You can be on Entrepreneur’s cover!

ქართული პრეპარატი ''კამელინი'' COVID-19-ის წინააღმდეგ ლიეტუველი და კანადელი მკვლევრების დასკვნა "კამელინის" ეფექტურობის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

„კამელინი" საქართველოში შექმნილი პრეპარატია, რომლის ავტორობა გასულ საუკუნეში ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელს უკავშირდება. წლებთან ერთად, „კამელინმა" მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, რომელიც არაერთ დაავადებასთან საბრძოლველად მაღალეფექტურ პრეპარატადაც აღიარეს.

როგორც კომპანიაში გვიყვებიან, „კამელინზე" კვლევები ჯერ კიდევ 1950 წელს საქართველოს სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტში, აკადემიკოს კ. ერისთავის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო. დაკვირვებები მიმდინარეობდა ასევე სისხლის გადასხმის ინსტიტუტში. ჩატარდა პრეპარატის გამოკვლევები ექსპერიმენტულ სიმსივნეებზე, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პათფიზიოლოგიის კათედრაზეც. ამ დაკვირვებათა შედეგად კი დადგინდა, რომ „კამელინი" აფერხებს პირველადი სიმსივნეების განვითარებას და ასევე, ხელს უწყობს უკვე განვითარებული სპონტანური ახალწარმონაქმნების დათრგუნვას.

2 წლის შემდეგ ექსპერიმენტები განმეორდა ლენინგრადში, ონკოლოგიის ინსტიტუტში. მიღებული მონაცემების საფუძველზე, სამეცნიერო კომისია მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გამოსაცდელი პრეპარატი დამთრგუნველ გავლენას ახდენს სიმსივნურ ზრდაზე. ამ პრეპარატის შეყვანის გავლენით ხდება სიმსივნეების შესამჩნევი შემცირება და ზოგიერთ შემთხვევაში, სრული გაქრობაც კი.

ანალოგიური შედეგები მიიღეს კიდევ არაერთი კვლევის შედეგად.

2004 წლიდან ბენედიქტე მაღლაკელიძის შთამომავლებმა „კამელინის" ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაიწყეს. ოფიციალურად დაფუძნდა ფარმაცევტული კომპანია „კამელინი" და შეიქმნა სამეცნიერო ჯგუფი, რომელსაც ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა გურიელიძე ხელმძღვანელობდა. ამ დროიდან იწყება პრეპარატის უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს საუკეთესო სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში განხორციელდა შემდეგ ქალაქებში: კვებეკი, მონრეალი, ბერნი, რიო-დე-ჟანეირო და დელი; ასევე, აშშ-ის შტატებში − ილინოისი და ორეგონი. წამყვან სამეცნიერო ცენტრებში დადასტურდა, რომ „კამელინი" ნამდვილად მაღალი პოტენციალის მქონე პრეპარატია, როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე გამორჩეულად ეფექტურია სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. დღეს კი უკვე, „კამელინი" თავისი მრავალმხრივი თვისებებით ახალ ისტორიას წერს თავს დამტყდარ გლობალურ პანდემიასთან − Covid 19-თან ბრძოლის ისტორიაში, რომელსაც Entrepreneur-ის მკითხველს მერაბ ფრუიძე − „კამელინის" დირექტორი უამბობს:

„კამელინი" პირველად ევროპაში, უკრაინაში დარეგისტრირდა, ოღონდ სხვა სახელწოდებით, სადაც ხელმისაწვდომი გახდა კაფსულების, ამპულებისა და სანთლების სახით. ამ ქვეყანაში უკვე კარგა ხანია აქტიურად იყენებენ ამ პრეპარატს. საგანგებო ქართულ-უკრაინული კონფერენციაც კი მიეძღვნა „კამელინის" თემას, რომელსაც საკმაოდ ბევრი ჩამოსული ექიმი ესწრებოდა. მათ ძალზე კარგი შედეგები და საგულისხმო ინფორმაცია გაგვიზიარეს პრეპარატთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, პრეპარატი უკვე ლიეტუვაში დარეგისტრირდა, სადაც ასევე საკმაოდ აქტიურად გამოიყენება. სწორედ ლიეტუველების მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი კანადაში Covid-19-ის წინააღმდეგ „კამელინის" ეფექტის კვლევა, რამაც საკმაოდ საინტერესო და კარგი შედეგები დაგვანახვა. ეს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევა იყო, რომელიც ლიეტუვის სახელმწიფო სააგენტოს, MYTA-ს მიერ სრულად დაფინანსდა. აგრეთვე, „კამელინს" შეხვდებით საბერძნეთშიც, სადაც გარდა სამედიცინო საშუალებისა, იგი კოსმეტიკური მიმართულებითაც არის წარმოდგენილი.

ამჟამად, „კამელინი" უკვე რეგისტრირდება პოლონეთში, საფრანგეთსა და ავსტრიაში. რეგისტრირების საკითხებთან დაკავშირებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუმინეთშიც, ხოლო საბერძნეთიდან უახლოეს მომავალში ველოდებით პარტნიორების ჩამოსვლას და მათთან ერთად კიდევ არაერთი სამომავლო გეგმის დასახვასა და განხორციელებას.

კამელინი" და Covid-19

„კამელინის" ახალ კვლევებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ლიეტუვის სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი, გამოხატული მხარდაჭერასა და კვლევის დაფინანსებაში, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მათ. მნიშვნელოვანი მოვლენაა კანადური კვლევა, რომელიც მაღალი სანდოობის მქონე, მოწინავე, ბიოტექნოლოგიისა და ექსპერიმენტული თერაპიის სამხრეთკორეულ ჟურნალში JABET, სათაურით, კამელინის ანტივირუსული ეფექტი SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ, გამოქვეყნდა. ცხადია, ამას კიდევ უნდა მოჰყვეს მაღალი დონის კლინიკური კვლევები, რათა თამამად და დაზუსტებით ვთქვათ, თუ რამდენად ეფექტურია ის პაციენტებში. ცხადია, ასეთი კვლევები საკმაოდ ძვირადღირებულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ამჟამად, ისევ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორები ცდილობენ საჭირო და საკმარისი დაფინანსების მოძიებას შემდგომი კვლევების ეტაპებისათვის. აქამდე კი ცოცხალ ორგანიზმებზე ჩატარებული კვლევები „კამელინის" უსაფრთხოებასა და მაღალეფექტურობას უკვე მოწმობს, თუმცა დამატებითი სიღრმისეული და კლინიკური დაკვირვებები კიდევ საჭიროა.

ხოლო აწ უკვე ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევებში მოხდა სხვადასხვა მღრღნელის (ზაზუნას, ვირთაგვას) ორგანოებიდან აღებული უჯრედების ლაბორატორიულ პირობებში კულტივირება. შემდეგ კი ამ უჯრედების დასნებოვნება COVID 19-ის გამომწვევი ვირუსით. მღრღნელების ნაწილში შეჰყავდათ „კამელინი" სხვადასხვა კონცენტრაციით, ნაწილი კი რჩებოდა საკონტროლო ჯგუფად, რა შემთხვევაშიც, თერაპიული დოზის კონცენტრაციაზე გაცილებით ნაკლებმა კონცენტრაციამ 100%-ით შეძლო ვირუსის ნეიტრალიზება და მისი განადგურება. სწორედ ეს იყო კანადური კვლევის უმთავრესი შედეგი.

ცხადია, აუცილებლად კიდევ გაგრძელდება დაკვირვება და შემდეგ უკვე კლინიკური კვლევებიც, რათა ეს მიგნება კიდევ უფრო მაღალსარწმუნო გახდეს ყველასთვის.

უახლოეს მომავალში კიდევ ვაპირებდით „კამელინის" სხვადასხვა ფორმით გამოშვებას. მათ შორის − თვალის წვეთების. ამაზე კვლევა აკადემიკოს ნოდარ მითაგვარიას ხელმძღვანელობით, უკვე ჩატარებულია ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში. იქაც ცოცხალ ორგანიზმებზე ხდებოდა დაკვირვება და „კამელინის" ეფექტურობა თვალის ანთებით პროცესებზე სარწმუნოდ დადასტურდა. წლის ბოლომდე დამატებით არაერთ სიახლეს ველოდებით, რომელიც „კამელინის" მრავალმხრივ ეფექტურობას კიდევ ერთხელ დაადასტურებს. ამჟამად მიმდინარეობს მის კიდევ ერთ ახალ ფორმაზე − საინჰალაციო ხსნარზე მუშაობა, რომლის წარმოება ლიეტუველი მედიკოსების რეკომენდაციებმა დააჩქარა. მათი „კოვიდ"-პროტოკოლების მიხედვით, რიგ შემთხვევებში „კოვიდ"-პაციენტებს „კამელინის" ხსნარით ინჰალაციები ენიშნებოდათ", − მერაბ ფრუიძე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან