⚡ Get All Content for 20% Off ⚡

Akustiko - ქართული კომპანია ხმის იზოლაციის ტრენდს ამკვირდებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

თუ ერთხელ მაინც გქონიათ ხმაურის პრობლემასთან შეხება, ალბათ გსმენიათ კომპანია Akustiko-ს შესახებ, თუმცა მისი ისტორია ფართო საზოგადოებისთვის უცნობია და საინტერესო შეიძლება იყოს მათი ახლოდან გაცნობა. სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ მათ ოფისში, რათა პირველწყაროდან გაგვეგო მათი ისტორია. ჩვენ გავესაუბრეთ Akustiko-ს ერთ-ერთ დამფუძნებელს და კომპანიის ხელმძღვანელს - ავთანდილ კრავეიშვილს.

ბატონო ავთანდილ, პირველ რიგში მადლობა მასპინძლობისთვის. თუ შეიძლება ორი სიტყვით, რომ გაგვიზიაროთ Akustiko-ს დაფუძნების იდეა და ისტორია.

კომპანია Akustiko დავაარსე 2014 წელს, ჩემს მეგობარ, დავით ქადეიშვილთან ერთად. მისი შექმნის იდეა რამოდენიმე ფაქტს უკავშირდება. ერთი, რომ მე თავად ვიყავი რამდენჯერმე სხვადასხვა ტიპის ხმაურით „დაზარალებული" და დავინტერესდი, თუ როგორ შეიძლებოდა მოგვარებულიყო საინჟინრო გარე აგრეგატის ხმაური ისე, რომ ჩემს საძინებელ სივრცეში ნორმალური ძილი შესაძლებელი ყოფილიყო. ამის პარალელურად, მე და დავითი ვმუშაობდით კომპანიაში, რომელიც ახორციელებდა აუდიო სისტემების ინტეგრაციას სხვადასხვა ობიექტებისთვის, მათ შორის იყო რესტორნები, ღამის კლუბები და ბარები. არაერთხელ შევეჩეხეთ სიტუაციას, როდესაც დინამიკით შეიძლება ახალი პრობლემა გამოგვეწვია ან თუ სივრცეში ექოები ძალიან ჭარბობდა, მისი დინამიკით და მიკროფონით მოგვარება შეუძლებელი იყო და საჭირო იყო განსხვავებული მიდგომა. საერთო ჯამში, დაგროვილი ინფორმაციის და გამოცდილების შედეგად მივხვდი, რომ თუ აქამდე ჩვენთვის ტერმინი „აკუსტიკა" ასოცირდებოდა მხოლოდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან, საკონცერტო დარბაზთან, ფილარმონიასთან, რეალურად ეს ტერმინი ბევრად მეტ რამეს მოიცავდა, როგორებიცაა: ხმის იზოლაცია და აკუსტიკა საცხოვრებელ სივრცეებში, საოფისე თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ა.შ. ბევრი არ გვიფიქრია კომპანიის დარეგისტრირებაზე და სახელის იდეაც მალევე გაჩნდა.

მართლაც საინტერესოა, ბიზნესის იდეის დანახვა და შემდეგ გაღვივება პრობლემის პრიზმიდან. რამდენად გადაწყვეტადი იყო მაშინ ბაზარზე მსგავსი ხმის იზოლაციის და აკუსტიკის პრობლემები?

წარმოიდგინეთ, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა სპეციალიზირებული აკუსტიკური კომპანია, რომელიც შეძლებდა პირველ რიგში ამა თუ იმ ხმაურის, ვიბრაციის თუ აკუსტიკის პრობლემის სწორად შეფასებას და შემდეგ, მის მოგვარებას. იყო მხოლოდ ზედაპირული მიდგომები და მცდელობები სხვადასხვა მომიჯნავე პროფილური კომპანიების თუ ინდივიდების მხრიდან. ჩვენც მათ შორის, მსგავსად ვმოქმედებდით - არანაირი სიღრმისეული მიდგომა. სწორედ ამ ფაქტმა გვიბიძგა ჩვენი მცდელობები ბიზნეს იდეად გვექცია და კომპანიის დარეგისტრირების პირველივე დღეებიდან ზუსტად ვიცოდით თუ რა გზის გავლა მოგვიწევდა. თუ ამერიკულ ისტორიებში ბიზნესს 1 დოლარით იწყებენ, ჩვენ განვადების ბარათებით და საბანკო კრედიტებით დავიწყეთ. მახსოვს, განვადების ბარათით შევიძინე თვითმფრინავის ბილეთი კოპენჰაგენამდე, რომ დანიაში და შვედეთში რამოდენიმე საინტერესო აკუსტიკური კომპანია გამეცნო და მათთან თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე დაგვეწყო მოლაპარაკებები.

როგორც ვხვდები, აკუსტიკის ბიზნესში საჭიროა რაღაც ტიპის ხელსაწყო ან ხელსაწყოები, რომლითაც ხდება პრობლემის აკუსტიკური დიაგნოსტირება და თქვენ ასეთი ხელსაწყოები გაქვთ.

ბუნებრივია, როგორც ექიმისთვის არის რთული სწორი დიაგნოზის დასმა ანალიზების, ექოსკოპიის თუ კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოცემულობა გვაქვს აკუსტიკაშიც. ამ მიმართულებით, კომპანიაში პირველივე კრედიტით შევიძინეთ აკუსტიკური ანალიზატორი, ლიზინგით კი 3D აკუსტიკური მოდელირების პროგრამა და ყოველი პროექტიდან მიღებული ფულადი დანაზოგით დღემდე ვახორციელებთ რეინვესტირებას, ვამატებდით სხვადასხვა პროგრამებს თუ ხელსაწყოებს. დღეის მდრომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მარტო საქართველოში, არამედ - სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვართ ყველაზე მეტად აღჭურვილი აკუსტიკური კომპანია, რომელსაც აქვს სრული ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, რათა მოახდინოს ნებისმიერი კატეგორიის თუ სირთულის ხმაურის თუ აკუსტიკური პრობლემის იდენტიფიცირება და სიღრმისეული კვლევა, რაც არის აუცილებელი წინა პირობა შემდგომი აკუსტიკური გაანგარიშებებისთვის. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს აქვს შესაბამისი კომპეტენცია და მიღებული ცოდნა-გამოცდილება, მათ შორის სერთიფიკაცია, რაც უზრუნველყოფს აკუსტიკური დიაგნოსტირების დროს მეთოდოლოგიის ზედმიწევნით შესრულებას და სტანდარტების დაცვას. ამ პროცესში ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივი განვითარების გზას ვადგავართ.

თქვენ ახსენეთ პერსონალის ცოდნა-გამოცდილება. ორი სიტყვით, რომ გვითხრათ ამის შესახებ და ასევე, რამდენი ადამიანი მუშაობს ამჟამად Akustiko-ში? ამ მხრივ იგეგმება თუ არა ზრდა?

როგორც ავღნიშნე, მოღვაწეობა ორმა ადამიანმა დავიწყეთ და ჩვენ ვინაწილებდით ყველა საჭირო ფუნქციას. შემდეგ ნელ-ნელა გადავანაწილეთ რიგი ფუნქციები ახლად აყვანილ თანამშრომლებში და დღეს ძირითადი გუნდი შედგება 6 ადამიანისგან. გარდა ამისა, ე.წ. Outsource-ზე გვყავს სამონტაჟო ჯგუფი, რომელთანაც ბოლო წლებია სტაბილურად ვთანამშრომლობთ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ფატობრივად ყველა ინდუსტრიის მიმართულებით, იქნება ეს: საოფისე, საგანმანათლებლო, სამედიცინო, საცხოვრებელი, სასტუმრო, გასართობი, საზოგადოებრივი თუ ინდუსტრიული ობიექტები, მუდმივად ვსაჭიროებთ გუნდის ზრდას. ამ მხრივ ახლახანს გამოვაცხადეთ ორი ვაკანსია, რომელიც ვფიქრობ, გააძლიერებს როგორც გუნდს, ისე აკუსტიკის ბაზარს საქართველოში.

რაც შეეხება პროფესიულ ცოდნა-გამოცდილებას, ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა მასშტაბის საერთაშორისო თუ რეგიონალურ კონფერენციებში. 2017 წელს Akustiko იყო ასეთი რეგიონალური კონფერენციის მასპინძელი. 2019 წელს მე პირადად გავიარე სასერთიფიკატო ტრეინინგები დიდ ბრიტანეთში, კერძოს საუთჰემპტონის უნივერსიტეტში, გამოცდებიც კი ჩავაბარე UKAS-ის მიერ აკრედიტირებულ ორგანიზაციაში, ეს არის Institute Of Acoustics. ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციაა ევროპის მასშტაბით, რომლის ე.წ. ტექნიკური წევრი გავხდი 2020 წელს. სხვათა შორის, ამავე ორგანიზაციის მიერ წელს დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია Acoustics 2021, რომელიც ჰიბრიდული ფორმატით ტარდება ქალაქ ჩესტერში. მოხდა სასწაული და ამ კონფერენციაზე მეც ვარ მიწვეული უკვე როგორც ერთერთი გამომსვლელი და ჩემს მცირე მოხსენებას ვამზადებ საკმაოდ საინტერესო თემაზე.

ეს მართლაც სასიხარულო ამბავია და გილოცავთ. რადგან სხვადასხვა სექტორებს და ინდუსტრიებს შევეხეთ, მკითხველისთვის ალბათ საინტერესოა თქვენი გამოცდილება თითოეული მიმართულებით.

საქმიანობის პირველი წლები უმეტესად ფოკუსირებულები ვიყავით იმ ობიექტებზე, სადაც უკვე იყო არსებული ხმაურის პრობლემა და შესაბამისად ვახდენდით რეაგირებას. ეს უმეტესად ეხებოდა საოფისე სივრცეებს, ქოლ-ცენტრებს, შეხვედრების ოთახებს. ასევე ხშირი იყო ღამის ხმაურის პრობლემები და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საინჟინრო აგრეგატების და მოწყობილობების ხმის იზოლაცია. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ გვაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება სხვადასხვა საწარმოო თუ ინდუსტრიული ობიექტის ხმაურის კვლევების მიმართულებით და მათი პრობლემის მოგვარების მიზნით 3D აკუსტიკური პროექტების მომზადების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები სასტუმროების პროექტირების პროცესში და კონსულტაციებს ვუწევთ ხმის იზოლაციის, ვიბროიზოლაციის და აკუსტიკის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა შემოქმედებითი, მუსიკალური თუ პროფესიული ობიექტების აკუსტიკაზეც. წლიდან წლამდე იზრდება ცნობიერება აკუსტიკის მიმართულებით და შესაბამისად იზრდება ისეთი დაკვეთების რიცხვიც, სადაც სურთ წინასწარ განსაზღვრონ ხმის იზოლაცია, რათა შემდგომში არ შეეჩეხონ სხვადასხვა პრობლემებს. დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი სხვადასხვა ზომის და სირთულის პროექტი თუ დაკვეთა გვაქვს შესრულებული და ამ მხრივაც რეგიონში არც თუ ისე სუსტ პოზიციაზე ვართ - არ მიყვარს სიტყვა „ბაზრის ლიდერი", რადგან ვთვლი, რომ ჩვენ პირველ რიგში ჩვენსავე თავს ვეჯიბრებით.

გამოცდილება მართლაც შთამბეჭდავია. ანუ, თქვენი სერვისებით შესაძლებელია ვისარგებლოთ როგორც არსებული პრობლემის, ისე პროექტირების ეტაპზე? რა პროცესებს გადიხართ თითოეულ შემთხვევაში?

საინტერესო კითხვაა. შევეცდები მოკლედ, სტრუქტურირებულად და ნაკლები პროფესიული ტერმინოლოგიით გავცე თქვენს კითხვას პასუხი. თუ ობიექტი არსებულია და პრობლემაც უკვე აღიქმება ადამიანებისთვის, ასეთ დროს გავდივართ 5 ეტაპს პრობლემის მოგვარებამდე. 1) პირველი ეტაპი არის ერთგვარი აკუსტიკური აზომვები და დიაგნოსტირება, პრობლემის ციფრებში იდენტიფიცირება და კომპიუტერული ანალიზი. 2) მეორე ეტაპზე, დიაგნოსტირების შედეგად მიღებული პარამეტრების საფუძველზე ვიწყებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე მუშაობას. ამ პროცესში ვიყენებთ 2D/3D აკუსტიკურ მოდელირების მეთოდებს და ხდება ხმის საიზოლაციო და ვიბროაკუსტიკური გაანგარიშებები; 3) მესამე ეტაპზე იწყება შესაბამისი კონცეფციური თუ მუშა ნახაზების მომზადება, რაც არის ხმის საიზოლაციო სამუშაოების სახელმძღვანელო; 4) მეოთხე ეტაპზე ვიწყებთ ხმის საიზოლაციო სამუშაოებს, ხდება მისი მონიტორინგი და ეტაპობრივი შეფასება; 5) მეხუთე ეტაპზე ვატარებთ განმეორებით აკუსტიკურ აზომვებს, რათა ჩვენც და დამკვეთიც დავრწმუნდეთ მიღებული შედეგის და წინასწარ დაპირებული შედეგის თანხვედრაში. სწორედ ეს ეტაპი განსაზღვრავს საკონტრაქტოდ პროფესიულ პასუხისმგებლობასაც და 100%-ით აზღვევს რისკებს. ამ გზით ჩვენ ფაქტობრივად ერთგვარი ტრენდი შევქმენით ბაზარზე და ეს კომპანიის მუშაობის პირველივე დღეებიდან ხდებოდა, როცა ბაზარზე მარტონი ვიყავით.

რაც შეეხება ობიექტის აკუსტიკურ პროექტირებას, ამ შემთხვევაში პროცესების ციკლი რჩება უცვლელი გარდა პირველი ეტაპისა, რომლის დროსაც ტარდება სამშენებლო/საპროექტო ობიექტის გარე ფონური ხმაურის კვლევა რათა დადგინდეს გარე ხმაურის შესაძლო წყაროები ანუ ვადგენთ ე.წ. ხმაურის რუკას. ასევე, ვადგენთ შენობის შიდა აკუსტიკურ სტანდარტებს და ტექნიკურ დავალებას.

ინტერვიუს დასასრულს, გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

ჩვენი სამომავლო გეგმები მრავალწახნაგოვანია. გვაქვს სურვილი წვლილი შევიტანოთ საქართველოში აკუსტიკის ინდუსტრიის განვითარებაში, როგორც განათლების მიმართულებით, ისე სახელმწიფო სტანდარტების მიმართულებით. გარდა ამისა, კომპანიის შიგნით ვგეგმავთ რიგ ცვლილებებს და გაუმჯობესებას, რათა კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ვართ მუდმივი სწავლისა და სწავლების პროცესში და ხელიდან არ ვუშვებთ შანსს ვიყოთ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი - სულ ახლახანს მიმიწვიეს ბრიტანეთში საერთაშორისო აკუსტიკოსთა კონფერენციაზე ერთ-ერთ გამომსვლელად, რაც ძალიან დიდი პატივია პირადად ჩემთვის, Akustiko-სთვის და ზოგადად, ქართული აკუსტიკის ბაზრისთვის. საერთო ჯამში, ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით უკეთეს გარემოს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ნაკლებად ხმაურიან გარემოში იმუშაობ, მიიღონ განათლება, გასცენ ან მიიღონ სხვადასხვა სერვისები, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მყუდრო გარემოში დაისვენონ. სწორედ ეს არის, რაც გვამოძრავებს და რის ირგვლივაც ვაშენებთ ჩვენს გეგმებს.
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ტექნოლოგიური ტრენდები

ტურისტული აპლიკაციების 5 ქართული სტარტაპი

წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც ტურისტებისთვის საქართველოში მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდიან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი