10 მარტივი და ეფექტური გზა კარგი PR-კამპანიისთვის საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მომხმარებელზე ზრუნვა დღეს კომპანიის არსებობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ოცდამეერთე საუკუნე ინფორმაციული ეპოქაა. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მომხმარებელზე ზრუნვა დღეს კომპანიის არსებობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახლავთ.

ზოგადად, PR-საქმიანობის მთავარი მიზანია, მიაწოდოს კომპანიის მიზნობრივ ჯგუფებს ინფორმაცია და ამ კომუნიკაციით მოახდინოს მათი სწავლება და მართვა. PR-ი მედიატორია ინფორმაციის გამცემსა და მიმღებს შორის. იგი ზრუნავს როგორც კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ასევე სამიზნე ჯგუფებისთვის კომპანიის ან ხელისუფლების პოლიტიკის ახსნაზე.

და ალბათ ყველას აინტერესებს, რას აკეთებს კონკრეტულად PR-ი და რა განსხვავებაა რეკლამასა და PR-ს შორის. PR-ი ზრუნავს კომპანიის ან პიროვნების რეპუტაციასა და მისი იმიჯის აღქმაზე საზოგადოებაში. რეკლამასა და PR-ს შორის განსხვავება კი ისაა, რომ PR-ი ქმნის მოვლენებს, რომელიც ვრცელდება მედიაში უფასოდ (ან შედარებით დაბალი ბიუჯეტით), ხოლო რეკლამაში იხდიან ფულს. მათ საერთო აქვთ მიზანი, ხოლო ამოცანა − განსხვავებული. PR-სტრატეგია მაშინაა ეფექტური, როდესაც კომპანიის მიერ ჩამოყალიბებული ღირებულებები, პოზიციები ან გზავნილები, საზოგადოების მიერ ადეკვატურად აღიქმება.

PR-ს ხანდახან მოიხსენებენ, როგორც კომუნიკაციების მენეჯმენტს, რადგან სწორედ კომუნიკაციების ცოდნაზეა დამოკიდებული PR-საქმიანობის წარმატება. ოცდამეერთე საუკუნეში, ვინც მართავს ინფორმაციას, მას აქვს ძალაუფლება.

იმისათვის, რომ თქვენ სწორად მართოთ აუდიტორია და ძალაუფლებაც თქვენს ხელში აღმოჩნდეს, საჭიროა კარგად გააზრებული PR-კამპანიის შედგენა, რომლისთვისაც საჭიროა პროფესიონალი გუნდი, რომელიც უკეთ განსაზღვრავს საზოგადოებისთვის გადასაცემ გზავნილს. თუ თქვენ ახლა ხართ იმ გზაზე, როცა თქვენს კომპანიას სჭირდება კარგი PR-ი ან თავად ცდილობთ აითვისოთ ეს პროფესია, ქვემოთ ჩამოთვლილი 10 მარტივი და ეფექტური რჩევა ნამდვილად დაგეხმარებათ, უკეთ განავითაროთ ეს შესაძლებლობა.

1. დაამყარეთ ურთიერთობა ჟურნალისტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს რჩევა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ჟურნალისტებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ პირველი ნაბიჯის გადადგმისას. რეპორტიორთან კონტაქტისას, გაუგზავნეთ მათ პირადი, პერსონალიზებული შეტყობინება და არა ზოგადი, რომელიც ყველა მედიასაშუალებას მოიცავს. ამით გაზრდით თქვენი სიახლის გაშუქების შანსს.

2. გამოიყენეთ სოციალური მედია თქვენ სასარგებლოდ.

დღეს, როცა სოციალური მედია ამდენ შესაძლებლობას გვაძლევს, შეგვიძლია ის ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად გამოვიყენოთ. თქვენ შეგიძლიათ სოციალურ მედიაში თავადაც გამოაქვეყნოთ კომპანიის ახალი პროდუქტისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ინფორმაცია და ჩართოთ მასში აუდიტორია. ასევე, კრიზისის დროს შეგიძლიათ წამებში მოახდინოთ რეაგირება სულ რაღაც ერთი პოსტის საშუალებით და ამით მარტივად შეძლებთ მომხმარებელთან კონტაქტს.

3. დაწერეთ კარგი ახალი ამბები.

PR-ში მუშაობისას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა იცოდეთ, არის კარგი და საინტერესო ახალი ამბის დაწერა. წერისას მოიქეცით ისე, თითქოს რედაქტირების ბოლო ეტაპზე ხართ და დაუსვით შემდეგი კითხვები თქვენს თავს: არის ეს ახალი ამბავი იმდენად კარგი, რომ მიიპყრობს მკითხველის ყურადღებას? დავიცავი სტილი? კარგად გადმოვეცი დამხმარე დეტალები? ეცადეთ სხვასაც წააკითხოთ, რადგან უცხო თვალი უფრო მეტს ხედავს, ვიდრე თქვენ. სწორედ ისე დაწერეთ ახალი ამბავი, როგორც საინფორმაციო გამოშვების აუდიტორიას სჭირდება.

4. გამოიყენეთ შეფასებები.

მომხმარებლის შეფასება არის შესანიშნავი გზა ახალი მომხმარებლების მოძიებისთვის თქვენს სოციალურ ქსელში. პოზიტიური მიმოხილვები (და არა მხოლოდ პოზიტიური) არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ აჩვენოთ ახალ მომხმარებლებს თქვენი გამოცდილება.

5. დასახეთ მიზნები.

დიდი სურათის დახატვა კარგია, მაგრამ როგორ აპირებთ მის დახატვას? მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების დასახვა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. რა არის ინდივიდუალური ამოცანები, რომელთა შესრულებასაც აპირებთ თქვენი მიზნის მისაღწევად? ხშირად დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს.

6. იცოდეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია.

ვის ცდილობთ მიაწვდინოთ თქვენი ხმა? რომელია საუკეთესო გზა მათთან მისასვლელად? ეს სოციალური მედიაა? და თუ ასეა, რომელი აპლიკაცია იქნება ყველაზე ეფექტური? იმის ცოდნით, თუ ვისთან ცდილობთ მიაღწიოთ, შეგიძლიათ დაზოგოთ ბევრი დრო და ფული კამპანიის გაშვებისას.

7. გონივრულად გამოიყენეთ მონაცემები.

დიდ ან ადგილობრივ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენეთ მონაცემები, ანუ პირველადი კვლევა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ უკეთ განსაზღვროთ, რა მუშაობს და რა არა. მომავლის პროგნოზირების საუკეთესო საშუალებაა წარსულის მონაცემების ანალიზი. რა იყო გამოყენებული წარსულში? წარმატებული იყო? თუ ასეა, რამდენი ადამიანი ჩაერთო მასში? და ა.შ.

8. განათავსეთ თქვენი ბრენდი.

კლიენტისთვის ან მედიისთვის კამპანიის შინაარსის შექმნისას, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ განსხვავდება თქვენი კომპანია თქვენი კონკურენტებისგან. რა ხდის თქვენს ბრენდს უნიკალურს? რისი გაკეთება შეუძლია თქვენს კომპანიას განსხვავებულად? როდესაც ეს იცით, თქვენ შეგიძლიათ პოზიციონირება მოახდინოთ ბაზარზე, რათა დააკმაყოფილოთ მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნები. არ შეცვალოთ თქვენი ბრენდი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვა კომპანიას მოერგოს, პირიქით − მიიღეთ თქვენი განსხვავებულობა შესაძლებლობად.

9. გამოიყენეთ უფასო ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა.

PR-ისთვის არსებული ყველა უფასო რესურსი დღეს ჩვენ ხელთაა. ვებსაიტები და პროგრამული უზრუნველყოფა დაგეხმარებათ გრამატიკის კორექტირებაში, სოციალური მედიის პოსტის შექმნაში, თქვენი კომპანიის ხილვადობის გაზრდაში. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც უფასოა, შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ადამიანებს მოსწონთ გვერდები კარგი ვიზუალით. ამის შექმნაში არაერთი ვებგვერდი თუ პროგრამა დაგეხმარებათ.

10. ჩაერთეთ თქვენს აუდიტორიასთან.

ძირითადად, წარმატებულ კომპანიებს აქვთ ერთი საერთო − ჩართულობა. როდესაც მომხმარებლები თანამშრომლობენ კომპანიასთან, მათ სურთ პასუხი. იქნება ეს პასუხი მათი ელექტრონული ფოსტით თუ Instagram-ზე კომენტარის საშუალებით, ხალხს სურს იცოდეს, რომ მოუსმინეს. ზოგადად, PR-ი უკუკავშირზეა დამყარებული, შესაბამისად, თუ თქვენ გადასცემთ ამბავს, დაელოდეთ მომხმარებლის რეაქციას და პასუხს. ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენი PR-კამპანიის წარმატებას.

ამ 10 ძალიან მარტივი და ეფექტური რჩევის გათვალისწინებით, თქვენ გაამარტივებთ საკუთარ რუტინას და ორგანიზებას გაუწევთ თქვენს რესურსებს, მათი უფრო ეფექტური გამოყენების მიზნით. საბოლოო ჯამში, დაამყარებთ ურთიერთობებს ნდობაზე დაყრდნობით და გარდაქმნით მათ მოგებად.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი