You can be on Entrepreneur’s cover!

''ლიდერატორი'' დიდ კორპორაციაში სამუშაო გამოცდილების მისაღებად იდეალური შესაძლებლობაა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დასაქმების ხელშეწყობაა. უკვე მეხუთე წელია, ბანკი სტუდენტების კარიერული განვითარებისა და დასაქმების მხარდასაჭერად ლიდერატორის პროგრამას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 200-მდე სტუდენტს ბანკის 40-მდე დეპარტამენტში, მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორობით მუშაობის შესაძლებლობა მიეცა, მათგან 95%-მა კი პროგრამის დასრულების შემდეგ კარიერა საქართველოს ბანკში გააგრძელა.

გიგი გიორგაძე ერთ-ერთი ლიდერატორი და ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ეკოსისტემების გუნდის წევრია. ჩვენ დავინტერესდით, თუ რა გზა გამოიარა გიგიმ „ლიდერატორობამდე" და როგორია მისი პროფესიული ცხოვრება ამ ამპლუაში.

გიგი, პირველ რიგში მოგვიყევი რას მოიცავს შენი ყოველდღიური საქმიანობა და როგორია შენი ერთი დღე "ლიდერატორად"?

ამჟამად თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის (ESM) მეოთხე კურსელი ვარ. შესაბამისად, ერთმანეთს ვუთავსებ სწავლასა და მუშაობას. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს პროფესიულ პასუხისმგებლობებს, აქტიურად ვარ ჩართული ციფრული ეკოსისტემების განვითარების მიმართულებით კვლევებსა და პროექტების მართვაში. მე და ჩემი გუნდი ახალი ციფრული პროდუქტების ბიზნეს პერსპექტივით დამუშავებასა და პარტნიორებთან ურთიერთობის კოორდინაციაზეც ვმუშაობთ.

ყოველი დღე მოკლე შეხვედრით იწყება, რომლის ფარგლებშიც გუნდის წევრები ერთმანეთს დღის განმავლობაში შესასრულებელ დავალებებს ვუზიარებთ. საქმეს ორი ძირითადი მიმართულებით დავყოფდი - შეხვედრები როგორც ბანკის სხვადასხვა გუნდის, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან (სადაც პროდუქტებს ან პროექტებს განვიხილავთ) და კვლევა-ანალიზი.

კვლევები და ანალიზი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა, რადგან აქტიურად ვეცნობი ციფრულ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკას, სტარტაპებსა და ადგილობრივ კომპანიებს. ასევე, ვიგებ ბევრ სიახლეს იმ ტრენდებისა და გამოცდილებების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და ზოგადად მთელ მსოფლიოში ციფრული და საბანკო მიმართულებით არსებობს.

როგორი იყო „ლიდერატორობამდე" განვლილი გზა? როგორ შეიტყვე პროექტზე და როგორ აღწერდი შესარჩევ პროცესს?

პირველი კურსიდან მოყოლებული, უნივერსიტეტში დადიოდა „ლეგენდა" მესამე და მეოთხე კურსელებზე, რომლებმაც „ლიდერატორში" მიიღეს მონაწილეობა და საქართველოს ბანკში დასაქმდნენ. მაშინ „ლიდერატორიც" და სტუდენტობის განმავლობაში საქართველოს ბანკში მუშაობაც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოწვევად ჟღერდა.

როდესაც მესამე კურსზე გადავედი, სააპლიკაციო ეტაპის გახსნისთანავე შევავსე განაცხადი ყველა იმ პროგრამაზე, რომელიც ჩემთვის საინტერესო იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი სხვა ფაქტორმაც ითამაშა - ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ქმნიან ქართველები საერთაშორისო დონის კომპანიებს და ბრენდს, როგორ მუშაობს ასეთი დახვეწილი, ძლიერი და გამართული კომპანია შიგნიდან.

შესარჩევი პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი, ჩემი აზრით, ფინალური ეტაპია, რომელიც მიმართულების შესაბამისი თემატური პროექტების მომზადებას მოიცავს. თუმცა, ამ ეტაპამდე მისასვლელი გზაც არანაკლებ საინტერესოა - ტესტირებები და გასაუბრებები სტუდენტების უმეტესობისთვის პირველი სერიოზული კარიერული გამოცდილებაა და ამ ეტაპებიდანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

მთელი ამ პროცესის განმავლობაში კი ყველაზე მნიშვნელოვანია კანდიდატები დარწმუნდნენ, რომ არჩეული პროგრამები ნამდვილად აინტერესებთ და შესარჩევ ეტაპებსაც ყურადღებით მიუდგნენ. თუ შესარჩევი პერიოდის განმავლობაში იგრძნობენ, რომ რასაც აკეთებენ მათთვის ნამდვილად საინტერესოა, ესე იგი სწორ ადგილას არიან და სწორი გადაწყვეტილება აქვთ მიღებული.

რა შესაძლებლობები დაინახე და რამდენად გამართლდა შენი მოლოდინები პროგრამაში მონაწილეობისას?

ლიდერატორი მონაწილეებს ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს პირველ რიგში, ესაა კორპორატიულ გარემოში სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალება. მეორე მხრივ, პროგრამა იძლევა შესაძლებლობას, იმ მიმართულების შესაბამისი უნარები განივითარო და გამოცდილება შეიძინო, რომელიც თავად გაინტერესებს და აირჩიე.

ჩემთვის სრულიად ახალი და საინტერესო სივრცე იყო კორპორატიული ყოველდღიურობა, როგორ თანამშრომლობენ გუნდები ერთმანეთთან, როგორია რეალურად "Agile" პროცესი, რა გამოწვევებს აწყდებიან ასეთ დიდ ორგანიზაციებში და სხვა.

ამასთან, ჩემი გუნდის საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ინფორმირებული ვარ რა ხდება ციფრული ფინანსური მიმართულებით, რა სიახლეები იგეგმება, როგორ ვითარდება ეს სფერო და რა უნარებია საჭირო აქ მუშაობისთვის, იქნება ეს პროექტების დაგეგმვა და მართვა, კვლევა, თუ ბიზნესის შესაძლებლობების შეფასება.

მომწონს ის, რომ „ლიდერატორობისას" ვიღებ მრავალფეროვან გამოცდილებას. ჩემი ამჟამინდელი ინტერესის სფეროები ფართოა - მაინტერესებს როგორც ციფრული ტრანსფორმაცია, ისე მარკეტინგი, კაპიტალის ბაზრებიდა ზოგადი მენეჯმენტი. სამომავლოდ ჩემი კარიერის დაკავშირება ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ მიმართულებასთან წარმომიდგენია. ინფორმაციისთვის, „ლიდერატორის" პროგრამა ანაზღაურებადია და სტუდენტების სასწავლო გრაფიკს არის მორგებული. პროექტის ფარგლებში სტუდენტები, როტაციის პრინციპით, სხვადასხვა დეპარტამენტში იღებენ სამუშაო გამოცდილებას. რაც მთავარია, შესაძლებლობა აქვთ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები ტრენინგებითა და მენეჯერული პოზიციის მქონე პროფესიონალების უშუალო მენტორინგით. ლიდერატორის პროგრამა ყოველწლიურად, წლის დასაწყისში ცხადდება და ამჟამად სტუდენტებს 12 პროგრამას სთავაზობს, რომელიც ბანკის მასშტაბით 40-მდე დეპარტამენტს მოიცავს. დამატებითი ინფორმაცია პროგრამა „ლიდერატორის" შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი