ნოვა – 15 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ რეალობაში, სამშენებლო-სარემონტო მასალების ინდუსტრია საკმაოდ პროგრესულ და კონკურენტულ დარგად ჩამოყალიბდა. დეველოპერული სფეროს განვითარებამ და მზარდმა მოთხოვნამ ამ ბაზარზე, მწარმოებლებსა და მომწოდებლებს პრინციპულად სხვა სტანდარტზე გადასვლისა და ტენდენციებისთვის ფეხის აბმისკენ უბიძგა. ცხადია, ასეთ გაჯერებულ სივრცეში თავის დამკვიდრება და ლიდერად პოზიციონირება მარტივი საქმე არაა და ამის მისაღწევად, კომპანიებს კონკურენტული უპირატესობების შექმნა და რეალიზება უწევთ. ვისაც მშენებლობასთან და რემონტთან შეხება ჰქონია, ალბათ ყველას სმენია კომპანია „ნოვა“, რომელმაც გაბედული ნაბიჯებით, დროული გადაწყვეტებითა და კონკურენტული შეთავაზებებით, ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის სტატუსი დაიმსახურა.

ალექსეი სეროვი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე, კომპანია „ნოვა“ 2006 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად, ბიზნესსაქმიანობა ხუთმა მეგობარმა სამშენებლო მასალების იმპორტითა და რეალიზებით დაიწყო, რაც შემდგომში ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი ორგანიზაციის დაფუძნებით დაგვირგვინდა.

ოპერირების დაწყებიდან 5 წლის თავზე, 2011 წელს, „ნოვა“ მასალების წარმოებას თავად შეუდგა და პროცესის მოდერნიზებასა და გაფართოებას დღემდე აქტიურად აგრძელებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია მრავალფეროვანი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი და მოიცავს: პოლიეთილენის ავზებს, სახურავის მასალებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალპლასტმასის პროფილებს, წყლის ბარიერებსა და სხვადასხვა აქსესუარს. რაც შეეხება ექსკლუზიურ წარმომადგენლობას, „ნოვა“ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: NIPPON PAINT-ის ჯგუფი: BETEK, FAWORI; SAINT GOBAIN-ის ჯგუფი: IZOCAM, RIGIPS; INGCO და BIEN.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, „ნოვამ“, რომელიც ქართულ ბაზარზე სამშენებლო-სარემონტო მასალების წარმოებითა და იმპორტით იყო ცნობილი, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში საცალო მიმართულების სამი მეგაცენტრი გახსნა, სადაც 50 000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი.

მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის, წარმოება მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა და ამ მიმართულებით საკუთარი წვლილის შეტანას, კომპანია „ნოვაც“ ცდილობს. თუკი უწინ, წარწერა  „დამზადებულია საქართველოში“ მომხმარებლის კეთილგანწყობას ვერ იმსახურებდა და ხშირად უნდობლობითაც სარგებლობდა, დღეს ეს ტენდენცია პოზიტიური დინამიკით ვითარდება. ადამიანებს საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იგი მაღალი ხარისხისა და კონკურენტული ფასის მატარებელია, გამორჩეულად იზიდავთ. სწორედ ამიტომ, 2011 წლიდან დღემდე, „ნოვა“ საწარმოო ხაზების დანერგვასა და განვითარებაზე ზრუნავს. საწყის ეტაპზე, კომპანიამ თბილისის საწარმოში სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის სახურავის მასალებზე მუშაობა დაიწყო. ერთ წელიწადში, „ნოვამ“ თაბაშირ-მუყაოს პროფილებისა და აქსესუარების წარმოების ათვისებაც მოახერხა, ხოლო 2014 წელს, ბათუმის საწარმოში, პოლიეთილენის წყლის ავზების, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოებას შეუდგა.

„ნოვამ“, ბათუმის ფილიალში, 2015 წელს სახურავის მასალების, ხოლო 2016 წელს თაბაშირ-მუყაოს პროფილების საწარმოო ხაზი გააფართოვა.

2017 წლიდან, კომპანიამ თაბაშირ-მუყაოსა და მეტალპლასტმასის პროფილების წარმოება ევროპულ სტანდარტს შეუსაბამა და ამის პარალელურად, ბაზარზე მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, პოლიეთილენის ავზების საწარმოო ხაზი კიდევ უფრო გაზარდა.

დღესდღეობით, კომპანია „ნოვას“ წარმოებული პროდუქცია მოიცავს: 100-ზე მეტი დასახელების პოლიეთილენის ავზს, „საიდინგსა“ და „საიდინგის“ აქსესუარებს, 30-ზე მეტი დასახელების სახურავის მასალასა და აქსესუარს, 40-ზე მეტი დასახელების თაბაშირ-მუყაოსა და მეტალპლასტმასის პროფილებს.

2020 წელს კომპანია „ნოვამ“ საკუთარი საწარმოები ახალი სამღებრო დანადგარებით აღჭურვა, რამაც მანამდე არსებული წარმადობა 3-ჯერ გაზარდა. ასევე, მწარმოებელმა, გასულ წელს, წყალსაწრეტი სისტემების აქსესუარების წარმოებას მიჰყო ხელი.

„ნოვას“ მიერ დამზადებული ქართული ნაწარმი, ისევე, როგორც იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქცია, მომხმარებლისათვის ქვეყნის მასშტაბით 3 მეგაცენტრსა და ონლაინპლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.

მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესება ნებისმიერი წარმატებული ბიზნესის მთავარი ვექტორია, თუმცა წარმატების მიღწევა, დიდწილად თანამშრომლების მხრებზე დგას. სწორედ ამიტომ, „ნოვა“ კომპანიაში დასაქმებულ 600-ზე მეტ ადამიანს პროფესიული ზრდის, მოტივაციის ამაღლებისა და სტიმულირების შესაძლებლობას აძლევს და თანამშრომლებისათვის მისაღები, სასიამოვნო პირობების შექმნაზე მუდმივად ზრუნავს.

„თანამშრომელთა მოტივაციის სხვადასხვა გზით სტიმულირება და ამ გზების სწორად მიგნება, ერთგვარი შთაგონებაა, ვინაიდან თითოეულმა ადამიანმა უკეთ იცის, რა აძლევს მას ენერგიას, რომელიც მის შინაგან მოტივაციასთან ჰარმონიულია. იმისათვის, რომ ეს მოტივაცია კონტრპროდუქტიული არ გახდეს, მათ შინაგან ღირებულებებს, სამუშაოსა და პროფესიულ გარემოს შორის კავშირი უნდა ვიპოვოთ“, − აცხადებს კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორი, ბატონი ედიშერ ხიმშიაშვილი, − „თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეების კომფორტულად მოწყობა, დასასვენებელი და განტვირთვის სივრცეების არსებობა, სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდო და პრემია, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები, თითქოს მიღებული პრაქტიკაა, რასაც „ნოვაშიც“ აქტიურად ვიყენებთ, მაგრამ ეს ყველაფერი, ხანდახან მოტივაციაზე პოზიტიურად ვეღარ მოქმედებს“.

თანამშრომელთა ენთუზიაზმის ამაღლებასა და მათი პროდუქტიულობის მაჩვენებლის ზრდისათვის, „ნოვა“ სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს. ბატონი ედიშერის თქმით, იმისათვის, რომ ადამიანების პროფესიულ ზრდაში, მათ მიერ გაწეული შრომის საჭიროებისა და აქტუალობის აღნიშვნაში საკუთარი წვლილი შეიტანონ, კომპანია ამ სამ ხერხს მიმართავს:

  • თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული კომპანიის ოპერირების პროცესებში და გადაწყვეტილების მიღებაში მათ თავისუფლებას არავინ ზღუდავს
  • თვითეფექტურობის განმტკიცებას, მიღწეული შედეგების გამჭვირვალობისა და სწორი უკუკავშირის გამოყენებით ახერხებენ.
  • კომპანია ენდობა საკუთარი თანამშრომლების კომპეტენციას და მათ ისეთ სამუშაო გარემოს უქმნის, სადაც ნებისმიერი პროფესიონალის ინდივიდუალურ მიღწევას ჯეროვნად აფასებენ.

ეს იმ ინსტრუმენტების მცირედი ჩამონათვალია, რომელთაც „ნოვას“ მმართველი გუნდი, საკუთარი თანამშრომლების პროფესიული მოტივაციის სტიმულირებისათვის იყენებს, თუმცა ეს სამი მიდგომა, ადამიანებს კომპანიასთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებასა და დიდი ოჯახის წევრად თავის აღქმაში, ყველაზე მეტად ეხმარება.

კომპანია „ნოვამ“ 2021 წელს საუკეთესო ონლაინმაღაზიის შექმნა დაისახა მიზნად, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „ნოვას“ ონლაინპლატფორმაზე, გარდა სამშენებლო-სარემონტო მასალებისა, წარმოდგენილია ყველა ის პროდუქცია, რომელსაც მეგაცენტრებში შეხვდებით. კომპანიის ციფრული არხის განვითარების დინამიკასა და ამ მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობაზე, Entrepreneur „ნოვას“ გენერალურ დირექტორს, ბატონ ედიშერ ხიმშიაშვილს გაესაუბრა.

„ჩვენი ვებგვერდის სრულყოფაზე „ნოვას“ გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. გვინდა, ონლაინ-ვიზიტორებს მათთვის სასურველი სახეობის პროდუქცია დავახვედროთ, რაც ამომწურავი ციფრული კონტენტით, ფოტოებითა და ვიდეოებით იქნება გაჯერებული. უპირველესად, ვცდილობთ, ჩვენი გვერდი იყოს მარტივი, სწრაფი, დახვეწილი და მომხმარებელზე მორგებული. ვფიქრობთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, − ამბობს, ბატონი ედიშერი, − „ჩვენი მიზანია, საიტზე შემოსული პოტენციური მომხმარებელი ჩვენი ერთგული გავხადოთ, შევთავაზოთ მას ნებისმიერი, მისთვის საჭირო ინფორმაცია და ონლაინშოპინგი სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ“.

„ნოვას“ ონლაინმაღაზია ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალებს, ისე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების პროდუქტის მრავალფეროვან არჩევანს. კომპანიის განცხადებით, ეს პლატფორმა მომხმარებელს რემონტისა და კეთილმოწყობის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. „ნოვა“ ცდილობს მაქსიმალურად დააკმაყოფილოს საკუთარი მომხმარებლის სურვილები, შინიდან გაუსვლელად შესთავაზოს მათ სწრაფი მიტანის სერვისი და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

„ჩვენ ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას და ვითვალისწინებთ მათ სურვილებს, შეფასებებსა და უკუკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ონლაინმაღაზია ციფრულ სივრცეში სულ ახლახან გამოჩნდა, უამრავი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი შევიძინეთ და გვჯერა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენი გუნდი მუდმივი ზრდისა და განვითარებისათვის ყველაფერს გააკეთებს“, − განაცხადა „ნოვას“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ედიშერ ხიმშიაშვილმა.