You can be on Entrepreneur’s cover!

სალვადორში ბიტკოინის ლეგალურ ანგარიშსწორების საშუალებად ცნობის პირველსავე დღეს, კრიპტოვალუტამ კრახი განიცადა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Reuters

სალვადორი ცენტრალური ამერიკის ყველაზე პატარა, თუმცა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა, დაახლოებით 6,4 მილიონია. წლების განმავლობაში, სალვადორის ოფიციალური ვალუტა ამერიკული დოლარი იყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტ ნაიბ ბუკელეს თაოსნობით, ქვეყნის პარლამენტმა მთავარ ანგარიშსწორების საშუალებად ბიტკოინი მიიღო.

სალვადორში ბიტკოინის ოფიციალურ საგადახდო საშუალებად ცნობის პირველსავე დღეს, საზოგადოების ცხარე პროტესტი, ტექნიკური ხარვეზები და კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი ვარდნა მოჰყვა.

7 სექტემბერს, ბიტკოინის ფასი ბოლო თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიუახლოვდა და 52 000 დოლარიდან 43 000 დოლარამდე გაუფასურდა.

ქვეყნის ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ უეცარი ვარდნის გამო, ლათინური ამერიკის ერთ-ერთმა უღარიბესმა სახელმწიფომ, 3 მილიონი დოლარი დაკარგა.

სალვადორში ბიტკოინის მასშტაბური დანერგვის პროცესი, რადიკალურად სხვა მიმართულებით განვითარდა, ვიდრე ამას ქვეყნის პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე ელოდა. ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა Apple და Huawei, უარი განაცხადეს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული საფულე - Chivo-ს მომსახურებაზე, ხოლო სერვერებზე უამრავი მომხმარებლის ერთდროული რეგისტრაციის გამო, უამრავი ხარვეზი დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის დანერგვის სტიმულირებისათვის, სახელმწიფომ თითოეულ სალვადორელს 30 დოლარი დაურიგა. როგორც სალვადორის სამთავრობო პრეს-სამსახურები აცხადებენ, ბიტკოინს შეუძლია ქვეყანას ყოველწლიურად $400 მილიონი დაუზოგოს, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი თანხების საკომისიო გადასახადებზე. თუმცაღა მსოფლიო ბანკის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ეს თანხა 170 მილიონ დოლარს არ აღემატება.

„ჩვენ უნდა დავამსხვრიოთ წარსულის პარადიგმები", - განაცხადა საკუთარ ტვიტერის გვერდზე პრეზიდენტმა ბუკელემ, - „სალვადორს აქვს უფლება პირველი მსოფლიოს ქვეყნებისკენ ისწრაფოდეს".

ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისთვის, ეს ნაბიჯი მისაღები აღმოჩნდა. მაგალითად, ოჯახური მაღაზიებისა და სასტუმროების მფლობელების განცხადებით, პანდემიის დროს ნაღდი ფულის ციფრული ალტერნატივით ჩანაცვლება გონივრული გამოსავალია. გარდა ამისა, ბიტკოინით ანგარიშსწორება, ყალბი ფულის მიმოქცევის რისკებსაც ამცირებს.

ქვეყნის ოპოზიცია საკმაოდ სკეპტიკურად და კრიტიკულად განეწყო პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიმართ. როგორც ისინი აცხადებენ, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობას კრიპტოვალუტების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია, ციფრული ფულის ბაზარი საკმაოდ მერყევია და დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ბიტკოინის ოფიციალურ ვალუტად დამტკიცების პირველსავე დღეს, მისი ღირებულება 20%-ით გაუფასურდა.

ოპოზიცია ასევე აკრიტიკებს პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს იმის თაობაზე, რომ ბიტკოინის შესახებ კანონი პარლამენტმა ნაჩქარევად, ყოველგვარი დებატისა და განხილვის გარეშე დაამტკიცა და მის მისაღებად, სულ რაღაც 5 საათი დასჭირდა.

მღელვარების ტალღამ მოიცვა სან სალვადორის ქუჩები, განსაკუთრებით კი უზენაესი სასამართლოს შენობის ეზო, სადაც მომიტინგეებმა ასაფეთქებელი საშუალებები და ცეცხლმოკიდებული ბორბლები გამოიყენეს.

როგორც ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, ბიტკოინის დანერგვა ფინანსური არასტაბილურობის გარდა, უკანონო ტრანზაქციების რისკსაც გაზრდის.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"