You can be on Entrepreneur’s cover!

"ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" – USAID YES-Georgia-ს ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

უკვე არავისთვის სიახლე არაა, რომ USAID-ის პროგრამას „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia), წლიდან წლამდე უდიდესი წვლილი შეაქვს საქართველოში პერსპექტიული და მოტივირებული ადამიანების წარმოჩინებისა და ხელშეწყობის საქმეში. მათი ჩართულობით არაერთმა დამწყებმა თუ განვითარების ეტაპზე მყოფმა ანტრეპრენერმა გაიარა ბიზნესტრენინგებისა და მენტორობის სესია, გაიუმჯობესა სამეწარმეო უნარ-ჩვევები და მასშტაბირებისათვის აუცილებელ ფინანსებზე წვდომა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან USAID YES-Georgia-ს ეგიდით „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" დაარსდა. ამ წლების განმავლობაში პროექტმა 5000 განაცხადი მიიღო, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას ტრენინგების კურსის გავლის შესაძლებლობა მისცა, 486 კურსდამთავრებულს ბიზნესპროექტების შედგენაში დაეხმარა, რომელთაგან 89-მ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" თანადაფინანსებაც მოიპოვა.

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID YES-Georgia) ხორციელდება ფონდი „კრისტალის" მიერ, USAID-ისა და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი".

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" შესაძლებლობაა დამწყები ანტრეპრენერებისთვის, რათა თავიანთი ჩანაფიქრი რეალობად აქციონ და ფართო ასპარეზზე გასვლის შანსი მიიღონ. ამ პროექტის ეფექტურობასა და მნიშვნელობაზე, საქართველოს სამეწარმეო გარემოს ფორმირების საქმეში, მის ბენეფიციარებს გავესაუბრეთ.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებული Leviosa-ს დამფუძნებელი, თამთა ჯაფარიძეა. Leviosa არის მოძრაობის სივრცე, რომელიც მდებარეობს ა. პოლიტკოვსკაიას 3-ში, საცხოვრებელი კომპლექსის „შენი სახლი ჯიქიაზე" ეზოში. ამ სივრცეში მისულ ადამიანს ჯგუფური ვარჯიშებისა თუ ცეკვების მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება, როგორებიცაა: პილატესი, ზუმბა, იოგა, ჰიპ-ჰოპი, არგენტინული ტანგო, მხატვრული ტანვარჯიში, კარატე, ბალეტი და ა.შ.

„სულ რაღაც 5 თვეა, რაც „ლევიოსა" არსებობს, თუმცა დროის ამ მცირე მონაკვეთში ძალიან ბევრი ადამიანი ავაცეკვეთ და ავამოძრავეთ. იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩვენი რეალობა კორონავირუსმა სრულიად შეცვალა − შინ გამოვიკეტეთ, დაგვაკლდა ერთმანეთთან ურთიერთობა, საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობასაც. სწორედ მაშინ, მე და ჩემმა მეუღლემ აღმოვაჩინეთ, რომ ასეთ სტრესულ პერიოდში ცეკვა განსაკუთრებულად გვეხმარებოდა − ასე გაჩნდა იდეაც, შეგვექმნა უსაფრთხო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებდა საკუთარი მოძრაობის პოვნას − იქნებოდა ეს ცეკვა თუ ვარჯიში. გახსნიდან მალევე დავრწმუნდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ − დღითი დღე იზრდება ინტერესი ჩვენი სივრცის მიმართ, შევიძინეთ ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი ცხოვრება გავაფერადეთ, გავახალისეთ და ბევრი სასიკეთო ცვლილება შევიტანეთ, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია, ბიზნესისთვის კი - საუკეთესო რეკომენდაცია", − აცხადებს თამთა ჯაფარიძე.

როგორც Leviosa-ს დამფუძნებელი ამბობს, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ მეგობრისგან შეიტყო, რომელიც თავად გახდა ერთ-ერთი ნაკადის ბენეფიციარი. „მას რჩევისთვის მივმართე, რადგან საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს − როგორც აღმოჩნდა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლას" და მის მენტორებს მიუძღვით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან გამიმართლა − საკუთარი საქმის წამოწყება ისედაც რთულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" კი ამ სიძნელეების გადალახვაში დამეხმარა და კიდევ უფრო მეტი გამბედაობა შემძინა", − აღნიშნავს თამთა ჯაფარიძე.

„ლევიოსა" სექტემბრიდან ახალ სეზონს იწყებს, განახლებული ჯგუფებით და კიდევ უფრო ინტენსიური დატვირთვით. საუბრისას თამთამ აღნიშნა, რომ გუნდის თითოეული წევრი სრულად ვაქცინირებულია და ძველ და ახალ მეგობრებთან შესახვედრად მზად არიან. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" მიღებული დაფინანსებით, ჩვენი დარბაზი კიდევ უფრო კომფორტული და ლამაზი იქნება. იმედი გვაქვს, შეუფერხებლად გავაგრძელებთ მუშაობას და კიდევ უფრო მეტ ადამიანს აღმოვაჩენინებთ თავიანთ მოძრაობას", – Leviosa-ს დამფუძნებელი, თამთა ჯაფარიძე.

Entrepreneur „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" კიდევ ერთ ბენეფიციარს, სტარტაპ Bebosia-ს დამფუძნებელ ნინო დოლიძესაც გაესაუბრა. Bebosia კონსერვების მინისაწარმოა, რომელიც ნინომ თავის ორ მეგობართან ერთად აჭარაში გახსნა. „წარმოება წელს დავიწყეთ, თუმცა იდეაზე ჯერ კიდევ შარშან ვფიქრობდით. გვინდოდა სოფლის მეურნეობის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. საამისოდ გვქონდა მიწის ნაკვეთი სოფლად და გადავწყვიტეთ საწარმო ჩვენსავე მიწაზე აგვეშენებინა. ჩვენი პირველი პროდუქტი ალუჩისგან დამზადებული ტყემლის საწებელი იყო, შემდეგ წითელი ტყემალიც დავამატეთ, ახლა კი აჯიკისა და ტომატ-პასტის წარმოებას ვიწყებთ. სამომავლოდ ვგეგმავთ ხილის მურაბები, ჯემები და წვენებიც დავამზადოთ", − გვიამბობს Bebosia-ს დამფუძნებელი ნინო დოლიძე.

რაც შეეხება „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" მიღებულ გამოცდილებას, ნინო აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობის შანსი იყო. „საუკეთესო მენტორი შეგვხვდა სანდრო კანდელაკის სახით, რომელსაც გაყიდვებსა და მარკეტინგში მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მე თავად ამ სფეროს ვემსახურები და რთულია ხოლმე რაიმე სიახლის მიღება მსგავს ტრენინგებზე. ბატონმა სანდრომ ჩემი საქმის განვითარებისათვის ბევრი ახალი რამ მასწავლა. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში" გატარებული სამი თვე ძალიან დაგვეხმარა მარკეტინგული განვითარებისა და გაყიდვების ზრდის საქმეში", − აცხადებს ნინო დოლიძე, − „პროგრამის შესახებ სოციალური გვერდის მეშვეობით შევიტყვე. თავიდან ცოტა სკეპტიკურად განვეწყვე, ვინაიდან დაფინანსების მოპოვების პერსპექტივა ბუნდოვანი იყო, ხოლო სკოლისათვის 3 თვის გაცდენა დროის ფლანგვად მეჩვენებოდა. თუმცა საბოლოოდ, აპლიკაცია მაინც შევავსე, მოგვიანებით კი დამიკავშირდნენ, ბევრ აპლიკანტს შორის რამდენიმე ადამიანი შეირჩა, რომელთა შორის მეც მოვხვდი და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე. ბატონმა სანდრომ პროდუქტის ექსპორტზე გატანასთან დაკავშირებით საინტერესო რჩევები გაგვიზიარა და ადგილობრივ ბაზარზე პოტენციური კლიენტების მოძიებაშიც დაგვეხმარა. ამ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება „აჭარა ჯგუფთან", რომელსაც სასტუმროს ქსელისათვის ტრადიციული ქართული პროდუქტის შეძენა სურს და იმედი მაქვს, მათთან ვითანამშრომლებთ".

საუბრისას ნინომ აღნიშნა, რომ დღესდღეობით ქართული წარმოების პროდუქტი საამაყოა, თუმცა აჭარლებისათვის განსაკუთრებულად საამაყო იქნება აჭარაში, ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტი. „როგორც ქალი მეწარმეები, უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ ყველასგან და ერთობლივი ძალებით ვცდილობთ დიდი ბრენდი გავხდეთ, ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ და ევროპასა თუ აშშ-ში ექსპორტზე გავიდეთ", − გვიამბობს ნინო დოლიძე.

ახლა კი, გვსურს გაგაცნოთ „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" კურსდამთავრებული თუშეთიდან, სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „შუნის" დამფუძნებელი, თამრო იდოიძე.

„თუშეთში, სოფელ დართლოში გავიზარდე და ჩემი საქმიანობაც ამავე სოფელში, პატარა საოჯახო სასტუმროს უკავშირდება. სასტუმრო „შუნი" უკვე შვიდი წელია არსებობს და სივრცე, რომელიც შევქმენით, მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ვიზიტორებს. თუშეთის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და შესაბამისად, „შუნის" განვითარების დინამიკაც, მოთხოვნიდან გამომდინარე, მზარდია. ვფიქრობ, თუშეთს და „შუნს" კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის მიღებისა და განვითარების პერსპექტივა აქვს", − გვიამბობს თამრო იდოიძე.

როგორც თამრო გვიყვება, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ, რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტის მეშვეობით შეიტყო და პირველად, სწორედ მაშინ მიიღო მონაწილეობა. გასულ გაზაფხულს კი იგი „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლას" უკვე მეორედ შეუერთდა. „უპირველეს ყოვლისა, ბევრი საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე, ტრენერებისა და მონაწილეების სახით. მათ მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად დამეხმარება ჩემი საქმის წარმატებულად წარმოებაში. ჩემი გრძელვადიანი მიზანია, რომ განვითარებისა და ზრდის პარალელურად, ხარისხი შევინარჩუნო და გავაუმჯობესო", − აცხადებს თამრო იდოიძე.

„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" ერთ-ერთი კურსდამთავრებული, სტარტაპ Sight Georgia-ს დამფუძნებელი, საკო ტვილდიანია. საკომ და მისმა პარტნიორმა − ნინო ჩხაბერიძემ, დამოუკიდებელი საქმის იდეაზე მუშაობა გასული წლის გაზაფხულზე დაიწყეს და დეტალური მომზადებისა და დაშვებული შეცდომებით მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნეს ონლაინმედია Sightgeorgia.ge.

„ჩვენი მედია საქართველოში მოგზაურობასა და ტურიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზეა ფოკუსირებული. ჩვენს მკითხველს ვუზიარებთ საინტერესო ისტორიებსა და ადგილებს, საინტერესო ადამიანების ბლოგებს, საერთაშორისო სამოგზაურო ტრენდებს, ტურიზმისა და მდგრადი ტურიზმის მნიშვნელოვან კვლევებს და ა.შ.", - გვიამბობს საკო ტვილდიანი, - „ჩვენი მიზანია, მომხმარებელს გავუმარტივოთ ძიების პროცესი და შევთავაზოთ მუდამ განახლებადი ინფორმაცია, საინტერესო და ხშირ შემთხვევაში, უცნობი ადგილების, ე.წ. Hidden gems-ის შესახებ. სამომავლოდ კი, გვსურს საქართველოში ნებისმიერი მოგზაური ადამიანისთვის ყველაზე სანდო და ამომწურავი ინფორმაციის წყარო-გზამკვლევი გავხდეთ".

როგორც საკო გვიყვება, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის" შესახებ Facebook-ის მეშვეობით შეიტყო და შევსებულ სააპლიკაციო ფორმაზეც მალევე მიიღო გამოხმაურება. მისი თქმით, სწავლის პროცესი საკმაოდ დატვირთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. „გარდა მნიშვნელოვანი და ამომწურავი სასწავლო მასალისა, უპირველესი, მაინც ამ სკოლის ფარგლებში გაცნობილი ადამიანები არიან − როგორც მენტორ-მასწავლებლები და კომიტეტის წევრები, ისე ჩვენი თანაკურსელები", − აღნიშნავს საკო ტვილდიანი, − „სწავლის პროცესში ხალხთან ურთიერთობის, პრობლემაზე კონცენტრირებისა და გადაჭრის პრაქტიკული გამოცდილება მივიღეთ, რამაც საბოლოო ბიძგი მისცა ჩვენს ბიზნესს, უკეთესი გამხდარიყო".

მიმდინარე წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა" ტრენინგკურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისათვის" აცხადებს მიღებას, სადაც მონაწილეობას შეძლებენ მეწარმეობისა და ბიზნესსაქმიანობის დაწყების მსურველი 16-დან 29 წლამდე ასაკის ქალები და უკვე შემდგარი ახალგაზრდა მეწარმეები.

პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ტრენინგკურსი ონლაინფორმატში ჩატარდება, რაც საქართველოს ნებისმიერი ქალაქსა თუ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებს დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

მონაწილეები ისწავლიან: მეწარმისთვის საჭირო უნარების განვითარებასა და ინსტრუმენტებს, ბიზნესიდეის ბიზნესმოდელად ქცევას, „ბიზნესმოდელის ტილოს" შექმნას, ბიზნესპროექტის წერას და ფინანსურ დაგეგმარებას.

ტრენინგკურსი „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის" ორ დონეს მოიცავს. პირველი დონე 4 ტრენინგ-სემინარს აერთიანებს, რომელზეც მონაწილეები მეწარმეობის ზოგად კურსს გაივლიან და „ბიზნეს ტილოს" პრინციპებს გაეცნობიან. რაც შეეხება მეორე დონეს, ესაა 6 ტრენინგსემინარი, სადაც დამწყები მეწარმეები დაეუფლებიან ბიზნესიდეების ბიზნესპროექტებად გარდაქმნას, მიიღებენ მათთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს და დახვეწენ პრეზენტაციის უნარებს. მეორე დონე მხოლოდ იმ მონაწილეებისთვისაა გათვლილი, ვისაც ზუსტად აქვს გადაწყვეტილი ბიზნესის პრაქტიკაში განხორციელება. კურსდამთავრებულები საკუთარ ბიზნესგეგმებს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის" საინვესტიციო კომისიასთან წარადგენენ და თანადაფინანსების მოპოვებას ეცდებიან.

განცხადების სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ USAID YES-Georgia-ს პროგრამის Facebook გვერდს.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"