You can be on Entrepreneur’s cover!

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა "ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი. იმიტომ, რომ მე ვასწავლე ამერიკას ბალეტი", − ეს სიტყვები ეკუთვნის ჯორჯ ბალანჩინის, გიორგი ბალანჩივაძეს − ქართველს, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბალეტო ხელოვნება ოკეანის გადაღმა ჩაიტანა და დაამკვიდრა.

ისტორიამ არაერთი ქართველის გვარი შემოგვინახა, ვისაც თავდაუზოგავი შრომის, ნიჭისა და გამბედაობის ხარჯზე, მსოფლიო მნიშვნელობის საქმე უკეთებია. ერთ-ერთი ასეთია გიორგი ბალანჩივაძე − ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებლის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი, რომელმაც თავბრუდამხვევი ქორეოგრაფიული კარიერა აიწყო და საკუთარი ფესვები შორეულ ამერიკაშიც არ დავიწყებია. Entrepreneur-ს სურს გაგაცნოთ "მისტერ B", რომლის სახელიც დღემდე ამშვენებს ნიუ იორკის ერთ-ერთ ქუჩას.

გიორგი ბალანჩივაძე 1904 წლის 22 იანვარს, იმდროინდელ პეტროგრადში დაიბადა. 1918 წლის რევოლუციურ პეტროგრადში ცხოვრება საკმაოდ სარისკო გახდა და მელიტონ ბალანჩივაძემ ოჯახის სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა. გიორგის უმცროსი ძმა, ანდრია, რომელიც მოგვიანებით საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ფიგურა გახდება, ოჯახთან ერთად მშობლიურ ქუთაისში გაემგზავრა, ხოლო გიორგი რუსეთში დარჩა. ამ საბედისწერო დღის შემდეგ, ძმები ერთმანეთს მხოლოდ 45 წლის შემდეგ ნახავენ, თუმცა ამაზე მოგვიანებით გიამბობთ...

გიორგი ბალანჩივაძე საიმპერატორო თეატრალური სკოლის წარჩინებული მოსწავლე გახლდათ და ამიტომ, სასწავლებლის დასრულებისთანავე, იგი პეტერბურგის მარიინის თეატრის კორდებალეტში ჩაირიცხა. 1924 წელს, 20 წლის გიორგი საბალეტო დასთან ერთად გასტროლებით გერმანიას ესტუმრა, საიდანაც საბჭოთა რუსეთში აღარასოდეს დაბრუნებულა. მან რამდენიმე მეგობართან ერთად, გერმანიას დევნილის სტატუსით შეაფარა თავი. მალევე, გიორგი ბალანჩივაძე პარიზში გაემგზავრა და იმ დროისთვის სახელგანთქმული იმპრესარიოს, სერგეი დიაგილევის რუსულ ბალეტს შეუერთდა.

დიაგილევის რჩევით, გიორგი ბალანჩივაძემ სახელი ჯორჯ ბალანჩინად გადაიკეთა, რათა აფიშებზე ევროპელთათვის უკეთესი აღსაქმელი ყოფილიყო. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯორჯმა რუსულ დასთან ერთად 9 სპექტაკლი დადგა და 1929 წლამდე, სერგეის გარდაცვალებამდე, ერთგულად ემსახურა მის საქმეს.

სწორედ ამ დროს, ჯორჯ ბალანჩინიმ ფეხის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც პროფესიულ ბალეტს სამუდამოდ გამოემშვიდობა და თავით გადაეშვა ქორეოგრაფიის ხელოვნებაში. ცოტა ხანი, მან პარიზში საკუთარ საბალეტო სკოლას უხელმძღვანელა. ჯორჯს არ სურდა დიაგილევის რეპერტუარის დუბლირება, ამიტომ მაყურებელს ექსპერიმენტული დადგმები შესთავაზა. სამწუხაროდ, კონსერვატიულ პარიზში ბალანჩინის ექსპერიმენტები დაუწუნეს და ნეგატიური რეცენზიებით "შეამკეს", რასაც მალევე ამერიკელი იმპრესარიოს − ლინკოლნ კირსტეინის შემოთავაზება მოჰყვა აშშ-ში საბალეტო დასის დაარსების შესახებ, და აქ იწყება ჯორჯ ბალანჩინის თავბრუდამხვევი ამერიკული ვოიაჟის ისტორია.

1930-იან წლებში, ამერიკაში პროფესიული საბალეტო სკოლა არ არსებობდა და ბალანჩინიმ კირსტეინთან ერთად, სწორედ ამ საბაზისო ნაპრალის ამოვსება დაიწყო. უკვე 1948 წელს, ჯორჯმა საბალეტო სკოლა "ნიუ იორკ სითი ბალე"-დ გარდაქმნა და ჩამოაყალიბა პირველი საბალეტო დასი. იგი ამ დასთან ერთად ძირითადად ერთაქტიან, უსიუჟეტო ბალეტებს დგამდა. ბალანჩინიმ თავდაყირა დააყენა ცეკვის კლასიკური ტექნიკა, მას ახალი გამომსახველობითი ხერხები შესძინა და შეიქმნა სრულიად თანამედროვე, ნეოკლასიკური საბალეტო ენა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურაზე. ათწლეულების განმავლობაში ჯორჯ ბალანჩინიმ 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი დადგა, მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება ჩაიკოვსკის "მაკნატუნას" ხვდა წილად, რომლის შესრულება საშობაო ტრადიციად დამკვიდრდა. ქორეოგრაფები და ცეკვის ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ჯორჯ ბალანჩინიმ ჩაიკოვსკის ქართული ელემენტები დაამატა და ბალეტი სუფთა ნაციონალური მოძრაობებით გაამდიდრა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საბალეტო ისტორიაში.

რაც შეეხება ანდრია და გიორგი ბალანჩივაძეების შეხვედრის ამბავს... როგორც უკვე ვთქვით, 1918 წლის შემდეგ, ძმებს ერთმანეთი 1962 წლამდე არ ენახათ. ეს შეხვედრა ჯორჯ ბალანჩინის დასის საბჭოთა კავშირში გამართულ გასტროლს უკავშირდება, როდესაც იგი კონცერტებით თბილისს ესტუმრა. თვითმხილველები აღნიშნავდნენ, რომ ანდრია და გიორგი ერთმანეთს ისე გადაეხვივნენ, თვალზე ცრემლს უცხო ადამიანიც კი ვერ შეიკავებდაო. ანდრია ამ დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე და პარტიული ნომენკლატურის პატივსაცემი პიროვნება, ხოლო მისი ძმა, ამერიკული ბალეტის დამფუძნებელი, მეოცე საუკუნის მთავარ ქორეოგრაფად წოდებული − ჯორჯ ბალანჩინი გახლდათ.

თბილისის აეროპორტში ემოციური შეხვედრის მერე, ძმები პირდაპირ ქუთაისში გაემგზავრნენ, სადაც ჯორჯმა მამის, მელიტონ ბალანჩივაძის საფლავთან დაიჩოქა, პირჯვარი გადაიწერა და მიწას ემთხვია. ქუთაისის დათვალიერებითა და გელათის ტაძრის მოლოცვით აღფრთოვანებულმა გიორგიმ, შთაბეჭდილებების წიგნაკში მიაწერა: "ვამაყობ, რომ იმერეთიდან ვარ".

თბილისური გასტროლების დროს, ჯორჯმა ქართველ მაყურებელს ბალეტი "ფანფარები" წარუდგინა, სადაც პოლიფონია და ქართული შტრიხები, როგორც მუსიკაში, ისე ცეკვასა და კოსტიუმებში შეუიარაღებელი თვალითაც შეიმჩნეოდა.

როგორც ჯორჯ ბალანჩინის მეგობრები და ახლობლები იხსენებდნენ, მას ნიუ იორკის ბინა სავსე ჰქონდა ქართული ნივთებით და ყოველთვის ამაყობდა საკუთარი წარმომავლობით. იგი ინახავდა ჩოხასა და ხატებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კი, კვერცხების შეღებვითა და საკუთარი ხელით გამომცხვარი პასკით აღნიშნავდა.

ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა და ნიუ იორკის ოკლენდის სასაფლაოზეა დაკრძალული. მას არ ჰყოლია შვილები და მთელ ენერგიასა და ენთუზიაზმს საკუთარ საქმეს ახმარდა. სიცოცხლის ბოლომდე, იგი თავაზიანი, ღირსეული და თავდაჯერებული ქართველი იყო, რომელმაც ანდერძის თანახმად, მთელი ქონება "ნიუ იორკ სითი ბალეს" საბალეტო დასს გაუნაწილა.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"