტი მუშაობს ჩვენი პლატფორმის მეშვეობით და ეხმარება ადამიანებს ავტომობილების სწრაფ შეკეთებაში. 3 წლის წინ CARU-ს იდეა ერთი შეხედვით იყო აბსურდი, რომელსაც მხოლოდ „დარტყმული" დაიჯერებდა. გამოდის, რომ 2 „დარტყმული" საკმარისი აღმოჩნდა. მე მომაფიქრდა იდეა და გადავწყვიტე, რომ უნდა გამეკეთებინა. ჩემი პარტნიორი სანდრო კი, საკმარისად „დარტყმული" აღმოჩნდა, რომ $30,000-იანი ფსონი გაკეთებინა აბსურდში, რასაც დღეს უკვე CARU ჰქვია.

შესაძლოა აბსურდი ცოტა სასაცილოდ ჟღერს დღეს CARU-სთან მიმართებაში, მაგრამ 3 წლის წინ ასე არ იყო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ლონდონშიც შეეცადა გარკვეული ადამიანების გუნდი მსგავსი სტარტაპის გაკეთებას, თუმცა 2017 წლის შემდეგ მათზე აღარაფერი იძებნება. იმავეს გამეორება სცადა ერთმა კომპანიამ უკრაინაშიც 2019 წელს, მაგრამ დღეს მათი საიტი გათიშულია, ხოლო საქართველოში 15 კომპანია გაჩნდა და გაქრა მას შემდეგ, რაც CARU-მ პოპულარობის მოხვეჭა დაიწყო. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და უამრავ კითხვასაც აჩენს, მაგრამ ამაზე პასუხი მაქვს: ამის პასუხია სიტყვა „დრუნჩნათლად", რაც ნიშნავს, რომ აკეთო საქმე ისე, როგორც ამას შენი ძაღლი გააკეთებდა. ჩვენი იდეა უამრავი ფულის შოვნა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, CARU-მ ფული უნდა იშოვოს, სხვაგვარად ვერ გადარჩება, მაგრამ მე და სანდრო ვფიქრობთ, რომ ეს 7-8 წლის შემდეგ მოხდება. ჩვენ ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ და მთელ ენერგიას მომხმარებელზე ზრუნვაში ვდებთ. სხვებს კი უბრალოდ ეგონათ, რომ დიდ ფულს ვშოულობდით და როგორც კი რეალობას შეეჯახნენ, მაშინვე თავი დაანებეს", − უყვება ნიკა Entrepreneur-ს.

„აქ გაცილებით დიდ იდეასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ფულის გამომუშავებაა. 100 წელზე მეტია, ავტოტექმომსახურების პროცესი არ შეცვლილა და წინ არ წასულა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მომხმარებელზე კონცენტრირების საშუალებით, ჩვენ შევძელით, რომ ავტომობილის შეკეთების მთლიანი პროცესი ჩაგვეტია რამდენიმე კლიკში", − ამბობს სანდრო.

მიუხედავად განვითარების სწრაფი დინამიკისა, არსებობის 3 წლის განმავლობაში, CARU-ს წელიწადნახევარი „კოვიდ"-რეალობის პირობებში უწევს ოპერირება. ისევე, როგორც ყველა სფეროს, კორონავირუსმა ავტოსერვისის ინდუსტრიაზეც საკმაოდ მძაფრი გავლენა იქონია და აქ თავისებური დღის წესრიგი შეიტანა. განსაკუთრებით, საყოველთაო მობილობის შემცირების ფონზე. მიუხედავად ამისა, ქართული კომპანია საკუთარ მზარდ გუნდთან ერთად ძალისხმევას არ აკლებს ამ სფეროს და მის თვისებრივად ახლებურ განვითარებაზე მაინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს.

„კოვიდი ავტოსერვისისთვის ყველაზე დიდი გამოცდა აღმოჩნდა, რომელიც ამ სფეროს ოდესმე ჰქონია. ადამიანები შინ გამოიკეტნენ. შესაბამისად, ნაკლებს დადიოდნენ და ავტომობილიც ნაკლებად სჭირდებოდათ. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ავტო სერვისიც ნაკლებად დასჭირდათ. ძალიან გაჭირდა მუშაობა ამ პერიოდში, რადგან ყველას ეშინოდა, რომ პურის ფული აღარ დარჩებოდათ და მანქანას აღარაფერს ახარჯებდნენ. თუმცა, მეორე მხრივ ამან დაგვანახვა, რომ CARU-ს ბიზნესმოდელი გამართლებულია. სწორედ იმის გამო, რომ ძალიან დაბალი ფიქსირებული ხარჯი გვაქვს, CARU გადარჩა. ჩვენ კი დავინახეთ, რომ კრიზისული პერიოდების მიმართ ძალიან რეზისტენტულები ვართ",− ნიკა აბაშიძე.

რეზისტენტული ბიზნესმოდელი მდგრად განვითარებას განაგრძობს. CARU-ს ბაზაზე კიდევ ერთი კომპანია აღმოცენდა − CARUSELL, რომელიც ავტომობილის ყიდვა-გაყიდვის ასევე მრავალმხრივ პროცესს ექსპერტს აბარებს და მას ანდობს. მანქანის როგორც ყიდვა, ასევე გაყიდვა მხედველობაში მისაღებ უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული, რომლის არცოდნამ ან უგულებელყოფამ შესაძლოა საკმაოდ გვაზარალოს. CARUSELL კი ამ პროცესის სასიამოვნო, მარტივ და სარფიან გამოცდილებად გადაქცევას გვპირდება. შეძენის სურვილის შემთხვევაში, CARUSELL-ის კვალიფიციური ექსპერტი ეძებს, აფასებს, სკრუპულოზურად ამოწმებს და მისაღებ ფასად გაყიდვინებთ მანქანას. მისი საკომისიო კი 50 ლარს და არსებობის შემთხვევაში, დაკლებული თანხის 50%-ს შეადგენს.

ხოლო თუ ავტომობილის გაყიდვა გსურთ, თანაც სწრაფად და სარფიანად, ექსპერტი აქაც ოპერატიულად მიუდგება საქმეს: უღებს მკაფიო ფოტოებს თქვენს მანქანას, აწესრიგებს, ათავსებს სხვადასხვა მიზნობრივ პლატფორმაზე, აჩვენებს მსურველს მანქანას და საჭიროების შემთხვევაში, შესამოწმებლადაც მიჰყვება მას. ამ შემთხვევაში, CARUSELL-ის ექსპერტის მომსახურება 50 ლარი და გაყიდული მანქანის საფასურის 2% დაგიჯდებათ.

ასე რომ, კომპანია ავტოთემატიკასა და ავტოსაჭიროებებთან დაკავშირებული არეალის ათვისებას განაგრძობს. საინტერესოა, რა იქნება კომპანიის შემდეგი სვლა და მიმართულება?.. მანამდე კი უნდა აღვნიშნოთ CARU-ს გუნდის აწ უკვე ოფიციალური და გამორჩეული წევრი − „ბიგლუ" (ძაღლი), რომლის რეგალია, არც მეტი არც ნაკლები, კომპანიაში თანამშრომლებისა და მომხმარებლების განწყობაზე ზრუნვის დეპარტამენტის მეთაურობას გულისხმობს.

„ბიგლუ" პირველი ძაღლია საქართველოში, რომელიც ოფიციალურად დასაქმდა და პირველი ცხოველი, რომელსაც დეპარტამენტი ჩაბარდა. ამასთან, ბიგლუმ მუშაობის სრულიად ახალი ტერმინი გააჩინა − „დრუნჩნათლად", რაც ზუსტად აღწერს ჩვენს საქმისადმი დამოკიდებულებას", − ნიკა აბაშიძე.

ხალისიანი, ამაღლებული განწყობითა და ინტენსიური მუშაობით კი, CARU განვითარებას განაგრძობს. სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე აქ წინასწარ არ საუბრობენ. მხოლოდ მასზე, რაც უკვე გაკეთდა და შედეგიც ცალსახაა. ჩანაფიქრები კი ბევრია, რომლის განხორციელებას CARU-ს სივრცეში ახლო მომავალში ვიხილავთ. მანამდე კი, თუ ავტომობილთან დაკავშირებით რაიმეს მოისურვებთ: შეკეთებას, ყიდვას ან გაყიდვას, CARU-ს პლატფორმა და მისი პროფესიონალები თქვენ გვერდით შეგიძლიათ იგულოთ. ის, რაც ოდესღაც აბსურდად შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, დღეს უკვე რეალობაა. ხოლო ის, რაც დღეს თითქოს წარმოუდგენელი ჩანს, ხვალ შესაძლოა თქვენს საიმედო სამსახურში ჩადგეს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე