You can be on Entrepreneur’s cover!

Red Bull - დიტრიხ მატეშიცის წარმოუდგენელი ანტრეპრენერული ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ბევრ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს სხვადასხვა ბრენდის ენერგეტიკული სასმელი, თუმცა ალბათ ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, საიდან დაიწყო მისი წარმოება და რა გახდა მისი შექმნის მიზეზი. მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას, ენერგეტიკული სასმლის ხსენებაზე, უპირველეს ყოვლისა ბრენდი Red Bull და მისი სლოგანი − „Red Bull აფრთიანებს" ახსენდება. Entrepreneur-ს სურს გიამბოთ ამ კომპანიისა და მისი დამფუძნებლის, ავსტრიელ ანტრეპრენერ დიტრიხ მატეშიცის ისტორია, რომელმაც ერთ დროს წამგებიანი და გაქრობის ზღვარზე არსებული კომპანია, ექსტრემალური გართობის სიმბოლოდ და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად აქცია, ხოლო ევროპაში არარსებული ენერგეტიკული სასმელების ბაზარი, არაფრისგან შექმნა.

დიტრიხი, 1944 წელს ავსტრიის პატარა ქალაქ შტირიაში დაიბადა. მისი მშობლები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა შვილისათვის საუკეთესო განათლება და უდარდელი ბავშვობა უზრუნველეყოთ, თუმცა დიტრიხი არასოდეს გამოირჩეოდა სწავლის მიმართ განსაკუთრებული ენთუზიაზმით, მეტიც − იგი სერიოზულად ჩამორჩებოდა საკუთარ თანატოლებს სასკოლო პროგრამის ათვისებაში. მას უჭირდა წერა-კითხვა და გამართულად ლაპარაკი, რაც გარშემო ყველას აკვირვებდა − როგორ ახერხებდა კლასიდან კლასში გადასვლას. თუმცა, ავად თუ კარგად, დიტრიხმა მოახერხა საშუალო სკოლის დამთავრება და გამოცდები უმაღლეს სასწავლებელშიც კი ჩააბარა.

მატეშიცი არც უნივერსიტეტში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით. მოსაწყენი კონსპექტებისა და სასწავლო მასალის მომზადებაში ღამეების თენების მაგივრად, იგი მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს და ერთადერთი, რაშიც ბადალი არ ჰყავდა, ნებისმიერი ტიპის ადამიანთან ურთიერთობის მარტივად დამყარების უნარი იყო. გასაკვირი არაა, რომ დიტრიხმა დიპლომის აღება ვერ მოახერხა (10 წლის შემდეგ აიღო) და სწავლის დაწყებიდან 4 წლის თავზე, უნივერსიტეტი მიატოვა.

მშობლებმა მატეშიცს ჯიბის ფულის მიცემა შეუწყვიტეს, რამაც ახალგაზრდა სერიოზულად დააფიქრა მუშაობის დაწყების აუცილებლობაზე. ბიძამისი ცნობილი კომპანია Unilever-ის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი იყო და დიტრიხი გაყიდვების მიმართულებით სტაჟირებაზე აიყვანა. მომდევნო ოცმა წელმა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ მოსაწყენად და რუტინულად გაიარა. დიტრიხი ყიდდა საწმენდ საშუალებებს, 4 წელიწადში სუპერვაიზერად დანიშნეს, მოგვიანებით კი, განყოფილების უფროსად გადაიყვანეს. მიღწეული კარიერული წარმატების წყალობით, თითქმის 40 წლის დიტრიხ მატეშიცს ერთ-ერთი ცნობილი კბილის პასტის მწარმოებელი ბრენდის დირექტორობა შესთავაზეს. კაცმა რომ თქვას, საშუალოსტატისტიკური ადამიანის ბანალური და ორდინარული კარიერული ზრდაა და თავად დიტრიხიც ვერ იფიქრებდა, რომ მალე მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლებოდა.

ერთ მშვენიერ დილას, 40 წლის დიტრიხი გაზეთის კითხვისას წააწყდა სტატიას ტაილანდელ ბიზნესმენზე, რომელმაც ენერგეტიკული სასმელი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ „ენერგეტიკების" სამშობლო ევროპაა, უკვე რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მსგავსი პროდუქტი აკრძალული იყო და ყველას დავიწყებული ჰქონდა, ამიტომ მატეშიცზე ამან დიდი გავლენა იქონია. სწორედ ამ დილით, დიტრიხი საკუთარი, დამოუკიდებელი ბიზნესის შექმნის იდეით აენთო და ტაილანდში გამგზავრება განიზრახა, რათა საკუთარი თვალით ენახა პროდუქტი და მის გამომგონებელს გასაუბრებოდა. ამ დროისთვის მატეშიცს უკვე ჰქონდა საკმარისი ცოდნა მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით და მცირე დანაზოგი რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სახით, რაც მისი აზრით, საწყისი კაპიტალისათვის საკმარისი იქნებოდა.

ამ ამბიდან სამ კვირაში დიტრიხი ტაილანდს ესტუმრა და პირველი, რაც გააკეთა, უახლოეს მაღაზიაში შაქრითა და ნივთიერება ტაურინით სავსე ენერგეტიკული სასმელი დააგემოვნა. როგორც თავად იხსენებს, ხანგრძლივი ფრენის დაღლილობა „ენერგეტიკმა" ხელის ერთი მოსმით მოუხსნა და ტონუსი შესძინა. დიტრიხი სასწრაფოდ შეუდგა ადგილობრივი ბაზრის კვლევას და აღმოაჩინა, რომ მსგავსი ტიპის სასმელები საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილების მძღოლებში, რამაც იგი დააფიქრა, რომ ღირდა ევროპაშიც ეცადა ბედი.

შინ დაბრუნებისთანავე, მატეშიცი ბაზრის ანალიზს შეუდგა, დარწმუნდა, რომ ენერგეტიკული სასმელები არსად იყო, შეადგინა ფინანსური გეგმა და მთელი საკუთარი დანაზოგი წარმოების გასამართად გადადო. სახელზეც არ უფიქრია დიდხანს. ტაილანდურ სასმელს Krathing Daeng ერქვა, რაც პირდაპირი თარგმანით „წითელ ხარს" ნიშნავს და დიტრიხმა გადაწყვიტა ბრენდისთვის Red Bull დაერქმია. მალევე ანტრეპრენერი მიხვდა, რომ მხოლოდ საკუთარი დანაზოგი არ ეყოფოდა და თანადამფუძნებლობა მეგობარს შესთავაზა. მეგობრებმა კომპანიის 49-49%-იანი წილები გაინაწილეს, ხოლო 2% ტაილანდელ ბიზნესმენს გადასცეს, რეცეპტურისა და სახელის გაზიარების სანაცვლოდ.

ამგვარად, დიტრიხ მატეშიცმა Red Bull 1987 წელს დააარსა, მიატოვა სამსახური და ტაილანდური სასმლის მოდერნიზებას შეუდგა. ავსტრიაში სასმლის რეალიზების უფლების მოსაპოვებლად, დიტრიხს სამწლიანი ბიუროკრატიული „ომი" დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ, ლიცენზიის მიღების შემდეგ შეეჩეხა ყველაზე დიდ პრობლემას − მისი პროდუქტის წარმოებაზე ყველა მსხვილმა საწარმომ უარი განაცხადა.

ცხადია, ქარხნის აშენებას უზარმაზარი ინვესტიცია დასჭირდებოდა, რისი საშუალებაც მას არ გააჩნდა და ამიტომ იგი Red Bull-ის წარმოებას ავსტრიაში არსებულ გაზიანი სასმელების მწარმოებლებს სთავაზობდა. ბიზნესმენები ენერგეტიკულ სასმელებს ხარჯიან პროდუქტად აღიქვამდნენ, გარდა ამისა, არ არსებობდა ზუსტი ინდიკატორები იმისა, თუ რამდენად მოთხოვნადი იქნებოდა იგი ბაზარზე, ამიტომ ყველა თავს არიდებდა დიტრიხთან ურთიერთობას.

ახლად დაარსებული კომპანია უკვე კრახისკენ მიემართებოდა, როდესაც მატეშიცის ოფისში ტელეფონის ზარი გაისმა. მას ავსტრიაში უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა დაურეკა და Red Bull-ის წარმოებაზე თანხმობა განუცხადა. ამ ამბით აღფრთოვანებული დიტრიხის დანახვისთანავე, მისმა პარტნიორმა ხუმრობით წამოიძახა: „RedBull აფრთიანებს!" რაც დღემდე კომპანიის მთავარ სლოგანად რჩება.

ტაილანდური „ენერგეტიკის" ევროპული ანალოგი საგრძნობლად განსხვავდებოდა გემოვნური თვისებებით. იგი ნაკლებად ტკბილი, გაზირებული და დახვეწილი გახლდათ, თუმცა წარმოების გამართვის შემდეგ, დიტრიხი ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა − მის პროდუქტს არავინ ყიდულობდა.

ვინაიდან ენერგეტიკული სასმელების ბაზარი ევროპაში არ არსებობდა, დიტრიხ მატეშიცმა იგი ნულიდან შექმნა. პირველი რამდენიმე წელი კომპანიისთვის წამგებიანი აღმოჩნდა, სანამ ანტრეპრენერი აგრესიულ მარკეტინგულ ნაბიჯებზე არ გადავიდა. შეიცვალა ქილის დიზაინი, შემცირდა მისი მოცულობა, გადაიხედა სამიზნე აუდიტორია და საკომუნიკაციო არხები. „წითელი ხარები" ახლა უკვე ღამის კლუბებსა და დისკოთეკებს ამშვენებდნენ, ხოლო ახალგაზრდები მას სპირტიან სასმელებთან აზავებდნენ.

დიტრიხი მალევე მიხვდა, რომ მაღაზიების მაცივრებში Coca-Cola-სა და Pepsi-ს კონკურენციას ვერ გაუწევდა და სრულად შეცვალა გაყიდვის სტრატეგია. Red bull საკუთარ კონსტრუქციებს აგებს და პროდუქტს ყველასგან ცალკე ათავსებს. თუკი ასეთი სივრცე ვერ მოიძებნა, ენერგეტიკულ სასმელებს სპეციალურ მაცივარში, სალაროს სიახლოვეს აგებებდნენ მომხმარებელს. იდეის თანახმად, Red Bull-ს ახალი ნიშა უნდა შეექმნა და უალკოჰოლო სასმელებს შორის, გამორჩეული ადგილი დაეკავებინა, რამაც გაამართლა კიდეც. სულ რაღაც 6 თვეში, კომპანიამ ახალგაზრდების სიყვარული და ნდობა დაიმსახურა და მოგებაზე გასვლაც მოახერხა.

Red Bull ამერიკის ბაზარზე 1997 წელს შევიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. საფრანგეთი მას 2008 წლამდე რეალიზების ლიცენზიას არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუშვა. გერმანიაში ენერგეტიკულ სასმელებს „კათოლიკე დედების გაერთიანება" დაუპირისპირდა, თუმცა მოგეხსენებათ, ანტიპიარი საუკეთესო რეკლამაა და ცენტრალურ ევროპაში Red Bull-ის ბუმი დაიწყო.

დღესდღეობით, Red Bull-ს მსოფლიოს 170 ქვეყანაში შეხვდებით. მხოლოდ აშშ-ს ბაზარზე, 2018 წელს ენერგეტიკული სასმელების გაყიდვებმა $11 მილიარდი შეადგინა, საიდანაც Red Bull-ის წილი $4,6 მილიარდია.

დიტრიხ მატეშიცი მიხვდა, რომ Red Bull არა უბრალოდ პროდუქტად, არამედ ადამიანების ცხოვრების წესის განუყოფელ ნაწილად უნდა ექცია. ამიტომ მან სარეკლამო კამპანიებში ჩართო ცნობადი სახეები, დააფინანსა უამრავი ექსტრემალური სპორტული ღონისძიება, მათ შორის ყველაზე ცნობილი „ნახტომი სტრატოსფეროდან", რომელსაც მილიარდობით ადამიანმა უყურა.

ადამიანებს გვჩვევია წუწუნი და თავის მართლება უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებით, როგორიცაა ასაკი, ფინანსური რესურსის არარსებობა, იდეის არქონა, გასაღების პატარა ბაზარი, პოლიტიკური წყობა და ა.შ. თუმცა დიტრიხ მატეშიცი არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება 40 წლის ასაკში, იდეით ანთებულმა ადამიანმა ყველა დაბრკოლების მიუხედავად, წარმატებას მიაღწიოს. დღეს იგი 77 წლისაა, ხოლო მისი ქონება $29 მილიარდს შეადგენს. დიტრიხის საყვარელი ფრაზაა: „ყველაზე ცუდი, რაც შესაძლოა ბრენდს შეემთხვეს, მის მიმართ ინტერესის გაქრობაა".

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia