You can be on Entrepreneur’s cover!

საოცრებები მაშინ ხდება, როდესაც სწორად იქცევი ფრანსუა რეიჰანი, LA LA LAND KIND CAFÉ-ს 25 წლის დამფუძნებელი

By Jason Feifer

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ერთმა აღმოჩენამ ყველაფერი შეუცვალა ფრანსუა რეიჰანს: „გულწრფელად რომ ვთქვა, ნამდვილი არარაობა ვიყავი", – ამბობს იგი, – „როგორ აგიხსნათ, კარგი ადამიანი არ ვიყავი".

მართალია, რეიჰანი იმ დროს ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მაგრამ როდესაც საკუთარი თავი ნათლად დაინახა, მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა.

„ძალიან მინდოდა, ისევ ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც შინაგანად ვიყავი და უბრალოდ, საკუთარ თავზე მემუშავა", – განმარტავს 25 წლის ახალგაზრდა. ამიტომ გადავიდა მოქმედებაზე − ახალ ქალაქში ახალი ცხოვრების დაწყება დაისახა მიზნად და საბოლოოდ, შექმნა კომპანია, რომელიც ერთ მარტივ ლოზუნგზეა დაფუძნებული: „ნუ იქნები არარაობა".

ეს კომპანიაა La La Land Kind Cafe − კაფეების ქსელი დალასში, რომელიც ნაშვილებ მოზარდებსა და ახალგაზრდებს იღებს სამსახურში, რომლებმაც გარკვეული ასაკის შემდეგ უნდა დატოვონ ოჯახები. კაფე მათ იმ უნარ-ჩვევების შეძენაში ეხმარება, რომლებიც კარიერის შესაქმნელად სჭირდებათ, რათა ვინმეზე ან რაიმეზე არ იყვნენ დამოკიდებულები, და არც უსახლკარონი გახდნენ. უნდა ითქვას, ამის შესახებ მის კაფეებში არაფერს ამბობენ. არანაირი მინიშნებები, არანაირი ბროშურები არ არის. „ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ საოცრებები მაშინ ხდება, როდესაც სწორად იქცევი", – ამბობს რეიჰანი.

ეს რწმენა ამართლებს: La La Land Kind Cafe-მ ხუთ ადგილას გახსნა ობიექტები და მისმა შემოსავალმა უკვე გადააჭარბა $ 6 მილიონს. რეიჰანის აზრით, ეს ყველაფერი იმ თვისების წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც ხშირად ცუდად მიაჩნიათ: მოუთმენლობა. „მე ძალიან მოუთმენელი ადამიანი ვარ", – ამბობს რეიჰანი. როდესაც ის პრობლემას ხედავს − საკუთარ თავში იქნება ეს თუ ზოგადად, სამყაროში, მის გადასაჭრელად ლოდინს არ იწყებს. „სანამ მოვკვდები, მინდა დავრწმუნდე, რომ რაც კი შეიძლებოდა, ცხოვრებისგან ყველაფერი ფასეული მივიღე. ერთადერთი რამ რაღაც დიდის მისაღწევად − გიჟურად გარისკვაა".

საიდან მოდის ასეთი პოზიცია? რეიჰანი ამას თავის აღზრდას მიაწერს მრავალფეროვან გარემოში. მისი მშობლები ირანში დაიბადნენ, საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ამიტომაც დაარქვეს შვილს სახელად ფრანსუა, შემდეგ მექსიკაში გაზარდეს, სადაც მამამისს ტანსაცმელზე ბეჭდვის პატარა მაღაზია ჰქონდა. „ეს ნამდვილი ბედნიერება იყო", – ამბობს ის, რადგან იქ მექსიკური კულტურა შეითვისა − სიყვარული ოჯახისა და მეზობლების მიმართ.

მაგრამ 12 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ძალადობას გაექცა ამ ქვეყნიდან, რაც ნარკოტიკებთან გაჩაღებულმა ომებმა გამოიწვია და ლოს ანჯელესში დასახლდა, სადაც სრულიად განსხვავებული − ფულისა და უფლებების კულტურა შეითვისა. „ვგრძნობდი, რომ აქ ყველაფერი შეჯიბრი იყო", – ამბობს ის და ასე დაიწყო მისი ცხოვრების ეტაპი, როდესაც საკუთარ თავს „არარაობად" მოიხსენიებდა. მან სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში ბოლო წელს ვეღარ გაუძლო და დალასში, სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტში გადავიდა, იმ რაიონში სურდა ცხოვრება, რომელსაც მექსიკურ კულტურასთან მეტი ჰქონდა საერთო.

2015 წლის ერთ დღეს, კალიფორნიელი მეგობარი ეწვია დალასში და უმი თევზის კერძის გასასინჯად შესთავაზა წასვლა, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე იყო პოპულარული. რეიჰანი გაკვირვებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ამ კერძმა ჯერ კიდევ ვერ მოაღწია დალასამდე, და სწორედ მაშინ გაიღვიძა მასში ბუნებრივმა თვისებამ − მოუთმენლობამ. მართალია, მხოლოდ 20 წლის იყო და გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდა, მაგრამ რატომ უნდა დაეწყო ლოდინი და რატომ არ უნდა გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა?

„მე უბრალოდ ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს ნამდვილად უნდა მომხდარიყო", – ამბობს იგი, – „ადგილებს ვეძებდი იჯარით ასაღებად, ბიზნესგეგმას ვადგენდი და ციფრებს ვკრებდი, სანამ რაიმე სახის გარიგების დადებას მოვახერხებდი. ეს არ გახლდათ რეალური, მე არ შემეძლო ამის დაფინანსება, მაგრამ ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს სრულიად რეალური იყო".

რეიჰანმა ჯერ მეგობრის მშობელი დაარწმუნა, რომ ამ იდეაში განეხორციელებინა ინვესტირება, შემდეგ მეპატრონე დაარწმუნა, რომ მისთვის იჯარით მიეცა უძრავი ქონება, და ბოლოს კი, შეფი დაარწმუნა სუშის ძვირადღირებული ქსელიდან Nobu, მას შემოერთებოდა (როგორ მოახერხა? – „იდეა მიაწოდეთ ადამიანებს და ისეთი მიზანი დაუსახეთ, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაჭვის ნაწილი", – ამბობს ის, – „იმიტომ, რომ ბოლოსდაბოლოს, მთავარი ის არის, თუ როგორ იყენებ სინამდვილეში შენს ცხოვრებას"). სულ მალე რეიჰანი ოფიციალური რესტორატორი გახდა.

მისი თევზის რესტორანი Pok პირველი წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა და ახალგაზრდების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც ამ კვარტალში ტრიალებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მომაკვდავი ბარიც გამოაცოცხლა, სახელად Bar Stellar, და ისიც ასეთივე პოპულარული გახადა.

მაგრამ მისმა მოუთმენლობამ კვლავ წამოყო თავი და გააცნობიერა ის, რასაც ბევრი ცხოვრების ბოლოსაც კი ვერ იგებს. „დავფიქრდი, რომ ამდენი ფული მქონდა, და ამ დროს რას ვაკეთებდი?" – ამბობს ის, – „უბრალოდ, უმი თევზით ვუმასპინძლდები ადამიანებს და ფულს ვიღებ. 90 წლის რომ გავხდები და სიკვდილის პირას ვიქნები, ხომ ვკითხავ საკუთარ თავს, რა გავაკეთე ამ ცხოვრებაში?"

სწორედ მაშინ უთხრა დის მეგობარმა ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაციის შესახებ, სადაც ის მოხალისედ მუშაობდა ახალგაზრდებთან. რეიჰანი ამ ორგანიზაციას ეწვია და გაიგო, რომ უსახლკაროთა 50 პროცენტზე მეტი სხვადასხვა ოჯახში იზრდებოდა. „შინ დავბრუნდი და ვფიქრობდი, რომ რესტორანს აღარასდროს გავხსნიდი", – ამბობს ის, – „არაკომერციულ ორგანიზაციას დავაარსებდი".

და მან ინიციატივის განხორციელება წამოიწყო, სახელწოდებით We Are One Project, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ამ რისკის წინაშე მყოფ ჯგუფს სამუშაოს პოვნაში დაეხმარებოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მონაცემებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც უჭერდა მხარს, სამსახურს ვერ ინარჩუნებდნენ. ის მიხვდა, რომ სამსახურის მოძებნაზე უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა − მათთვის ის უნდა ესწავლებინა, თუ როგორ შეენარჩუნებინათ იგი.

რეიჰანმა გამოსავალი მოძებნა: თავისი ანტრეპრენერული ინსტინქტები და ახლად აღმოჩენილი მიზეზი გააერთიანა და კაფე შექმნა − La La Land Kind. ეს უნდა ყოფილი ადგილი, სადაც ეს ახალგაზრდები ისწავლიდნენ და სხვებს მოემსახურებოდნენ.

რეიჰანს მიაჩნდა, რომ თუ კაფე თავისი მისიის შესახებ ილაპარაკებდა, მომხმარებლები მას ისე შეხედავდნენ, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციას. მისი თანამშრომლები კი, ისე იგრძნობენ თავს, თითქოს ყველასათვის საჩვენებლად იყვნენ გამოფენილნი. ამიტომ მან მოდური კაფეს შექმნაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც Starbucks-ს გაუწევდა კონკურენციას, და რომლის მახასიათებელი სულ სხვა რამ იქნებოდა. „ისეთი ადგილის შექმნა მინდოდა, სადაც ადამიანებს უბრალოდ ეყვარებოდათ ერთმანეთი", – ამბობს ის.

მის კაფეში მთლიანად თეთრი ესთეტიკაა, თითქოს სამოთხე იყოს დედამიწაზე. ფინჯნები ყვითელია, რადგან ეს ფერი ბედნიერებასთან ასოცირდება. ყავის არომატები, როგორიცაა „ლატე კოცონთან" გრეჰემის კრეკერებითა და მარშმელოუთი თავზე ისეთია, რომ ნოსტალგია უნდა გამოიწვიოს. პერსონალი კი ისეა მომზადებული, რომ მომხმარებელს უნდა უთხრას: „მე შენ მიყვარხარ" (მართალია, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ ამართლებს).

ეს კონცეფცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი პრესა აქტიურად აშუქებდა, ამიტომ კაფეს გაფართოების უთვალავი შესაძლებლობა გამოჩნდა. ამ ზაფხულს მან სანტა მონიკაში გახსნა ობიექტი და 2021 წელს კიდევ შვიდის აშენებას ისახავს მიზნად. „ჩვენ არასოდეს გადაგვიხდია ფული რეკლამაში", – ამბობს ის. კაფე შეუმჩნევლად, უკანა პლანზე ასრულებს თავის ნამდვილ მისიას: რეიჰანი ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, ერთად უნდა შექმნან მენტორობის პროგრამა ნაშვილები ახალგაზრდებისთვის, რომლის ექსპორტი უკვე სხვა კომპანიებშიც დაიწყო. ასე რომ, მათაც შეუძლიათ შეუერთდნენ ამ საქმეს.

რეიჰანს ისიც სურს, სხვებიც მასავით მოუთმენლები გახადოს, რადგან სჯერა, რომ მის თაობას ყველაფერზე შეუძლია უზარმაზარი გავლენის მოხდენა, თუკი მის თანატოლებს ამ ეტაპზე ექნებათ გააქტიურების სურვილი. „წინააღმდეგ შემთხვევაში, დრო გავა და ასაკი მოგვემატება", – ამბობს იგი, – „რაღაცის რეალიზებას შევეცდებით და თავის მოსაბმელად დრო თითქმის აღარ დაგვრჩება".

Jason Feifer

Entrepreneur Staff

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"