საქართველოში, დეზინფორმაციის მონიტორინგისა და ანალიზის პირველი ტექ. პროგრამები იქმნება

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 აგვისტოს, Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai - Zinc Network-ის, სტარტაპ გრაინდისა და  USAID-ის პირველი ერთობლივი ინოვაციური კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ. კონკურსი, რომელიც 29 ივნისს, ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაიწყო, მიზნად ისახავდა ისეთი ტექნოლოგიური სტარტაპ ტალანტების გამოვლენას, რომლებიც დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ყველაზე ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს შეიმუშავებდნენ.

entrepreneur.ge

მონაწილეებმა, თავი გაართვეს რთულ საკონკურსო დავალებებს: შექმნეს ტექნოლოგიური გადაწყვეტები დეზინფორმაციის აუდიო-ვიზუალური მასალების ტექსტში გადასაყვანად. მონიტორინგის ეს ხელსაწყო ჟურნალისტებს თუ მკვლევრებს საშუალებას მისცემს, მათთვის სასურველ ინფორმაციას საძიებო სიტყვების დახმარებით მოიკვლიონ. სისტემა მნიშვნელოვნად დაზოგავს მკვლევრების დროსა და ენერგიას, ასევე, იგი გახდება დეზინფორმაციის ფაქტებზე დროული რეაგირების ეფექტური მექანიზმი.

ამავე კონკურსის მეორე დავალების ფარგლებში, შეიქმნება მონაცემთა აგრეგირებული ბაზა, რომელიც თავს მოუყრის ინფორმაციას ღია წყაროებიდან (მაგ. ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან, საჯარო ტენდერების საიტიდან და სხვა.) სისტემის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ მას ექნება შეტყობინების სისტემა, რომელიც საჯარო ინფორმაციაში შეტანილი ცვლილებების შესახებ მომენტალურად აცნობებს მის მომხმარებელს.

კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულის, ლუკა ჩხეტიანი განმარტებით, შექმნილი პროგრამა შესაძლებლობას იძლევა, მნიშვნელოვნად გამარტივოს დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

“დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონკურსი განსხვავებული იყო იმით, რომ მონაწილეებისათვის ნათლად იყო ფორმულირებული ტექნიკური ამოცანები, რამაც საშუალება მოგვცა, პრობლემაზე მორგებული გადაწყვეტა გვეპოვა. ჩვენი Speech to Text პლატფორმა ათასობით საათი დეზინფორმაციული ვიდეო/აუდიო სტრიმების ტრანსკრიფციაში დაეხმარება მომხმარებელს. დამატებითი მოდულები კი მიღებული ტექსტის ანალიზის შესაძლებლობასაც იძლევა,"- აცხადებს ლუკა ჩხეტიანი, Wavetech.al-ის ტექნიკური დირექტორი.

კონკურსის ჟიურიმ, რომელიც სხვა და სხვა საინვესტიციო, საბანკო და საგანმანათლებლო  ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიოდნენ, ფინალისტები სამი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია: სოფტის ეფექტურობა, მისი მდგრადობა და ინოვაციურობა.

„სტარტაპ გრაინდ თბილისის“ დირექტორის, გიორგი ტუხაშვილის განმარტებით, თავდაპირველი საკონკურსო კრიტერიუმებით განსაზღვრული იყო თითო კატეგორიაში ერთი გამარჯვებულის გამოვლენა, თუმცა, შემოთავაზებული პროდუქტების მაღალი ხარისხიდან გადმომდინარე, გადაწყდა კიდევ ერთი გამარჯვებულის დამატება.

"გამარჯვებულებმა დეზინფორმაციასთან ბრძოლის პრობლემის გადაწყვეტის განსხვავებული და მაღალტექნოლოგიური მიდგომები შემოგვთავაზეს. მაგალითად, ენის დასამუშავებელი NLP (National Language Processing) ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამგვარი პროგრამები ქართული ენისთვის არ არსებობს, შესაბამისად, ამ გუნდების შექმნილი პროდუქტები უნიკალურია," - ამბობს ტუხაშვილი.

USAID-ის, Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობის ფარგლებში გამარჯვებულები, ტექნოლოგიური გადაწყვეტის შესაქმნელად, საწყის ეტაპზე, გრანტის სახით 7,500 აშშ დოლარს მიიღებენ. ტექნოლოგიის წარმატებული დანერგვის შემთხვევაში, მათ შესაძლებლობა ექნებათ საგრანტო დაფინანსება - 42,500 აშშ დოლარამდე გაზარდონ.

Zinc Network - ბრიტანული საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში, ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანი, მოსახლეობაში დეზინფორმაციის მიმართ ცნობიერების გაზრდაა.