USAID-ის პროექტი "ზრდა" - მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუშეთი − უნიკალური მთიანი მხარე საქართველოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უკვე ერთ-ერთ მთავარი ტურისტული დანიშნულების ადგილად იქცა და მნახველებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს, უკან კი მძაფრი შთაბეჭდილებებით დახუნძლულს უშვებს.

entrepreneur.ge

თუშეთში მდგრადი ტურიზმის მოდელის განვითარებას უკვე რამდენიმე წელია USAID-ის პროექტი „ზრდა“ აქტიურად უჭერს მხარს და ის აქ მრავალი ნაყოფიერი ინტერვენციის ავტორიცაა. თუ რა სახის აქტივობები განხორციელდა წლების განმავლობაში თუშეთში და როგორ იქცა ეს მხარე სანიმუშო მოდელად, ამის შესახებ Entrepreneur-ს ქეთი ჭუმბურიძე, საქართველოში პროექტ USAID „ზრდას“ ხელმძღვანელი უყვება:

„ჩვენი სამუშაო 6 რეგიონი ორი კრიტერიუმით შეირჩა: ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ტერიტორიები. თუმცა, პირველივე წლის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ იმ სექტორებს შორის, რომელშიც უნდა გვემუშავა (ტურიზმი და სოფლის მეურნეობა), ტურიზმი არის სფერო საზღვრების გარეშე. გადავწყვიტეთ ჰოლისტიკური მიდგომით გვეკეთებინა ეს საქმე. შესაბამისად, ჩვენი სამიზნე თუშეთიც აღმოჩნდა, ვინაიდან ის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის“, − ქეთი ჭუმბურიძე.

თუშეთი მართლაც უნიკალური ადგილია უდიდესი ტურისტული პოტენციალით. როდესაც „ზრდამ“ თუშეთში თავდაპირველი ინტერვენციები დაიწყო, მორიგი ნაბიჯების საჭიროება უშუალოდ ადგილზე მუშაობისას გამოიკვეთა. პირველმა სამუშაო ჩასვლებმა მრავალი გაუთვალისწინებელი საკითხი გამოკვეთა, რაც კრიტიკულად საჭირო აღმოჩნდა ამ მხარისთვის. რეალურად კი ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში თუშეთში პროექტ „ზრდის“ ეგიდით გაკეთდა, ტურიზმის მდგრადი განვითარების მოდელი ეწოდება. როგორც მსოფლიო ტურიზმის ასოციაცია განმარტავს, ტურიზმი მდგრადია, როდესაც კონკრეტულ ტურისტულ სივრცეში, რომელშიც მუშაობ, სამი ძირითადი ასპექტი კმაყოფილდება: ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. თუშეთის მოდელი კი უკვე საკმარისად კარგი პრეცედენტია, რომ მისი რეპლიკაცია სხვა რეგიონებშიც წარმატებით განხორციელდეს.

„პირველი, ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი იყო თემთან მუშაობა. ინკლუზიური ტურიზმი აუცილებლად გულისხმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ჩართული გყავდეს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სწორედ მათ უნდა დასახონ პრიორიტეტები და მიაწვდინონ ხმა მუნიციპალურ თუ ცენტრალურ მთავრობას. სწორედ ამ ყველაფრის კეთება ვასწავლეთ ჩვენ მათ ეტაპობრივად. მოწვეული გვყავდა უცხოელი ექსპერტები. ორი მათგანი აქ დღესაც მუშაობს. სწორედ მათი დახმარებით შეიქმნა „ბაბანეურის ჯგუფი“ ახმეტაში. ამ ჯგუფის მეშვეობით კი მათთან მუშობა წლის ყველა სეზონზე გახდა შესაძლებელი. მასში გაერთიანებული არიან თუშეთში მომუშავე ბიზნესები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოქალაქეები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, თემის ლიდერები და ყველა ის მხარე, რომელიც ამ კუთხისთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ თუშეთში არის 4 ძირითადი ხეობა და თითოეულს ცალ-ცალკე სათემო საბჭო ჰყავს, რომელთა გაძლიერებასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ზოგადად, სათემო ჩართულობა თუშეთში მიმდინარე პროცესებში საკმაოდ მაღალია. „ბაბანეურის ჯგუფში“ სწორედ ამ ოთხივე ხეობის სათემო საბჭოა წარმოდგენილი და ისინი ერთიან ხმას ქმნიან თუშეთიდან“, − გვიხსნის ქეთი ჭუმბურიძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდაჭერით ადგილობრივები უკვე მესამე წელია ინტენსიურად სწავლობენ ინგლისურ ენას. ასევე, ეცნობიან, თუ როგორ უნდა შექმნან ბიზნეს და წლიური სამოქმედო გეგმები. შემდეგ კი აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტების განხორციელების სრულ ციკლში და საკუთარ ძალისხმევას მათ გასაუმჯობესებლად არ ზოგავენ.

„სათემო გაძლიერების მიღმა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა და ყველაფერი ის, რაც ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ტურისტულ ჭრილში. ინფრასტრუქტურა გულისხმობს სათემო გაძლიერებას ეკონომიკური კუთხითაც. ამისათვის, ერთ-ერთი ნაბიჯი იყო თუშეთში ჩვენ მიერ გაკეთებული სამაცივრე მეურნეობა პროდუქტების ერთიანი მომარაგებისა და საჭირო დროს საჭიროებისამებრ გამოყენებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს მაცივარი მთლიანად მზის პანელების გამომუშავებულ ენერგიაზე მუშაობს. აუცილებელია, თუშურ სუფრაზე იქაური ხორცი და პროდუქტები იყოს, რომლის შენახვა მარტივად იქნება შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობებით ხელს ვუწყობთ ადგილობრივი პროდუქციის გამოყენებას და გამართულ ლოგისტიკასაც“, − ქეთი ჭუმბურიძე.

აგრეთვე, პროექტი „ზრდა“ ზრუნავს საკემპინგო ინფრასტრუქტურაზეც. მისი მიზანია, დატვირთვა ოთხივე ხეობაზე გადანაწილდეს და ცენტრები განიმუხტოს, რათა დამაზიანებელი პროცესები არ დაიწყოს (მაგალითად, ომალოში). დაგეგმილია ე.წ. დეპრესიული ხეობების ათვისება და გამოცოცხლებაც. ამისათვის, გომეწრის ხეობაში ამჟამად საკემპინგო ადგილები მზადდება. ამგვარი ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ნარჩენების მართვისა და ხანძრის პრევენციისთვის საკმაოდ აპრობირებულ მეთოდს წარმოადგენს დაცულ ტერიტორიებზე.

თუშეთის მხარეში მნიშვნელოვანი წერტილია თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრიც, რადგან ტურისტი პირველად სწორედ აქ მიდის. პროექტ „ზრდას“ ფარგლებში გაკეთდა მისი რედიზაინი, რომლის სრულყოფა ახლა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება. ყოველივე ეს, გაუმჯობესებულ სერვისთან ერთად, ღირებული სტატისტიკის შექმნაშიც უნდა დაგვეხმაროს.

„ამ ყველაფერთან ერთად, ვიზრუნეთ თუშეთში არსებული უძველესი და უნიკალური კედლის მხატვრობისა და პიქტოგრამების ტურისტებისთვის გაცნობის საკითხზეც. დაახლოებით 10 სოფელში შევქმენით პიქტოგრამებისა და კედლის მხატვრობის ტური. მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. განთავსდა ბანერები, რომელზეც ისტორიული ფაქტებია მოთხრობილი. რეალურად, ეს ახალი ტურისტული პროდუქტია. ამ თემით დაინტერესებული ადამიანების რიცხვი მთელ მსოფლიოში მზარდია. ფაქტობრივად, ეს დამატებითი ატრაქცია და მრავალფეროვნების საშუალებაა, ხოლო რაც უფრო მეტ სერვისსა და შესაძლებლობას შეუქმნი ტურისტს, ის მეტად დაიხარჯება და უკეთესი შთაბეჭდილებებით წავა შენგან“, − ამბობს ქეთი ჭუმბურიძე.

როგორც „ზრდას“ ხელმძღვანელი გვიხსნის, თუშეთში უზარმაზარ როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვახტანგ გიუნაიძის ხელმძღვანელობით, რომელიც პროექტის უმთავრესი პარტნიორია. ამ სამსახურს ჰყავს რეინჯერები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან აქაურობისთვის. მათ არ ჰქონდათ შესაფერისი უნიფორმები, აღჭურვილობა და ფეხსაცმელიც კი. მთლიანი აღჭურვილობით მომარაგება პროექტმა საკუთარ თავზე აიღო და ამ საკითხზე მუშაობას ახლაც აგრძელებს. მიზანია, რომ რეინჯერები ამ მხარეში მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ.

გარდა ამისა, თუშეთში გაკეთდა ტურისტული გიდების პროგრამაც. გადამზადდნენ როგორც საცხენოსნო, ასევე გამყოლი გიდები. ამაში კი მდგრადობის ელემენტიც მოიაზრება: ისინი ადგილზე უნდა დასაქმდნენ, დამაგრდნენ და ჰქონდეთ შემოსავალი. ამისათვის „ზრდამ“ საგანგებოდ ჩამოიყვანა გიდების ბრიტანელი ექსპერტი, რომელმაც სპეციალური პროგრამა შექმნა. ხოლო ახლა, მისი ავტორიზაცია 6 კოლეჯში მიმდინარეობს. ავტორიზებული კურსი მალე დაინერგება და მსურველებს შეეძლებათ სერტიფიცირებული გიდები გახდნენ. ერთ-ერთი ასეთი კოლეჯი ქვემო ალვანშიცაა.

„საცხენოსნო ტურიზმს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ სათავგადასავლო ტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მსოფლიოში, ცხენები კი თუშეთში ძალიან პოპულარულია. იქ უკვე 12 საცხენოსნო გიდი გვყავს. მათ გადასამზადებლად საფრანგეთიდან ჩამოვიყვანეთ საცხენოსნო ტურიზმის სპეციალისტები. პრაქტიკული ნაწილისთვის კი გიდები თავად წავიყვანეთ საზღვარგარეთ და ადგილზე დეტალურად ვაჩვენეთ, თუ რა და როგორ ხდება ამ საქმიანობაში. ისინი თავად გაეცნენ ყველაფერს, რაც ამ სფეროს მაღალი სტანდარტის სერვისისთვისაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ თუშეთში გვყავს ქალი გიდიც − თინა იდიძე“.

რაც შეეხება ბიზნესების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით პროექტ „ზრდას“ ბენეფიციარები არიან საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, სხვადასხვა ტიპის სერვისი, ქართული რეწვის ოსტატები და სხვ. რეალურად, მათ მხარდასაჭერად მუდმივად იმართება სხვადასხვა თემატიკის ტრენინგი და უკვე 200-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.

„რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, თუშეთში არის ასეთი უძველესი მუზეუმი − კესელო, სადაც შემონახულია ძველი არტეფაქტები. თუმცა, აქ არანაირი პირობა არ არსებობდა, სადაც მათი შენახვა უსაფრთხოდ იქნებოდა შესაძლებელი. თუშეთში ცხოვრობს იდოიძეების საოცარი ოჯახი. სწორედ ბატონი ნუგზარ იდოიძე და მისი ოჯახი პატრონობენ კესელოს და მის არტეფაქტებს, უკვე წლებია. ეს არის მათი სრულიად მოხალისეობრივი საქმიანობა. ამ ძალისხმევის გარეშე, აქ სურათი სულ სხვა იქნებოდა. ჩვენ მიერ საქართველოში დაფინანსებულ 15 მუზეუმს შორის კი კესელოს მუზეუმიცაა, რომელსაც შესაბამისი სამუზეუმო აღჭურვილობა გადავეცით: კარადები და სათავსოები. დღეს აქ არტეფაქტების უსაფრთხოდ შენახვა უკვე წლის ყველა სეზონზე შესაძლებელია. არ შემიძლია არ აღვნიშნო თუშეთის ელჩი − ზაზა ლაგაზიძე, რომელიც საუბედუროდ კორონავირუსმა იმსხვერპლა. ის საოცარი ადამიანი იყო და ფაქტობრივად, ყველაფერი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, ზაზას ინიციატივებიდან მოდის. ზაზა იყო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის (TPLA) ხელმძღვანელი. თუშეთთან ჩვენი პირველი ინტერაქცია სწორედ მასთან ურთიერთობით შედგა. ფაქტობრივად, მან განაპირობა ყველაფერი, რაც იქ გაკეთდა. ის იყო ხიდი, და უზომოდ გულანთებული თუში, რომელიც საოცრად გულშემატკივრობდა საკუთარ მხარეს და ვალდებულებების მიღმაც ძალიან ზრუნავდა მასზე. ის იყო ნამდვილი თუშეთის ელჩი. უზომოდ მადლიერი ვართ მისი. ახლა კი ზაზასთან ერთად დაწყებულ საქმეს, ასევე არაჩვეულებრივ ადამიანთან − ლადო კახოიძესთან ერთად ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, საქართველოსთვის თუშეთი გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი და უნიკალური ტურისტული ლოკაცია. ის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენი თითოეული აქტივობა გვინდა ბიძგი გახდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ავიდეს და ადგილზე ნახოს, თუ რა საოცარია ეს მხარე“, − ქეთი ჭუმბურიძე.

ასევე, აღსანიშნავია, რომ თუშეთში ქართული ხორბლის უძველესი ჯიშების აღდგენის მიმართულებითაც მიმდინარეობს საინტერესო პროცესები. თავის დროზე ეს საქმეც თურმე ზაზა ლაგაზიძემ წამოიწყო, წინა წელს კი სწორედ მასთან ერთად დაითესა უძველესი ჯიშები თუშეთში. ამ საქმის მხარდაჭერას პროექტი „ზრდა“ აგრძელებს. სურთ, რომ ქართული ხორბლის ჯიშები UNESCO-ს სიაში მოხვდეს და ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ღვინის, არამედ ხორბლის გზაც გაჩნდეს.

იმისათვის კი, რომ თუშეთი კიდევ უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს, გაკეთდა არაერთი ინფოტური − „იმოგზაურე საქართველოში“. ადგილზე წაიყვანეს ტუროპერატორები და მთელი თუშეთი საგულდაგულოდ დაათვალიერებინეს. შეიქმნა უნიკალური, ქართულ გასტრონომიულ თემატიკაზე შექმნილი გამოცემები − „ოთხი ტაბლა“ კუთხეების მიხედვით. მათ შორის, „თუშური ტაბლა“. მასში თავმოყრილია ძველი ტრადიციული რეცეპტები, მათ შორის − გათანამედროვებული ვარიაციებით. ეს წიგნი თუშეთს გადაეცა და მისი, როგორც კიდევ ერთი ტურისტული პროდუქტის, ყიდვა, უკვე ადგილზეა შესაძლებელი.

„რეალურად, ამ წლების განმავლობაში თუშეთში ჩვენ მიერ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი თანხის ინტერვენცია განხორციელდა, რამაც ადგილზე შემოსავლები 4 300 000 ლარამდე გაზარდა. ერთი მცირე რეგიონისთვის ეს არაა პატარა ამბავი. მაჩვენებლებს ჩვენ კვარტალურად ვითვლით. ეს ნიშნავს, რომ მინიმალური რესურსითაც შესაძლებელია სწორ შედეგზე გასვლა და ამგვარი ინტერვენციები უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. აქ მომუშავე დონორთა სწორ მუშაობას, კოორდინაციას და კიდევ ახალი მექანიზმების შემუშავებას კი, დამატებით სულ სხვა, უფრო მასშტაბურ შედეგებზე გასვლა შეუძლია. ამის კარგი მაგალითია USAID-ის პროექტი „ზრდა“ და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). გვინდა, თუშეთი საქართველოსთვის სავიზიტო ბარათად იქცეს და აქ განვითარებული მდგრადი ტურიზმის მოდელი სამაგალითო იყოს სხვა რეგიონებისთვისაც. ამისათვის კი ძალისხმევას არ ვზოგავთ“, − ქეთი ჭუმბურიძე.